გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.07.2018
საქმის ნომერი
100210018002470702
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210018002470702

# 2/199-2018 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19.07.2018წ. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე: შ---- ბ-–--ე

წარმომადგენელი: ა-- ჩ-----ე

მოპასუხე: შპს ”ჯ--------- მ--------ი”

მოპასუხის წარმომადგენელი: გ------- ყ---–-–---–ი

 

დავის საგანი: შრომითი ურთიერთობის აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 30 მაისს სარჩელით მომართა, ჭიათურაში სოფელ ს------–-ში მცხოვრებმა შ---- ბ-–--ემ (პ.№5----------), მოპასუხე - შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს (ს.ნ. 2--------) მიმართ.

 

1.2.შ---- ბ-–--ის სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს, ბათილად იქნას ცნობილი, შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს 2018 წლის 19 აპრილის ბრძანება N1542 ბრძანება შ---- ბ-–--ესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, შ---- ბ-–--ე აღდგენილი იქნას სამსახურში. შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს შ---- ბ-–--ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 20 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით. შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს შ---- ბ-–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად მისაცემი ანაზღაურების დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაცემი თანხის 0,07 პროცენტი-ის გადახდა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.3.მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2014 წლის 6 იანვრიდან, მუშაობდა შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს ჭ---------ს ს------ გ---------------–- კ---------ში 2016 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში გადაყვანილი იქნა ვახტურ რეჟიმზე კოროხნალის უბანში სამუშაოდ. კომპანიას მსგავს პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომლებთან ერთად განთავსებული ჰყავდათ სანატორიუმში, სადაც არ არსებობდა შესაბამისი საცხოვრებელი პირობები, უჩიოდნენ საკვების ხარისხს. აღნიშნულ მდგომარეობას ადმინისტრაციასთან უშუალოდ მოსარჩელე და მისი რამდენიმე თანამშრომელი ხმამაღლა აპროტესტებდა. მოსარჩელე არის ჭ---------ს პირველადი პროფესიული კავშირის წევრი.

პროტესტის ტალღის ჩახშობის მიზნით მოსარჩელე და კიდევ ოთხი თანამშრომელი 2016 წელსვე გადაიყვანეს სამუშაოდ რგანის მაღაროზე მებიგედ., ანუ დააბრუნეს იმ მაღაროზე და პოზიციაზე, სადაც დასაქმებული იყო თავდაპირველად.

2018 წლის 19 მარტის წერილით მას ეცნობა , რომ რგანის მაღაროს გაუქმებასთან დაკავშირებით მას უწყდებოდა ხელშეკრულება 01 აპრილიდან. მაშინ როდესაც დასაქმებულები გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა პოზიციაზე და დღეის მდგომარეობითაც არსებობს საწარმოში სამუშაო ადგილები. მითითებული წერილის მირების შემდგომ 2018 წლის 16 აპრილს მიმართა საწარმოს განცხადებით , რომ საწარმოს ეცნობებია რა გახდა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. კონკრეტულად რა ეკონომიკურ გარემოებებზეა საუბარი და ასევე მოითხოვა ჩაებარებიათ მისთვის გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რაც რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული. აღნიშნულის შემდგომ მას ჩაბარდა ბრძანება N1542 , რომლის მიხედვითაც, თურმე, 2018 წლის 20 აპრილიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება საწარმოსთან. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ იგი არის დისკრიმინაციის მსხვერპლი კომპანიის მხრიდან დაირღვა მისი კანონიერი ინტერესები და უფლებები. მოსარჩელე მის აქტივობას უდევს საფუძვლად საწარმოს მმართველის ასეთ გადაწყვეტილებას.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია :

 

2.1. სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით, მოპასუხე შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს, მოპასუხე მხარე თვლის, რომ თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობასა და სამსახურში აღდგენასთან განაცდურის ანაზღაურებასთან და დაყოვნებისათვის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2018 წლის 30 იანვრის N58/1 ბრძანებით გაუქმებული იქნა ჭ---------ს ს------ გ---------------–- კ---------ის მიწისქვეშა მოპოვების სამმართველოს რგანის მიწისქვეშა უბანი და ასევე გაუქმდა მასში დასაქმებული სტრუქტურული და საშტატო ერთეულები. შემდგომ 2019 წლის ბრძანებით მოსარჩელეს განემარტა მისის განთავისუფლების სამართლებრივი საფუძველი და აგრეთვე ის გარემოება, რომ მისი განთავისუფლება მოხდა რგანის მაღაროზე სამთო მოპოვებითი პროცესების შეწყვეტის გამო, რაც წარმოადგენს ეკონომიკურ გარემოებებს, რომლითაც შეწყდა ხელშეკრულება, გაიცა კომპენსაცია, რაც სრულად ჯდება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა“ პუნქტის და 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებში. ბრძანება შ---- ბ-–--ეს გაეგზავნა 2018 წლის 19 აპრილს და ჩაბარდა 2018 წლის 24 აპრილს. როგორც სარჩელიდან იკვეთება, შ---- ბ-–--ეს სარჩელი წარმოდგენილი აქვს 2018 წლის 30 მაისს, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან დარღვეულია სარჩელის შემოტანის 30 დღიანი ვადა.

მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას კომპენსაციის დაკისრების თაობაზე. მოპასუხე თვლის, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა კანონიერად და არ არსებობს სამსახურში აღდგენის საფუძველი. ამასთან შეუძლებელია მებიგის პოზიციაზე აღდგენა, რადგან კ---------ის მიწისქვეშა მოპოვების სამმართველოს რგანის მიწისქვეშა უბანი გაუქმებულია და ასევე გაუქმებულია მასში დასაქმებული სტრუქტურული და საშტატო ერთეულები. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ ყოვლად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ყოველთვიურად მისაცემი ანაზღაურების დაყოვნებისათვის 0,07 პროცენტის გადახდაზე.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო გარემოებები

 

3.1.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები წარმოდგენილი დავის ირგვლივ. საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ შ.პ.ს. ”ჯ--------- მ--------ი”-ს ჭ---------ს ს------ გ---------------–- კ---------ის დირექტორის 2017 წლის 02 მარტის ბრძანებით სამუშაოზე გადანაცვლების შესახებ, შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს ჭ---------ს ს------ გ---------------–- კ---------ის მიწისქვეშა მოპოვების სამმართველოს პერევისის მიწისქვეშა უბნის N2 ბრიგადის ს------ მუშა -შ---- ბ-–--ე, გადანაცვლებულ იქნას რგანის მაღაროს კაპიტალური ს------ გამონამუშევრების რემონტის უბნის რკინიგზელად 2017 წლის 03 მარტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

- შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს ჭ---------ს ს------ გ---------------–- კ---------ის დირექტორის 2017 წლის 02 მარტის ბრძანებით (ს.ფ.47);

 

3.2.2. დადგენილია, რომ შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანებით შპს „ჯ--------- მ--------ი“-ს საწარმოო ინტერესებიდან გამომდინარე 2018 წლის 01 თებერვლიდან გაუქმდა შპს „ჯ--------- მ--------ი“-ს მიწისქვეშა სამმართველოს რგანის მიწისქვეშა მოპოვების უბანი მასში შემავალი საშტატო ერთეულებით. დაევალა დასაქმების სამსახურს შპს „ჯ--------- მ--------ი“-ს მიწისქვეშა სამმართველოს რგანის მიწისქვეშა მოპოვების უბნის პერსონალის ატესტაცია/შეფასების ორგანიზება ათი სამუშაო დღის ვადაში, სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არსებული ვაკანტური პოზიციების დაკომპლექტების მიზნით.

ასევე დაევალოს გასაუქმებელ სტრუქტურებში მომუშავე პერსონალისათვის მიწისქვეშა სამმართველოში, არსებული ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, პროფესიის მიხედვით, ახალი შრომითი ურთიერთობის შეთავაზება, ხოლო პერსონალის მიერ შეთავაზებაზე უარის თქმის და/ან საკმარისი ვაკანტური ადგილების არ არსებობის შემთხვევაში. შესაბამისი ღონისძიებების გატარება საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე. ასევე დაევალოს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება N (ს.ფ.51);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2.3. მოპასუხე - შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის მიერ, 2018 წლის 19 აპრილს მიღებული იქნა №1542 ბრძანება, რგანის ვენტილაციის უბნის მებიგესთან- შ---- ბ-–--ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული ბრძანებით მოსარჩელე - შ---- ბ-–--ეს შრომითი ურთიერთობა შეუწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და 38-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად 2018 წლის 20 აპრილიდან. ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს ჭ---------ს ს------ გ---------------–- კ---------ის რგანის მაღაროზე ს-------მოპოვებითი პროცესების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

2018 წლის 16 აპრილს შ---- ბ-–--ემ მიმართა შ.პ.ს. ”ჯ--------- მ--------ი”-ს სპეციალური მმართველს ნიკოლოზ ჩიქოვანს განცხადებით , სადაც შ---- ბ-–--ე მიუთითებს, რომ მას ეცნობა 2018 წლის 01 აპრილიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რის გამოც იგი ითხოვს წერილობითი ფორმით ეცნობოს კონკრეტულად რა გახდა მისი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, კონკრეტულად რა ეკონომიკურ გარემოებებზეა საუბარი. აღნიშნული განცხადება საწარმოსათვის ჩაბარებულია იმ დღესვე 2018 წლის 16 აპრილს.

დადგენილია, რომ ბრძანება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შ---- ბ-–--ეს ჩაბარდა 2018 წლის 24 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 19 აპრილის ბრძანება N1542 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (ს.ფ.18);

განცხადება (ს.ფ. 19)

-გზავნილის ჩაბარების დოკუმენტი(ს.ფ.50)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2.4. შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს ჭ---------ს ს------ გ---------------–- კ---------ის დირექტორი, მთავარი ბუღალტერის მოადგილე და ხელფასების ბიუროს წამყვანი ბუღალტერი ადასტურებენ, რომ შ---- ბ-–--ის დარიცხული ხელფასი 2018 წლის თებერვლის თვეში შეადგენდა 734,40 ლარს, მარტში 771,12 ლარს და აპრილში 477,36 ლარს, ამასთან მასვე დაერიცხა 2 თვის გასასვლელი 1615 , 68 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხების მიღების ფაქტს ადასტურებს შ---- ბ-–--ეც. საწარმოს სპეციალური მმართველის განცხადებით 2018 წლის 18 აპრილიდან 2018 წლის 09 ივლისამდე ჭ---------ს ს------ გ---------------–- კ---------ში მებიგის ვაკანტური სამუშაო ადგილი არ ყოფილა. შ---- ბ-–--ე ადასტურებს, რომ სატელეფონო კომუნიკაციით იყო შეთავაზება სხვა სამუშაო ადგილზე დასაქმებასთან დაკავშირებით.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ზეპირად უთითებს დისკრიმინაციის და მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე და მას რაიმე მტკიცებულება, ამ კუთხით არ წარმოუდგენია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ცნობა(ს.ფ.63)

- მმართველის განცხადება(ს.ფ.66)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შ---- ბ-–--ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შრომის კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ კონვენციის (ძალაშია 1997 წლის 22 ივნისიდან საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 4 მაისის დადგენილებით)

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

6.3.სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

6.4.შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ. რამდენად მართებულად გამოიყენა დამსაქმებელმა თანამდებობიდან გათავისუფლების ზომა და არსებობდა თუ არა ამის საფუძველი.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მუშაობდა შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს ჭ---------ს ს------ გ---------------–- კ---------ის რგანის მაღაროს კაპიტალური ს------ გამონამუშევრების რემონტის უბნის რკინიგზელად 2017 წლის 03 მარტიდან, ხოლო შემდეგ მებიგედ.

 

6.4. შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანებით შპს „ჯ--------- მ--------ი“-ს საწარმოო ინტერესებიდან გამომდინარე 2018 წლის 01 თებერვლიდან გაუქმდა შპს „ჯ--------- მ--------ი“-ს მიწისქვეშა სამმართველოს რგანის მიწისქვეშა მოპოვების უბანი მასში შემავალი საშტატო ერთეულებით. დაევალა დასაქმების სამსახურს შპს „ჯ--------- მ--------ი“-ს მიწისქვეშა სამმართველოს რგანის მიწისქვეშა მოპოვების უბნის პერსონალის ატესტაცია/შეფასების ორგანიზება ათი სამუშაო დღის ვადაში, სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არსებული ვაკანტური პოზიციების დაკომპლექტების მიზნით.

ასევე დაევალოს გასაუქმებელ სტრუქტურებში მომუშავე პერსონალისათვის მიწისქვეშა სამმართველოში, არსებული ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, პროფესიის მიხედვით, ახალი შრომითი ურთიერთობის შეთავაზება, ხოლო პერსონალის მიერ შეთავაზებაზე უარის თქმის და/ან საკმარისი ვაკანტური ადგილების არ არსებობის შემთხვევაში.

 

შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის 2018 წლის 19 აპრილის ბრძანებით, რგანის ვენტილაციის უბნის მებიგეს- შ---- ბ-–--ეს შრომითი ურთიერთობა შეუწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და 38-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად 2018 წლის 20 აპრილიდან. ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა შ.პ.ს. ”ჯ--------- მ--------ი”-ს ჭ---------ს ს------ გ---------------–- კ---------ის რგანის მაღაროზე ს-------მოპოვებითი პროცესების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

6.5.საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლით განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. ამავე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

 

შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება შ.პ.ს. „ჯ--------- მ--------ი“-ს საწარმოო ინტერესებიდან გამომდინარე 2018 წლის 01 თებერვლიდან შპს „ჯ--------- მ--------ი“-ს მიწისქვეშა სამმართველოს რგანის მიწისქვეშა მოპოვების უბნის, მასში შემავალი საშტატო ერთეულებით გაუქმების თაობაზე, ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს და ადასტურებს ს.შ.კ. -ის 37-ე მუხლის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებულ გარემოების არსებობას.

 

6.6.საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეორე პუნქტის დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

მოსარჩელე თვითონვე ადასტურებს, რომ უკვე 2018 წლის 16 აპრილისათვის იცოდა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მისთვის ცნობილი იყო ის ფაქტიც , რომ 2018 წლის 1 თებერვლიდან გაუქმდა ის უბანი სადაც ასრულებდა შესაბამის სამუშაოს. აღნიშნულ ფაქტს თვით მოსარჩელეც ადასტურებს. ამდენად მოსარჩელე სამი დღით ადრე გაფრთხილებული იყო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 

შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს ჭ---------ს ს------ გ---------------–- კ---------ის დირექტორი, მთავარი ბუღალტერის მოადგილე და ხელფასების ბიუროს წამყვანი ბუღალტერი ადასტურებენ, რომ შ---- ბ-–--ის დარიცხული ხელფასი 2018 წლის თებერვლის თვეში შეადგენდა 734,40 ლარს, მარტში 771,12 ლარს და აპრილში 477,36 ლარს, ამასთან მასვე დაერიცხა 2 თვის გასასვლელი 1615 , 68 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხების მიღების ფაქტს ადასტურებს შ---- ბ-–--ეც. ამდენად ამ შემთხვევაში დასაქმებულისათვის კომპენსაციის მიცემა არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებლის მიერ დადასტურებულია.

 

6.7. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ საწარმოს ხელმძღვანელისათვის გათავისუფლების ბრძანების დროისათვის, რეალურად არსებობდა, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მდგომარეობა- ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. სახეზეა ორგანიზაციული ცვლილებები. რაც შეეხედბა მოსარჩელის შემდგომი დასაქმების საკითხს მოპასუხის პოზიციით ვერ განხორციელდა ვაკანტური თანამდებობების არ არსებობის გამო.

 

6.8. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

6.9. შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ კონვენციის (ძალაშია 1997 წლის 22 ივნისიდან საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 4 მაისის დადგენილებით) პირველი მუხლის შესაბამისად ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „დისკრიმინაცია“ მოიცავს: ყოველგვარ განსხვავებას, დაუშვებლობას, ან უპირატესობას რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, პოლიტიკური მრწამსის, უცხოელების ან სოციალური წარმომავლობის ნიშნით, რომელიც იწვევს შრომისა და დასაქმების სფეროში შესაძლებლობების ან მოპყრობის თანასწორობის მოსპობას ან დარღვევას;

ყოველგვარ სხვა განსხვავებას, დაუშვებლობას ამ უპირატესობას, რომელიც იწვევს შრომისა და დასაქმების სფეროში შესაძლებლობების ან მოპყრობის თანასწორობის მოსპობას ან დარღვევას და რომელსაც შესაბამისი წევრი განსაზღვრავს მეწარმეთა და მშრომელთა წარმომადგენლობითს ორგანიზაციებთან, სადაც ასეთები არსებობს, და სხვა შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციით.

დისკრიმინაციად არ ჩაითვლება ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა ან უპირატესობა განსაზღვრული სამუშაოს მიმართ, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება.

 

6.10.მოსარჩელე თავის მიუთითებს მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის შესახებ, თუმცა საქმეში, გარდა ზეპირი განცხადებებისა აღნიშნული გარემოების შესახებ არავითარი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი. სასამართლოს თვლის, რომ ამ შემთხვევაში სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლად დისკრიმინაციის მიჩნევა არასწორია, რადგან ეს გარემოება არ დასტურდება კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებებით.

 

6.11. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.12.მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათი ახსნა-განმარტებების, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაქმებულის გათავისუფლებისას, დამსაქმებლის მხრიდან, რაიმე სახის კანონთან შეუსაბამო მოქმედებას ან შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელის მოთხოვნა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენაზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე , დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაცემი თანხის გადახდაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შ---- ბ-–--ის (პ.ნ.5----------) სარჩელი, მოპასუხე - შპს ”ჯ--------- მ--------ი”-ს (ს.ნ.2--------) მიმართ, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი