გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/352-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.07.2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი: თამარ კობაიძე
მოსარჩელე ნ-----–-- მ---------ე
წარმომადგენელი კობა საყვარელიძე
მოპასუხე ნ-----–-- წ---–--ა
წარმომადგენელი სოსო კორკელია
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ-----–-- წ---–--ას უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის მდებარე რუსთავში, მ---------------------------------------------. (საკადასტრო კოდი 0------------------) გამოთხოვა და ნატალი მ---------ესათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაშია რუსთავში, მ---------------------------------------------, რომელიც შეიძინა 2017 წლის 15 დეკემბერს გამართულ აუქციონზე. მოპასუხის ოჯახი უკანონოდ ფლობს ქონებას და უარს აცხადებს მის გამოთავისუფლებაზე, რითიც მესაკუთრეს ხელი ეშლება საკუთრების უფლების რეალიზაციაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულია 32,07 კვ. ფართი, ხოლო ნ-----–-- წ---–--ას მფლობელობაში არსებული ფაქტობრივი ფართია 53,84 კვ.მ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რუსთავში, მ---------------------------------------------. (საკადასტრო კოდი 0------------------) არის ნ-----–-- წ---–--ას მფლობელობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 1-4. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტება (24.07.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. რუსთავში, მ---------------------------------------------. (საკადასტრო კოდი 0------------------) მესაკუთრეა ნ-----–-- მ---------ე. მას საკუთრების უფლება მიღებული აქვს 2017 წლის 15 დეკემბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე.
2018 წლის 4 იანვარს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ნ-----–-- მ---------ე არის რუსთავში, მ----------------------------------------------ის (საკადასტრო კოდი 0------------------) მესაკუთრე. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2017 წლის 15 დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბუროს მიერ გამოცემული NA17050425-013/001 განკარგულების საფუძველზე.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბინის ფართია 32,07 კვ.მ. მოპასუხე სარჩელს არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ მის მფლობელობაშია 53,84 კვ.მ ფართის ბინა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შიდა აზომვითი ნახაზი, რომლის მიხედვით, რუსთავში, მეგობროის გამზ N18, სადარბაზო 1, სართული 7, ბინა 23-ის ფართია 53,84 კვ.მ. აზომვითი ნახაზი შედგენილია 2018 წლის 23 იანვარს შპს „კმგ გრუპის“ მიერ.
ამდენად, აზომვითი ნახაზით დასტურდება, რომ სადაო ბინის რეალური ფართობი აღემატება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ფართობს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ბინის ფართობი თავდაპირველი ფართისგან განსხვავებით გაზრდილია მიშენების ხარჯზე. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი შეეხება სადაო ბინას, ნახაზის მიხედვით, ბინის მთელი ფართი ერთ სისტემაშია განთავსებული, ნახაზი ერთი ბინის ფართობს ასახავს და მიშენებული ფართი დამოუკიდებელი დანიშნულების საცხოვრებელ ფართს არ წარმოადგენს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 14-15. ტომი 1)
- აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 36. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (24.07.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მესაკუთრის პრეტენზია მის საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობის შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე, 312-ე, 170-ე, 172-ე, 50-ე, 319-ე, 615-ე, 619-ე, 621-ე, 168-ე, 162-ე მუხლები
- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური სარჩელი, რომლის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. ამ ნორმის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
ამგვარი სარჩელების განხილვისათვის აუცილებელია სამი ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად არსებობა. მოსარჩელე უნდა იყოს სადაო ქონების მესაკუთრე; მოპასუხის მფლობელობაში უნდა იყოს სადაო ქონება; მოპასუხე მოსარჩელის ქონებას უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ესე იგი რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპის თანახმად მოსარჩელე არის სადაო საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე, რადგან მისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ნამდვილი უფლების საფუძველზე. მოსარჩელემ უძრავი ქონება შეიძინა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამართულ აუქციონზე, საკუთრების უფლება რეგისრტრირებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების საფუძველზე.
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებად იმ ფაქტს მიუთითებს, რომ ბინის რეალური ფართობი აღემატება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ფართს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სისწორის პრეზუმფციას არ აქარწყლებს და მოსარჩელის საკუთრების უფლების ნამდვილობას არ აბათილებს.
ვინაიდან მოთხოვნა შეეხება მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინას, დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნას „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან ერთობლიობაში მოწესრიგებულია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინის სარგებლობის საკითხები.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, ბინა მრავალბინიან სახლში არის მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის. ამავე ნორმის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბინის საერთო ფართობი არის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსები, იზოლირებული სათავსი ან/და იზოლირებული სათავსების ფართობთა ჯამი.
ამ ნორმების მიხედვით, ბინა არის ერთ სისტემაში გაერთიანებული ანუ ურთიერთდაკავშირებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი, ხოლო ბინის საერთო ფართობი არის ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსები, იზოლირებული სათავსი ან/და იზოლირებული სათავსების ფართობთა ჯამი.
მოპასუხის განმარტებით და აზომვითი ნახაზით დასტურდება, რომ მის მფლობელობაშია მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული ბინა, რადგან ამონაწერში და ნახაზში მითითებული ბინების მისამართი იდენტურია. ნახაზით დასტურდება, რომ ბინა რამდენიმე ოთახისაგან შედგება, რომლებიც ერთ სისტემაშია გაერთიანებული, მომიჯნავე ოთახები ერთ ბინას, საკუთრების უფლების ერთ ობიექტს, ერთ ინდივიდუალურ საგანს ქმნიან, რადგან ბინას აქვს ერთი შესასვლელი, ბინა კი სისტემურად ურთიერთდაკავშირებული ოთახებისაგან შედგება. ისინი იზოლირებული არ არის და ცალკე უფლების ობიექტად არ მიიჩნევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე გამოსახული საცხოვრებელი ბინის ფართობის და კონფიგურაციის მიხედვით, ამ ბინისთვის მიშენების შედეგად შემატებული ფართი ამ ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილია, რადგან საინჟინრო-ტექნიკური თავლსაზრისით იგი ბინისგან დამოუკიდებლად, მისგან გამოცალკევებულად სარგებლობისათვის განკუთვნილი ფართი არ არის.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის საკუთრების უფლება ვრცელდება არა მარტო საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ფართზე, არამედ ბინის ყველა არსებით შემადგენელ ნაწილზე, მის მთელ ფართობზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ რეგისტრირებულ ფართსა და ბინის ფაქტიურ ფართობს შორის სხვაობა საკუთრების უფლების რეგისტრაციის სისწორის პრეზუმფციას არ აქარწყლებს, რადგან არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება. უფლების რეგისტრაციის სისწორის პრეზუფციას აბათილებს ისეთი გარემოებები, რაც უფლების შინაარსის განმსაზღვრელია. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება არ მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელემ აუქციონზე სხვა ბინა შეიძინა და მოპასუხე კი სხვა ბინის მფლობელია.
ამდენად, მოსარჩელე არის სადაო უძრავი ქონების მესაკუთრე, საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ხოლო საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს საჯარო აუქცოინზე ქონების შეძენის გზით. ამდენად, მოსარჩელე 2017 წლის 15 დეკემბრიდან არის სადაო უძრავი ქონების მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
საკუთრების უფლების შინაარსში შედის მესაკუთრის უფლებამოსილება ისარგებლოს, ფლობდეს კუთვნილ ნივთს, განკარგოს იგი ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე კანონისმიერი ან სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში. მესაკუთრეს დასახელებულ ნორმაში მითითებული უფლებამოსილებები გააჩნია კანონისმიერი ან სახელშეკრულებო შემოჭვის ფარგლებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური უფლება არ არის და მესაკუთრის უფლება შემობოჭილია სხვათა მართლზომიერი უფლებებით.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული და უზრუნველოფილია საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება, ამ უფლების გაუქმება დაუშვებელია. კონსტიტუცია ასევე დასაშვებად მიიჩნევს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. თუმცა კონსტიტუციის ეს ნორმა ასევე შეიცავს დათქმას, რომლის გათვალისწინება აუცილებელია საკუთრების უფლების შეზღუდვის დაწესებისას. კერძოდ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს იმ შემთხვევაში არ შეუძლია მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, თუ მფლობელს გააჩნია ამ ნივთის ფლობის უფლება. ფლობის უფლებაში იგულისხმება მხოლოდ ნივთის მართლზომიერი ფლობა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
ამ ნორმის საფუძველზე მესაკუთრე უფლებამოსილია მოითხოვოს ნივთის დაბრუნება იმ პირისაგან, ვინც ამ ნივთს არამართლზომიერად ფლობს, ხოლო მართლზომიერი მფლობელობა ემყარება გარიგებას ან კანონს. შესაბამისად პირი მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როცა მფლობელობის უფლება მინიჭებული აქვს კანონით, ნორმატიული აქტის საფუძველზე ან მოპოვებული აქვს მესაკუთრესთან შეთანხმებით.
სარჩელის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, მოპასუხე ქონებას ფლობს თუ არა მართლზომიერად და მესაკუთრის პრეტენზია მფლობელობის შეწყვეტის შესახებ მართლზომიერია თუ არა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე არ არის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი, რადგან ქონების მესაკუთრეს მოპასუხესთან არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში არ წარმოშობია ვალდებულება მოპასუხისათვის გადაეცა ნივთზე მფლობელობის უფლება. უძრავი ქონების აუქციონზე გასხვისების შემდეგ მოპასუხემ დაკარგა საკუთრების უფლება სადაო ქონებაზე, შესაბამისად, მას აღარა აქვს ამ ქონების ფლობის და სარგებლობის კანონიერი უფლება. მოპასუხე სადავო ქონებას ფლობს კანონისმიერი და სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მოპასუხის მიერ სადაო ბინის ფლობის თმენის ვალდებულების არსებობას.
აქედან გამომდინარე, მესაკუთრის პრეტენზია მოპასუხის მიმართ დასაბუთებულია, რაც სადაო უძრავ ქონებაზე მოპასუხის და მასთან მყოფი პირების მფლობელობის შეწყვეტის საფუძველია. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის თანახმად, 1. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას. 2. სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად. ამდენად, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გულისხმობს მოპასუხის და მასთან მყოფი პირების გამოყვანას უძრავი ქონებიდან და უძრავი ქონების გამოთავისუფლებას ამ პირთა ნივთებისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელეს გადაუვადდა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რის გამოც ამ საქმეზე სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელის ფასი ამ საქმეზე შეადგენს 4000 ლარს, რომლის 3% არის 120 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, რის გამოც ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება და შეადგენს 60 ლარს. ამ კოდექსის მე-14 მუხლში ცვლილებები ამოქმედდა განსახილველი სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2018 წლის 7 მარტს (სარჩელი აღძრულია 2018 წლის თებერვალს). სარჩელის აღძვრის დროს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 120 ლარს, თუმცა ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების წარმოშობის დროს საპროცესო ნორმა შეიცვალა, სახელმწიდო ბაჟის გადახდა ვალდებულება უნდა განისაზღვროს გადაწყვეტილების გამოტანის დროს არსებული წესებით. ამ ნორმების შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ნ-----–-- მ---------ეს სარჩელი;
1.1. ნ-----–-- წ---–--ას მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ქონება - რუსთავში, მ---------------------------------------------. (საკადასტრო კოდი 0------------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს ნ-----–-- მ---------ეს;
2. ნ-----–-- წ---–--ას დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წაინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი