გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3/3151-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე დ---------------ე
მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი თ-----------ა
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 მაისის №MES 1 18 0------- გადაწყვეტილება.
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ დ---------------ის სახელზე გაცემული აუ 0----- დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეგისტრაციის მუდმივი მოწმობა №1401-დასტურდება, რომ მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიამ გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია ვაკის რაიონის გამგეობაში - 1994 წლის 28 ივლისს. აკადემიის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მუსიკალური პედაგოგიური კადრების მომზადება. აკადემიის წესდების II თავით განსაზღვრული იყო ხელოვნების აკადემიის საქმიანობა. აღნიშნული თავის მე-3 პუნქტის თანახმად, აკადემიაში ჩარიცხვის უფლება ჰქონდათ სამუშაო სტაჟის მქონე პირებს (განურჩევლად ასაკისა) და ასევე მაღალმთიანი რაიონების წარმომადგენლებს, ხოლო მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველას, ვისაც ჰქონდა საშუალო სპეციალური განათლება. ამავე თავის მე-12 პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ 4 წლიანი სწავლების შემდეგ მსმენელებს უნდა ჩაებარებინათ სახელმწიფო გამოცდები და დაეცვათ დიპლომები (საკლასო კონცერტის ჩატარება ან ღია გაკვეთილების ციკლი). წესდების თანახმად, ხელოვნების აკადემიის აღმოცენების მიზეზი და მისი არსებობის მთავარი ამოცანა იყო აღზრდილიყო მაღალკვალიფიციური ხელოვნების მუშაკები, რომელთაც ექნებოდათ სრული თეორიული და აუცილებელი პრაქტიკული ცოდნა, რაც ხელს შეუწყობდა პროფესიონალიზმის ამაღლებას მთელი რესპუბლიკის მასშტაბით. ასევე, მსმენელი, რომელიც ჩააბარებდა სახელმწიფო გამოცდებს და დაიცავდა დიპლომს, მიენიჭებოდა უმაღლეს-დამთავრებული ხელოვნების მაგისტრის მაღალი კვალიფიკაცია, ხოლო რომლებიც მიიღებდნენ წარჩინებულ დიპლომს, ეძლეოდათ უფლება ჩაებარებინათ ასპირანტურაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეგისტრაციის მუდმივი მოწმობა №1401 (ს.ფ. 39).
- მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის წესდება (ს.ფ. 22-37).
3.1.2. დ------ი მ-----–ის ძე ღ-----ე 1989 წელს შევიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მუსიკის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1992 წელს მუსიკისმცოდნეობის სპეციალობით. დ---------------ე 1991 წელს შევიდა მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიაში და 1994 წელს დაამთავრა ხელოვნების აკადემიის სრული კურსი, ფორტეპიანოს სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1994 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა კონცერტმეისტერის და პედაგოგის კვალიფიკაცია; მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ 1994 წლის 6 ოქტომბერს დ---------------ის სახელზე გაიცა ,,აუ'' №0----- დიპლომი (სარეგისტრაციო ნომერი - 49).
მედეა ფანიაშვილის სახელობის ხელოვნების აკადემიის მიერ 26.08.95წ. გაცემული N65 ცნობის თანახმად, დ------ი მ-----–ის ძე ღ-----ემ 1994 წელს დაამთავრა საქართველოს რესპუბლიკის მედეა ფანიაშვილის სახელობის ხელოვნების აკადემიის საფორტეპიანო ფაკულტეტი და მიიღო მაგისტრის წოდება.
იცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-1992 წლის 7 სექტემბრის დიპლომი N000209 (ს.ფ. 16).
- 1994 წლის 6 ოქტომბრის ,,აუ'' №0----- დიპლომი (ს.ფ. 17).
- მედეა ფანიაშვილის სახელობის ხელოვნების აკადემიის მიერ 26.08.95წ. გაცემული N65 ცნობა (ს.ფ. 83).
3.1.3. 2018 წლის 4 აპრილს დ--------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის სახელზე გაცემული დიპლომის მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 04 აპრილის განცხადება (ს.ფ. 81-82).
3.1.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 04 მაისის №MES 6 18 0------- გადაწყვეტილებით დ---------------ეს განემარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტიდან გამომდინარე, დ---------------ის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრმა დაადასტურა უმაღლესი განათლების Nაუ0----- დიპლომის ნამდვილობა. ამავე გადაწყვეტილებით დ---------------ეს განემარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების აუ N0----- დიპლომის მფლობელ პირს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 04 მაისის №MES 6 18 0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 115-116).
3.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 მაისის №MES 1 18 0------- გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლიების შესაბამისად, შევიდა ცვლილება ერთი პირის საწარმო მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ, 1994 წელს, დ---------------ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების აუ N60----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ცენტრის 2018 წლის 04 მაისის MES 6 18 0------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებისა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცენტრი ადასტურებს უმაღლესი განათლების აუ °0----- დიპლომის ნამდვილობას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების აუ N°0----- დიპლომის მფლობელ პირს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, დაუშვებელია სპეციალობის შეცვლის მიზნით სწავლის გაგრძელება სხვა რეგულირებად სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-10 პუნქტიდან გამომდინარე, დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს პირს, რომელმაც დაასრულა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების აუ N°0----- დიპლომის საფუძველზე, დ---------------ეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე - დოქტორანტურაში.
ტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 მაისის №MES 1 18 0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 117-118).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 მაისის №MES 1 18 0------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას - უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით განმტკიცებულია განათლების მიღების უფლება და შესაბამისად, აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოთა მხრიდან. მოცემული დებულებები უთითებს პირის მიერ მიღებული განათლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, რეალიზების და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
6.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის 10 მაისის №MES 8 18 0------- გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების აუN0----- დიპლომის მფლობელ პირს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, დაუშვებელია სპეციალობის შეცვლის მიზნით სწავლა გაგრძელება სხვა რეგულირებად სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. შესაბამისად, ცენტრმა მოსარჩელეს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე - უმაღლესი განათლების ,,აუ'' №0----- დიპლომის მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ 2004 წლის საქართველოს კანონით განისაზღვრა უმაღლესი განათლების საფეხურთა განსხვავებული კლასიფიკაცია, განსხვავებით მანამდე მოქმედი სისტემისა, რამაც დღის წესრიგში დააყენა აღნიშნულ სისტემაზე გადასვლამდე მიღებული განათლების გათანაბრების საკითხის დადგენა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ 2004 წლის საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სწავლების საფეხურებია: ა) ბაკალავრიატი – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს სამ წელიწადზე ნაკლები და ოთხ წელიწადზე მეტი; ბ) მაგისტრატურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს ორ წელიწადზე ნაკლები; გ) დოქტორანტურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს სამ წელიწადზე ნაკლები. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სახელზე დიპლომის გაცემით დადასტურებულია სასწავლო გეგმის, პროგრამის შესაბამისობა იმ პერიოდში სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ გაიარა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.
ამასთან, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლზეც, რომლის მე-8 პუნქტის თანახმად, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან (კანონში ცვლილება შესულია 2005 წლის 13 მაისს).
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული სამართლებრივი ნორმის განსახილველ ურთიერთობაზე გავრცელებით, მოხდება დასრულებულ ურთიერთობაზე ამჟამად მოქმედი კანონის გავრცელება, რაც დამდგარი სამართლებრივი შედეგის შეცვლას და მოსარჩელის საუარესოდ მის შემობრუნებას გამოიწვევს.
სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონს არ აქვს უკუძალა. ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ კანონში. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. კანონის უკუძალის აკრძალვა, კანონთა დროში მოქმედების ერთ-ერთი განმსაზღვრელი გარემოებაა და ამით მოქალაქე დაცულია სამართლის ნეგატიური ზემოქმედებისგან. კანონის დროში ასეთი წესით მოქმედების პრინციპის მთავარი მიზანი, დანიშნულება არის კანონის განსაზღვრულობის უზრუნველყოფა, რაც გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან, პირს კანონის მიხედვით უნდა შეეძლოს მისი განჭვრეტა, იმისათვის რომ შეძლოს თავიდან აიცილოს უარყოფითი სამართლებრივი შედეგი. უკუძალის აკრძალვის პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმა, რომელიც აშკარად აუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას, ვერ გავრცელდება მოსარჩელის მიმართ 1994 წელს გაცემულ დიპლომზე, რომლის მიმართაც მას გააჩნდა კანონიერი ნდობა.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის წესდების II თავის მე-12 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრული იყო, რომ 4 წლიანი სწავლების შემდეგ მსმენელებს უნდა ჩაებარებინათ სახელმწიფო გამოცდები და დაეცვათ დიპლომები (საკლასო კონცერტის ჩატარება ან ღია გაკვეთილების ციკლი). ამავე წესდების თანახმად, მსმენელი, რომელიც ჩააბარებდა სახელმწიფო გამოცდებს და დაიცავდა დიპლომს, მიენიჭებოდა უმაღლეს-დამთავრებული ხელოვნების მაგისტრის მაღალი კვალიფიკაცია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ---------------ემ დაამთავრა ხელოვნების აკადემიის სრული კურსი ფორტეპიანოს სპეციალობით, მიენიჭა კონცერტმეისტერის და პედაგოგის კვალიფიკაცია, რის შემდეგაც მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ მასზე გაიცა ,,აუ'' №0----- დიპლომი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე (CASE OF CATAN AND OTHERS v. MOLDOVA AND RUSSIA): იმისათვის, რომ უფლება ქმედითი იყოს, აუცილებელია, მათ შორის, რომ, უფლებით მოსარგებლე ინდივიდს გააჩნდეს მიღებული განათლებიდან სარგებლობის მიღების შესაძლებლობა, ანუ უფლება, სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოიპოვოს ოფიციალური აღიარება განათლებისა, რომლის მიღება დაასრულა.
სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „გ“ პუნქტი ადგენს, რომ უმაღლესი განათლების ერთ-ერთ ძირათად მიზანს წარმოადგენს პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის. ამდენად, უმაღლესი განათლების მიზანი - კვალიფიკაცია - მოსარჩელესთან მიმართებაში დადასტურებულია, მის მიერ წარმატებითაა დაძლეული შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მიღებისათვის დადგენილი პროგრამა, რაც სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 მაისის №MES 1 18 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ---------------ის სახელზე გაცემული დიპლომის ,,აუ'' №0----- მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ 1994 წელს დ---------------ის სახელზე გაცემული დიპლომის ,,აუ'' №0----- მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელე - დ---------------ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 მაისის №MES 1180------- გადაწყვეტილება.
3. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მედეა ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემიის მიერ დ---------------ის სახელზე გაცემული აუ 0----- დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ.
4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს მოსარჩელე - დ---------------ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია