გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/15876-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - სს ,,სა--------------------------------–’’
წარმომადგენელი - თი-----ნ ბა----------ა
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ტ---------–-----------------------------–--–------ი
წარმომადგენელი (დირექტორი) - ლა–---–------
წარმომადგენელი - ნი-------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს ტ---------–-----------------------------–--–------ს სს ,,სა--------------------------------–’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 875 ლარის გადახდა;
1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ტ---------–-----------------------------–--–------ს სს ,,სა--------------------------------–’’-ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროს 805.75 ლარი;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2015 წლის 22 მაისს მოსარჩელესა და ააიპ ქ.თბილისის მერიის გ. ე------–---–ის ს----–-----------------–--------–-----------–--------------------------------– ცენტრს შორის გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება SG------------5, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ დააზღვია ხელშეკრულების დანართ N3-ში მითითებული პირები. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისა და მოპასუხისგან შესაბამისი სადაზღვევო პრემიის მიღების სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად აენაზღაურებინა დაზღვეულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარჯები სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას. მოპასუხემ კი იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის განვადებით გადაეხადა ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულების დანართი N4-ით განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის ოდენობა და მისი გადახდის წესი, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო პრემია უნდა გადახდილიყო 12 თანაბარ ტრანშად.
ააიპ ქ.თბილისის მერიის გ. ე------–---–--------–-----------------–--------–-----------–--------------------------------–-ა ცენტრმა განიცადა რეორგანიზაცია და შერწყმის შედეგად აღნიშნული სუბიექტის სამართალმემკვიდრედ წარმოიქმნა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ტ---------–-----------------------------–--–------ი.
მხარეთა შორის 2015 წლის 22 მაისის დადებული ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების SG------------5 დანართ N3-სა და N4-ს შორის განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც სადაზღვევო პრემია აგვისტოს თვიდან განისაზღვრა 395 ლარით.
ხელშეკრულების და მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით მოპასუხეს სადაზღვევო პრემიის სახით ჯამში უნდა გადაეხადა 4 700 ლარი, მას ვალდებულების შესრულების მიზნით მხოლოდ გადახდილი აქვს 1 825 ლარი. კერძოდ, 2015 წლის 05 ივნისს გადახდილია - 225 ლარი, 2015 წლის 24 ივლისს - 400 ლარი, 2015 წლის 05 აგვისტოს - 195 ლარი, 2015 წლის 07 სექტემბერს - 170 ლარი, 2015 წლის 06 ოქტომბერს- 120 ლარი, 2015 წლის 04 ნოემბერს 95 ლარი, 2015 წლის 07 დეკემბერს - 145 ლარი, 2016 წლის 04 იანვარს - 95 ლარი, 2016 წლის 05 თებერვალს - 95 ლარი, 2016 წლის 07 მარტს - 95 ლარი, 2016 წლის 04 აპრილს - 70 ლარი, ხოლო 2016 წლის 06 მაისს -120 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 2 875 ლარი.
მოსარჩელე შემოსავლის/სარგებლის ნახვის მიზნით ყოველდღიური/ჩვეული საქმიანობის ფარგლებში თანხებს ათავსებს სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გახსნილ დეპოზიტებზე/ანაბრებზე. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევამ მას ასევე მიაყენა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი 805.75 ლარი. საიდანაც 531.82 არის საპროცენტო შემოსავალი გადაუხდელი თითოეული ტრანშის გადახდის ვალდებულების დადგომიდან 2018 წლის 25 მაისის ჩათვლით, ხოლო 273.75 ლარი არის ყოველდღიური მიუღებელი შემოსავალი 2018 წლის 25 მაისიდან ყოველი მომდევნო დღისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური 0.75 ლარის ერთ წელზე დაანგარიშებით მიღებული.
2. მოპასუხის პოზიცია
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ტ---------–ის განვითარების ს----------–მა ცენტრმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 22 მაისის ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე წარმოდგენილი იყო მისი იმდროინდელი დირექტორის ფიქრია ფანქველაშვილის მიერ, რომელიც დღეის მდგომარეობით აღარ იკავებს აღნიშნულ თანამდებობას. ორგანიზაციის ახალი დირექტორი ლა–---–------ არ იყო ინფორმირებული შესასრულებელი ვალდებულების თაობაზე. ქ. თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურებისას ორგანიზაცია მოექცა მოვლენათა ეპიცენტრში, მისი მდებარეობის გამო, შესაბამისად განადგურდა ორგანიზაციაში დაცული მასალები, რამაც ახალი ხელმძღვანელობა ამყოფა ინფორმაციულ ვაკუუმში, განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, რომ მოსარჩელესაც არ მიუწოდება ინფორმაცია შესასრულებელი ვალდებულების შესახებ.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიური უბედურებიდან დღემდე მოპასუხე ორგანიზაცი იყო ლიკვიდირებული, განადგურდა ინფრასტრუქტურა, არ მიეწოდებოდათ ელექტრო ენერგია და არ არსებობს საკომუნიკაციო საშუალებები. მომხდარი წყალდიდობიდან გამომდინარე ორგანიზაციამ შეწყვიტა არსებობა. აღნიშნულ პერიოდში განადგურდა ორგანიზაციაში დასული მასალები, დოკუმენტაცია, განადგურდა კომპიუტერული ტექნიკა, რასაც მოჰყვა ის წინაპირობები, რომ მოპასუხისთვის უცნობი იყო მოსარჩელესთან არსებული შეთანხმების შესახებ. გადახდებს ახორციელებდნენ უშუალოდ დაზღვეული პირები, რადგან მოპასუხეს არ ჰქონდა ვალდებულების შესახებ ინფორმაცია და არც მოსარჩელეს ჰქონია ინფორმაციის მიწოდების მცდელობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 22 მაისს სს ,,სა--------------------------------–’’-ის, დანართი N3-ში მითითებულ პირებსა (დამზღვევებს) და ააიპ თბილისის მერიის გ. ეგ-----–----–ის სახელობის ტ---------–ის ს---------ა ო-–--------ი მ-------ის ს----------– ცენტრს (წარმოდგენილი დირექტორის ფიქრია ფანქველაშვილის მიერ) შორის დაიდო ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება NSG------------5.
ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე დაზღვევის ხელშეკრულებით და მისი დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მზღვეველი ვალდებულია, შესაბამისი სადაზღვევო პრემიის მიღების სანაცვლოდ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უზრუნველყოს დაზღვეული პირებისათვის დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა.
ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა (საერთო სადაზღვევო პერიოდი) განსაზღვრულია შემდეგნაირად: დაზღვევის ხელშეკრულება ძალაში შედის 2015 წლის 27 მაისის 24:00 საათიდან და მოქმედებს 2016 წლის 27 მაისის 24:00 საათამდე.
აღნიშნული დაზღვევის ხელშეკრულების დანართი N4-ის თანახმად განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის (შესატანის) ოდენობა და მისი გადახდის წესი. კერძოდ, განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის - ყოველთვიურად 375 ლარის გადახდის ვალდებულება ყოველი თვის 05 რიცხვში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში - 2015 წლის 05 ივლისიდან 2016 წლის 05 მაისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-25);
- დაზღვევის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები დანართი N1 (ს.ფ. 26-37);
- სადაზღვევო დაფარვების, მომსახურების მიღების, ანაზღაურების გაცემის პირობები და ბარათის ტიპები დანართი N2 (ს.ფ. 38-49);
- ინფორმაცია დამზღვევების, დაზღვეულების, სადაზღვევო პრემიის ოდენობისა და ბარათის ტიპის შესახებ დანართი N3 (ს.ფ. 51)
- სადაზღვევო პრემიის (შესატანის) ოდენობა და მისი გადახდის წესი დანართი N4 (ს.ფ. 52);
- მზღვეველის კონტრაქტორი/პროვაიდერი დაწესებულებების სია დანართი N5 (ს.ფ. 53-58).
3.1.2. 2015 წლის 27 ივლისს სს ,,სა--------------------------------–’’-სა და ააიპ თბილისის მერიის გ. ე------–---–ის სახელობის ტ---------–ის ს---------ა ო-–--------ი მ-------ის ს----------– ცენტრს შორის დადებული შეთანხმებით (ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების დანართი N3-1/4-1) ცვლილება განხორციელდა დაზღვევის ხელშეკრულებაში დაზღვეულ პირთა მონაცემებში, შესაბამისად შეიცვალა სადაზღვევო პრემიის ოდენობა. კერძოდ, შეთანხმების მე-5 პუნქტის თანახმად, ცვლილებების გათვალისწინებით დამზღვევების მიერ მზღვეველთათვის გადასახდელი სადაზღვევო ორემია აგვისტოს თვეში შეადგენს 395 ლარს, ხოლო დარჩენილ სადაზღვევო პერიოდზე ყოველთვიური სადაზღვევო პრემია შეადგენს 395 ლარს, შესაბამისად, სადაზღვევო პრემიის მოცულობა დარჩენილ სადაზღვევო პერიოდზე შეადგენს 3 950 ლარს.
აღნიშნული შეთანხმების მე-6 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის სახით ყოველთვიურად 395 ლარის გადახდის გრაფიკი 2015 წლის 05 აგვისტოდან 2016 წლის 05 მაისის ჩათვლით პერიოდზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება (ს.ფ.59-61).
3.1.3. 2015 წლის 20 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის გ. ე------–---–ის სახელობის ტ---------–ის ს---------ა ო-–--------ი მ-------ის ს----------–ი ცენტრის და ქ. თბილისის მერიის მ. გ----–--ს სახელობის ტ---------–ის ს---------ა ა------------ს ს----------–ი ცენტრის რეორგანიზაციის - გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა სუბიექტი საფირმო სახელწოდებით : ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ტ---------–-----------------------------–--–------ი, რომლის დირექტორი ამჟამად არის ლა–---–------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 22-23).
3.1.4. 2015 წლის 22 მაისის ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ჯამში გადახდილია 1 825 ლარი. კერძოდ, 2015 წლის 05 ივნისს გადახდილია - 225 ლარი, 2015 წლის 24 ივლისს - 400 ლარი, 2015 წლის 05 აგვისტოს - 195 ლარი, 2015 წლის 07 სექტემბერს - 170 ლარი, 2015 წლის 06 ოქტომბერს - 120 ლარი, 2015 წლის 04 ნოემბერს - 95 ლარი, 2015 წლის 07 დეკემბერს - 145 ლარი, 2016 წლის 04 იანვარს - 95 ლარი, 2016 წლის 05 თებერვალს - 95 ლარი, 2016 წლის 07 მარტს - 95 ლარი, 2016 წლის 04 აპრილს - 70 ლარი, ხოლო 2016 წლის 06 მაისს -120 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.62).
3.1.6. სს ,,სა--------------------------------–’’-ს სს ,,სი-–---------------ში’’, სს ,,ბა------------ში’’, სს ,,ბა-------------–---ში’’, სს ,,ტე-------ში’’ და სს ,,თი--------ში’’ 2010 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში სხვადასხვა დროს გახსნილი ჰქონდა სხვადასხვა რაოდენობის ანაბრები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობები (ს.ფ.65-69).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ მიიჩნევს დადგენილად მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გამო.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლად მიიჩნევს დაუძლეველ ძალას - 2015 წლის 13 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას - წყალდიდობას. მოპასუხის განმარტებით, სტიქიის დროს სრულად განადგურდა ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა და აღნიშნულის გამო კომპანიის ახალი დირექტორისათვის უცნობი იყო ვალდებულების არსებობის თაობაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუძლეველ ძალასა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის ურთიერთკავშირი, შესაფასებელი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სუბიექტური და ობიექტური გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა დადგინდეს. დაუძლეველი ძალა, როგორც ხშირ შემთხვევაში საყოველთაოდ ცნობილი მოვლენა, მტკიცებას არ საჭიროებს. მაგრამ, დაუძლეველი ძალის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას. დაუძლეველ ძალასა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა მტკიცებას საჭიროებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დაუძლეველი ძალა არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებისაგან პირის გათავისუფლების საფუძველს.
გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, ცხადია, სადავოდ არ ხდის 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების ფაქტს და აღნიშნულის თაობაზე არ საჭიროებს მტკიცებულებებზე მითითებას, მაგრამ მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტის დამადასტურებლად წარმოდგენილი ფოტოსურათებით (ს.ფ.62-71) სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს ნამდვილად გახდა თუ არა ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველი დაუძლეველი ძალა. აღნიშნული ფოტოსურათების, როგორც მტკიცებულების შეფასების მიზნით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ წარმოდგენილი ფოტოსურათებით არ დგინდება არც მათი წარმომავლობა, არც გადაღების დრო, ასევე არც მათზე აღბეჭდილი ობიექტის დასახელება და სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რაც სარწმუნოს გახდიდა მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდა წყალდიდობის შედეგად. სულ მცირე აღნიშნული ინფორმაციის არ არსებობის პირობებში გაურკვეველია როგორ უნდა დაადგინოს სასამართლომ, რომ ფოტოსურათები გადაღებულია ნამდვილად სტიქიური უბედურების დროს და მასზე აღბეჭდილია მოპასუხე ორგანიზაციის განადგურებული ინფრასტრუქტურა.
განსახილველ შეთხვევაში საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება სრულდებოდა ყოველთვიურად - 2015 წლის 13 ივნისამდეც და მის შემდგომაც, თუმცა ნაწილობრივ - არაჯეროვნად. დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებული აქვს ყოველთვიურად სადაზღვევო პრემიის ნაწილის გადახდა, რაც გამორიცხავს მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების თაობაზე უქონლობის ფაქტს. მოპასუხემ გარდა ზეპირი მითითებისა, ასევე ვერ უზრუნველყო იმის დამტკიცება, რომ გადახდა სრულდებოდა არა უშუალოდ ორგანიზაციის, არამედ მისი თანამშრომლების მიერ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადგენილად მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფოტოსურათები (ს.ფ.62-71);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. 2015 წლის 22 მაისის ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის დავალიანება 2 875 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.62)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სს ,,სა--------------------------------–’’-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 799-ე, 400-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
სასამართლო მიუთითებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში. სამოქალაქო კოდექსი დაზღვევის კლასიფიკაციას დაზღვევის ობიექტის მიხედვით ადგენს. ამ თვალსაზრისით ერთმანეთისგანაა გამიჯნული ზიანის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და უბედური შემთხვევის დაზღვევა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 22 მაისს დაიდო ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს ევალებოდა ყოველთვიურად სადაზღვევო პრემიის სახით 395 ლარის გადახდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად, თუმცა აღნიშნული მის მიერ განხორციელდა მხოლოდ ნაწილობრივ. კერძოდ, 2015 წლის 22 მაისის ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ჯამში გადახდილია მხოლოდ 1 825 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის გამო, აგრეთვე მითითება ვალდებულების შეუსრულებლობაში მოსარჩელის ბრალის არსებობის თაობაზე. აღნიშნულიდან და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებიდან გამომდინარე დადგენილია, რომ 2015 წლის 22 მაისის ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 2 875 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის გადახდის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობაში მოსარჩელეს მიუძღვის ბრალი. სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხარისათვის მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეული იყოს ორივე მხარის მიზეზით და არსებობდეს მხარეთა ე.წ. ,,შერეული ბრალი’’. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ მიუთითა სწორედ აღნიშნულზე და მოსარჩელის ბრალეულობაზე ვალდებულების შეუსრულებლობისას რაც, მისი აზრით, გამოიხატა იმაში რომ მოსარჩელეს არ გაუფრთხილებია იგი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და არ შეუწყვეტია ხელშეკრულება.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა. ბრალი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ჩვეულებრივ და უხეშ გაუფრთხილებლობად. ბრალის ფორმას, ზოგადი წესის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული. ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას შერეული ბრალის, თუნდაც გაუფრთხილებელი ბრალის, არსებობის თაობაზე იმ ფონზე, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება მისი მხრიდან სადაზღვევო პრემიის არაჯეროვანი, მაგრამ ყოველთვიური გადახდის შესრულება. მოპასუხე მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ასრულებდა ვალდებულებას არაჯეროვნად, თუმცა აღნიშნული ცალსახად არ ავალდებულებდა მოსარჩელეს წერილობითი გაფრთხილების ან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ქმედების აუცილებელ განხორციელებას. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, სადაზღვევო პრემიის ნაწილის გადახდა განხორციელებულია ყოველთვიურად, რის გამოც მოსარჩელეს არ მოეთხოვება უპირობოდ თავისი ნების ავტონომიაში ჩარევით ვადამდე შეეწყვიტა მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 817-ე და 818-ე მუხლებით განსაზღვრულია სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდისას დამატებითი ვადის დაწესების და გაფრთხილების განსაზღვრის თაობაზე დამზღვევისთვის შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულია მზღვეველის უფლებამოსილება და არა ვალდებულება ხელშეკრულების უცილობლად მოშლის თაობაზე. შესაბამისად, საქმის მასალებიდან გამომდინარე არ იკვეთება ვალდებულების შეუსრულებლობაში მოსარჩელის თუნდაც გაუფრთხილებელი ბრალი, რაც ვალდებულების დარღვევაზე პასუხისმგებელსუბიექტად აქცევს მხოლოდ მოპასუხეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კი ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორ ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მიუღებელი შემოსავლის ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ, საქმე Nას-54-54-2018).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადაზღვევო კომპანია მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ ვადაში შესრულებისას იგი განათავსებდა მიღებულ თანხებს დეპოზიტზე და მიიღებდა დამატებით შემოსავალს. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საბანკო დაწესებულებებში 2010-2016 წლებში სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა რაოდენობის დეპოზიტების არსებობის თაობაზე ინფორმაცია.
მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიუთითებს, რომ სადაზღვევო კომპანიის შემთხვევაში მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე თავისთავად სავარაუდოდ ვერ მივიჩნევთ იმ გარემოებას, რომ იგი უცილობლად განათავსებდა თანხას დეპოზიტზე და მიიღებდა ამ თანხებიდან დამატებით შემოსავალს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაზღვევო კომპანიის საქმიანობა თავისი არსით, არ არის მიზანმიმართული დეპოზიტზე თანხის განთავსებიდან სარგებლის მიღებისაკენ იგი საქმიანობის სფეროთი განსხვავდება მაგალითად საკრედიტო დაწესებულებისგან. საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალზე აპელირება სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. აღნიშნული კი სასამართლოს მოსაზრებით ნაკლებად სავარაუდოა და გაუმართლებელია სადაზღვევო კომპანიის შემთხვევაში მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 111 ლარი. (ს.ფ.76-77). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 86.25 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,სა--------------------------------–’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ტ---------–ის განვითარების ს----------– ცენტრს სს ,,სა--------------------------------–’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 875 ლარის გადახდა;
1.2. არ დაკმაყოფილდეს სს ,,სა--------------------------------–’’-ის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისთვის 805.75 ლარის დაკისრების თაობაზე;
2. მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ტ---------–-----------------------------–--–------ს სს ,,სა--------------------------------–’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელეს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 86.25 ლარის ანაზღაურება;
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 24.75 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია