გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001924474
2-1633/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11/07/2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: ლ--------------
წარმომადგენელი: ჯ-----------------–-–---–ი
მოპასუხე: გ--------- და მ-------------------ე
წარმომადგენელი: ი--------------–--–------–--------------ე
დავის საგანი: ქორწინების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ლ-------------- სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გ---------ს და მ-------------------ეს შორის №0102447 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმნტებით:
1996 წელში ლ-------------- რეგისტრირებული ქორწინებით ცოლად გაჰყვა გ---------ს. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ------------ა და ს--–----------ა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ 2005 წლამდე. გ---------ს და ლ--------------ს ერთად ცხოვრების ბოლო პერიოდში კონფლიქტური ურთიერთობები ჰქონდათ, რის გამოც ლ--------------მ საცხოვრებლად გადავიდა მშობლების ოჯაში, თუმცა გ---------სთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. დადიოდა მის ოჯახში და რჩებოდა ღამითაც. 2007 წელში გ---------მ იქორწინა მ-------------------ესთან. მათი ქორწინება ისე დარეგისტრირდა, რომ ლ--------------სა და გ---------ს განქორწინება არ შემდგარა, ანუ მ-------------------ესთან გ---------ს ქორწინებისას არსებობდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ გ--------- სხვა პირთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. განქორწინების გარეშე სხვა პირთან ქორწინება, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებაა და დაქორწინების შემთხვევაში იწვევს მის ბათილობას.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მ-------------------ე სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ 2007 წლის 27 ივნისს იქორწინა გ---------სთან და მას შემდეგ ერთად ცხოვრობდნენ 2015 წლამდე. ამ პერიოდში გ--------- უწვეტად ცხოვრობდა მასთან და ლ--------------სთან ცალკე ოჯახი არ ჰქონია. ქორწინების დროს მისთვის ცნობილი არ იყო გ---------ს და ლ--------------ს შორის ქორწინების შესახებ. სწორად ამიტომ დასთანხმდა ქორწინების რეგისტრაციას. მიიჩნევს, რომ ქორწინებისადმი მისი დამოკიდებულება გამორიცხავს ქორწინების ბათილად ცნობას.
2. გ--------- სარჩელს ცნობს სრულად.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. გ---------მ 1996 წლის 24 იანვარს იქორწინა ლ--------–--ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება ს.ფ. 98-103
3.1.2. გ---------ს, ლ--------–--ესთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება ს.ფ. 98-103
3.1.3. გ--------- და ლ--------–--ე ერთმანეთს დაშორდნენ და ცალ-ცალკე ცხოვრობენ 2005 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება ს.ფ. 98-103
3.1.4. 2007 წლის 27 ივნისს გ---------მ რეგისტრირებული ქორწინებით იქორწინა მ-------------------ესთან. ქორწინების სააქტო ჩანაწერია №0102447.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა ს.ფ. 14
3.1.5. გ---------ის და მ-------------------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება ს.ფ. 98-103
3.1.6. გ--------- და ლ--------–--ე განქორწინდნენ 2014 წლის 11 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
3.1.7. 2014 წლის 26 სექტემბერს ლ--------–--ემ იქორწინა მუსტაფა იღმადეფესთან და მიიღო მეუღლის გვარი ,,იღმადეფე“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა ს.ფ. 16
3.1.8. გ---------მ სარჩელი აღძრა მ-------------------ის მიმართ და 2007 წლის 27 იანვარს №0102447 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა მოითხოვა. განმარტავდა, რომ 2007 წლის 27 იანვარს რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ--------–--ესთან, რაც შემდგომი ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება ს.ფ. 98-103
3.1.9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. შესაბამისად გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება ს.ფ. 98-103
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 09 ივნისის განჩინება. ს.ფ.78-88
- საქართველოს უზენაისი სასამართლოს 2017 წლის 05 იანვრის განჩინება ს.ფ.89-97
3.1.10. მხარეებს არ წარმოუდგენიათ გ---------სა და მ-------------------ეს შორის რეგისტრირებული ქორწინების განქორწინების გზით შეწყვეტის მტკიცებულება, მაგრამ ადასტურებენ, რომ ისინი საქმის განხილვის მომენტისათვის განქორწინებულები არიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმეში მნიშვნელოვანი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა 2007 წლის 27 იანვარს გ---------ის და მ-------------------ის ქორწინების სააქტო ჩანაწერისას (დაქორწინებისას) მ-------------------ემ იცოდა თუ არა ის გარემოება, რომ გ--------- 1996 წლის 24 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ--------–--ესთან.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ ორი გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. ფაქტობრივად, მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს, რომ მ-------------------ემ იცოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ. მ-------------------ე ამ ფაქტის ცოდნას უარყოფს და ის ვერ დაამტკიცებს, რომ მან არ იცოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ. სწორედ ამიტომაც ის თავისუფლდება მტკიცების ტვირთისაგან.
3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების ცოდნა ფაქტობრივი გარემოებაა. მისი არსებობა უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მოსარჩელემ ამ გარემოების ძირითად მტკიცებულებად წარმოადგინა ზეპირი განმარტება. მოსარჩელემ მოპასუხის ზეპირი განმარტება, თავისი ზეპირი განმარტებითვე უარყო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა (საქ. სსკ-ის 102-ე მუხლი). მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. მოსარჩელეს თავისი ზეპირი განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შესაბამისად მან ვერ შესძლო მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულება და დამტკიცება იმ გარემოებისა, რომ 2007 წლის 27 იანვარს გ---------ის და მ-------------------ის ქორწინების სააქტო ჩანაწერისას (დაქორწინებისას) მ-------------------ემ იცოდა 1996 წლის 24 იანვრიდან გ---------ს ლ--------–--ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა. შესაბამისად მოსარჩელის არგუმენტები სასამართლომ არ გაიზიარა.
3.2.7. მხარეთათვის ასევე სადაო გარემოებაა 2017 წლის 27 იანვრის ქორწინების სააქტო ჩანაწერი №0102447 არის თუ არა ბათილი. აღნიშნული გარემოება არ არის ფაქტობრივი გარემოება. ჩანაწერის არის თუ არა ბათილი ამისათვის საჭიროა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, რაზეც სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არარსებობს ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი). როგორც დაქორწინებისას, ისე ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთ სიყვარულზე, ურთიერთდაფასებასა და პატივისცემაზე.
6.2. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას, ასეთი ნების გამოვლენის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია ქორწინება ნაკლიანი იყოს. ასეთ ე.წ. ნაკლს ადგენს საქ. სკ-ის 1140-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება)“.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 1107-ე მუხლი ითვალისწინებს ქორწინების ბათილობის იმ შემთხვევას, როცა დაქორწინებულ პირებს არ აქვთ საქორწინო ასაკი და არარსებობს დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლი ითვალისწინებს ქორწინების ბათილობის იმ შემთხვევას, როცა დაქორწინებულ პირები არ არიან 18 წლის და როცა შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირი იქორწინებს მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილით: - დაქორწინება არ დაიშვება:
ა. იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან;
ბ. პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;
გ. ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
დ. მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
ე. იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება.
მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს საქ. სკ-ის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის საფუძვლიდან და სწორედ მასზე მიუთითებს მოსარჩელე თავისი მოთხოვნისას. დასახელებული ნორმის შინაარსის პირდაპირი გაგებით ქორწინება ბათილად უნდა გამოცხადდეს, თუ იქორწინებენ ისეთი პირები, რომელთაგან ერთერთი სხვასთან იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში. ზუსტად ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი გ---------სა და მ-------------------ის ქორწინებისას. გ---------მ, მ-----------------ესთან 2007 წელში ისე იქორწინა, რომ ის ლ--------–--ესთან განქორწინებული არ იყო. ასეთი ქორწინების სააქტო ჩანაწერი ექვემდებარება ბათილობას.
6.6. საქ. სკ-ის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტისაგან საგამონაკლისო შემთხვევას ადგენს საქ. სკ-ის 1141-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც თუ მეუღლეებმა დაქორწინებისას არ იცოდნენ ქორწინების დამაბრკოლებელი იმ გარემოების შესახებ, რომელიც მათი ქორწინების ბათილობის საფუძველია, ქორწინება წყდება სასამართლოში ამ გარემოების დადგენის მომენტიდან, მაგრამ ამ დრომდე ქორწინება წარმოშობს ყველა იმ სამართლებრივ შედეგს, რასაც ნამდვილი ქორწინება.
ანალოგიური დავის განხილვისას ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 9 ივნისის №2/ბ-270 საქმეში და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 5 იანვრის №ას-849-815-2016 საქმეში განმარტეს, რომ ქორწინების ბათილად ცნობას არ იწვევს იმ მეუღლეთა ქორწინება, რომლებმაც არაფერი არ იცოდნენ იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც კრძალავენ ქორწინების შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში ქორწინება უნდა შეწყდეს დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის მომენტიდან. ამ მომენტამდე ქორწინება წარმოშობს ყველა იმ სამართლებრივ შედეგს, რასაც წარმოშობს ნამდვილი ქორწინება. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მ-----------------ემ იცოდა გ---------სა და ლ--------–--ის ქორწინების რეგისტრაციის შესახებ. მან აღნიშნული გარემოებების შესახებ გაიგო მაშინ, როცა გ---------მ მის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი და მოითხოვა მ-----------------ესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა. ანუ მან ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ არ იცოდა 2015 წლამდე. ამ პერიოდამდე მათი ქორწინება ნამდვილია და წარმოშობს ყველა იმ შედეგს, რასაც ნამდვილი ქორწინება.
6.7. გადასაწყვეტია 2015 წლის შემდეგი პერიოდისათვის, გ---------სა და მ-------------------ის ქორწინება ბათილად აღიარებული უნდა იქნას თუ არა. ამ საკითხის მოსაწესრიგებლად სასამართლო ხელმძღვანელობს საქ. სკ-ის 1143-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს.
დადგენილია, რომ გ--------- და ლ--------–--ე განქორწინდნენ 2014 წლის 11 ივნისს. ასევე განქორწინებულები არიან გ--------- და მ-----------------ეც. იმ გარემოებებში, როცა 2014 წლის შემდეგ გ---------ს ქორწინება აღარ არსებობს არც ლ--------–--ესთან და არც მ-------------------ესთან, ქოწინების გაბათილებას არანაირი პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობა აღარ აქვს. ბათილად ცნობა თავისი შინაარსით აღიარებითი სარჩელია და უნდა პასუხობდეს საქ. სსკ-ის 180-ე მუხლის წინაპირობებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის აღიარებითი სარჩელი დასაშვებია თუ მასში გამოკვეთილია იურიდიული ინტერესი, რაც უფლებასა თუ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებულ დავასთანაა დაკავშირებული. მოპასუხე მოსარჩელეს უნდა ეცილებოდეს უფლებაში და ასეთი დავა მომავალში უნდა ქმნიდეს დარღვეული უფლების აღდგენის ან უფლების დარღვევის თავიდან აცილების წინაპირობას. ამასთან აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის გარკვეული სარგებელის მოტანა უნდა შეეძლოს. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ისიც, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლიც კანონიერად დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღსდგება მისი კანონით დაცული ინტერესი. დავის ზოგადი ინტერესი არაა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა. ზოგადად მოსარჩელეს სარჩელში აღძრული მოთხოვნის ინტერესი გააჩნია (და ეს ბუნებრივიცაა), მაგრამ ეს ინტერესი უნდა იყოს კანონისმიერი. იურიდიულ ინტერესში დარღვეული უფლების აღდგენის კანონისმიერი გზა იგულისხმება (მოთხოვნის მატერიალური საფუძველი). წინამდებარე შემთხვევაში 2015 წლის შემდეგ ქორწინების გაბათილება არავითარ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს და ამ გზით ლ--------------ს კანონით დაცული არცერთი უფლება არ აღსდგება. შესაბამისად 2015 წლის შემდეგი პეიოდში ქორწინების გაბათილების იურიდული ინტერესი არარსებობს, რის გამოც ქორწინების საქტო ჩანაწერი არ ექვემდებარება გაბათილებას.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 100 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ბაჟი უნდა გადახდეს მოსარჩელეს. მას სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ--------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე