გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.07.2018
საქმის ნომერი
330210017002047034
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21304-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით 31 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - შპს ,,მ-----’’

წარმომადგენელი - შ---------------–---–ი

მოპასუხე - გ-------------, ი-----------

დავის საგანი -თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 17 795.54 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-16):

1.1.1. 2016 წლის 20 იანვარს მასსა და გ-------------ს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის №2------------ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მან აიღო მოპასუხისთვის სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება, მოპასუხემ კი აიღო ვალდებულება მის საკუთრებაში გადაეცა ეს სატრანსპორტო საშუალება და ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად დაეფარა როგორც მიღებული თანხა, ისე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები. ამასთან, ვალდებულების დაფარვის რიგითობას კომპანია განსაზღვრავდა დამოუკიდებლად;

1.1.2. მოპასუხის მიერ აღებული ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების მიზნით მას თავდებად დაუდგა ი----------- და მათ შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;

1.1.3. მის მიერ სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხისთვის ნასყიდობის ფასის გადახდა განხორციელდა 2016 წლის 20 იანვარს;

1.1.4. მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, მოხდა სატრანსპორტო საშუალების მის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო გრაფიკით განსაზღვრული თანხა მოპასუხეებს არაერთგზისი გაფრთხილების მიუხედავად აღარ გადაუხდიათ;

1.1.5. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე იმ პირობით, რომ მას გააჩნდა სრული უფლება გაესხვისებინა სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად და მიღებული თანხა მიმართული იქნებოდა ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებული იქნებოდა დაეფარა ავტომობილის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის შედეგად დარჩენილი ვალდებულება;

1.1.6. ავტომობილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 2 000 ლარად, შესაბამისად, აღნიშნული თანხიდან მოხდა დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა, კერძოდ, რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან დაიფარა ჯარიმა - 264.74 ლარი, პროცენტი - 1 632.40 ლარი და ძირითადი თანხა - 102.86 ლარი. აღნიშნული დაანგარიშების შედეგად მოპასუხეთა დავალიანება მის წინაშე შეადგენს 17 795.54 ლარს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხე გ-------------მ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 74-81):

2.1.1. მართალია მათ შორის შედგა შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მაგრამ მოსარჩელემ 2016 წლის 29 მარტს გამოუგზავნა მას გაფრთხილება ვალდებულების შესასრულებლად 5 დღიანი ვადის დასაფარად, თუმცა მოსარჩელემ ამ ვადის გასვლამდე მოახდინა ავტომანქანის არარეალურ ფასად რეალიზაცია;

2.2. მოპასუხე ი-----------ს სარჩელთან მიმართებით შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამრთლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით მან ასევე არ ცნო სარჩელი და მიუთითა ავტომობილის არარეალურ ფასად რეალიზების ფაქტზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2016 წლის 20 იანვარს შპს ,,მ-----ს’’ და გ-------------ს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება F--------------. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ლიზინგის თანხა განისაზღვრა 17 898.40 ლარით, სატრანსპორტო საშუალების ფასი - 17 210 ლარით, ლიზინგის ვადა - 20.01.2020, საპროცენტო განაკვეთი - 4.43% თვეში, თანხის გაცემის საკომისიო - 688.40 ლარით ხოლო ლიზინგის საერთო ღირებულება - 43 509.60 ლარით.

ამავე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მე-9 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლებია: J--- H--------, VIN კოდი 5----------------, გამოშვების წელი 2006, ძრავის მოცულობა 3653, ფერი შავი.

ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 2.1. და 2.2. პუნქტების თანახმად, ლიზინგის მისაღებად ლიზინგის მიმღები კისრულობს საკუთრებაში გადასცეს ,,მ-----ს’’ სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ,,მ-----’’ კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს ლიზინგის მიმღებს ან გამყიდველს სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი. მას შემდეგ, რაც ,,მ-----’’ მიიღებს სატრანსპორტო საშუალებას საკუთრებაში, ,,მ-----’’ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს ლიზინგის მიმღებს უფლებას ფლობდეს, სარგებლობდეს და აგრეთვე გამოისყიდოს სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ლიზინგის მიმღები კი იღებს სატრანსპორტო საშუალებას ლიზინგით.

ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 7.1. პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღები უხდის ,,მ-----ს’’ პროცენტს სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილისგან დაფინანსებით სარგებლობის მთელი ფაქტობრივი პერიოდის განმავლობაში, ხელშეკრულების შეწყვეტამდე.

ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 13.2. პუნქტის მიხედვით, ,,მ-----ს’’ უფლება აქვს დააკისროს ლიზინგის მიმღებს 20 ლარის ოდენობით ერთჯერადი პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილი გადასახდელების ვადის გადაცილებისთვის, ხოლო თუ გადახდა არ განხორციელდება, დამატებით დაარიცხოს გრაფიკით გათვალისწინებული ერთი თვის გადასახდელის 1% საჯარიმო პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 14.3. და 14.3.1. პუნქტების თანახმად, ,,მ-----ს’’ გააჩნია უფლება წერილობითი შეტყობინებით, ცალმხრივად გავიდეს ხელშეკრულებიდან ,თუ ლიზინგის მიმღებმა დროულად ან სრულად არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდა და ასეთი დაყოვნება გრძელდება 30 დღეზე მეტი ვადით.

ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 14.4 და 14.7 პუნქტების თანახმად, ,,მ-----ს’’ მხრიდან ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ, ,,მ-----ს’’ მოთხოვნისთანავე გადასცეს სატრანსპორტო საშუალება ,,მ-----ს’’ ან ამ უკანასკნელის მინდობილ პირს და შეასრულოს ყველა სახელშეკრულებო გადახდა სატრანსპორტო საშუალების გადაცემამდე და აგრეთვე გადაიხადოს ყველა სხვა ფულადი თანხა, რომლიც გადახდაც ეკუთვნის ,,მ-----ს’’ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე.

თუ ხელშეკრულების მოქმედება ვადამდე წყდება ან ,,მ-----’’ ცალმხრივად გადის ხელშეკრულებიდან, მას გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად, სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნება ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების ამოღებასთან, დანაკლისების და/ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, სტანდარტული პირობები (ს.ფ. 17-22)

 

3.1.2. 2016 წლის 20 იანვარს, ამავე თარიღში დადებული ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,მ-----ს’’ და გ-------------ს შორის დაიდო ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ლიზინგის ხელშეკრულებით გადასაცემი ავტომობილის (მარკა, მოდელი- J--- H--------, VIN კოდი 5----------------, გამოშვების წელი 2006, ძრავის მოცულობა 3653, ფერი შავი) ღირებულება განისაზღვრა 17 210 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 28)

- ავტომობილის შეფასების ფურცელი (ს.ფ. 58)

 

3.1.3. 2016 წლის 20 იანვარს შპს ,,მ-----ს’’ და გ-------------ს შორის დადებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების F-------------- უზრუნველსაყოფად ამავე თარიღში დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მითითებული ლიზინგის მიმღების ვალდებულებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ლიზინგის თანხა, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, საკომისიოები, პირგასამტეხლოები და სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 32)

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 33)

 

3.1.4. მოპასუხე გ-------------ს მიერ დარღვეულია 2016 წლის 20 იანვრის ლიზინგის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მას საერთოდ არ განუხორციელებია გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინვოისი, ცნობა (ს.ფ. 44-45)

 

3.1.5. 2016 წლის 09 მარტს გ-------------ს მოსარჩელის მიერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის და ავტომობილის მოსარჩელისთვის გადაცემის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ. 41)

3.1.6. 2016 წლის 21 მარტს გ-------------ს ჩაბარდა გაფრთხილების წერილი ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის, ლიზინგის საგნის გადმოცემისა და რეალიზაციის შესახებ.

აღნიშნულის საფუძველზე მათ შორის შედგა შეწყვეტის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ლიზინგის მიმღები მოკლებულია შესაძლებლობას/არ გააჩნია სურვილი გააგრძელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის (მაგრამ არა მხოლოდ) ლიზინგის თანხის გადახდა შესაბამისი გათვალისწინებული გრაფიკით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთარი ვალდებულების დასაფარად, ლიზინგის მიმღები უპირობოდ და გამოუხმობლად თანახმაა მასზე, რომ შპს ,,მ-----მ’’ საკუთრებაში შეინარჩუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომობილი.

ამავე შეთანხმების მეორე პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ შპს ,,მ-----ს’’ გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნება ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების დანაკლისის და/ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 7.6. პუნქტით გათვალისწინებული რიგითობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეწყვეტის შეთანხმება (ს.ფ. 50-51)

 

3.1.7. 2016 წლის 29 მარტს მოსარჩელის მიერ გ-------------ს გაეგზავნა შეტყობინება ლიზინგის საგნის რეალიზაციის შესახებ და განესაზღვრა 5 დღე დავალიანების ნებაყოფლობით შესრულებისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინება (ს.ფ. 42)

 

3.1.8. 2016 წლის 31 მარტს მოსარჩელის მიერ განხორციელდა ლიზინგით გადაცემული ავტომობილის მარკა, მოდელი - J--- H--------, VIN კოდი 5----------------, გამოშვების წელი 2006, ძრავის მოცულობა 3653, ფერი - შავი რეალიზაცია 2 000 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულება (ს.ფ. 55)

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 56)

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 57)

 

3.1.9. ავტომობილის რეალიზაციიდან მიღებული თანხით დაიფარა მოპასუხე გ-------------ს ვალდებულებიდან ძირითადი თანხის ნაწილი - 102.86 ლარი, პროცენტი - 1 632.40 ლარი და ჯარიმა - 264.74 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 45)

 

3.1.10. 2016 წლის 20 იანვრის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან F-------------- გამომდინარე მოსარჩელის მიმართ მოპასუხე გ-------------ს დავალიანება შეადგენს 17 795.54 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 45)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოსარჩელის მიერ ავტომობილის რეალიზაცია არ განხორციელებულა არაგონივრულ ფასში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპისს თანახმად, ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის მიხედვით, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სადავო გახადა ავტომობილის რეალიზაციის ფასი. მოსარჩელის განმარტებით გადაცემული ავტომობილი იყო არამუშა მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია მისი სარეალიზაციო ფასის შემცირება. მოპასუხე არ დაეთანხმა აღნიშნულ განმარტებას, თუმცა მას მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზების მიზნით, არ წარმოუდგენია რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა გადაცემისას ავტომობილის მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ავტომანქანის რეალიზაცია განხორციელდა არაგონივრულ, დაბალ ფასად და იგი მის მიერვე სადავოდ გამხდარ ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.

აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტი მყიდველზე (ს.ფ. 56), რომელშიც მითითებულია, რომ მას მოსარჩელისგან ავტომანქანა გადაეცა არამუშა მდგომარეობაში. შესაბამისად, სწორედ რომ შესაძლებელია არამუშა მდგომარეობაში მყოფი ავტომანქანის ღირებულება იყოს 2 000 ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს საპირისპირო არ წარმოუდგენია.

ამასთანავე, აღნიშნულზე მსჯელობისას, უპირველესად გასათვალისწინებელია მხარეთა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ თუ ხელშეკრულების მოქმედება ვადამდე წყდება ან ,,მ-----’’ ცალმხრივად გადის ხელშეკრულებიდან, მას გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. შესაბამისად, მხარეები ხელშეკრულებით თავადვე შეთანხმდნენ იმგვარ დათქმაზე, რომლის თანახმადაც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ავტომობილი გაესხვისებინა ნებისმიერ ფასად. აღნიშნული შეთანხმების არსებობა კი უსაფუძვლოს ხდის მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ პოზიციას გასხვისების არაგონივრულ ფასთან მიმართებით. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებითაც მხარეებმა კვლავ დაადასტურეს მოსარჩელის უფლებამოსილება ავტომობილის ნებისმიერ ფასად რეალიზაციის თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნულზე თანხმობით მოპასუხემ თავადვე აიღო ის სამოქალაქო სამართლებრივი რისკი რაც გამომდინარეობდა აღნიშნული დათქმიდან.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ავტომობილის რეალიზაცია არ განხორციელებულა არაგონივრულ ფასში.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 576-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 892-ე, 361-ე, მე- 400-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა და მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია ლიზინგის და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

6.2. საქმის მასალების თანახმად, მოპასუხე გ-------------ს და ი-----------ს წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნით ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეთაგან სოლიდარულად ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 17 795.54 ლარის გადახდას.

იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).

სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იყოს, იყო თუ არა განხორციელებული მოქმედება, და თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, რა გზით მოხდა შესრულება. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 20 იანვარს შპს ,,მ-----ს’’ და გ-------------ს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება F--------------. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ლიზინგის თანხა განისაზღვრა 17 898.40 ლარით, სატრანსპორტო საშუალების ფასი - 17 210 ლარით, ლიზინგის ვადა - 20.01.2020, საპროცენტო განაკვეთი - 4.43% თვეში, თანხის გაცემის საკომისიო - 688.40 ლარით, ხოლო ლიზინგის საერთო ღირებულება - 43 509.60 ლარით.

ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 20 იანვარს შპს ,,მ-----ს’’ და გ-------------ს შორის დადებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების F-------------- უზრუნველსაყოფად ამავე თარიღში დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მითითებული ლიზინგის მიმღების ვალდებულებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ლიზინგის თანხა, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, საკომისიოები, პირგასამტეხლოები და სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, მოპასუხე გ-------------ს მიერ დარღვეულია 2016 წლის 20 იანვრის ლიზინგის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მას საერთოდ არ განუხორციელებია გადახდა.

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 20 იანვრის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან F-------------- გამომდინარე მოსარჩელის მიმართ მოპასუხე გ-------------ს დავალიანება შეადგენს 17 795.54 ლარს.

მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან დავალიანების ფაქტს. ისინი სადავოდ ხდიან ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული თანხის ოდენობას. მათი განცხადებით, რეალიზაცია მოხდა არაგონივრულ, დაბალ ფასად, რამაც თავის მხრივ გავლენა მოახდინა დავალიანების ოდენობაზე.

მოპასუხეებმა სასამართლოს ვერ დაუდასტურეს მათ მიერ სადავოდ გამხდარი გარემოება. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 17 795.54 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, როგორც ძირითადი მოვალის, ასევე სოლიდარული თავდების მიმართ.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 533.86 ლარი (ს.ფ. 59). ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,მ-----ს’’ სარჩელი გ-------------ს და ი-----------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხეებს - გ-------------ს და ი-----------ს მოსარჩელე შპს ,,მ-----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროთ 17 795.54 ლარის ანაზღაურება;

3. მოპასუხეებს - გ-------------ს და ი-----------ს მოსარჩელე შპს ,,მ-----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 533.86 ლარის ოდენობით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი