გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#080210018002300190
#2/402-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.07.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სს ო---;
წარმომადგენელი - ზ----------–-----–--ე;
მოპასუხე - მ---------------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ---------------ეს სს ო---ს სასარგებლოდ დაეკისროს 4386,82 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 2000 ლარს, სარგებელი - 440 ლარს, პირგასამტეხლო 1946,82 ლარს.
1.2. მ---------------ეს სს ო---ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 131,61 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 13 მაისს სს ო---ს და მ---------------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე გაიცა სესხი 2440 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 22%, სესხის დაფარვის ვადა განისაზღვრა 12 თვით, ყოველთვიური შენტანი შეადგენდა 203,33 ლარს, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ერთჯერადი 10 ლარი, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 1%. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული, არ მოხდა კრედიტის დაფარვა ხელშეკრულებთ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად და მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება 4386,82 ლარის ოდენობით. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ---------------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სს ო---ს სარჩელი, კერძოდ ძირი თანხის 2000 ლარის და პროცენტის 440 ლარის დაკისრების ნაწილში, პირგასამტეხლოს ოდენობა მიაჩნია, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი. ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში და არ აქვს შესაძლებლობა დაფაროს სესხი. გათავისუფლების შემდეგ დაფარავს სესხის 2440 ლარის ოდენობით. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 13 მაისს, მოპასუხე მ---------------ეს და სს ო---ს შორის დაიდო სამომხმარებლო საკრედიტო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მ---------------ეზე გაცემული იქნა კრედიტის თანხა 2440 ლარის ოდენობით. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა თვეში 1.83%, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 12 თვის ვადით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 10 ლარი ერთჯერადად, ხოლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1%. კრედიტის დაფარვის წესი უნდა განხორცილებულიყო თანდართული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად 203,33 ლარის გადახდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-13/05/2017წ #1---- სამომხმარებლო საკრედიტო ხელშეკრულება;
3.1.2. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 4.1. მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ კრედიტის აღების მიზანს წარმოადგენდა სს ო---ს ონლაინ მაღაზიიდან მობილური ტელეფონის (Apple iPhone 7plus 32 GB black) მიღება. მსესხებელმა დაადასტურა, რომ ათვისებული კრედიტის თანხას გამოიყენებდა მიზნობრიობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-13/05/2017წ #1---- სამომხმარებლო საკრედიტო ხელშეკრულება;
3.1.3. დადგენლია, რომ სს ო---მ გადასცა, ხოლო მ---------------ემ მიიღო მის მიერ შეკვეთილი ნივთი მობილური ტელეფონი (Apple iPhone 7plus 32 GB black), მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა. მ---------------ემ არ გადაიხადა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხა. მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი და მიეცა დამატებით 2 კვირიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. მისი დავალიანება სს ო---ს მიმართ შეადგენს 4386,82 ლარს. საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 2000 ლარს, სარგებელი 440 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 1946,82 ლარს. პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი მოიცავს 2017 წლის 14 ივნისიდან დავალიანების ცნობის გაცემის თარიღამდე 2018 წლის 06 თებერვლამდე პერიოდს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა დავალიანების შესახებ;
-შეტყობინება/გაფრთხილების წერილი;
-13/05/2017წ #1---- სამომხმარებლო საკრედიტო ხელშეკრულება;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.2. საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ არის. მოპასუხე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, რაც შეთანხმებულია მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას და მიიჩნევს რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ო---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, 131-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 477-ე, 370-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 477.1. მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია - 2017 წლის 13 მაისს გაფორმებული სამომხმარებლო საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლის, როგორ სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი ახნა-განმარტების შედეგად, სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება, ისეთ ხელშეკრულებათა ეკონომიკური ერთიანობაა, როდესაც ერთი ხელშეკრულებით (სესხი, საბანკო კრედიტი) მეორე ხელშეკრულება (ნასყიდობა, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის სხვა ხელშეკრულება) ფინანსდება. 370-ე მუხლის ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად, სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებაში, ნაცვლად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა, შეიძლება არსებობდეს სესხის ხელშეკრულება (623), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად – საქონლის მიწოდების სხვა ხელშეკრულება ან მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. 370-ე მუხლის შემადგენლობას იძლევა დასახელებულ ხელშეკრულებათა ისეთი ურთიერთკავშირი, როდესაც სესხი მთლიანად ან ნაწილობრივ მეორე ხელშეკრულების დაფინანსებას ემსახურება და ორივე ხელშეკრულება ეკონომიკურ ერთიანობას ქმნის.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 13 მაისის სამომხმარებლო საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 მაისს, სს ო---ს და მ---------------ეს შორის დაიდო სამომხმარებლო საკრედიტო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მ---------------ეზე გაცემული იქნა კრედიტის თანხა 2440 ლარის ოდენობით. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სს ო---მ გადასცა, ხოლო მ---------------ემ მიიღო მის მიერ შეკვეთილი ნივთი მობილური ტელეფონი (Apple iPhone 7plus 32 GB black). მსესხებელს - მ---------------ეს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა თვეში 1.83%. მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა 12 თვის ვადაში სარგებელთან ერთად. კრედიტის დაფარვის წესი უნდა განხორციელებულიყო თანდართული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად 203,33 ლარის გადახდით. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კრედიტორს არ გადაუხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული. ხელშეკრულების 8. მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი დაარღვევს კრედიტის დაფარვის შეთანხმებულ გრაფიკს ზედიზედ ორჯერ მაინც და არ დაფარავს მიმდინარე დავალიანებას სრულად სს ო--- უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელსეკრულება დამოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების გადაუხდელი ძირი თანხის და პროცენტის ერთდროულად გადახდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის დავალიანება სს ო---ს მიმართ შეადგენს 4386,82 ლარს. საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 2000 ლარს, სარგებელი 440 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 1946,82 ლარს. პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი მოიცავს 2017 წლის 14 ივნისიდან დავალიანების ცნობის გაცემის თარიღამდე 2018 წლის 06 თებერვლამდე პერიოდს.
მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი და მიეცა დამატებით 2 კვირიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 2440 ლარის მოცულობით, ამ ნაწილში სარჩელის ცნობაც საკმარისი საფუძველია მოპასუხისათვის 2440 ლარის დასაკისრებლად.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 10 ლარი ერთჯერადად, ხოლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1%.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 150 ლარის გადახდა.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მ---------------ეს სს ო---ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2590 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 2000 ლარს, პროცენტი 440 ლარს და პირგასამტეხლო 150 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ ცნო მოთხოვნა 2440 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, 73,2 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 4,50 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა 1796,82 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 53,90 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ო--- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მ---------------ეს- სს ო---ს სასარგებლოდ დაეკისროს 2590 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2000 ლარი, პროცენტი 440 ლარი, პირგასამტეხლო - 150 ლარი.
3. მ---------------ეს- სს ო---ს სასარგებლოდ დაეკისროს 4,50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. სს ო---ს (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 08 თებერვალს სს 'თიბისი ბანკში' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 73,2 ლარი (საგადასახადო დავალება №1---------), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
5. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე დარინა აბულაძე