გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210017002028341
# 2-2858/2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე: ან- ზ----ე
წარმომადგენელი: რუ------- ბა---------, თე---- ჭუ---------
მოპასუხე: ალ---- ტ----კა-----------
დავის საგანი: განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
ან- ზ----ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:
- ალ---- ტ----კა----------თან რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს განქორწინებით;
- ალ---- ტ----კა----------ს არასრულწლოვანი შვილის ან--- ტ----კა-----------ს (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს მის სრულწლოვანებამდე სარჩელის შეტანის დღიდან ალიმენტი 150 ლარის ოდენობით ყოველთვიურად.
სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:
- 2012 წლის 20 იანვარს ან- ზ----ემ და ალ---- ტ----კა----------მა იქორწინეს, ქორწინების პერიოდში 2014 წლის 19 აგვისტოს შეეძინათ შვილი ან--- ტ----კა-----------. ერთად ცხოვრების პერიოდში მხარეებს შორის არსებობდა უთანხმოება, რის გამოც მოსარჩელე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელია. მოპასუხე წინააღმდეგია განქორწინების, რის გამოც არ ხერხდებას ერთობლივი განცხადების წარდგენა სამოქალაქო რეესტრში და მოსარჩელემ მომართა სასამართლოს.
- მოპასუხე მხარე ყურადღებას არ იჩენს ბავშვის მიმართ, არც ფინანსურად და არც ნახვის სურვილი აქვს. დღეისათვის ან- ზ----ეს მარტო უწევს ბავშვის აღზრდა მშობლების დახმარებით. მოპასუხეს აქვს საკმარისი საშუალება, რომ გაუწიოს შვილს მატერიალური დახმარება ალიმენტის გადახდის სახით, კერძოდ ის ასწავლის ინდივიდუალურად ჭადრაკს, რაშიც ერთ მოსწავლეში იღებს შესაბამის ანაზღაურებას თვეში 300 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მოითხოვს ალიმენტის სახით მოპასუხეზე თვეში 150 ლარის დაკისრებას.
(იხ. სარჩელი, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს სცნობს ნაწილობრივ. კერძოდ:
- ის წინააღმდეგია განქორწინებისა, სურს ოჯახის შენარჩუნება;
- მოპასუხე ალიმენტის ნაწილში სარჩელს სცნობს, ის თანახმაა შვილის რჩენისათვის გადაიხადოს თვეში 150 ლარი.
(იხ. შესაგებელი, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ან- ზ----ემ და ალ---- ტ----კა----------მა იქორწინეს 2012 წლის 20 იანვარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა.
3.1.2. ან- ზ----ეს და ალ---- ტ----კა----------ს ჰყავთ ერთი შვილი - ან--- ტ----კა-----------, დაბადებული 2014 წლის19 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა.
3.1.3. ან- ზ----ე და ალ---- ტ----კა----------- ერთმანეთს დაშორდნენ და დღეისათვის ფაქტიურად ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა განმარტებები.
3.1.4. მხარეთა შვილი: ან--- ტ----კა----------- ცხოვრობს და იზრდება დედასთან - მოსარჩელე ან- ზ----ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა განმარტებები.
3.1.5. ალ---- ტ----კა----------- მუშაობს და სტაბილური შემოსავალი აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა განმარტებები.
3.1.6. სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მიღებულია დროებითი განკარგულება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხეზე ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრების შესახებ და განჩინება დაექვემდებარა დაუყონებლივ აღსრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის სადავოა განქორწინების საკითხი. მოსარჩელე გამორიცხავს შერიგებას, ხოლო მოპასუხეს სურს ოჯახის შენარჩუნება.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სამართლებრივი შეფასების კატეგორიაა და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;
სარჩელის განხილვის, ახნაა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციების გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
- საქართველოს კონსტიტუცია
- ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება:
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებმა იქორწინეს 2012 წლის 20 იანვარს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
განქორწინების საქმის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს არსებობს თუ არა საქართველოს სკ-ის 1123-ე მუხლით გათვალისწინებული განქორწინების დაუშვებელი გარემოება.
სასამართლომ შეამოწმა განქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება დასახელებულ ნორმით გათვალისწინებული განქორწინების დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის II-III ნაწილის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი). როგორც დაქორწინებისას, ისე ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთ სიყვარულზე, ურთიერთდაფასებასა და პატივისცემაზე. თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. მოსარჩელემ გამოავლინა ნება განქორწინებისა და კატეგორიულად გამორიცხა შერიგება და ოჯახის შენარჩუნება. მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა, მათი შერიგება ვერ მოხერხდა. საქმის სიტუაციის მიხედვით, მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მოსარჩელე მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებას არ ფიქრობს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს განქორწინების გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ ისინი ვერ შერიგდნენ, ამჟამად მათი ქორწინება ატარებს ფიქტიურ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში მხარეთა ნების თავისუფლებიდან გამომდინარე, განქორწინება წარმოადგენს ერთადერთ სწორ გამოსავალს, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4 სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
6.5. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:
,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.
ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან აირჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა, მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ ერთი შვილი - ან--- ტ----კა-----------, რომელიც ცხოვრობს და იზრდება დედასთან ანუ მოსარჩელესთან. მიუხედავად იმისა, რომ ალ---- ტ----კა----------- არ ცხოვრობს ან- ზ----ესთან და შვილთან ერთად, მას შვილის მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას, ან- ზ----ეს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მისი რჩენა და აღზრდა-განვითარება.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.
ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.
საქმის განხილვით დადგინდა, მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 150 ლარით. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით 150 ლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე თვლის, რომ შეძლებს ალიმენტის სახით 150 ლარის გადახდას.
6.8. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილების რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილებთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში.
6.9. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 150 ლარი საკმარისი არაა შვილის რჩენისა და აღზრდისათვის (მაგ. თუ მოსარჩელე გადაწყვეტს შვილებს ასწავლოს ცურვა და უცხო ენა, მაშინ მას დაჭირდება შვილების შესაბამის წრეებში შეყვანა.), მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით, თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში შვილის რჩენისათვის 150 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სარჩელი აღძრულია 2017 წლის 28 ივლისს. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2017 წლის 28 ივლისიდან.
6.12. ამასთან, ალიმენტის გადახდის თვლისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მიღებულია დროებითი განკარგულება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხეზე ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრების შესახებ და განჩინება დაექვემდებარა დაუყონებლივ აღსრულებას. ამდენად, მოპასუხეს ამ განჩინების საფუძველზე უკვე გადახდილი ალიმენტის ოდენობა (გადახდის არსებობის შემთხვევაში) უნდა ჩაეთვალოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდაში.
7. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა ალ---- ტ----კა-----------სათვის ალიმენტის დაკისრება. სარჩელი დაკმაყოფილდა. ალ---- ტ----კა----------ს დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 150 ლარის გადახდა. მასზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 54 ლარს. მოსარჩელე მოთხოვნის ამ ნაწილში ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანნად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში ცნო და სარჩელი კმაყოფილდება, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან.
რაც შეეხება განქორწინების ნაწილში სახელმწიფო ბაჟის საკითხს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი განქორწინების ნაწილში არ ცნო და სარჩელი კმაყოფილდება, ალ---- ტ----კა----------ს ან- ზ----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარი ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 352-ე-356-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ან- ზ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ან- ზ----ესა და ალ---- ტ----კარაბეტიანს შორის 2012 წლის 20 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი N7----------) შეწყდეს განქორწინებით.
3. მოპასუხე ალ---- ტ----კა----------ს მოსარჩელის ან- ზ----ის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - ან--- ტ----კა-----------ს (დაბადებული 2014 წლის 18 აგვისტოს, პ/ნ 6----------) რჩენისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
4. ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგინდეს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 28 ივლისიდან.
5. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გამოცემული დროებითი განკარგულების საფუძველზე, რომლითაც მოპასუხე ალ---- ტ----კა----------ს ან- ზ----ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - ან--- ტ----კა-----------ს (დაბადებული 2014 წლის 18 აგვისტოს, პ/ნ 6----------) რჩენისათვის ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და განჩინება დაექვემდებარა დაუყონებლივ აღსრულებას, - მოპასუხეს ალ---- ტ----კა----------ს უკვე გადახდილი ალიმენტის ოდენობა (გადახდის არსებობის შემთხვევაში) ჩაეთვალოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდაში.
6. ალ---- ტ----კა----------ს ან- ზ----ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ განქორწინების ნაწილში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 50 ლარის გადახდა.
7. მხარეები ალიმენტის დაკისრების ნაწილში ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლებული არიან.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისის, ნიუპორტის ქ. #32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტში მითითებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ბათუმი, ზუბალაშვილების ქ. #30) მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს; ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე