გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.08.2018
საქმის ნომერი
010210016001452344
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210016001452344

# 2-2434/2016წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: შპს ,,სუ---------------------ი''

წარმომადგენელი: ჯ----– კი-----, თ----- ჭ----------ე

მოპასუხე: რა---- პ-----ე

წარმომადგენელი: ე--------- გო-----

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ნივთის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოსარჩელე შპს ,,სუ---------------------ი'' სასარჩელო განცხადებით მოითხოვს რა---- პ-----ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 944,85 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

1.2. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით რეალიზებული იქნას მოპასუხის ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება.

1.3. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 130 ლარის ოდენობით.

 

1.1. მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- 05.06.2014 წელს შპს ,,სუ---------------------სა'' და ფიზ. პირ რა---- პ-----ეს შორის გაფორმდა სალომბარდე ხელშეკრულება N20/06/14, რა---- პ-----ემ ,,სუ---------------------ი''-სგან აიღო სესხი 1470 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით სესხი გაიცა 3 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა M---------------- 1,8 IO, სარეგისტ. N G-----, გამოშვების წელი - 1998, ტიპი მაღალი გამავლობის, ა/მანქანის ფერი ლურჯი 8/8, ტრანსპ. საიდენტ. N H----------, ხელშეკრულების თანახმად სესხი გაცემული იქნა 7%. მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი თვის 05 რიცხვში გადაეხადა 102,90 დოლარის ექვივალენტი ლარში და ყოველ მესამე თვეს მართვის საკომისიო 29.40 დოლარის ექვივალენტი ლარში. რა---- პ-----ე არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რის გამოც მას გააჩნდა დავალიანება 1844.85 აშშ დოლარი, კერძოდ, სესხის ძირი თანხა 1470 აშშ დოლარი, პროცენტი 2016 წლის 05 ივნისიდან 2016 წლის 30 ივნისამდე 161.70 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილების 25 დღე 2016 წლის 05 ივნისიდან 2016 წლის 30 ივნისამდე 183.75 აშშ დოლარი, მართვის საკომისიო 29,40 აშშ დოლარი, შპს ,,სუ---------------------ი''-ს მიერ 2016 წლის 30 ივნისს ფიზ. პირ ედ-–--- ძი-------ზე 2108 ლარად და 07 თეთრად გასხვისებული იქნა სატრანსპორტო საშუალება M---------------- 1,8 IO, სარეგისტ. N G-----.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. რა---- პ-----ე შესაგებლით სარჩელს არ ცნობს.

 

სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს:

- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან მასზედ, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად თუ ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების დასაფარად, მაშინ აღსრულება გაგრძელდებოდა მოპასუხის-მსესხებლის სხვა ქონებაზე. აღნიშნულზე შეუთანხმებლობა კი გულისხმობს გირავნობის საგნის გამსესხებელზე გადაცემის შემდეგ მხარეებს შორის ხელშეკრულების შეწყვეტას, გამსესხებელს აღარ აქვს უფლება მოითხოვოს თანხა, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარად.

- ვალდებულების დარღვევის გამო, გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხემ მას გადასცა გირავნობის საგანი, რაც ნიშნავს, რომ მოპასუხე გათავისუფლდა ფულადი ვალდებულების შესრულებისგან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 05.06.2014 წელს შპს ,,სუ---------------------სა'' და ფიზ. პირ რა---- პ-----ეს შორის გაფორმდა სალომბარდე ხელშეკრულება N20/06/14, რა---- პ-----ემ ,,სუ---------------------ი''-სგან აიღო სესხი 1470 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით სესხი გაიცა 3 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა M---------------- 1,8 IO.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 05 ივნისის სალომბარდე ხელშეკრულება N 20/06/14.

 

3.1.2. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის რიცხვიდან მე-4 კალენდარულ დღეს ნებაყოფლობით წარმოედგინა და გაეჩერებინა დალომბარდებული ა/მანქანა კრედიტორთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 05 ივნისის სალომბარდე ხელშეკრულება N20/06/14.

 

3.1.3. სადავო არაა, რომ ვალდებულების დარღვევის გამო, გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხემ მას გადასცა გირავნობის საგანი, თავის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა M---------------- 1,8 IO.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეები ადასტურებენ სესხის არსებობას, ასევე იმას, რომ სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა M---------------- 1,8 IO, სარეგისტ. N G-----, გამოშვების წელი - 1998, ტიპი მაღალი გამავლობის, ა/მანქანის ფერი ლურჯი 8/8, ტრანსპ. საიდენტ. N H----------. მაგრამ მათ შორის სადავოა შემდეგი:

- დარჩენილი დავალიანების ოდენობა;

- მოპასუხე არ ეთანხმება დავალიანების არსებობას იმ არგუმენტაციით, რომ გირავნობის საგნის გადაცემის შემდეგ, მას აღარ ეკისრება ფულადი ვალდებულება, ასევე არ ეთანხმება დავალიანების ოდენობასაც 944,85 აშშ დოლარის ოდენობით.

- მოპასუხეს მიაჩნია, რომ გირავნობის საგანი იაფად გაიყიდა, მისი ღირებულება მნიშვნელოვნად მეტი იყო, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე, განმარტავს, რომ გირავნობის საგანი მსესხებლის მფლობელობასა და სარგებლობაში იყო, მან განიცადა ცვეთა და მნიშვნელოვნად შემცირდა მისი ღირებულებაც.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. თუ ერთი მხარე ამტკიცებს ფულის სესხად გადაცემას და დავალიანების არსებობას, მეორე მხარე ადასტურებს მის მიღებას, თუმცა ამტკიცებს ფულადი ვალდებულების შესრულებას გირავნობის საგნის გადაცემით. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეზე თანხის სესხად გადაცემის მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხეს სესხად გადასცა 1470 აშშ დოლარი, ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება მოსარჩელის ინტერესში შედის და მისი დამტკიცება მოსარჩელისთვის შესაძლებელია. ამ ფაქტის დამტკიცებისათვის მოსარჩელემ წარმოადგინა სალომბარდო ხელშეკრულება. მოპასუხეს სესხის მიღება სადავოდ არ გაუხდია, მაგრამ სადავო გახადა 944,85 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. იმ ნაწილში კი, რომ დავალიანების დაფარვისათვის კრედიტორს გადასცა ავტომანქანა, - მოპასუხეს ეკისრება ამის მტკიცების ტვირთი. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მასზე გირავნობის საგნის - ავტომანქანის გადაცემას, სადავო არაა ასევე, რომ მოსარცელემ მოახდინა მისი რეალიზაცია, გაასხვისა მესამე პირზე.

 

დადგენილია და სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სესხი გადასცა სამი თვის ვადით.

მოსარჩელემ წარმოადგინა შპს ,,სუ---------------------სა"-სა და რა---- პ-----ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც რა---- პ-----ემ ისესხა თანხა შპს ,,სუ---------------------ი"-საგან და მის უზრუნველსაყოფად წარადგინა გირაოში კუთვნილი ის ავტომანქანა, რომელიც მოპასუხის განმარტებით, მან წარუდგინა მოსარჩელეს.

 

მოსარჩელემ სესხის მოპასუხისათვის გადაცემა დაამტკიცა ხელშეკრულებით. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს აქვს უფლება ზეპირი განმარტებით ამტკიცოს გარკვეული ფაქტების არსებობა, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.

 

3.2.2. ფაქტობრივი გარემოებაა პირგასამტეხლოს საკითხზე შეთანხმების საკითხიც. დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ გადახდის ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაცემული სესხის 0.5 %-ის ოდენობით ანუ დღეში 3 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების 3.4. პუნქტით მსესხებელის მიერ სესხის ან სესხის პროცენტის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს კრედიტორის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო სესხის ოდენობის 0.5 %. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის რიცხვიდან მე-4 კალენდარულ დღეს ნებაყოფლობით წარმოედგინა და გაეჩერებინა დალომბარდებული ა/მანქანა კრედიტორთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 05 ივნისის სალომბარდე ხელშეკრულება N20/06/14.

 

3.2.3. დადგენილია, რომ შპს ,,სუ---------------------ი''-ს მიერ 2016 წლის 30 ივნისს ფიზ. პირ ედ-–--- ძი-------ზე 2108 ლარად და 07 თეთრად გასხვისებული იქნა გირავნობის საგანი - სატრანსპორტო საშუალება M---------------- 1,8 IO, სარეგისტ. N G-----.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 05 ივნისის სალომბარდე ხელშეკრულება N20/06/14.

- 30.06.2016წ. ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- სალაროს გასავლის ორდერი;

 

3.2.4. დადგენილია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ, 2016 წლის 30 ივნისისათვის, სესხისა და სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ასანაზღაურებელი დარჩა 944,85 აშშ დოლარი, თუმცა მოპასუხის მტკიცებით, გირავნობის საგნის გადაცემით მას ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული. აღნიშნული სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების შინაარსით, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები. მხარეებს შორის გაფორმებული 2015 წლის 05 ივნისის სალომბარდე ხელშეკრულება N20/06/14 არ ითვალისწინებს რაიმე შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარად, უნდა დაეკისროს თუ არა სხვაობის შესაბამისი თანხა მოპასუხეს თუ გირავნობის საგნის გამსესხებელზე გადაცემის შედეგად მსესხებელი თავისუფლდება ფულადი ვალდებულების შესრულებისგან სრულად. ეს საკითხი არის გადამწყვეტი სარჩელის ბედის თაობაზე და წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების კატეგორიას, რაზედაც სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2015 წლის 05 ივნისის სალომბარდე ხელშეკრულება N20/06/14.

- 30.06.2016წ. ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- სალაროს გასავლის ორდერი;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა განმარტებები;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლება, მათ შორის მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის დაბრუნება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას.

 

იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ამისათვის საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, შესაბამისად მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულება ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ”სუ---------------------ს” სურდა სარგებელის გადახდის პირობით თანხის გასესხება, ხოლო რა---- პ-----ეს სურდა ფულის დასესხება. ისინი შეთანხმდნენ ფულის სესხის ხელშეკრულების დადებაზე, რის შემდეგაც 2014 წლის 05 ივნისს შპს ”სუ---------------------სა” და რა---- პ-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რა---- პ-----ეზე გაიცა სესხი 1470 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება დაიდო 3 თვის ვადით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ რა---- პ-----ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სარგებელი გადაეხადა შეთანხმებულ ვადაში და სესხი სრულად დაებრუნებინა სამი თვის შემდეგ. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ფულის დამსესხებელს აიძულებს გამსესხებლის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება და დაუბრუნოს სესხი. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის სარგებელის გადახდა. მან სამი თვის შემდეგ მოსარჩელეს არ დაუბრუნა ძირითადი თანხა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

 

დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება, ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულების 3.4. პუნქტით მსესხებელის მიერ სესხის ან სესხის პროცენტის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს კრედიტორის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა სესხის ოდენობის 0.5 %-ის ოდენობით.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სალომბარდო ხელშეკრულება №05/06/14 წარმოადგენს სესხისა და მის უზრუნველსაყოფად გირაოს ხელშეკრულებას. მართალია, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სესხის უზრუნველმყოფი საგანი, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხემ მას გადასცა გირავნობის საგანი, თავის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა M---------------- 1,8 IO.

 

დადგენილია, რომ შპს ,,სუ---------------------ი''-ს მიერ 2016 წლის 30 ივნისს ფიზ. პირ ედ-–--- ძი-------ზე 2108 ლარად და 07 თეთრად გასხვისებული იქნა გირავნობის საგანი - სატრანსპორტო საშუალება M---------------- 1,8 IO, სარეგისტ. N G-----.

 

ასევე დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული 2015 წლის 05 ივნისის სალომბარდე ხელშეკრულება N20/06/14 შინაარსობრივი თვალსაზრისით, სამართლებრივად სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად არის გირაო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ამავე კოდექსის 255-ე მუხლის ა-ქვეპუნქტის საფუძველზე (მფლობელობითი გირავნობა). გირავნობის საგანი მოსარჩელემ გაასხვისა 500 აშშ დოლარად. არ ითვალისწინებს რაიმე შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარად, უნდა დაეკისროს თუ არა სხვაობის შესაბამისი თანხა მოპასუხეს თუ გირავნობის საგნის გამსესხებელზე გადაცემის შედეგად მსესხებელი თავისუფლდება ფულადი ვალდებულების შესრულებისგან სრულად.

 

6.8. გირავნობის საგანი მოსარჩელის მიერ 2016 წლის 30 ივნისს ფიზ. პირ ედ-–--- ძი-------ზე 2108 ლარად და 07 თეთრად გასხვისებული იქნა. სესხისა და სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მათემატიკური გაანგარიშების საფუძველზე, მოპასუხეს ასანაზღაურებელი დარჩა 944,85 აშშ დოლარი.

 

საქ. სკ-ის 345-ე მუხლით, თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ.

 

საქ. სკ-ის 254-ე მუხლის თანახმად:

1. მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

ამავე კოდექსის მუხლი 256-ე მუხლის თანახმად კი: (გირავნობის ფარგლები)

1. გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. გირავნობის უფლება ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ წყდება იმ შემთხვევაშიც, როცა გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს ლომბარდის მიმართ არსებულ ვალდებულებას. ანალოგიურად წყდება ეს საკითხი მუხლი 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც. კერძოდ, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად არის დადგენილი, რომ მხარეებს შორის გაფორმებული 2015 წლის 05 ივნისის სალომბარდე ხელშეკრულება N20/06/14 არ ითვალისწინებს რაიმე შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარად, უნდა დაეკისროს თუ არა სხვაობის შესაბამისი თანხა მოპასუხეს. შესაბამისად, მოსარჩელის/კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება, მოთხოვნა მოვალის მიმართ წყდება, რაც გულისხმობს 2015 წლის 05 ივნისის სალომბარდე ხელშეკრულების N20/06/14 შეწყვეტას, ვალდებულება შესრულებულად ითვლება.

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ამავე კოდექსის 428-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება წყდება, თუ კრედიტორი ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას. მოცემულ დავაზე, მოსარჩელემ გაცემული სესხის ნაცვლად მიიღო გირავნობის საგანი, რომლის რეალიზაციაც მოახდინა თავად, ანუ მიიღო შესრულებაც - ნასყიდობის საფასურიც და მისი ოდენობის მიუხედავად, ვალდებულება შესრულებულად, შესაბამისად შეწყვეტილად ითვლება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 944,85 აშშ დოლარის დაკისრებას. ამ ნაწილში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 130 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟის თანხა წინასწარ აქვს გადახდილი. არ კმაყოფილდება რა სარჩელი, მისი ანაზღაურება მოპასუხეს ვერ დაეკისრება, შესაბამისად, მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591 - ე, 264-ე, 364, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,სუ---------------------ის” სარჩელი რა---- პ-----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე შპს ,,სუ---------------------ის” მიერ სახელწმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე