გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.08.2018
საქმის ნომერი
010210016001661037
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210016001661037

# 2-4105/2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24/08/2017 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: სსიპ - ბათუმის შ-----------------–ის ს----–-–---------------------ი

წარმომადგენელი: გი------ დი-------, რა--- მა-----–---–-

მოპასუხე – შპს ,,დი--------''

წარმომადგენელი: ვა------ დი------- (დირექტორი), ჯუ----- ქა-------–-–---–-

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

სსიპ - ბათუმის შ-----------------–ის ს----–-–---------------------ი (ბ---) სასარჩელო განცხადებით მოითხოვს მოპასუხე შპს ,,დი--------''-ს დაეკისროს 6 470 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- 2013 წლის 21 აგვისტოს სსიპ - ბათუმის შ-----------------–ის ს----–-–---------------------სა და შპს ,,დი--------''-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N133 ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ბ----ს ტ------–------რი ფაკულტეტის შენობის ცენტრალური გათბობისა და საქვაბის მშენებლობის, ყოფილი საერთო საცხოვრებლის N6 ოთახში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მოწყობის, ასევე უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარდაფში სახანძრო წყლის მილის აღდგენა და საქვაბეში ჩართვის სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოს შესრულების ღირებულებად განისაზღვრა 74 908.68 ლარი.

- სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2015 წლის 25 დეკემბერს მწყობრიდან გამოვიდა ტ------–------რი ფაკულტეტის საქვაბის სანთებელა (ფარსუნკა), რაზედაც შპს ,,დი--------''-ს გაეგზავნა მოთხოვნა გაეწია საგარანტიო მომსახურება. შპს ,,დი--------''-მა 2015 წლის 4 დეკემბრის N1 წერილით უარი განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე უნივერსიტეტმა თავად შეიძინა სანთებელა, რაც უნივერსიტეტს დაუჯდა 6 470 ლარი. 2016 წლის 03 თებერვალს შპს ,,დი--------''-ს ბ----ს მიერ გაეგზავნა შეტყობინება და განესაზღვრა ვადა თანხის დასაფარად, მაგრამ მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.

- მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით საგარანტიო ვადა 3 წლით განისაზღვრა, ხოლო დანადგარი სანთებელა მწყობრიდან გამოვიდა 2 წელში. მოპასუხე ვალდებული იყო გაეწია მომსახურება, აღმოეფხვრა დანადგარის ნაკლი, ან გამოეცვალა იგი.

(იხ. სარჩელი, ახსნა-განმარტება).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

- მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ შესყიდვის ხელშეკრულება იყო გამოცხადებული არასწორად, ვინაიდან დასამონტაჟებელი აპარატურა არ იყო სამ ფაზაზე მომუშავე, ამიტომ აუცილებელი იყო დამონტაჟებულიყო დამცავი კარადა ,,უპეესებით-სტაბილიზატორებით, რომელიც აპარატურის სანთებელას დაიცავდა ძაბვის ვარდნის, ან აწევის ან ავარიული გათიშვის შემთხვევაში, რადგან ეს აპარატურა არის მგრძნობიარე ასეთი მოვლენებისაგან. არსებული დამცავი ავტომატები კი მხოლოდ მოკლე ჩართვის დროს თიშავს აპარატს-დანადგარს. გამოცხადებულ ტენდერში არ იყო ეს გათვალისწინებული, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად იქნა მოპასუხის მიერ შესრულებული, რაც დაადასტურა დამკვეთმა, მიიღო რა სამუშაოები ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე.

- მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება (ექსპერტის დასკვნა), რომ ,,სანთებელა" ნაკლის მქონე იყო, რომ არ იყო დარღვეული მისი ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რომ მთლიანი უნივერსიტეტის სისტემა იყო დაცული, დამონტაჟებული იყო დამცავი კარადა ,,უპეესებით-სტაბილიზატორებით, რომელიც აპარატურის სანთებელას დაიცავდა ძაბვის ვარდნის, ან აწევის ან ავარიული გათიშვის შემთხვევაში.

- მოსარჩელემ პრეტენზია წამოაყენა საქვაბის სისტემის სანთებელას მწყობრიდან გამოსვლიდან 1 წლის შემდეგ, მას შეეძლო მანამდე მოეპოვებინა უტყუარი მტკიცებულება დანადგარის ნაკლის თაობაზე და წარედგინა პრეტენზია. ხელშეკრულებით კი მოპასუხემ იკისრა ვალდებულება 3 წლის ვადით საგარანტიო მომსახურებაზე დანადგარის ნივთობრივი ნაკლის შემთხვევაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

(იხ. შესაგებელი, ახსნა-განმარტება).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 21 აგვისტოს სსიპ - ბათუმის შ-----------------–ის ს----–-–---------------------სა (ბ---) და შპს ,,დი--------''-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N133 ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულება.

 

3.1.2. 2013 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ბ----ს ტ------–------რი ფაკულტეტის შენობის ცენტრალური გათბობისა და საქვაბის მშენებლობის, ყოფილი საერთო საცხოვრებლის N6 ოთახში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მოწყობის, ასევე უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარდაფში სახანძრო წყლის მილის აღდგენა და საქვაბეში ჩართვის სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოს შესრულების ღირებულებად განისაზღვრა 74 908.68 ლარი. ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2013 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულება;

- ახსნა-განმარტებები;

 

3.1.3. მოპასუხე შპს ,,დი--------''-მა შეასრულა 2013 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და ჩააბარა შემსყიდველს - ბათუმის შ-----------------–ის ს----–-–---------------------ს. აღნიშნულზე მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2013 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულება;

- 2013 წლის 27 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი;

- ახსნა-განმარტებები;

 

3.1.4. ხელშეკრულების თანახმად (13.6. მუხლი), მოპასუხემ აიღო ვალდებულება 3 წლის განმავლობაში საგარანტიო მომსახურების შესახებ, რომლის თანახმადაც საგარანტიო ვადის განმავლობაში, გონივრულ ვადაში გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზი ან სრული მოცულობით აანაზღაუროს როგორც შესაბამისი ხარჯები, ასევე ხარვეზის შედეგად შემსყიდველისათვის (მოსარჩელისათვის) მიყენებული ზიანი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2013 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულება;

- ახსნა-განმარტებები;

 

3.1.5. 2015 წლის 01 დეკემბერს მწყობრიდან გამოვიდა ტ------–------რი ფაკულტეტის საქვაბის სანთებელა (ფარსუნკა).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2013 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულება;

- ახსნა-განმარტებები;

 

3.1.6. საქვაბის სანთებელა (ფარსუნკა) მწყობრიდან გამოსვლის გამო, მოსარჩელემ იმავე დღეს გაუგზავნა მოპასუხეს წერილი, აცნობა მას საქვაბის სანთებელას (ფარსუნკა) მწყობრიდან გამოსვლის შესახებ და მოითხოვა მისგან საგარანტიო მომსახურება-აღდგენითი სამუშაოს შესრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2013 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულება;

- ახსნა-განმარტებები;

- 01.12.2015წ. წერილი;

 

3.1.7. მოპასუხე შპს ,,დი--------''-მა 04.12.2015წ. წერილით უპასუხა მოსარჩელეს, რომლითაც უარი განაცხადა საგარანტიო მომსახურების-აღდგენითი სამუშაოს შესრულებაზე, რადგან მიიჩნია, რომ საქვაბის სანთებელას (ფარსუნკა) მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეული იყო არასწორი ექსპლუატაციის გამო და ამ შემთხვევაში, მას ხელშეკრულებით არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2013 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულება;

- ახსნა-განმარტებები;

- 04.12.2015წ. წერილითი პასუხი;

 

3.1.8. მხარეებს შორის სადავო არაა, რომ მოსარჩელე სსიპ - ბათუმის შ-----------------–ის ს----–-–---------------------მა, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თავად, საკუთარი ხარჯებით შეიძინა მესამე პირისაგან - შპს ,,თე------------------"-საგან გაზის საქვაბის სანთურა მონტაჟის მომსახურებით, რაზედაც ჯამურად გადაიხადა 6 470 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2013 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულება;

- 18.12.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- სასაქონლო ზედნადები, საგადახდო მოთხოვნა;

- ახსნა-განმარტებები;

 

3.1.9. მოსარჩელე სსიპ - ბათუმის შ-----------------–ის ს----–-–---------------------მა მოპასუხისაგან 03.02.2016წ. წერილით მოითხოვა გაზის საქვაბის სანთურას გამოცვლისა და მონტაჟის გამო გაწეული ხარჯის - 6 470 ლარის ანაზღაურება, რაზედაც მოპასუხე უარს აცხადებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 03.02.2016წ. წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში სადავო საკითხია გამოვლენილი ხარვეზისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ამ საკითხის გადასაწყვეტად კი უნდა დადგინდეს - საქვაბის სანთურას მწყობრიდან გამოსვლა ნივთობრივი ნაკლით იყო გამოწვეული თუ და მისი არასწორი ექსპლუატაციით.

 

მოპასუხე უარყოფს მოსარჩელის მოსაზრებას და ამტკიცებს, რომ შესყიდვის ხელშეკრულება იყო გამოცხადებული არასწორად, ვინაიდან დასამონტაჟებელი აპარატურა არ იყო სამ ფაზაზე მომუშავე, ამიტომ აუცილებელი იყო დამონტაჟებულიყო დამცავი კარად, რომელიც აპარატურას სანთებელას დაიცავდა ძაბვის აწევის, ვარდნის ან ავარიული გათიშვის შემთხვევაში, რადგან ეს აპარატურა არის მგრძნობიარე ასეთი მოვლენებისაგან. გამოცხადებულ ტენდერში არ იყო ეს გათვალისწინებული, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად იქნა მოპასუხის მიერ შესრულებული, რაც დაადასტურა დამკვეთმა, მიიღო რა სამუშაოები ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე.

 

მოსარჩელეს კი მიაჩნია, რომ გაზის საქვაბის სანთურას მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეულია სანთურას ნივთობრივი ნაკლის გამო, სანთებელა მწყობრიდან გამოვიდა 2 წელში. მოპასუხე ვალდებული იყო გაეწია მომსახურება, აღმოეფხვრა დანადგარის ნაკლი, ან გამოეცვალა იგი. რადგამ მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, არ გაუწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურება, მოსარჩელემ თავად აღმოფხვრა ნაკლი, რის გამოც მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში ხარვეზის არსებობის ფაქტის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს. მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ მწყობრიდან გამოვიდა ტ------–------რი ფაკულტეტის საქვაბის სანთებელა, მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეული იყო საქვაბის სანთურას ნივთობრივი ნაკლით და არა არასწორი ექსპლუატაციით. ამ გარემოების მტკიცება მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს. ზოგადად ფაქტის არარსებობის მტკიცებულება არარსებობს. როგორც ძველი რომის სამართალშია განმარტებული, არსებობს მხოლოდ ფაქტის არსებობის მტკიცებულება. თუ ვერ დადასტურდება ფაქტის არსებობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მითითებულ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ გამოვლენილი ხარვეზი დანადგარის ნივთობრივი ნაკლიდან არის გამოწვეული. თუ ამას ვერ დაამტკიცებს, მიჩნეული იქნება, რომ საქვაბის სანთებელა მოსარჩელის ბრალით - არასწორი ექსპლუატაციით დაზიანდა. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება ექსპერტიზის დასკვნით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, სპეციალისტის ცნობით ან სხვა მტკიცებულებით.

 

3.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

3.2.3. მოსარჩელემ სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, თავისი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა სარჩელი და ზეპირი განმარტება.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მართალია ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა, მაგრამ ზეპირი განმარტებით გაცხადებული ფაქტები დადგენილად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის სადავო არაა. გარემოებათა სადავოობისას ფაქტის დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. ასეთ დროს ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს ურთერთ საწინააღმდეგო განმარტებები აქვთ, ამიტომ მათ განმარტებას სასამართლო სხვა მტკიცებულებებისაგან დამოუკიდებლად არ იზიარებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელის წარდგენის გზით მოითხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება აქვს დადებული მოპასუხესთან. ასეთი ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. ასევე შეიცავს ნასყიდობის ელემენტებსაც გაზის საქვაბის შეძენის ნაწილში. შესაბამისად მათი ურთეირთობა უნდა დარეგულირდეს შესაბამისი სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2013 წლის 21 აგვისტოს სსიპ - ბათუმის შ-----------------–ის ს----–-–---------------------სა და შპს ,,დი--------''-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N133 ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ბ----ს ტ------–------რი ფაკულტეტის შენობის ცენტრალური გათბობისა და საქვაბის მშენებლობის, ყოფილი საერთო საცხოვრებლის N6 ოთახში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მოწყობის, ასევე უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარდაფში სახანძრო წყლის მილის აღდგენა და საქვაბეში ჩართვის სამუშაოების შესყიდვა. სახელშეკრულებო საკითხების შეთანხმების შემდეგ მხარეებმა გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე შპს ,,დი--------''-მა შეასრულა 2013 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და ჩააბარა შემსყიდველს - ბათუმის შ-----------------–ის ს----–-–---------------------ს. აღნიშნულზე მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლით, მენარდე ვალდებულია გადასცეს შემკვეთს ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 643-ე მუხლის 1-ნაწილის თანახმად, შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრა ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯის ანაზღაურება. 653-ე მუხლი ითვალისწინებს სგარანტიო ვადასაც, რაც გულისხმობს საგარანტიო ვადის კისრებისას, ამ ვადაში გამოვლენილი ნაკლის დროს მენარდის პასუხისმგებლობას.

 

სადავო არაა, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ საგარანტიო მომსახურებაზეც.

 

სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლით ,,გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი”.

 

ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ,,1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში”.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 4-ე მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს და ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ საქმის გარემოებების დასადასტურებლად;

 

სსკ-ის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. (8.05.2012. N6145) 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ თვითონ უნდა წარმოადგინოს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ხარვეზის წარმოშობაში ბრალი მიუძღვის მოპასუხეს, რომ ხარვეზი - საქვაბის სანთურას მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეულია ნივთობრივი ნაკლით. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელემ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და სარჩელის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მასზე გადაცემული და დამონატაჟებული გაზის საქვაბის სანთურა ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო, ან არასწორად, არასრულად განხორციელდა სამუშაო-მონტაჟი, არ დასტურდება. ის, ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე თავად შეიძინა სანთებელა, რის გამოც გასწია ხარჯი 6 470 ლარის ოდენობით, ვერ გახდება მოპასუხისათვის თანხის გადახდის დავალდებულების საფუძველი, ამ გარემოებათა გათვალისწინებით სარჩელი გაწეული ხარჯის ანაზრაურებაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით“.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”.

 

ამავე კოდექსის 409-ე მუხლით ,,თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება”.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხემ წარმოადგინა მოწმე ირაკლი შოთაძე (ელექტრიკოსი), რომლის ჩვენებითაც: დასამონტაჟებელი აპარატურა - გაზის საქვაბე თუ არ არის სამ ფაზაზე მომუშავე, მისი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია დამცავი კარადა ,,უპეესებით"-სტაბილიზატორებით, რომელიც აპარატურის სანთებელას დაიცავს ძაბვის ვარდნის, ან აწევის ან ავარიული გათიშვის შემთხვევაში, რადგან ეს აპარატურა არის მგრძნობიარე ასეთი მოვლენებისაგან. ხოლო ჩვეულებრივი დამცავი ავტომატები კი მხოლოდ მოკლე ჩართვის დროს თიშავს აპარატს-დანადგარს (იხ. მოწმის ჩვენება).

 

მოსარჩელეს შეეძლო წარმოედგინა ასევე მტკიცებულება, რომ ამ კატეგორიის საქვაბის ექსპლუატაციისას მას არ დაურღვევია შესაბამისი წესები, თუმცა მან ეს მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. მხოლოდ და მხოლოდ მითითება იმაზე, რომ საქვაბის სანთურა გამოვიდა მწყობრიდან, რაც სადავო არც არის, არ ნიშნავს იმას, რომ მოპასუხის მიერ შეძენილი და დამონტაჟებული გაზის საქვაბის სანთურა იყო ნივთობრივად ნაკლის მქონე. ამდენად, მოპასუხემ ვერ შეასრულა მტკიცების საპროცესო მოვალეობა, ვერ დაამტკიცა-დაადასტურა სარჩელში მითითებული ეს საკვანძო ფაქტობრივი გარემოება, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 194.10 ლარს. იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახ. ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მას სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ - ბათუმის შ-----------------–ის ს----–-–---------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე