გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.07.2018
საქმის ნომერი
080210018002450193
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავები
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N2/1629-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.07.2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი ბორენა იობიძე

მოსარჩელე - პ----–---------–----------------------------------------------–--------------------------–------------------–----------------------------------------------–------------------

წარმომადგენელი - ზ--------–-------

მოპასუხე - შ----------------------------------–--–---------–----

წარმომადგენელი - გ-----------–---

დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს „----------------------- კუთვნილი სასაქონლო ნიშნის - „Я----------- რეგისტრაცია (M-------------) საქართველოში საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციია 30-ე კლასის საქონლისათვის.

 

1.2. მოპასუხე შპს „ს--------------------“ მოსარჩელე პ----–---------–----------------------------------------------–------------------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარის ოდენობით, საადვოკატო მომსახურების თანხა 2500 ლარის ოდენობით და კერძო საჩივრის წარდგენისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ფქვილის მარცვლოვანი პროდუქტებისა და საკვები ბურღულეულის მწარმოებელმა ცნობილმა რუსულმა კომპანიამ - პ----–---------–----------------------------------------------–--------------------------–------------------–----------------------------------------------–------------------ 2012 წელს საქართველოზე გაავრცელა გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის „-------------- საერთაშორისო რეგისტრაცია (რეგისტრაციის ნომერი I--------) საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის 30-ე კლასის საქონლის, მათ შორის შვრიის მარცვლოვანი ფანტელის (ბურღულის) მიმართ. გარდა ამისა, 2013 წელს მანვე საქართველოში, საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის იმავე 30-ე კლასში დაარეგისტრირა გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი „-------------- (რეგისტრაციის ნომერი M-------------), რაც ფაქტობრივად საშუალო ზომის მარცვლოვნების მქონე შვრიის ბურღულის (ფანტელის) შეფუთვის გამოსახულებას, ანუ დიზაინს წარმოადგენს.

 

სასაქონლო ნიშნის - „-------------- პოპულარობას ადასტურებს ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მოსარჩელე ამ ნიშნით უშვებს მთელს თავის ბურღულეულ პროდუქციას (ფაფებსა და ფანტელებს). აღნიშნული სახის პროდუქციის რეალიზაციის მოცულობის მიხედვით კი მას პირველი ადგილი უკავია რუსეთში. სასაქონლო ნიშნით - „-------------- ნიშანდებული სხვადასხვა ასორტიმენტის შვრიის ფანტელი (მათ შორის შვრიის ფანტელი ექსტრა N2) მრავალი წელია დიდი რაოდენობით (ყოველწლიურად არანაკლებ ათასი - ათას ორასი ტონისა) იყიდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და თავისი უცვლელი მაღალი ხარისხის გამო, სარგებლობს საუკეთესო რეპუტაციით მომხმარებელთა შორის.

 

მოსარჩელის მიერ სასაქონლო ნიშნის - „--------------, საქართველოში რეგისტრაციის გავრცელებიდან სამი წლის შემდეგ, 2015 წელს, ქართულმა შპს „ს---------------------“ (ყოფილი შპს „ი----–--“) (რომელიც განსხვავებით მოსარჩელის ნახევარსაუკუნეზე მეტი ისტორიისა, რაც სათავეს 1949 წლიდან იღებს, მხოლოდ 2013 წელსაა დაარსებული და ყველანაირი მეთოდით ცდილობს დამკვიდრებას ბაზარზე) განახორციელა აღრევამდე მსგავსი კომბინირებული სასაქონლო ნიშნის - „Я----------- საქართველოში რეგისტრაცია (M-------------) საქონლისა და მომსახურების იმავე 30-ე კლასში.

 

საქმის განხილვისას გამართულ სასამართლო სხდომებზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხემ აღნიშნული ნიშანი დაარეგისტრირა არაკეთილსინდისიერი განზრახვით, ვინაიდან იცოდა მოსარჩელის მიერ წლების განმავლობაში საქართველოში გამოყენებული ნიშნის ცნობადობა და რეპუტაცია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ, ვინაიდან მათ პროდუქტი აღნიშნული ნიშნით გამოყენების შედეგად ბაზარზე დიდი ხანია არსებობდა, არსებობს საფუძველი მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან შპს „ი----–--ს“ (უფლებამონაცვლე - შპს „ს--------------------“) სასაქონლო ნიშნების რეესტრში სასაქონლო ნიშანი (ს.ნ 7-------) დაურეგისტრირდა საქონლისა და მომსახურების განცხადებული ჩამონათვალის ნაწილის მიმართ, რომელიც არ ეხება მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელს (ბურღულეულს).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. რუსულმა კომპანიამ პ----–---------–----------------------------------------------–------------------“ (ყოფილი ო--------------–----------------------------------------------–----------------“) 2012 წელს საქართველოზე გაავრცელა გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის -„-------------- საერთაშორისო რეგისტრაცია (რეგისტრაციის ნომერი I--------) საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის 30-ე კლასის საქონლის, მათ შორის შვრიის მარცვლოვანი ფანტელის (ბურღულის) მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ფორმა N4 თარგმანით და ამონაბეჭდი (საერთაშორისო რეგისტრაციის დეტალები) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდიდან (იხ. ს.ფ. 16-25 ).

 

3.1.2. 2013 წელს რუსულმა კომპანიამ პ----–---------–----------------------------------------------–------------------“ (ყოფილი ო--------------–----------------------------------------------–----------------“) საქართველოში, საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის იმავე 30-ე კლასში დაარეგისტრირა გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი -„-------------- (რეგისტრაციის ნომერი M-------------)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაბეჭდი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან (იხ. ს.ფ. 26).

 

3.1.3. მოპასუხე არის მეწარმე იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის ძირითადი სახეობაა კვების პროდუქტების შესყიდვა და დაფასოება. იგი რეგისტრირებულია 21.06.2013 წ. შპს „ი----–--ს“ (ს/კ 412692019) სახელწოდებით. 21.06.2015 წ. სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მას ეწოდა შპს „ს-------------------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 31-32 ).

- ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ (იხ. ს.ფ. 33 ).

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 34-35).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის მიერ წარმოებული სასაქონლო ნიშნით „-------------- ნიშანდებული პროდუქცია, მათ შორის შვრიის ბურღული (ფანტელი) ექსტრა N2, საქართველოში მოსარჩელეს პროდუქციის დილერის შპს „ლ--------“ (ს/კ 2--------) მეშვეობით წლების მანძილზე იყიდება საქართველოს ბაზარზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა პროდუქციის მოცულობათა შესახებ 2011-2015 წლების განმავლობაში.(იხ. ს.ფ. 28-30).

 

3.2.2. მოპასუხე - შპს „ს---------------------“ (ყოფილი შპს „ი----–--“) 2015 წელს განახორციელა სასაქონლო ნიშნის „Я-----------, საქართველოში რეგისტრაცია (M-------------) საქონლის და მომსახურების 30-ე კლასში, მხოლოდ შემდეგი საქონლის ჩამონათვალისათვის: ყავა, ჩაი, კაკაო და ყავის შემცვლელები, პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი, შაქარი, თაფლი, ბადაგის ვაჟინი, მარილი, მდოგვი, ძმარი, საკაზმები, სანელებლები და საკვები ყინული, რადგან არსობრივი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სასაქონლო ნიშანი „Я----------- ექვემდებარებოდა ნაწილობრივად დაცვას, ვინაიდან მსგავსი იყო კომპანიის „Joint stock company St,Petersburg Milling Plant” (მისამართი: 5,4 Predportovy proezd, RU-196240 Saint-Petersburg) სახელზე 30-ე კლასის საქონლის მსგავსი ჩამონათვალის ნაწილის მიმართ მადრიდის შეთანხმების ოქმით საქართველოში დაცული და გავრცელებული სასაქონლო ნიშნისა „--------------. (საერთ. N1056475; რეგისტრაციის და გავრცელების თარიღი: 16/04/2010).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 12 იანვრის ბრძანება N14/03 სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შესახებ საქონლისა და მომსახურების განცხადებული ჩამონათვალის ნაწილის მიმართ (იხ. ს.ფ 76);

- სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ 77- 80).

- ამონაბეჭდი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან (სასაქონლო ნიშნების მონაცემთა ბაზა) (იხ. ს.ფ 36).

 

3.2.3. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხის სასაქონლო ნიშანი აღრევამდე მსგავსია მოსარჩელის კუთვნილ, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისა, რადგან მათში გამოყენებული გამოსახულების ფერთა გამა და დიზაინი, შესრულების ენა და სიტყვების ჟღერადობა, ასევე მათი შინაარსი იმდენად მსგავსია, აღიქმება იდენტურად და შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. იმის გამო, რომ განცხადებული სადავო სასაქონლო ნიშანი აღრევამდე მსგავსი იყო მოსარჩელის უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისა, მოპასუხეს შეეზღუდა საქონლის ჩამონათვალი იმავე 30-ე კლასში, თუმცა მისი საქმიანობის ძირითადი სფერო ბურღულეულის დაფასოება-რეალიზაცია იყო და არა იმ საქონლისა, რაზეც მან რეგისტრაცია მოიპოვა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე საკუთარი სასაქონლო ნიშნით უშვებს სხვადასხვა სახეობის პროდუქციათა სერიებს, რის გამოც ადვილად მოსალოდნელია, რომ მომხმარებელმა სადავო სასაქონლო ნიშნით მონიშნული თუნდაც სხვა სახის პროდუქცია აღიქვას მოსარჩელის რაიმე სხვა პროდუქციად და შეცდომაში შევიდეს, რადგან არსებობს დაპირისპირებულ ნიშანთა აღრევამდე მსგავსების ფაქტი.

 

3.2.4. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „ი----–--ს“ (უფლებამონაცვლე - შპს „ს--------------------“) სასაქონლო ნიშნების რეესტრში სასაქონლო ნიშანი (ს.ნ 7-------) დაურეგისტრირდა საქონლისა და მომსახურების განცხადებული ჩამონათვალის ნაწილის მიმართ, რომელიც არ ეხება მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელს (ბურღულეულს). ამასთან, შპს „ს--------------------“ არ უსარგებლია სადავო სასაქონლო ნიშნით და არ უწარმოებია სასაქონლო ნიშნის ქვეშ პროდუქცია და აღნიშნულს არც მომავალში აპირებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.5. საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვით დარეგისტრირების ფაქტი. მოპასუხის არაკეთილსინდისიერ განზრახვაზე მეტყველებს შემდეგი გარემოებები: სადავო სასაქონლო ნიშნის აღრევამდე მსგავსება მოსარჩელის სასაქონლო ნიშანთან და მოპასუხის სურვილი, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი დაერეგისტრირებინა საქონლისა და მომსახურების იმავე კლასში; მოპასუხის მიერ მოსარჩელის აღრევამდე მსგავსი დიზაინის შეფუთვის გამოყენება საკუთარი პროდუქციისათვის; აგრეთვე ის გარემოება, რომ ბათილად იქნა ცნობილი გადაწყვეტილება დიზაინის „ეტიკეტი“ (საიდ. N847/04) რეგისტრაციის თაობაზე. კეთილსინდისიერებას გარკვეულწილად ეჭვქვეშ აყენებს ის გარემოებაც, რომ რუსული სახელი დაერქვა საწარმოსაც და სასაქონლო ნიშანსაც, როცა რაიმე კავშირი რუსეთთან არ იკვეთება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ 77- 80).

- ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება (იხ. ს.ფ 199-202).

- საქპატენტის სააპელაციო პალატის 2016 წლის 10 თებერვლის N146-04/15 გადაწყვეტილება ( იხ. ს.ფ. 114-123).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი; ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-6, 28-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 1102-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.

 

ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენს სასაქონლო ნიშანი, რომელიც საქართველოში დაცულია უპირატესად სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციით და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1102-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება შესაბამისი კანონის მიხედვით, მისი რეგისტრაციის საფუძველზე.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან.

 

სასაქონლო ნიშანი მიეკუთვნება ინტელექტუალური საკუთრების ნაირსახეობას და წარმოადგენს პროდუქციის ინდივიდუალიზაციის საშუალებას, რომელიც იძლევა იურიდიული ან ფიზიკური პირების საქონლის განსხვავების საშუალებას სხვა პირების იგივე სახის საქონლისაგან. ამდენად, სასაქონლო ნიშნის ერთ-ერთ ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მომხმარებლის მიერ განსხვავებული იქნეს ერთი საწარმოს პროდუქცია სხვა საწარმოს მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქციისაგან. მოცემულ შემთხვევაში, განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს პროდუქციის ინდივიდუალიზაცია, კერძოდ, უკავშირებს თუ არა მომხმარებელი წარმოებულ პროდუქციას კონკრეტულ საწარმოს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.

 

„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების“ (TRIPS) მე-15 მუხლის შესაბამისად, „სასაქონლო ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი და მომსახურება სხვა საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან განასხვავოს“. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ასეთი სიმბოლო შეიძლება იყოს „სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით“.

სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის მფლობელს ენიჭება ერთგვაროვან ან მსგავს საქონელზე ამ ნიშნის ან მისი ვარიანტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა.

 

საქართველოს კანონმდებლობა სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“ მათი რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს.

 

რეგისტრაციით ხდება დაცვის ობიექტის ნამდვილი არსობრივი ფარგლების დაფიქსირება; ამასთან ერთად, რეგისტრაციით აღინუსხება საქონლის ის წრე, რომელთა მიმართ გამოსაყენებლადაც არის განკუთვნილი სასაქონლო ნიშანი. რეგისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა „საქპატენტის“ მიერ ყველა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება, რაც წარმოადგენს ნიშნის მფლობელის კონკურენტებისათვის გაფრთხილებას.

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას რეესტრში შეიტანება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მისი მფლობელის შესახებ, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღი, საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება მოქმედებს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც რეგისტრირებულია აღნიშნული სასაქონლო ნიშანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ „ქონებას“ წარმოადგენს. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგომ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუსულმა კომპანიამ პ----–---------–----------------------------------------------–------------------“ (ყოფილი ო--------------–----------------------------------------------–----------------“) 2012 წელს საქართველოზე გაავრცელა გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის -„-------------- საერთაშორისო რეგისტრაცია (რეგისტრაციის ნომერი I--------) საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის 30-ე კლასის საქონლის, მათ შორის შვრიის მარცვლოვანი ფანტელის (ბურღულის) მიმართ. ასევე დადგენილია, რომ 2013 წელს რუსულმა კომპანიამ პ----–---------–----------------------------------------------–------------------“ (ყოფილი ო--------------–----------------------------------------------–----------------“) საქართველოში, საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის იმავე 30-ე კლასში დაარეგისტრირა გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი -„-------------- (რეგისტრაციის ნომერი M-------------).

 

''სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის'' მე-10bis მუხლის თანახმად ''(1) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. (2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს. (3) კერძოდ, აკრძალულია: 1. ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ; 2. კომერციული საქმიანობისას ისეთი ხასიათის ყალბი განცხადებების გაკეთება, რომლებიც იწვევს კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის დისკრედიტაციას; 3. ისეთი აღნიშვნების გამოყენება ან განცხადებების გაკეთება, რამაც კომერციული საქმიანობისას შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება საქონლის გვარეობის, დამზადების ხერხის, მახასიათებლების, დანიშნულებით გამოსაყენებლად ვარგისიანობის შესაბამისობის, ან რაოდენობის მიმართ.''

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებულია „Я-----------. მოსარჩელე მხარე მოპასუხის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს, რომ მოპასუხის სასაქონლო ნიშანი აღრევამდე მსგავსია მოსარჩელის კუთვნილ, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანთან, რადგან მათში გამოყენებული გამოსახულების ფერთა გამა და დიზაინი, შესრულების ენა და სიტყვების ჟღერადობა, ასევე მათი შინაარსი იმდენად მსგავსია, აღიქმება იდენტურად და შეცდომაში შეყავს მომხმარებელი. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი მოპასუხის მიერ რეგისტრირებულია არაკეთილსინდისიერი განზრახვით.

სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის ბათილობის მითითებული საფუძველი მჭიდროდაა დაკავშირებული სამოქალაქო ურთიერთობის ისეთ ფუძემდებლურ პრინციპთან, რაც არის უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა, რადგან ბათილობის საფუძველია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მითითებული ნორმის საფუძველზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ხელყოფს ასევე სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის დადგენილ პრინციპს, რომლის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებად მიჩნეულია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი განზრახვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანს უნდა წარმოადგენდეს არაკეთილსინდისიერი მხარისათვის სარგებლის მოტანა მეორე მხარის ინტერესების ხარჯზე, სხვა პირისათვის ზიანის მიყენება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია განახორციელა იმ მიზნით, რომ თავი დაემკვიდრებია ბაზარზე და აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით, მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის გზით ენახა მოგება.

 

სასამართლო დავის გადასაწყვეტად მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005). ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნაც ამავე ნორმის მოქმედების ქვეშ არის, რადგანაც ის ქონებრივი ხასიათის ინტერესებს წარმოშობს. ამასთან, ისიც უდავოა, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ნამდვილი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არღვევს მესამე პირთა კანონიერ უფლებებს. აქედან გამომდინარე, რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული უფლებები პირობითია. მხარე, რომელიც მიმართავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით, უნდა ელოდოს, რომ მის მოთხოვნას შეისწავლიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა ეს მოთხოვნა მატერიალურ და პროცედურულ პირობებს.

 

ამდენად, სასაქონლო ნიშანზე უფლება საკუთრებით სარგებლობის უფლების ფარგლებში ექცევა და მისი მოპოვება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს არ ლახავს კეთილსინდისიერი მესამე პირების უფლებებს, ხოლო მესამე პირების უფლების დაცვის შესაძლებლობაა მათი მოთხოვნის საფუძველზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოხმობილი საფუძვლით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობისათვის უნდა დადგინდეს, მოსარჩელე იყენებდა თუ არა სასაქონლო ნიშანს მის სამეწარმეო საქმიანობაში; მოპასუხეზე ადრე ჰქონდა თუ არა მოპოვებული ამ ნიშნის გამოყენების უპირატესობა და მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით რა ზიანი მიადგა მის სამეწარმეო ინტერესებს.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთი წინამდებარე სარჩელზე გააჩნია მოსარჩელე მხარეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო აქტების შინაარსიდან გამომდინარე სასაქონლო ნიშნის მთავარი დანიშნულებაა განასხვავოს საქონელი სხვა საქონლის ან მომსახურებისაგან ან განასხვავოს ერთი მეწარმე მეორე მეწარმისაგან. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონი და საერთაშორისო აქტები დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენებას, რომელიც არის სხვა ნიშნის რეპროდუქცია, იმიტაცია, თარგმანი, რომელიც არის სხვა ნიშნის მსგავსი ან იდენტური და რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნიშანთან აღრევა.

 

ამ ნორმებიდან გამომდინარე, სასაქონლო ნიშანი არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრირებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ეს ნიშანი უკვე სხვა პირის მიერ გამოყენებულია მის საქმიანობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ შპს „ი----–--ს“ (უფლებამონაცვლე - შპს „ს--------------------“) სასაქონლო ნიშნების რეესტრში სასაქონლო ნიშანი (ს.ნ 7-------) დაურეგისტრირდა საქონლისა და მომსახურების განცხადებული ჩამონათვალის ნაწილის მიმართ, რომელიც არ ეხება მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელს (ბურღულეულს). ამასთან მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით შპს „ს--------------------“ არ უსარგებლია სადაო სასაქონლო ნიშნით და არ უწარმოებია აღნიშნული ნიშნის ქვეშ პროდუქცია. აღნიშნულს არც მომავალში აპირებს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის ზემოაღნიშნულ განმარტება-დაპირებას, ვინაიდან სასაქონლო ნიშანთა მსგავსება ყოველთვის იძლევა საფუძველს მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანით გამოწვეული სამეწარმეო ინტერესების არამიზნობრივად და არაკეთილსინდისიერად განხორციელებისა.

 

დადგენილია, რომ პ----–---------–----------------------------------------------–------------------“ (ყოფილი ო--------------–----------------------------------------------–----------------“) 2012 წელს საქართველოზე გაავრცელა გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის „-------------- საერთაშორისო რეგისტრაცია (რეგისტრაციის ნომერი I--------) საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის 30-ე კლასის საქონლის, მათ შორის შვრიის მარცვლოვანი ფანტელის (ბურღულის) მიმართ. ხოლო მოსარჩელის მიერ სასაქონლო ნიშნის - ЯСНО СОЛНЫШКО, საქართველოში რეგისტრაციის გავრცელებიდან სამი წლის შემდეგ, 2015 წელს, ქართულმა შპს „ს---------------------“ (ყოფილი შპს „ი----–--“) განახორციელა აღრევამდე მსგავსი კომბინირებული სასაქონლო ნიშნის - „Я----------- საქართველოში რეგისტრაცია (M-------------) საქონლისა და მომსახურების იმავე 30-ე კლასში. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაციის შესახებ.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 11 მარტის განჩინებაში საქმე №ას-970-919-2015 განმარტა შემდეგი: „სასაქონლო ნიშანზე უფლება, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ ნიშნის „საქპატენტში“ რეგისტრაციის დღიდან წარმოიშობა, თუმცა ეს უფლება შეიძლება რეგისტრაციის გარეშეც არსებობდეს. ამ შემთხვევაში ნიშნის მფლობელის უფლების ნამდვილობას ადგენს საერთაშორისო შეთანხმება, როგორიცაა, მაგალითად, 1889 წლის 20 მარტის „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია“, რომლის ობიექტსაც სამრეწველო საკუთრება, მათ შორის, სასაქონლო ნიშნები, ასევე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვა წარმოადგენს (მუხლი 1 (2)). მითითებული სამართლებრივი აქტების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის დაცვაზე ლეგიტიმაცია გააჩნია სასაქონლო ნიშნის მფლობელს. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ძალით სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის. ეს დაცვა მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპის მიხედვით უფრო ახალ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით და დროის პრიორიტეტის მიუხედავად დაცულ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით. კანონი განსაზღვრავს უფლების დარღვევის შემადგენლობას და ადგენს განსაკუთრებული უფლების მქონე პირის უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც მისი დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა (6.2. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი)“.

 

ამდენად, სასაქონლო ნიშანზე უფლება არსებობს მისი რეგისტრაციის გარეშეც, რა დროსაც ძირითადია ამ უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, სასაქონლო ნიშანთა მსგავსება ლახავს ბაზარზე წლების წინ დამკვიდრებული მოსარჩელე მხარის სამეწარმეო ინტერესებს, არსებობს საფრთხე მოპასუხის მხრიდან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოყენებისა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვით დარეგისტრირების ფაქტის დადასტურება. რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი, ხოლო კერძო საჩივრის წარდგენისათვის - სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არსებობს ამ ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეულია საადვოკატო მომსახურების ხარჯები 2400 ლარის ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული ხარჯების ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. პ----–---------–----------------------------------------------–------------------- (ყოფილი ოტ------------–-----------------------------------------------–----------------- ) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე შპს „----------------------- კუთვნილი სასაქონლო ნიშნის - Я----------- რეგისტრაცია (M-------------) საქართველოში საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის 30-ე კლასის საქონლისათვის.

 

3. მოპასუხე შპს „ს--------------------“ მოსარჩელე პ----–---------–----------------------------------------------–------------------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 100 ლარის ოდენობით, საადვოკატო მომსახურების ხარჯები - 1500 ლარის ოდენობით და კერძო საჩივრის წარდგენისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 50 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე