გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.07.2018
საქმის ნომერი
030310018002437275
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310018002437275

№ 3/29-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ივლისი 2018 წელი ქ.ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

მოსარჩელე კ------- ა---–---

წარმომადგენელი ფ-------- ს-----–---–ი

მოპასუხეები: საქართველოს მთავარი პროკურატურა

წარმომადგენლები: ნ----- გ--------ე, ა----------ე

მესამე პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (არ გამოცხადდა)

დავის საგანი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე - საქართველოს მთავარ პროკურატურას კ------- ა---–---ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 39 335 ლარის და მორალური ზიანის 150 000 ლარის ანაზღაურება.

 

მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

2006 წლის 22 სექტემბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მ----- ჟ-----ს მიერ საქართველოს სახელით გამოტანილ იქნა განაჩენი კ------- ა---–---სა და სხვათა მიმართ. კ------- ა---–--- სასამართლომ ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 02 წლით თავისუფლების აღკვეთა, თანამდებობის უფლების ჩამორთმევა 01 წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და კ------- ა---–---ს მიმართ ძალაში დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენი. კ------- ა---–---მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომლის 2007 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

ამის შემდეგ, კ-----–---ს მიმართ განახლდა სისხლის სამართლებრივი დევნა, რასაც მისი მსჯავრდება მოჰყვა. 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, კ------- ა---–--- ხელმეორედ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 08 თვე და საბოლოოდ სრულიად უდანაშაულოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 08 თვის ვადით. 2017 წლის 18 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კ------- ა---–---ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ-------- ს-----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, კ-----–---ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. 2018 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კ------- ა---–---ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ-------- ს-----–---–ის საკასაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენი.

 

კ------- ა---–---მ უკანონო პატიმრობაში 4 წელი და 6 თვე გაატარა, რაც ძალზე ცუდად აისახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე მისი და მისი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზე, რადგან ის იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ციხეში ყოფნის პერიოდში მისი ოჯახი იძულებული გახდა გაეყიდათ ერთადერთი სახლი, რომელსაც ისინი ფლობდნენ, აეღოთ ვალები, რათა ერჩინათ საკუთარი თავი და ის ციხეში. ოჯახი ყველაფერს აკეთებდა მისი უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად, ამისთვის მათ გასწიეს დიდი ხარჯი, რათა ყოლოდა კვალიფიციური ადვოკატები. ამ ყველაფერმა ისინი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააყენა. თუმცა შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს და კ------- ა---–---მ უკანონო პატიმრობაში გაატარა ოთხი წელი და ექვსი თვე. უკანონო მსჯავრდებით შეილახა მისი პატივი და ღირსება. პატივის ქვეშ იგულისხმება პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების ობიექტური შეფასება საზოგადოების მიერ, რომელიც პიროვნების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას განსაზღვრავს და იძლევა ინდივიდის სოციალურ დახასიათებას, წარმოადგენს სოციალურ შეფასებას. ის იყო ქ----------–---------------–--- თანამშრომელი, ქ.ფ----–- საკმაოდ ცნობილი პიროვნება. მისმა დაპატიმრებამ კი საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. საზოგადოებამ მასზე შეიცვალა აზრი და ისე უყურებდნენ, როგორც დამნაშავეს. მაშინ როდესაც ის თავად იბრძოდა სამართლიანობისთვის, თვითონ აღმოჩნდა უსამართლო მდგომარეობაში და უკანონოდ გაატარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 4 წელი და 6 თვე. მთელი ამ დროის განმავლობაში ის მოწყვეტილი იყო ოჯახსა და გარე სამყაროს, რაც იწვევდა მის სულიერ ტანჯვას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად: ,,ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად: ,,თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი“.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, ხოლო ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი ,,რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს“.

 

აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს - სასამართლოს განჩინებას. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.

 

გარდა ამისა, როგორც წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებიდან დგინდება, მოსარჩელე კ------- ა---–---ს მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო შემდეგ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 117-ე და 335-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 02 აპრილიდან, მისი დაკავების დღიდან.

 

ამდენად, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ საპროცესო ღონისძიებების გამოყენება მოხდა კანონით დადგენილი წესის დაცვით, შესაბამისად, სახეზე არ არის თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. მით უფრო საგულისხმოა ის გარემოება, რომ კ------- ა---–---ს მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე არსებითად განხილულ იქნა სასამართლოს მიერ და მიღებულ იქნა შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე იხდიდა სასჯელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 08 აპრილის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, მორალური ზიანის მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რაც გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა, დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილს ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-648-623 (3კ-13) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, კომპეტენციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და სასამართლოს მიხედულობით უნდა გადაწყდეს.

 

მატერიალური ზიანის ანაზღაურებისას უნდა იქნას წარმოდგენილი ცალსახა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს ზიანის გამომწვევ გარემოებებსა და განსაზღვრავს მიყენებული ზიანის ოდენობას. სისხლის სამართლის წარმოებაზე მითითება, ან გარკვეული დოკუმენტების წარმოდგენა, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მასზედ, რომ დადგინდეს კონკრეტული ოდენობით მატერიალური ზიანის დადგომის ფაქტი. რაც შეეხება, პატიმრობის პერიოდში კ------- ა---–---ს ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს, საგულისხმოა, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის შენახვის ხარჯები გაწერილია კანონმდებლობით და სრულიად უზრუნველყოფს სახელმწიფო საკვებით, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს, ასევე, სამედიცინო მომსახურებით და პირველადი მოხმარების საგნებით, ხოლო ამანათების მიღება და პირად ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა გამომდინარეობს პირადი სურვილიდან და წარმოადგენს მის უფლებას, რაც არ არის დაკავშირებული აუცილებლობასთან და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მისი ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განაჩენის შესაბამისად, კ------- ა---–---სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ-------- ს-----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენი და კ------- ა---–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

3.1.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის N77აგ-17 განჩინების თანახმად, კ------- ა---–---ს ადვოკატის, ფ-------- ს-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

3.1.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის N1/-ბ-888-2008 განაჩენით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. კ------- ა---–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

3.1.4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის N1/184-08 განაჩენის თანახმად, კ------- ა---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ 2001 წლის ივლისში მოქმედი საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით 03 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 წლით, მასვე დაემატა ქ.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 08 თვე და საბოლოოდ კ------- ა---–---ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 წლითა და 08 თვით.

 

3.1.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის N61აპ-09 განჩინების თანახმად, კ------- ა---–---ს დამცველის, ადვოკატ ა-------–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

3.1.6. 2011 წლის 03 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ.ფ----–-, ბ-------–---–ის ქ.N---ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის თ----- კ--–--.

 

3.1.7. 2011 წლის 09 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ქ.ფ----–-, ბ-------–---–ის ქ.N---ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის დ-------- ბ------.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ი.მ. ,,ა---------– ქ-----–--ის“ სს ,,ს----------–--------ის“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, დასტურდება, რომ 2008 წლის 29 თებერვალს გ------ ჯ---------მ შეიტანა 200 ლარი, თანხის დანიშნულება იყო - კ------- ა---–---ს საადვოკატო მომსახურება, ასევე, 2008 წლის 02 ივლისს თ-----ა ა---–---მ შეიტანა 400 ლარი, დანიშნულება - კ------- ა---–---ს საადვოკატო მომსახურების საფასური.

 

3.2.2. ადვოკატ მ----–-- კ-------ის ხელწერილის თანახმად, ის განმარტავს, რომ 2004 წელს სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული საადვოკატო მომსახურებისათვის კ------- ა---–---მ გადაუხადა ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით.

 

3.2.3. ადვოკატ ზ------ ხ----------ს ხელწერილის თანახმად, ის განმარტავს, რომ 2006 წლის 01 ოქტომბერს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კ------- ა---–---ს დისგან თ----- ა---–---საგან სისხლის სამართლის საქმეზე გასაწევი საადვოკატო მომსახურებისათვის მიიღო ჰონორარის სახით 1000 ლარი.

 

3.2.4. 2017 წლის 03 თებერვლის ხელშკრულების თანახმად, კ------- ა---–---ს და ფ-------- ს-----–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. მომსახურების საფასური განისაზღვრა 3000 ლარით, შემდგომი გადახდით.

 

3.2.5. 2017 წლის 13 აგვისტოს ხელშკრულების თანახმად, კ------- ა---–---ს და ფ-------- ს-----–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. მომსახურების საფასური განისაზღვრა 2000 ლარით, შემდგომი გადახდით.

 

3.2.6. 2018 წლის 07 აპრილის ხელშკრულების თანახმად, კ------- ა---–---ს და ფ-------- ს-----–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ფოთის საქალაქო სასამართლოში. მომსახურების საფასური განისაზღვრა 3000 ლარით, შემდგომი გადახდით.

 

3.2.7. 2011 წლის 05 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, თ----- კ--–--მ გაყიდა 10000 ლარად ქ.ფ----–-, ბ-------–---–ის ქ.N--/8-ში მდებარე უძრავი ქონება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

- კ------- ა---–---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

- უნდა დაეკისროს საქართველოს მთავარ პროკურატურას კ------- ა---–---ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანი 600 ლარის ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის სახით 10000 ლარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

სასამართლოს აზრით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამრთლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

ზემოაღნიშნული მსეჯლობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა სასამართლო ვერ გაიზარებს მოსარჩელის მოსაზრებას ზიანის ოდენობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. პირადი არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას კი ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის გასაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისმობს ფიზიკურ და ზეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: ა) უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება; ბ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად; გ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; დ) არასრულწლოვანის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან მისი კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად; ე) პირთა კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაპატიმრება; ვ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, ან იმ პირის დაკავება თუ დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ღონისძიებები დეპორტაციისა თუ ექსტრადიციის მიზნით.

 

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისდ, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს უკანონოდ დაკავებული თუ დაპატიმრებული პირის უფლებას კომპენსაციის მიღებაზე.

 

უკანონოდ დაკავებული ან დაპატიმრებული პირის სამართლებრივი დაცვის საშუალება, მეტწილად, ფულად კომპენსაციას გულისხმობს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი“.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი ,,რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს“.

 

რეაბილიტაცია გულისხმობს, ბრალდებულის უფლებების აღდგენას თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა.

 

სასამართლოს აზრით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შინაარსი იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურას) რომლის ქმედებითაც მოქალაქეს მიადგა ზიანი.

 

ზემოხსენებული კონსტიტუციური ნორმები არ შეიცავენ მითითებას ბრალზე, როგორც ზიანის ანაზღაურების პირობაზე. ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო პირთა ბრალის მიუხედავად (სკ-ის 1005.3). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: დამდგარი ზიანი, მართლწინააღმდეგობა - უკანონო ბრალდება, მსჯავრდება, მიზეზობრივი კავშირი უკანონო ბრალდებასა და დამდგარ ზიანს შორის, აგრეთვე პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფას და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ, ხოლო არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვა. თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით (სკ-ის 413მუხ.)

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარისია დადგინდეს ზიანის არსებობა, ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც უკავშირდება რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემას, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ვინაიდან არ დაიშვება ნორმის ისე განმარტება, რომ პირს არ მიეცეს უფლების აღდგენის ეფექტური, ქმედითი შესაძლებლობა (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13 მუხლი), საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია არ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მისი უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან. ქმედების მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია, იგი არ არის დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერებასა და მის სამართლებრივ შეფასებაზე (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 სექტემბრის N3/ბ-308-2016 გადაწყვეტილება).

 

პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - კ------- ა---–---ს მიმართ დამდგარია გამამართლებელი განაჩენი - სახეზეა მარეაბილიტერებელი გარემოება, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის არსებობდა იმ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეული იყო უშუალოდ მოსარჩელის უკანონო პატიმრობით, რაც ცალსახად წარმოადგენს მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურაზე მორალური ზიანის დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

მორალური ზიანის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს უფლებების სრულყოფილი რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კონპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. იგი უნდა განისაზღვროს გონივრულად და სამართლიანად.

 

საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ მოსარჩელე კ------- ა---–---ს თავისუფლების უკანონო აღკვეთამ უდავოდ გამოიწვია მისი სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა, რაც ასევე მძიმე სულიერ განცდასთან და რეპუტაციასთან იყო დაკავშირებული. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კ------- ა---–---ს სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მორალური ზიანის სახით 150000 ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს მთავარ პროკურატურას კ------- ა---–---ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მორალური ზიანის სახით 10 000 ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე კ------- ა---–---ს სასარგებლოდ მოპასუხეზე საქართველოს მთავარი პროკურატურა დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობა სრულ შესაბამისობაშია არაქონებრივი ზიანის სატისფაქციურ, პრევენციულ, რეპრესიულ მიზნებთან, რაც კ------- ა---–---ს უკანონო პატიმრობით გამოწვეულ ნეგატიური განცდების შემსუბუქებას, დადებითი ემოციების გამოწვევასა და მისი სულიერი გაწონასწორების მიღწევას ემსახურება.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას კ------- ა---–---ს სასარგებლოდ პირდაპირი მატერიალური ზიანის, კერძოდ: 4415 ლარი (4 წლის 5 თვისა და 26 დღით უკანონო პატიმრობაში ყოფნით, საბანკო ამონაწერი ჯამურად) 10000 ლარი (უძრავი ქონების გასხვისებით), 14 820 ლარი (პაემნები, ამანათები), 10100 ლარი (იურიდიული მომსახურება) სულ 39 335 ლარის გადახდის თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე კ------- ა---–---მ წარმოადგინა, ი.მ. ,,ა---------– ქ-----–--ის“ სს ,,ს----------–--------ის“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, დასტურდება, რომ 2008 წლის 29 თებერვალს გ------ ჯ---------მ შეიტანა 200 ლარი, თანხის დანიშნულება იყო - კ------- ა---–---ს საადვოკატო მომსახურება, ასევე, 2008 წლის 02 ივლისს თ-----ა ა---–---მ შეიტანა 400 ლარი, დანიშნულება - კ------- ა---–---ს საადვოკატო მომსახურების საფასური. რომლითაც დაადასტურა ა---------– ქ-----–--ისათვის გადახდილი თანხა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურებისათვის. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება მხოლოდ 600 ლარის ოდენობით, ი.მ. ,,ა---------– ქ-----–--ეზე" ს----------–--------ში 29.02.2008 წ. გადარიცხული 200 ლარი და 02.07.2008 წ. გადარიცხული 400 ლარი, კ-----–---ს საადვოკატო მომსახურებაზე (ს.ფ.38).

 

რაც შეხება მოსარჩელის მიერ საქმეზე დართულ ადვოკატთა ხელწერილებს აღნიშნულს სასამართლო ვერ განიხილავს, როგორც უტყუარ მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ საადვოკატო მომსახურების თანხა გადახდილი იქნა ბრალდებულის მიერ, იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც დადგენილია გამამართლებელი განაჩენი (ამ საქმესთან კავშირში არ არის), ასევე ვერ ანაზღაურდება მომავალში ასანაზღაურებელი საადვოკატო მომსახურების თანხა, რადგან აღნინული თანხის გადახდის მტკიცებულებები არ არსებობს.

 

პატიმრობის პერიოდში (პატიმრობაში ყოფნის დაროს) კ------- ა---–---ს ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის შენახვის ხარჯები გაწერილია კანონმდებლობით და სრულიად უზრუნველყოფს სახელმწიფო საკვებით, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს, ასევე, სამედიცინო მომსახურებით და პირველადი მოხმარების საგნებით, ხოლო ამანათების მიღება და პირად ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა, ასევე მისი მონახულებით ხარჯების გაწევა, გამომდინარეობს პირადი სურვილიდან და წარმოადგენს მის უფლებას, რაც არ არის დაკავშირებული აუცილებლობასთან და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მისი ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ან ბინის გასხვისების დაკავშირება კონკრეტულ საქმესთან, როდესაც ამ საქმეზე ის დაყადაღებული არ იყო, ანუ ამ საქმის წარმოებიდან განხორციელდა, მისი დაკავშირება მატერიალურ ზიანთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მიზეზობრივი კავშირის დაუდგენლობის გამო შეუძლებელია.

 

მატერიალური ზიანის ანაზღაურებისას უნდა იქნას წარმოდგენილი ცალსახა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს ზიანის გამომწვევ გარემოებებსა და განსაზღვრავს მიყენებული ზიანის ოდენობას.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 41-ე მუხლის თანამხად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.

 

სასამართლოს განაჩენი, რომლითაც დადგინდა დარღვევა, სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, მოახდინოს დარღვევის შედეგების რეპარაცია ისე, რომ მაქსიმალურად იქნეს აღდგენილი დარღვევის ჩადენამდე არსებული სიტუაცია.

 

თუ ეროვნული კანონმდებლობა არ იძლევა ან ნაწილობრივ იძლევა დარღვევის შედეგების რეპარაციის შესაძლებლობას, კონვენციის 41-ე მუხლი უფლებამოსილებას აძლევს სასამართლოს, მიანიჭოს დაზარალებულ მხარეს ისეთი დაკმაყოფილება, რომელიც შესაბამისი იქნება მისი აზრით.

 

კონვენციის პირველი მუხლიდან გამომდინარე, კონვენციის რატიფიცირებისას ხელშემკვრელი სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, რათა ეროვნული კანონმდებლობა კონვენციასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. შედეგად, მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ეროვნულ კანონმდებლობაში გააუქმოს ნებისმიერი ის სამართლებრივი ბარიერი, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მომჩივნის მიერ ჯეროვანი ანაზღაურების მიღებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება, საჩივარი no 71503/01 „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ------- ა---–---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა დაეკისროს საქართველოს მთავარ პროკურატურას კ------- ა---–---ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანი 600 ლარის ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის სახით 10000 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხსელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის მე-8, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კ------- ა---–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. დაეკისროს საქართველოს მთავარ პროკურატურას კ------- ა---–---ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანი 600 ლარის ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის სახით 10000 ლარი.

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე