გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/4496-17 5 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - ნ--------–-------------–-------ი
წარმომადგენელი - ლ-–--------–--ე
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
წარმომადგენელი - გ--------------ე
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ---------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა ნ--------–-------------–-------ის დაჯარიმებისა და ჭიშკრის დემონტაჟის ნაწილში;
1.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის N1----- ბრძანების ბათილად ცნობა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ნ--------–-------------–-------მა ქალაქ თბილისში, ლ------------------–---ის მე-6 დასახლება N127ბ-ში მდებარე, N---------------- საკადასტრო კოდის 150.30 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება 2014 წელს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ამონაწერი, საკადასტრო გეგმა, აეროფოტოსურათი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 13-14, 162, 40, 42-45).
3.2. 2016 წლის 25 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ნ--------–-------------–-------ის მიმართ N0----- მითითება შეადგინა. აღნიშნული მითითების მიხედვით, ქალაქ თბილისში, ლ------------------–---ის მე-6 დასახლება N127ბ-ში სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული იყო შენობა-ნაგებობა, განთავსებული იყო მსუბუქი კონსტრუქციის მავთულბადის ღობე ლითონის ბოძებით და რკინის ჭიშკარი, რომლის ნაწილიც გადადიოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე. ამავე აქტით ნ--------–-------------–-------ის 20 დღის ვადა მიეცა მითითებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 მაისის N0----- მითითება (ს.ფ. 157-158); ფოტოები, საკადასტრო გეგმა, ნახაზი (ს.ფ. 147-148, 162, 163).
3.3. 2016 წლის 20 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა N0----- შემოწმების აქტი შეადგინა, რომლითაც 2016 წლის 25 მაისის N0----- მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტი დააფიქსირა.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის N0----- შემოწმების აქტი (ს.ფ. 155-156); ფოტო (ს.ფ. 149-151).
3.4. 2016 წლის 28 ივლისს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ნ--------–-------------–-------ის მონაწილეობით 2016 წლის 25 მაისის N0----- მითითებისა და 2016 წლის 20 ივნისის N0----- შემოწმების აქტის შედეგები განიხილა. განხილვისას ნ--------–-------------–-------იმ დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ სადავო ობიექტი არსებული სახით შეიძინა და 2016 წელს მის მიერ მხოლოდ ღობის მშენებლობა განხორციელდა. მისივე განმარტებით, აპირებდა სადავოდ გამხდარი სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზებას, რისთვისაც ითხოვდა დამატებით ვადას. ნ--------–-------------–-------ის მითითებით, წითელი ხაზები გასწორდა საჯარო რეესტრში.
მტკიცებულება: 2016 წლის 28 ივლისის ოქმი (ს.ფ. 136).
3.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 19 აგვისტოს N------------- ბრძანებით 2016 წლის 25 მაისის N0----- მითითებით დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა 2 თვით - 2016 წლის 20 ოქტომბრამდე გაგრძელდა.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 19 აგვისტოს N------------- ბრძანება (ს.ფ. 135).
3.6. 2016 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ნ--------–-------------–-------ის მონაწილეობით 2016 წლის 25 მაისის N0----- მითითებისა და 2016 წლის 20 ივნისის N0----- შემოწმების აქტის შედეგები კვლავ განიხილა. განხილვისას ნ--------–-------------–-------იმ დაადასტურა წითელი ხაზების გასწორება და განმარტა, რომ მიმდინარეობდა წარმოება კაპიტალური შენობა-ნაგებობების ლეგალიზებაზე და ელოდებოდა პასუხს, ხოლო 19 ოქტომბრისათვის მოახდენდა ღობის და ჭიშკრის დემონტაჟს.
მტკიცებულება: 2016 წლის 13 ოქტომბრის ოქმი (ს.ფ. 190).
3.7. 2016 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის ლაშა შვანგირაძის მიერ N--- მოხსენებითი ბარათი შედგა, რომლის თანახმად, ნ--------–-------------–-------ის მიერ სრულად არ იყო შესრულებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 მაისის N0----- მითითების მოთხოვნები, კერძოდ, დემონტირებული იყო მსუბუქი კონსტრუქციის ღობე, ხოლო უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობა და რკინის ჭიშკარი მოქცეული იყო ნ--------–-------------–-------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N----------------) საზღვრებში.
მტკიცებულება: 2016 წლის 19 ოქტომბრის N--- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 126); ფოტოები, ნახაზი (ს.ფ. 127-128, 129).
3.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის N0----- დადგენილებით ნ--------–-------------–-------ი 8000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, ლ------------------–---ის მე-6 დასახლება N127ბ-ში (საკადასტრო კოდი N----------------) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის, კერძოდ, უნებართვოდ კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისა და რკინის ჭიშკრის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით ნ--------–-------------–-------ის უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი დაევალა.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის N0----- დადგენილება (ს.ფ. 113-116).
3.9. 2016 წლის 15 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ნ--------–-------------–-------ის N4-------- ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი. საჩივრის ავტორის მითითებით, უნებართვო სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზების მოთხოვნით მან უკვე მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მის განცხადებაზე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება.
მტკიცებულება: განცხადება (ადმინისტრაციული საჩივარი) (ს.ფ. 101-102).
3.10. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის N3------ ბრძანებით ნ--------–-------------–-------ის N--------- განცხადება დაკმაყოფილდა და მას ნება დაერთო, დაესრულებინა ქალაქ თბილისში, ლ------------------–---ის მე-6 დასახლება N127ბ-ში (საკადასტრო კოდი N---------------- მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რისთვისაც 12 თვის ვადა განესაზღვრა. მითითებული ბრძანების თანახმად, ობიექტის ლეგალიზებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის შემდგომ მის მესაკუთრეს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის უნდა მიემართა.
მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის N3------ ბრძანება (ს.ფ. 202-204); ფოტოები, ფოტომონტაჟი, სიტუაციური გეგმა, (ს.ფ. 318-334).
3.11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის N1----- ბრძანებით ნ--------–-------------–-------ის 2016 წლის 15 ნოემბერის N4-------- ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო დადგენილება კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დავალების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. მითითებული ბრძანებით დადგინდა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის N3------ ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობდა N---------------- მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის საფუძველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის N0----- დადგენილება შეესაბამებოდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე, მე-14 და 25-ე მუხლებს.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 25 მაისის N1----- ბრძანება (ს.ფ. 25-33).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - სადავო ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის N0----- დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის N1----- ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება არეგულირებს.
დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას, თანახმად მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტისა.
ამავე დადგენილების მიხედვით, პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს და განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ (დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“, ,,ო“ და ,,შ“ ქვეპუნქტები, 66-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები). მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლისა. დასახელებული კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან და მითითებული კოდექსით განსაზღვრული ზოგადი ნორმები და პრინციპები გამოიყენება სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სამართალდარღვევების მიმართ, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უზრუნველყოფს. დასახელებული კოდექსის მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე თავით განსაზღვრულია სამშენებლო სამართალდარღვევები, მათი დადგენისა და სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრების ნორმები და დადგენილია, რომ ამ ნორმების მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლი).
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „????? ???????“ ??????????? ??????? განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები (მე-15 მუხლის „ი“ პუნქტი).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის გარე იერსახის, გარე რეკლამის, გარე ვაჭრობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ხმაურის ნორმების დაცვისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს (,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება“).
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნორმებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი შემდეგი სახით განსაზღვრავს: სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ზოგადი ნორმების მიხედვით, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლი). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლი).
მოყვანილ ნორმათა მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. დარღვევის გამოსწორება, როგორც სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოება, იწვევს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 და მე-11 ნაწილები). დაინტერესებული პირის სასარგებლოდ იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა, რომელიც საფუძვლად დაედო აქტის გამოცემას, აგრეთვე ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებენ პირის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს ერთიდაიმავე საკითხზე ხელახალი მიმართვისა და განხილვის საფუძველს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების გასაჩივრება აჩერებს საჯარიმო თანხის გადახდის, დემონტაჟის განხორციელების ვალდებულებას (კოდექსის 25.22 მუხლის შესაბამისად გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში), ამასთანავე, სადავო აქტის გასაჩივრებისას პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა ზედამხედველობის სამსახურის და მერიის სადავო აქტები, სადავო აქტების გაბათილების საკითხზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი გამოცემის შემდგომ შექმნილი შეღავათიანი რეჟიმის, შეცვლილი ობიექტური გარემოებების მნიშვნელობა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის. ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი, უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. აღნიშნული შეხედულება შეესაბამება მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის Nბს-785-771(კ-14) გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის N0----- დადგენილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემადგენელ უნებართვო სამშენებლო სამუშაოებზე მშენებლობის დასრულების ნებართვის გაცემით გაქარწყლდა რა ამ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების - უნებართვო ნაგებობის დემონტაჟისა და მისი მშენებლობისათვის ჯარიმის გადახდის მოსარჩელისათვის დაკისრების საფუძველი, ღობის გარეშე არსებული ჭიშკრის დროებით არსებობა კი ვერ ჩაითვლება კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთის ,,ხელმყოფ ქმედებად”, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის N0----- დადგენილების მოქმედება ვერ ჩაითვლება კანონიერად. ამდენად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის N0----- დადგენილების სადავო ნაწილის, ასევე, მასზე წარდგენილ საჩივარზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის N1----- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 53).
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის ოდენობით გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--------–-------------–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის N1----- ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 ოქტომბრის N0----- დადგენილება ნ--------–-------------–-------ის დაჯარიმებისა და რკინის ჭიშკრის დემონტაჟის ნაწილში;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ნ--------–-------------–-------ის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია