გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1009-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1 აგვისტო 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს ფ--------------------ი
წარმომადგენელი სალომე მაჭავარიანი
მოპასუხე ქ------- ჭ-------ა
დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ------- ჭ-------ასათვის 1322.44 ლარის დაკისრება;
სარჩელის საფუძვლები
2016 წლის 19 დეკემბერს ქ------- ჭ-------ასა და შპს სისი ლოუნს შორის დაიდო N734214 ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო სესხი 500 ლარი. სესხის დაბრუნების ვადაა 30 დღე. პროცენტი შეადგენდა ყოველდღიურად 0.06333%-ს - დღეში 3.4833 ლარს, რაც ჯამურად არის 104.5 ლარი.
მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, მან რამდენჯერმე მოითხოვა სესხის გადავადება. საბოლოოდ სესხის დაბრუნების ვადა დასრულდა 2017 წლის 18 მაისს. სესხის დაუბრუნებლობის გამო მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 9.4 პუნქტის საფუძველზე – 2017 წლის 17 იანვრიდან 2017 წლის 15 მარტამდე ყოველდღიურად 1.3% სულ 4040.4 ლარი (დღეში 7.15 ლარი). 2017 წლის 16 აპრილიდან 2017 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში ყოველდღიურად 0.41% 2.255 ლარი, ჯამურად 268.34 ლარი. საიდანაც გადაიხადა 0.80 ლარი.
2018 წლის 1 თებერვალს შპს მისო კონტინეტალ სითი კრედიტსა და შპს ფ-------------------ს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მისო კონტინენტალ სითი კრედიტმა მოსარჩელეს დაუთმო მოთხოვნის უფლება ქ------- ჭ-------ას მიმართ შემდეგი სახით – მოთხოვნის ოდენობა 1322.44 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა 550 ლარი სარგებელი 104.5 ლარი, პირგასმატეხლო 667.94 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება მხარეებს შორის წერილობით არ გაფორმებულა. ამასთან მოთხოვნილია მაღალი პირგასამტეხლო და იგი უნდა შემცირდეს 0.01%-მდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 19 დეკემბერს ქ------- ჭ-------ასა და შპს სისი ლოუნს შორის დაიდო N734214 ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო სესხი 550 ლარი. სესხის დაბრუნების ვადაა 30 დღე. პროცენტი შეადგენდა ყოველდღიურად 0.06333%-ს დღეში 3.4833 ლარს. რაც ჯამურად არის 104.5 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-35)
3.1.2. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, მან რამდენჯერმე მოითხოვა სესხის გადავადება. საბოლოოდ სესხის დაბრუნების ვადა დასრულდა 2017 წლის 18 მაისს. სესხის დაუბრუნებლობის გამო მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო – 2017 წლის 17 იანვრიდან 2017 წლის 15 მარტამდე ყოვედღიურად 1.3% სულ 404.4 ლარი (დღეში 7.15 ლარი). 2017 წლის 16 აპრილიდან 2017 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში ყოველდღიურად 0.41%, 2.255 ლარი, ჯამურად 268.34 ლარი. საიდანაც გადაიხადა 0.80 ლარი. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პირგასამტეხლო დარიცხულია 2017 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ. 2-6)
- მოსარჩელის განმარტება (31.07.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.1.3. 2018 წლის 1 თებერვალს შპს მისო კონტინეტალ სითი კრედიტსა და შპს ფ-------------------ს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს მისო კონტინენტალ სითი კრედიტმა მოსარჩელეს დაუთმო მოთხოვნის უფლება ქ------- ჭ-------ას მიმართ – მოთხოვნის ოდენობა 1322.44 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა 550 ლარი, სარგებელი 104.5 ლარი, პირგასმატეხლო 667.94 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
– მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 36)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მისი დარიცხვა უნდა დაიწყოს სესხის გადავადების დროის დასრულების შემდეგ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე, 364-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 328-ე, 68-ე, 343-ე , 344-ე, 400-ე, 419-ე, 420–ე
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.ამავე 625-ე მუხლის თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია, სარგებელი შეადგენს დღეში 0.63%-ს. ხოლო სესხის ხელშეკრულების ვადაა 30 დღე.
მოპასუხეს არ შეუსრულებია სესხის დაბრუნების ვალდებულება, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და არც შემდგომ, გადავადების შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ დააბრუნა. მოპასუხემ ცნო სესხის ძირითადი თანხის დაკისრების შესახებ სარჩელის მოთხოვნა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სესხის სარგებლის 104.50 ლარის დაკისრების ნაწილში. სესხის ხელშეკრულების დადების დროს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. მხარეთა შეთანხმებით სესხი პრცენტიანია, სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს სესხზე სარგებლის დარიცხვას, რაც შეადგენს სესხის სარგებლობის ვადაში (30 დღე) ყოველდღიურად 0.63%-ის დარიცხვას. რაც არის ჯამურად 104.5 ლარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 364-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ვადაში. ამ ნორმის საფუძველზე ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას ხელშეკრულების პირობების სრულად დაცვით. სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება წარმოშობს არა მარტო სესხად მიღებული თანხის, არამედ სარგებლის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე 104.5 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და მოთხოვნილი პირგასმატეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მოსარჩელეს პირგასმატეხლო დარიცხული აქვს სხვადასხვა საპროცენტო მაჩვენებლით, ამასთან პირგასმატეხლო დარიცხულია სესხის გადავადების პერიოდებს შორის დროის შუალედშიც.
მოპასუხის განმარტებით, 2017 წლის 15 იანვრიდან სამოქალაქო კოდექსში გახორციელებული ცვლილებების გამო შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხეს მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების დადების დასტურად წარმოდგენილი აქვს სესხის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომელშიც მითითებულია, რომ ეს ხელშეკრულება ძალაში 2017 წლის 15 იანვრიდან. ეს ხელშეკრულება არ ვრცელდება 2017 წლის 15 იანვრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. 2017 წლის 15 იანვრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება 2017 წლის 15 იანვრამდე არსებული ხელშეკრულება. მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დადებულია 2016 წლი 19 დეკემბერს, სამოქალაქო კოდექსში 2017 წლის 15 იანვრიდან განხორციელებული ცვლილებებამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს სამართლწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე უფლება აქვს თავად განსაზღვროს მისი სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი, მას უფლება აქვს შეამციროს მოთხოვნა, მოითხოვოს იმაზე ნაკლები თანხა, ვიდრე ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. თუმცა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლის დროს დაცული უნდა იყოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი შემდეგი წესები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის თანახმად, 1. თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა,მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. 2. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
ამდენად, ამ ნორმის თანახმად, შეთანხმების წერილობითი ფორმის დაცვისათვის საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით; გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.
მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულების პირობები შემუშავებულია როგორც სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები, რომლებიც განთავსებულია მის ვებგვერდზე და არსებობს ვებგვერდზე მისი ელექტრონული ფორმით გაცნობის შესაძლებლობა.
ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინება მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს მის მიერ მითითებულ მისამართზე, ელექტრონულ ფოსტაზე, მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებთ.
ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოში მითითებულია შემდეგი განმარტებები: დღეისათვის არსებობს ტერმინ „ელექტრონული ხელმოწერის“ რამდენიმე განმარტება. მას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა გამოყენების არეალში. საერთაშორისოდ აღიარებული განმარტებაა მოცემული საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის შესახებ გაერთიანებული ერების კომისიის მიერ (The United Nations Commission on International Trade Law (UNCITRAL)), სადაც ელექტრონული ხელმოწერა ნიშნავს: მონაცემთა გზავნილში არსებული ელექტრონული მონაცემები, რომლებიც მიბმულია ან ლოგიკურად დაკავშირებულია მასთან და რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელმომწერის მონაცემთა გზავნილთან კავშირის მიზნით ხელმომწერის იდენტიფიცირებისთვის და მიუთითებს ხელმომწერის თანხმობას იმ ინფორმაციაზე, რაც განთავსებულია მონაცემთა გზავნილში.
ასევე, არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული „ციფრული ხელმოწერის“ განმარტება, რომელიც მოცემულია ISO 7498-2 სტანდარტში (EESSI-ის საბოლოო დოკუმენტი აღნიშნავს, რომ „ხშირად ტერმინი „ციფრული ხელმოწერა“ გამოიყენება ტერმინის „ელექტრონული ხელმოწერა „ნაცვლად“). სტანდარტი „ციფრულ ხელმოწერას“ განმარტავს, როგორც უსაფრთხოების მექანიზმს, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების სხვადასხვა სერვისის მიწოდებისთვის, როგორიცაა აუთენთიფიკაცია, მონაცემთა წარმომავლობის აუთენთიფიკაცია, მონაცემთა ერთიანობა (დაურღვევლობა) და უარყოფის შეუძლებლობა.
EESSI-ის საბოლოო დოკუმენტში ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ 1999/93/EC დირექტივის ტექნოლოგიურად ნეიტრალური მიდგომა საშუალებას არ იძლევა, რომ მითითება გაკეთდეს სპეციფიკურ ტექნოლოგიაზე, როგორიცაა ციფრული ხელმოწერა დამყარებული ასიმეტრიულ კრიპტოგრაფიაზე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ჯგუფის დასკვნის შესაბამისად, ნათელია, რომ დირექტივა, როცა „განვითარებულ ელექტრონულ ხელმოწერას“ აღწერს, გულისხმობს სწორედ ასიმეტრიული კრიპტოგრაფიის და სერტიფიკატზე დამყარებული ვერიფიკაციის მახასიათებლებს. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია დირექტივის „განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის“ განმარტების მსგავსება ISO 7498-2 (დამატება 2) სტანდარტის „ციფრული ხელმოწერის“ განმარტებასთან და მოცემულია დასკვნა, რომ „განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა“, რომელიც შეიძლება არც იყოს განხილული, როგორც „კვალიფიციური“, რეალურად ISO სტანდარტით განმარტებული „ციფრული ხელმოწერის“ ეკვივალენტურია (EESSIl; გვ. 15).
ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებთან ერთად, საბანკო სექტორში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა „ელექტრონული ხელმოწერის ევროპის საზედამხედველო უწყებების ფორუმის (The Forum of European Supervisory Authorities for Electronic Signature (FESA)) სამუშაო დოკუმენტი, კერძოდ „სამუშაო დოკუმენტი განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის შესახებ“ (Working Paper on Advanced Electronic Signature, October 12. 2004). ეს დოკუმენტი ასევე იზიარებს დირექტივის „განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის“ განსაზღვრების ტექნოლოგიურად ნეიტრალურ ხასიათს და მიუთითებს, რომ პრაქტიკაში მისი გამოყენება ძირითადად ეყრდნობა ასიმეტრიულ შიფრაციას.
„განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის“ გამოყენებისას სერტიფიკატზე დამყარებული ხელმოწერის შინაარსის გაგებისთვის ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როგორ განმარტავს UNCITRAL-ი სერტიფიკატს: „სერტიფიკატი“ ნიშნავს მონაცემთა გზავნილს ან სხვა ჩანაწერს, რომელიც ადასტურებს კავშირს ხელმომწერსა და „ხელმოწერის შექმნის მონაცემებს“ შორის.
სწორედ ხელმომწერის დაკავშირება „ხელმოწერის შექმნის მონაცემებსა“ (რაც, თავის მხრივ, კავშირშია ხელმომწერთან) და ხელმოწერილ დოკუმენტთან, წარმოადგენს განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შინაარსს. შესაბამისად, განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის პრაქტიკაში დანერგვა უკავშირდება სერტიფიკატის გამოყენებას.
2016 წელს მოქმედი “??????????? ??????????? ?? ??????????? ?????????? ??????? ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ელექტრონულ დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ, თუ ციფრული ხელმოწერა გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტის ხელმოწერის მომენტში მოქმედ სერტიფიკატში (მოწმობაში) მითითებული მონაცემების შესაბამისად და შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება და დადასტურება. 2. ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სერტიფიკატის საფუძველზე შექმნილი ციფრული ხელმოწერით დამოწმებული ან/და დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს დოკუმენტის მატერიალურ ფორმას. 3. ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოწმობის საფუძველზე შექმნილი ციფრული ხელმოწერით დამოწმებული ან/და დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირდაპირ არ მოითხოვს სერტიფიკატის საფუძველზე შექმნილი ციფრული ხელმოწერის გამოყენებას. 4. ამ კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, თუ არსებობს ორი ან ორზე მეტი პირის შეთანხმება, ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 5. სასამართლომ არ შეიძლება უარი თქვას ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის მტკიცებულების სახით დაშვებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი წარმოდგენილია ელექტრონული ფორმით. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 892-ე, 942-ე და 1357-ე მუხლებით განსაზღვრულ გარიგებებზე ან/და ხელშეკრულებებზე.
ამ ნორმით დადგენილია პირადი ხელმოწერისა და ელექტრონული (ციფრული) ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის აღიარების პირობები. ამ კანონის თანახმად, ელექტრონული ხელმოწერა არის ნებისმიერი ელექტრონული საშუალების გამოყენებით შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა, რომელსაც ხელმომწერი იყენებს ელექტრონულ დოკუმენტთან მისი კავშირის აღსანიშნავად; ციფრული ხელმოწერა არის ელექტრონული ხელმოწერის ნაირსახეობა, რომელიც მიღებულია ელექტრონულ მონაცემთა კრიპტოგრაფიული გარდაქმნის შედეგად, ციფრული ხელმოწერის დახურული გასაღების გამოყენებით, ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: დაკავშირებულია მხოლოდ ხელმომწერთან, მისი მეშვეობით შესაძლებელია ხელმომწერის ვინაობის დადგენა, იგი შექმნილია ხელმომწერის სრული კონტროლის ქვეშ მყოფი დახურული გასაღების მეშვეობით, ისეა დაკავშირებული მონაცემებთან, რომ იძლევა იმის აღმოჩენის საშუალებას, მოხდა თუ არა ცვლილება ამ მონაცემებში.
ციფრული ხელმოწერა გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტის ხელმოწერის მომენტში მოქმედ სერტიფიკატში (მოწმობაში) მითითებული მონაცემების შესაბამისად. შესაბამისად, ციფრული ხელმოწერის შესაქმნელად კანონით დაწესებულია შესაბამისი სერტიფიკატის არსებობა, სადაც აღინიშნება ინფორმაცია ელექტრონული ხელმოწერის მონაცემების შესახებ.
ამავე დროს ამ კანონით დადგენილია, რომ ამ კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, თუ არსებობს ორი ან ორზე მეტი პირის შეთანხმება, ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია, რომ მან მოსარჩელისაგან სესხად მიიღო თანხა. ამასთან სესხი სარგებლიანია. ამ შემთხვევაში სესხის მიღებაზე ოფერტი (წინადადება ხელშეკრულების დადებაზე) გაკეთებულია მოპასუხის მიერ, მან მოითხოვა სესხის კონკრეტული თანხა. ოფერტი გაკეთებულია მოსარჩელის ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით, რის შემდეგ შეთავაზებულ პირობებზე თანხმობის შესახებ ეცნობა მსესხებლის მიერ მითითებულ სატელეფონო ნომერზე შეტყობინებით, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა მოთხოვნილი სესხის თანხა. მოპასუხეს ელექტრონული ფოსტის მისამართი განაცხადში არ მიუთითებია.
“??????????? ??????????? ?? ??????????? ?????????? ??????? ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ელექტრონულ დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ, თუ ციფრული ხელმოწერა გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტის ხელმოწერის მომენტში მოქმედ სერტიფიკატში (მოწმობაში) მითითებული მონაცემების შესაბამისად და შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება და დადასტურება. ამდენად, ელექტრონული ხელმოწერის სადაოობის საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ დაინტერესებულ პირს სადაო გარიგების დადების ნება არ გამოუვლენია და მის ნაცვლად ნება სხვა პირმა გამოავლინა ელექტრონული ფორმით.
მოპასუხე ცნობს სარჩელს სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, რითიც ადასტურებს, რომ მის მიერ განაცხადში მითითებული სესხის თანხა მიიღო. ამასთან, მოპასუხე გარკვეული პერიოდულობით სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელეებისათვის იხდიდა გადავადების საკომისიოს, რაც ხელშეკრულების სტანდარტული პირობებითაა გათვალისწინებული. ამდენად, მოპასუხე ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქმედებებს. შესაბამისად, ამ ნაწილში სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი სადაო არ არის. სესხის ხელშეკრულების პირობების შესახებ მოპასუხე ინფორმირებულია ვებგვერდზე ხელშეკრულების სატნდარტული პირობების განთავსებით, რაზეც იგი თანხმობას აცხადებს, რაც ელექტრონულად სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში ვლინდება. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა კანონით დადგენილი წესის დაცვით ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული არ არის. თუმცა, „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის“ შესახებ კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, რადგან დავა შეეხება ორ პირს შორის შეთანხების დადებას, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ნებას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ წერილობითი ფორმით არის გამოვლენილი სესხის ხელშეკრულების დადების ნება. ამდენად, მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან დავა შეეხება მხარეებს შორის წერილობით დადებულ სესხის ხელშეკრულებას, ცვლილებები ხელშეკრულებაში უნდა შევიდეს იმ ფორმის დაცვით, როგორც დაიდო თავდაპირველი ხელშეკრულება.
ამ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობები არის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები, რომლებიც შეთავაზებულია მოსარჩელე მიკორსაფინანსო ორგანიზაციის მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 343-ე მუხლის თანახმად, 1. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა: ა ) შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე და ბ) ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები. ამავე კოდექსის 344-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ის დებულებანი, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, არ იქცევიან ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად.
ამ ნორმების მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად იქცევა იმ შეთხვევაში, თუ ხელშეკრულების მეორე მხარეს აქვს ამ პირობების გაცნობის შესაძლებლობა, რის შემდეგ უნდა გამოთქვას თანხმობა ამ პირობებზე. შეთანხმების დადების ეს წესი ვრცელდება როგორც თავდაპირველად ხელშეკრულების დადების, ისე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევებზე. ამდენად, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში ცალმხრივად ცვლილების შეტანა ხელშეკრულებაში ცვლილებას ავტომატურად არ იწვევს, აუცილებელია ცვლილების შესახებ ხელშეკრულების მეორე მხარის ინფორმირება და ამ პირობებზე მისი თანხმობა. ასეთი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლო მოთხოვნილია დროის იმ მონაკვეთისათვის, როცა სესხის დაბრუნების ვადა გასული არ იყო, რადგან მხარეთა შეთანხმებით სესხის დაბრუნების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა.
კერძოდ, 2017 წლის 15 მარტს მოპასუხემ გადაიხდა გადავადების საკომისიო 31 ლარი და სესხის დაბრუნება გადავადდა 2017 წლის 14 აპრილამდე, 2017 წლის 18 აპრილს გადაიხადა 31 ლარი გადავადების საკომიიო და სესხს დაბრუნების ვადა გადავადდა 2017 წლის 18 მაისამდე. თავდაპირველი ხელშეკრულების მიხედვით, 2016 წლის 19 დეკემბერს სესხი გაიცა 30 დღით და უნდა დაბრუნებულიყო 2017 წლის 17 იანვარს. ამ ვადაში სესხის მოპასუხემ არ დააბრუნა.
ხელშეკრულების მიხედვით, სესხის გადავადება დასაშვებია სესხის დაფარვის დღეს (სასესხო ხელშეკრულების ვადის ბოლო დღე) ან შემდგომ პერიოდში. ამდენად, ხელშეკრულებით მსესხებელს მინიჭებული აქვს უფლება სესხის გადავადება მოითხოვოს როგორც სესხის ხელშეკრულების შესრულების დღეს, ისე შემდგომ პერიოდში, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელებულად ითვლება.
ამდენად, სესხის გადავადების მოთხოვნა მსესხებელს შეეძლო არა მარტო სესხის დაბრუნების დღეს, არამედ მომდევნო პერიოდშიც, რის გამოც ისეთ პირობებში, როცა სესხის დაბრუნების ვადა მხარეთა შეთანხმებით სისტემატიურად გრძელდებოდა, მსესხებელი ვერ ჩაითვლება შესრულების ვადის დამრღვევ მხარედ და დაუშვებელია მას ამ პერიოდში დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა შეთანხმებით სესხის დაბრუნების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, რის გამოც მხარეთა შეთახმებით ვადის გაგრძელების გამო მსესხებელი ვადის გადამცილებლად არ მიიჩნევა, ვალდებულების დამრღვევ მხარეს არ წარმოადგენს. მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება დაარღვია 2017 წლის 18 მაისიდან, რადგან სესხის დაბრუნების გაგრძელების ვადა ამ დღეს დასრულდა. ამ დროის შემდეგ მსესხებელმა სესხი არ დააბრუნა და არც ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან მოთხოვნილი პირგასატეხლოს თანხა არაგონივრულად მაღალია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული.
ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხაა 550 ლარი, სარგებელი 104.50 ლარი. მოსარჩელე მართალია მოითხოვს თავდაპირველად შეთანხმებულ პირგასამტეხლოზე ნაკლებ თანხას, თუმცა მოთხოვნილი თანხა ვალდებულების დარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე არაგონივრულად მაღალია. გარდა იმისა რომ პირგასამტეხლო მოთხოვნილია სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ვადაშიც, ვალდებულების დარღვევის დროშიც მოთხოვნილი თანხა სარჩელში მითითებული საპროცენტო მაჩველებლის ოდენობის გათვალისწინებით მეტისმეტად მაღალია. ვადის გადაცილების პერიოდია 2017 წლის 18 მაისიდან 2017 წლის 12 აგვისტომდე – 86 დღე. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.25%-ით, რაც არის ერთ დღეში 1.37 ლარი, ხოლო ვადის გადაცილების 86 დღეში შეადგენს 118.25 ლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის პერიოდის, სესხის დავალიანების და სესხად გაცემული ძირითადი თანხის ოდენობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ეს თანხა გონივრულია. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი. მართალია მოსარჩელემ სესხის თანხა დროულად არ დააბრუნა, თუმცა მან რამდენჯერმე გამოავლინა სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელების ნება, მოსარჩელეს გადაუხადა გადავადების საკომისიო, რის გამოც მისთვის პირგასამტეხლოს 667.94 ლარის დაკისრება მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს აქვს მოვალის სადამსჯელო ხასიათი, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს საკანონმდებლო განმარტებას, რომლის მიხედვით პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება.
ამდენად, მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოუცლობაა სესხის ძირითადი თანხა 550 ლარი, სარგებელი 104.50 ლარი, პირგასამტეხლო 118.25 ლარი, საერთო ჯამში 772.75 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
მოსარჩელე მოითხოვს 1322.44 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეებს დაეკისრათ 772.75 ლარის გადახდა, შესაბამისად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნის 59%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 59% არის 29.5 ლარი. მოპასუხემ წერილობით შესაგებელშივე ცნო სარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის 550 ლარის დაკისრების შესახებ. ამდენად, მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე ცნო ეს მოთხოვნა, რის გამოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ეს თანხა არის მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის 73%. 29.5 ლარის 73% არის 21.53 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 7.97 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ფ--------------------ის სარჩელი;
1.1. ქ------- ჭ-------ას დაეკისროთ შპს ფ--------------------ისათვის 772.75 ლარის გადახდა;
2. ქ------- ჭ-------ას დაეკისროთ შპს ფ--------------------ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 7.97 ლარის გადახდა;
3. შპს ფ-------------------ს დაუბრუნდეს 2018 წლის 22 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 21.53 ლარი (საგადასახადო დავალება N2). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი