გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.08.2018
საქმის ნომერი
330210018002425600
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/12827-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

 

მოსარჩელე (01.05.2018წ. სარჩელით მოპასუხე) - მ--–----------–---–ი

 

მოპასუხე (03.07.2018წ. სარჩელით მოსარჩელე) - რ--------------–---ი

წარმომადგენელი - ი-------------

 

დავის საგანი (01.05.2018 წლის საჩელით): ალიმენტის დაკისრება

დავის საგანი (03.07.2018 წლის სარჩელით): ქორწინების შეწყვეტა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (01.05.2018 წ. წარმოდგენილ სარჩელში)

 

1.1. რ--------------–---ისათვის არასრულწლოვანი შვილის - 2017 წლის 17 თებერვალს დაბადებული ბ--- ბ------–----ს სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 01 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მ--–----------–---–ი და რ--------------–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 23 იანვრიდან. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2017 წლის 17 თებერვალს დაბადებული ბ--- ბ------–----. მ--–----------–---–სა და რ--------------–---ს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან ერთად, მამას შვილთან შეწყვეტილი აქვს კავშირი და არ ინტერესდება მისი მდგომარეობით, შესაბამისად ბავშვის აღზრდას ფინანსურად უზრუნველყოფს მ--–----------–---–ი. მოსარჩელე 2018 წლის 02 თებერვლიდან უმუშევარია, მ--–----------–---–მა სცადა მოეგვარებინა ბავშვის რჩენა-აღზრდის საკითხები მოპასუხესთან შეთანხმებით, მაგრამ რ--------------–---ი არ ღებულობს მონაწილეობას შვილის აღზრდაში. ბავშვს ესაჭიროება ფინანსური დახმარება: აუცილებელია რეგულარული კონსულტაციები პედიატრთან, ასევე საკვების, ჩაცმისა და სხვა ყოფითი ხარჯები. რ--------------–---ი, როგორც ბ--- ბ------–----ს მამა, ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს ბავშვის აღზრდაში და ფინანსურად ეხმარებოდეს მას. რ--------------–---ს აქვს მაღალი შემოსავლები, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით, შესაბამისად აქვს შესაძლებლობა იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია (01.05.2018 წ. წარმოდგენილ სარჩელზე)

 

2.1. მოპასუხემ თანხმობა განაცხადა არასრულწლოვანი შვილის, ბ--- ბ------–----ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 ლარის გადახდაზე.

 

მოპასუხის განმარტებით, არ შეესაბამება სინამდვილეს ინფორმაცია, რომ იგი არ ინტერესდება ბავშვის აღზრდით, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ შეძლებს სარჩელში მითითებული ოდენობით ალიმენტის გადახდას, ვინაიდან არის ძებნილი და არ აქვს შემოსავალი. მას აქვს დაგროვილი საჯარიმო დავალიანება სააღსრულებო ბიუროს მიმართ. ამასთან, გასათვალისწინებელია მეორე მშობლის ფინანსური მდგომარეობა, მოსარჩელე გახდა ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ეწევა საადვოკატო საქმიანობას და აქვს შემოსავალი.

 

3. სასარჩელო მოთხოვნა (03.07.2018 წ. წარმოდგენილ სარჩელში)

 

3.1. ქორწინების შეწყვეტა რ--------------–---სა (პ/ნ 2----------, დაბადებული 3.09.1--- წ.) და მ--–----------–---–ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 02.01.1--- წ.) შორის რეგისტრირებული 2016 წლის 23 იანვარს, აქტის ჩანაწერი № 4----------.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მ--–----------–---–ი და რ--------------–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 23 იანვრიდან. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2017 წლის 17 თებერვალს დაბადებული ბ--- ბ------–----. მ--–----------–---–სა და რ--------------–---ს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, შესაბამისად რ--------------–---ის მოთხოვნაა მოხდეს ქორწინების შეწყვეტა.

 

4. მოპასუხის პოზიცია (03.07.2018 წ. წარმოდგენილ სარჩელზე)

 

4.1. მ--–----------–---–მა სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ ცნო.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. მ--–----------–---–ი და რ--------------–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 23 იანვრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 14).

 

5.1.2. მ--–----------–---–ს და რ--------------–---ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2017 წლის 17 თებერვალს დაბადებული ბ--- ბ------–----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 15).

 

5.1.3. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილი, ცხოვრობს დედასთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

5.1.4. მხარეთა შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია ოჯახური თანაცხოვრება. მ--–----------–---–სა და რ--------------–---ს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

6.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

6.2.1. მ--–----------–---–ი საქართველოს მთავარი პროკურორის 2018 წლის 02 თებერვლის #21-მ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან, პირადი განცხადების საფუძველზე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ის დასაქმებულია და აქვს შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნამსახურეობის ნუსხა 09.03.2018წ. (ტომი 1, ს.ფ. 16).

 

6.2.2. სს „ტერა ბანკიდან“ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 15 მაისს წარმოდგენილი მომართვის თანახმად, რ--------------–---ს აქვს 2 მულტისავალუტე საბანკო ანგარიში, 1) ანგარიშიდან G---------------------/USD - ამონაწერის მიხედვით რ--------------–---ის ბრუნვა 01/01/2017 წლიდან - 11/05/2018 წლამდე შეადგენს 955.77 – 932.86, საბოლოო ნაშთი 20.00 კ. 2) ანგარიშიდან G---------------------/EUR - ამონაწერის მიხედვით რ--------------–---ის ბრუნვა 01/01/2017 წლიდან - 11/05/2018 წლამდე შეადგენს 25166.37 – 24879.53, საბოლოო ნაშთი 0.00, 3) ანგარიშიდან G----------------------GEL - ამონაწერის მიხედვით რ--------------–---ის ბრუნვა 01/01/2017 წლიდან - 11/05/2018 წლამდე შეადგენს 5538.41 – 5440.00, საბოლოო ნაშთი 40.04.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.05.2018 წ. მომართვა, ამონაწერები ანგარიშიდან ( ტომი 1, ს.ფ. 27-38).

 

6.2.3. სს „ვითიბი ბანკიდან“ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 21 მაისს წარმოდგენილი მომართვის თანახმად:1) ანგარიშიდან G----------------------EUR - ამონაწერის მიხედვით რ--------------–---ის ბრუნვა 01/01/2017 წლიდან - 10/05/2018 წლამდე შეადგენს 6931.02 – 7128.92, საბოლოო ნაშთი 197.90 კ. 2) ანგარიშიდან G----------------------GEL - ამონაწერის მიხედვით რ--------------–---ის ბრუნვა 01/01/2017 წლიდან - 10/05/2018 წლამდე შეადგენს 4312.10 – 4312.10, საბოლოო ნაშთი 0.00, 3) ანგარიშიდან G----------------------USD - ამონაწერის მიხედვით რ--------------–---ის ბრუნვა 01/01/2017 წლიდან - 10/05/2018 წლამდე შეადგენს 5913.07 – 5913.07, საბოლოო ნაშთი 0.00.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 21.05.2018 წ. მომართვა, ამონაწერები ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 43-52).

 

6.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 21 მაისს წარმოდგენილი მომართვის თანახმად 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით რ--------------–---ს მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 21.05.2018 წ. მომართვა (ტომი 1, ს.ფ. 41).

 

6.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის განჩინების საფუძველზე ბრალდებულ რ--------------–---ის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 13.04.2018წ. დადგენილება ძებნის გამოცხადების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 98-99);

 

6.2.7. აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეტყობინებების თანახმად, რ--------------–---ს 27.06.2018 წლის მონაცემებით გადასახდელი აქვს ჯარიმა და აღსრულების საფასური ჯამში - 240 ლარის და 300 ლარის ოდენობით, 15.06.2018 წლის მონაცემებით - 340 ლარის ოდენობით, 21.06.2018 წლის მონაცემებით 130 ლარის ოდენობით, 30.07.2018 წლის მონაცემებით - 340 ლარის ოდენობით, 04.08.2018 წლის მონაცემებით - 340 ლარის, ასევე 340 - 340 ლარის ოდენობით და რ--------------–---ს 07.08.2018 წლის მონაცემებით გადასახდელი აქვს ჯარიმა და აღსრულების საფასური ჯამში - 340 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინებები (ტომი 1, ს.ფ. 101-109);

 

6.2.8. რ--------------–---ს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, 2012 წლის 09 იანვარს დაბადებული ლ--–- ბ------–----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ.126-128).

 

6.2.9. საქმის მასალებით არ დასტურდება რ--------------–---ის დასაქმებისა და ყოველთვიურად, სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი, მაგრამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე სისტემატურად ფიქსირდება სხვადასხვა პირთა მიერ ჩარიცხული თანხები და ფინანსური ბრუნვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);

-15.05.2018 წ. მომართვა, ამონაწერები ანგარიშიდან ( ტომი 1, ს.ფ. 27-38);

- 21.05.2018 წ. მომართვა, ამონაწერები ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 43-52).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

7.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის რჩენა-აღზრდის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით.

 

7.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით და მოპასუხემ ცნო სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. ალიმენტის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1222-ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.

 

9. განქორწინების სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე მუხლები;

 

10. სამართლებრივი შეფასება

 

10.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2017 წლის 17 თებერვალს დაბადებული ბ--- ბ------–----, რომელიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.

 

აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.

 

,, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მ--–----------–---–ი უმუშევარია. იგი საქართველოს მთავარი პროკურორის 2018 წლის 02 თებერვლის #21-მ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან, პირადი განცხადების საფუძველზე. რაც შეეხება მოპასუხე რ--------------–---ს, იგი არის ძებნილი, ცხოვრობს საზღვარგარეთ, ყოველთვიურად სტაბილური ხელფასის მიღება არ უდასტურდება. ამასთან, ყურადსაღებია, რომ სს „ტერა ბანკიდან“ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 15 მაისს წარმოდგენილი მომართვის თანახმად, რ--------------–---ს აქვს 2 მულტისავალუტე საბანკო ანგარიში, 1) ანგარიშიდან G---------------------/USD - ამონაწერის მიხედვით რ--------------–---ის ბრუნვა 01/01/2017 წლიდან - 11/05/2018 წლამდე შეადგენს 955.77 – 932.86, საბოლოო ნაშთი 20.00 კ. 2) ანგარიშიდან G---------------------/EUR - ამონაწერის მიხედვით რ--------------–---ის ბრუნვა 01/01/2017 წლიდან - 11/05/2018 წლამდე შეადგენს 25166.37 – 24879.53, საბოლოო ნაშთი 0.00, 3) ანგარიშიდან G----------------------GEL - ამონაწერის მიხედვით რ--------------–---ის ბრუნვა 01/01/2017 წლიდან - 11/05/2018 წლამდე შეადგენს 5538.41 – 5440.00, საბოლოო ნაშთი 40.04.

 

სს „ვითიბი ბანკიდან“ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 21 მაისს წარმოდგენილი მომართვის თანახმად:1) ანგარიშიდან G----------------------EUR - ამონაწერის მიხედვით რ--------------–---ის ბრუნვა 01/01/2017 წლიდან - 10/05/2018 წლამდე შეადგენს 6931.02 – 7128.92, საბოლოო ნაშთი 197.90 კ. 2) ანგარიშიდან G----------------------GEL - ამონაწერის მიხედვით რ--------------–---ის ბრუნვა 01/01/2017 წლიდან - 10/05/2018 წლამდე შეადგენს 4312.10 – 4312.10, საბოლოო ნაშთი 0.00, 3) ანგარიშიდან G----------------------USD - ამონაწერის მიხედვით რ--------------–---ის ბრუნვა 01/01/2017 წლიდან - 10/05/2018 წლამდე შეადგენს 5913.07 – 5913.07, საბოლოო ნაშთი 0.00. მოპასუხე რ--------------–---ი არის შრომისუნარიანი, ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებსაც, რომ მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მის აღზრდა-განვითარების ხარჯებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან მ--–----------–---–ი ამ ეტაპზე უმუშევარია, მისი დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტი ამ ეტაპზე არ დასტურდება, შესაბამისად არ გააჩნია მატერიალური სახსრები, საკუთრებაში არ აქვს უძრავი ქონება, მატერიალურად ეხმარებიან მშობლები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვი, მცირეწლოვანი ასაკიდან გამომდინარე საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, ჰიგიენურ საშუალებებს, კვებას, რაც შესაბამის ხარჯებთანაა დაკავშირებული. რ--------------–---ის მიერ მითითებული ალიმენტის ოდენობა ვერ იქნება არასრულწლოვანის ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის საკმარისი, ამასთან გასათვალისწინებელია სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობა, მით უფრო რომ აღნიშნული საარსებო მინიმუმი გამოთვლილია სრულწლოვანი ადამიანის მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ხოლო არასრულწლოვნების საჭიროებები ხშირ შემთხვევაში ბევრად აღემატება ზრდასრულის მოთხოვნებს.

 

სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმი 2018 წლის ივლისის თვისათვის შეადგენდა - 171.5 ლარს (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები - ). აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სარჩელის განხილვის დროისათვის მოპასუხის დასაქმებას დაადასტურებდა, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, გამოცდილება, სხვადასხვა წყაროდან მიღებული შემოსავლები და ა.შ. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე, შესაბამისად, მოპასუხეს აქვს უნარი და შესაძლებლობა იზრუნოს შვილებზე და შეუქმნას მათ სათანადო პირობები. ამასთან, უდავოა ბავშვების ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა.

 

არასრულწლოვნები, მათი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებენ განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 250 ლარი.

 

რ--------------–---ისათვის გადასახდელად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა, მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 01 მაისიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.

 

10.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის. მხარეთა შორის არ არსებობს ფაქტობრივი თანაცხოვრება, ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს. ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ--–----------–---–ი და რ--------------–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 23 იანვრიდან. მათ შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, ოჯახის ადგენა შეუძლებელია. ამასთან, მოპასუხე მ--–----------–---–მა სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს; ამავე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხე რ--------------–---ისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრების საფუძველი.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ვინაიდან, მოპასუხემ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, არ არსებობს მისთვის ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ი-------------ს მიერ 2018 წლის 03 აპრილს განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე, მე-14, 41-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--–----------–---–ის სარჩელი რ--------------–---ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. რ--------------–---ს (პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი შვილის - 2017 წლის 17 თებერვალს დაბადებული ბ--- ბ------–----ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად შვილის სასარგებლოდ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 01 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

2. მოპასუხე რ--------------–---ს (პ/ნ 2----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. რ--------------–---ის სარჩელი მ--–----------–---–ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

3.1. შეწყდეს ქორწინება მ--–----------–---–სა (პ/ნ 0----------, დაბადებული 02.01.1--- წ.) და რ--------------–---ს (პ/ნ 2----------, დაბადებული 03.09.1--- წ.) შორის, რეგისტრირებული 2016 წლის 23 იანვარს, სააქტო ჩანაწერი №4----------.

 

4. რ--------------–---ს (პ/ნ 2----------) დაუბრუნდეს ი-------------ს მიერ 2018 წლის 03 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომელიც ჩარიცხულია სს ,,საქართველოს ბანკში“, მიმღების ანგარიში:300773150.

 

5. მ--–----------–---–ს არ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა რ--------------–---ის სასარგებლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

8. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

9. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე