გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110210018002311967
N2/158-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.09.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე სს "ფ----------------------–--",წარმომადგენელი ალ---------ე შე-----–-ძე,მოპასუხე გ-------–--------ე,დავის საგანი:თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე გ-------–--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხის 1621.07 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა 1292.51 ლარი, სარგებელი - 122.76 ლარი, პირგასამტეხლო 205.80 ლარი ;
1.2. მოპასუხე გ-------–--------ეს მოსარჩელე სს ”ფ----------------------–--ს” სასარგებლოდ დაეკისროს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
1.3. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის პოზიცია:
2016 წლის 28 მარტს გ-------–--------ემ სს ,,ფ----------------------–--საგან" აიღო სესხი 4100 ლარის ოდენობით 728 დღის ვადით. სესხის სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 33.95% წლის განმავლობაში. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით. ყოველვადაგადაცილებულ დღეზე საურავი შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს. საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარულიო დღის განმავლობაში. გ-------–--------ემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეზე სესხის თანხის დაკისრებას.
2. 1.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ-------–--------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა შესაგებელს.
3.1. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2016 წლის 28 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N161995.3600.001, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 4100 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის N161995.3600.001. ხელშეკრულება;
3.2. სესხის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 33.95 %-ით, საურავი განისაზღვრა 1.0 %-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის N161995.3600.001. ხელშეკრულება;
3.3 მსესხებელმა გ-------–--------ემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ფურცელი;
3.4 . მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1621.07 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1292.51 ლარი, სარგებელი122.76 ლარი, პირგასამტეხლო 205.80 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის გადახდის ისტორია.
3.5. მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა მოსარჩელის მხრიდან დავალიანების არსებობისა და მისი ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილის ასლები და ფოსტის პასუხები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ დაასაბუთა მისი სარჩელის სამართლებრივი საფუძვლიანობა წარმოადგინა მტკიცებულებები (სესხის ხელშეკრულება, დავალიანების ფურცელი, ანგარიშიდან ამონაწერი), რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა, შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ხელშეკრულების პირობები მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,, ფ----------------------–--ს’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 361-ე , 623-ე , 625-ე 867-ე, 868-ე მუხლები ;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.3. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს ,,ფ----------------------–--სა" და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.
6.6. სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 მარტს მხარეებს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გ-------–--------ეზე გაიცა სესხის თანხა 4100 ლარის ოდენობით, 2018 წლის 25 იანვრამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის 33,95%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1.0%-ს. მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
6.7. ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სკ-ის 8.3 მუხლი). უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები (სკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი).
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.
ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევისათვის ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის მაღალი და არ საჭიროებს შემცირებას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად მოპასუხე გ-------–--------ეს მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ვინაიდან სესხის ხელშეკრულების 4.8. პუნქტით პირდაპირაა გათვალისწინებული დავის შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუცო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ”ფ----------------------–--ს” (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე გ-------–--------ეს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე სს ”ფ----------------------–--ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხის 1621.07 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა 1292.51 ლარი, სარგებელი - 122.76 ლარი, პირგასამტეხლო 205.80 ლარი ;
3. მოპასუხე გ-------–--------ეს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე სს ”ფ----------------------–--ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი