გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001671461
საქმე №2-48/17წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 აგვისტო, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე შპს „ბ---------------------------–------–-------ანა“
წარმომადგენელი თ-------------–---–-
მოპასუხე ს-------------–--ე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ს-------------–--ეზე შპს „ბ---------------------------–------–--------ის“ სასარგებლოდ 389 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 1999 წლის 04 აგვისტოს შპს „ბ---------------------------–------–-------ანა“-ს და სერგო ხინკილაძეს შორის დაიდო ზეპირი შესყიდვის ხელშეკრულება, რის შემდგომაც შპს „ბ---------------------------–------–-------ანამ“ გამოყო 30ტ ავიონავთი და გამოწერილი იქნა ანგარიშ-ფაქტურა 2303 ლარზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშ-ფაქტურა.
3.2.2. დღეის მდგომარეობით ს-------------–--ეს შპს „ბ---------------------------–------–--------ის“ მიმართ დარჩენილი აქვს 389 ლარის ოდენობით დავალიანება, რის შესახებაც მოსარჩელის მიერ წერილობით ეცნობა მოპასუხეს 2016 წლის 07 მარტს.
დადგენილია, რომ მოპასუხე ს-------------–--ე არ ცნობს დავალიანებას და უარს აცხადებს მის გადახდაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- შპს „ბ---------------------------–------–--------ის“ წერილი.
- ს-------------–--ის განმარტება-პასუხი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 477-ე, 483-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამყიდველმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მიაწოდა მოპასუხეს საქონელი, ხოლო მყიდველის, ამ შემთხვევაში მოპასუხე ს-------------–--ის მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება და არ იქნა გადახდილი მიღებული საქონლის ღირებულება სრულად, რის გამოც მისი დავალიანება შეადგენს 389 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
6.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვს 1999 წლის 04 აგვისტოს შეძენილი საქონლის ღირებულების ანაზღაურებას. ასევე დადგენილია, რომ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 06 იანვარს.
ზ/ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა 1999 წლის 04 აგვისტოს შეძენილი საქონლის ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არის ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, ასევე სამი წელია, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;
დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან 30 ტ ავიანავთი შეიძინა 1999 წლის 04 აგვისტოს და შესაბამისად ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულებაც წარმოიშვა საქონლის შეძენის დროიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ნასყიდობის საფასურის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1999 წლის 04 აგვისტოდან და სწორედ ამ დროიდან მისთვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე, თუმცა სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 06 იანვარს.
ამდენად, სასამართლო მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6.3. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დავის საგანი არის 389 ლარი, ამიტომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. სააპელაციო წესით გასაჩივრებას კი სამოქალაქო საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365 მუხლის თანახმად ექვემდებარება მაშინ, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს შპს „ბ---------------------------–------–--------ის“ სარჩელი ს-------------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;
2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.
3. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე