გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210117001998231
საქმე #2/479-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.09.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - სს ”თი---------ი”
წარმომადგენელი - ეკ----------------ე
მოპასუხეები -ზა--------------–ი, ოთ------------------ი
დავი საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს ზა--------------–ს და ოთ------------------ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 12 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6 556,98 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5 501,96 ლარი, პროცენტი 753,70 ლარი, ჯარიმა 282,88 ლარი და დაზღვევა 18,44 ლარი;
1.2. მოპასუხეებს ზა--------------–ს და ოთ------------------ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 12 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 5 501,96 ლარზე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, 2017 წლის 31 მაისიდან არაუმეტეს ერთი წლისა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 165,05 ლარს.
1.3. მოპასუხეებს ზა--------------–ს და ოთ------------------ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 12 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 5 501,96 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 27,50 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა.
1.4. მოპასუხე ზა--------------–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 12 აგვისტოს საკრედიტო ბარათის სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 2 358,65 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1 656,82 ლარი, პროცენტი 353,85 ლარი და ჯარიმა 347,98 ლარი.
1.5. მოპასუხე ზა--------------–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 12 აგვისტოს საკრედიტო ბარათის სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 1 656,82 ლარზე, წლიური 48% სარგებლის გადახდა, 2017 წლის 31 მაისიდან არაუმეტეს ერთი წლისა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 66,27 ლარს.
1.6. მოპასუხე ზა--------------–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 2016 წლის 12 აგვისტოს საკრედიტო ბარათის სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 1 656,82 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5 %-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 8,28 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
· სს „თი---------სა“ და ზა--------------–ს შორის 2016 წლის 12 აგვისტოს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. იმავე დღე გაფორმდა №358----------60 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სესხი 6000 ლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%-ით, ვადად კი 36 თვით განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ერთჯერადად 10 ლარი და დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოპასუხე ოთ------------------თან თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა ხელშეკრულებით 7 800 ლარით განისაზღვრა.
მოპასუხეთა მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მათი სოლიდარული დავალიანება სს ,,თი---------ის“ წინაშე 6 556,98 ლარს შეადგენს, საიდანაც ძირი თანხაა 5 501,96 ლარი, პროცენტი 753,70 ლარი, ჯარიმა 282,88 ლარი და დაზღვევა 18,44 ლარი;
· მოპასუხე ზა--------------–თან 2016 წლის 12 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებაც დაიდო, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა TBC Prime Card-ი 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი წლიური 48% განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას პერიოდულად არღვევდა და 2016 წლის იანვრიდან თანხის გადახდა აღარ მომხდარა, რის გამოც მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 2 358,65 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1656,82 ლარი, პროცენტი 353,85 ლარი და ჯარიმა 347,98 ლარი.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა ერთობლივი შესაგებელი წარმოადგინეს. სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ ვინაიდან სესხად გაცემული თანხა მხოლოდ ზა--------------–მა მოიხმარა, ამიტომ დავალიანებაც მხოლოდ ზა--------------–ის გადასახდელია.
2.2. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ზა--------------–მა განმარტა, რომ სარჩელს ცნობდა მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში. მოპასუხე ოთ------------------ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
(იხ. შესაგებელი და სასამართლოს 31.08.2018 წლის სხდომის ოქმი 15:01:53-15:03:12 სთ).
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სს ”თი---------სა” და ზა--------------–ს შორის, 2016 წლის 12 აგვისტოს, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0102.3------.001 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესი და პირობები განისაზღვრა. ხელშეკრულების 1.2. პუნქტით ბანკმა მოპასუხისთვის საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით, საკრედიტო ლიმიტით, საბანკო გარანტიით, აკრედიტივით, ფაქტორინგით და სხვა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების გაწევის ვალდებულება იკისრა. ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრულია საპროცენტო სარგებლის განაკვეთი და მისი გადახდის წესი, რომლის 5.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპროცენტო სარგებლის დარიცხვა მოხდებოდა ფაქტობრივ დავალიანებაზე პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. ხელშეკრულება, 13.1 პუნქტის თანახმად, განუსაზღვრელი ვადით დაიდო. ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ დაზღვევის პირობებზე და განსაზღვრეს, რომ ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის ანგარიშიდან ყოველთვიურად უაქცეპტო წესით ჩამოწეროს სადაზღვევო პრემიის თანხა და განახორციელოს ანგარიშსწორება სადაზრვევო კომპანიასთან. იმ შემთხვევაში კი თუ მსესხებელი არ გადაიხდის სადაზღვევო პრემიას დავალიანება ჩაითვლება ვადაგადაცილებულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0102.3------.001 ხელშეკრულება (ს.ფ. 18-26);
3.1.2. სს ”თი---------სა” და ზა--------------–ს შორის 2016 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის №358----------60 ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი - 6000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%-ით, ხოლო კრედიტის ვადა 36 თვით განისაზღვრა. კრედიტი უნდა დაფარულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, 2019 წლის 12 აგვისტომდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, იგი წარმოადგენს 12.08.2016 წლის №0102.3------.001 ძირითადი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს და ამ უკანასკნელით განისაზღვრება სხვა პირობები, რომლებიც შემადგენელ ხელშეკრულებაში არ არის მოცემული. ამავე ხელშეკრულების 3.8 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა ვალდებულების სრულ შესრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო კრედიტის №358----------60 ხელშეკრულება (ს.ფ. 27-42);
3.1.3. სს ”თი---------სა” და ზა--------------–ს შორის 12.08.2016 წელს დადებული საბანკო კრედიტის №358----------60 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ოთ------------------თან თავდებობის №1231231104798 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მოპასუხემ ბანკის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ძირითადი მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 7 800 ლარით განისაზღვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება თავდებობის შესახებ (ს.ფ. 42);
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 43-46).
3.1.4. მოპასუხე ზა--------------–თან გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, სესხად გადაცემული თანხის დაბრუნება და სარგებლის გადახდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით უნდა მომხდარიყო. მოპასუხემ ბოლო გადახდა 2017 წლის 16 იანვარს განახორციელა. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადახდა მოპასუხემ 2017 წლის თებერვლიდან შეწყვიტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-17);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 54);
3.1.5. სს ”თი---------სა” და ზა--------------–ს შორის 2016 წლის 12 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის №11---1 ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა TBC Prime Card-ი 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი წლიური 48%-თ განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველ დარღვევაზე 20 ლარი და დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2033 წლის 30 ოქტომბრამდე განისაზღვრა. ხელშეკრულების სხვა პირობებში მითითებულია, რომ იგი წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 51-54);
3.1.6. მოპასუხე ზა--------------–მა დაარღვია 2016 წლის 12 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2017 წლის მარტიდან არ გადაიხადა სესხად გადაცემული თანხა, რის გამოც მოპასუხეს ერიცხება დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი, ხელშეკრულება (ს.ფ. 48-53);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 55-57)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ''თი---------ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (12.08.2016 წლის რედაქციით).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
სამოქალაქო სამართალით განმტკიცებულია მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
დადგენილია, რომ სს ”თი---------სა” და ზა--------------–ს შორის 12.08.2016 წელს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების №0102.3------.001 და საბანკო კრედიტის №358----------60 ხელშეკრულებები და მოპასუხეზე გაიცა სესხი 6000 ლარის ოდენობით წლიური 36% სარგებლის გადახდის პირობით. ზა--------------–თან დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ოთ------------------თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ძირითადი მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ზა--------------–თან მოსარჩელემ 12.08.2016 წელს დაიდო კიდევ ერთი ხელშეკრულება - საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №11---1 ხელშეკრულება 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებლის ოდენობა და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა.
შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ - სახელშეკრულებო ურთიერთობა და დავის გადაწყვეტაც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე უხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარემ ზა--------------–მა სადაო გახადა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის, სარგებლის, პირგასამტეხლოს და დაზღვევის საფასურის, აგრეთვე ძირი თანხის გადახდამდე სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდის საფუძვლიანობა. მანვე მიუთითა, რომ ვინაიდან საკრედიტო ხელშეკრულები სესხის მიმღები თავად იყო, ამიტომ მოპასუხე ოთ------------------ს თანხის გადახდა არ უნდა დაეკისროს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოპასუხის განმარტების საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ:
· პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0102.3------.001 ხელშეკრულების 5.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპროცენტო სარგებლის დარიცხვა მოხდებოდა ფაქტობრივ დავალიანებაზე პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ დაზღვევის პირობებზე და განსაზღვრეს, რომ ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის ანგარიშიდან ყოველთვიურად უაქცეპტო წესით ჩამოწეროს სადაზღვევო პრემიის თანხა და განახორციელოს ანგარიშსწორება სადაზრვევო კომპანიასთან. იმ შემთხვევაში კი თუ მსესხებელი არ გადაიხდის სადაზღვევო პრემიას დავალიანება ჩაითვლება ვადაგადაცილებულად.
· სს ”თი---------სა” და ზა--------------–ს შორის, 12.08.2016 წელს გაფორმდა საბანკო კრედიტის №358----------60 ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი 6 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%-ით, კრედიტის ვადა კი 36 თვით განისაზღვრა. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, იგი წარმოადგენს 12.08.2016 წლის №0102.3------.001 ძირითადი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს და ამ უკანასკნელით განისაზღვრება სხვა პირობები, რომლებიც შემადგენელ ხელშეკრულებაში არ არის მოცემული. ამავე ხელშეკრულების 3.8 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა ვალდებულების სრულ შესრულებამდე.
· აგრეთვე წარმოდგენილია სს ”თი---------სა” და ზა--------------–ს შორის 12.08.2016 წელს დადებული საბანკო კრედიტის №358----------60 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ოთ------------------თან დადებული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ძირითადი მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
· სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება გათვალისწინებულია სს ”თი---------სა” და ზა--------------–ს შორის 2016 წლის 12 აგვისტოს დადებულ საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებაშიც, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა TBC Prime Card 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით.
წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხე მხარემ ამ ხელშეკრულებების ნამდვილობა სადავო არ გახადა. მათი დადების ფაქტი სხდომაზე გამოცხადებულმა ზა--------------–მაც დაადასტურა.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საბანკო კრედიტის და საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებებით ზა--------------–მა იკისრა სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს, აგრეთვე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. მოპასუხე ოთ------------------თან კი დაიდო თავდებობის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელმა იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითადი მოვალის მიერ საბანკო კრედიტით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებების შესრულების ნაწილში.
მოსარჩელე მხარემ აგრეთვე წარმოადგინა გადახდების ისტორია და ცნობა დავალიანების შესახებ, რომელთა მიხედვით მოპასუხე მხარემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და შეწყვიტა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით და საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადახდა. შესაბამისად, საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხებს ზა--------------–ს და ოთ------------------ს სოლიდარულად წარმოეშვათ როგორც სესხად გაცემული თანხის, აგრეთვე დარიცხული სარგებლის და სადაზღვევო პრემიის, ხოლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო თავის მხრივ მოსარჩელეს წარმოეშვა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება. ანალოგიურად, მოსარჩელეს მოპასუხე ზა--------------–ის მიმართ წარმოეშვა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება. მოპასუხე მხარემ კი ვერ წარუდგინა სასამართლოს რაიმე მტკიცებულება, რაც სარჩელით მოთხოვნილი სარგებლის, პირგასამტეხლოს და დაზღვევის საფასურის მოთხოვნის უსაფუძვლობა დადასტურდებოდა. ამ ნაწილში მხარე მხოლოდ მითითებით შემოიფარგლა და სხვა რაიმე მტკიცებულება, აგრეთვე დამაჯერებელი განმარტება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების და მისგან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის დადასტურება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, 1) კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. 2) კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ყოველი ხელშემკვრელი მხარე კი უნდა ცდილობდეს უფლებების მართლზომიერად გამოყენებას და ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად კი მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მიხედვით, პირგასამტეხლოს ოდენობა ერთჯერადად 10 ლარით და დავალიანებული თანხის 0.5% ოდენობით განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა ერთჯერადად 20 ლარით და დავალიანებული თანხის 0.5% ოდენობით განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 3.8 პუნქტის მიხედვით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა ვალდებულების სრულ შესრულებამდე.
· საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით, მოპასუხეებს ყოველი თვის 12 რიცხვში 279.62 ლარი უნდა გადაეხადათ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეებმა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2017 წლის 12 თებერვლიდან აღარ შეასრულეს, რისთვისაც მათ 31 მაისის მდგომარეობით (დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით) დაერიცხათ პირგასამტეხლო 282.88 ლარის ოდენობით.
· საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება კი ბოლოს 2017 წლის 05 იანვარს მოხდა, რის შემდგომ, ვალდებულების შესრულება აღარ მომხდარა და მოპასუხე ზა--------------–ს დაერიცხა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობამ 31 მაისის მდგომარეობით (დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით) 347.98 ლარი შეადგინა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.. სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მისი ოდენობა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0.1%-ით უნდა განისაზღვროს.
ამდენად, 2017 წლის 31 მაისამდე საბანკო კრედიტის და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობები უნდა შემცირდეს და შესაბამისად 56.57 ლარით და 69.59 ლარით უნდა განისაზღვროს. ამავდროულად, ხელშეკრულების 3.8 პუნქტიდან გამომდინარე მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ ძირითადი თანხის დაბრუნებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა სარჩელით მოთხოვნილი თანხის ფარგლებში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისთვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, აგრეთვე საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი სარგებლიანი იყო და წლიური საპროცენტო განაკვეთი, მხარეთა შეთანხმებით ერთ შემთხვევაში 36%-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 48%-ით განისაზღვრა. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, თითოეული საკრედიტო პროდუქტით სარგებლობისათვის ბანკი კლიენტს უწესებს სარგებლის წლიურ განაკვეთს, რაც არის ამ საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის საფასური. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის მიხედვით, საპროცენტო სარგებელი ერიცხება კლიენტის ფაქტობრივ დავალიანებას ბანკის მიმართ და იანგარიშება პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით.
მოსარჩელე წარმოადგენს კომერციულ ბანკს, რომელის ერთ-ერთ საქმიანობასაც ,,კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სესხების გაცემა წარმოადგენს. მათ შორისაა სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით. განსახილველ შემთხვევაში გაცემული სესხები სარგებლიანი იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელეს გაცემული სესხიდან სარგებლის მიღება შეეძლო. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ის შეძლებდა იმავე თანხის ხელახლა დაკრედიტებას და მიიღებდა სარგებელს, რომლის მიღების საშუალებაც არ მიეცათ მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამავე დროს, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.1 და 5.3 პუნქტები და საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების 3.8 პუნქტი უნდა შეფასდეს, როგორც სესხით სარგებლობის მთელ პერიოდზე სარგებლის დარიცხვაზე მხარეთა შორის შეთანხმებად და ვინაიდან საბანკო კრედიტის და საკრედიტო ხელშეკრულებით გადაცემული სესხების ძირი თანხები ამ დრომდე დაბრუნებული არ არის, ამიტომ, ვალდებულების შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით როგორც საბანკო კრედიტის, ასევე საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდევინების დაკისრების მოთხოვნა მართლზომიერ მოთხოვნას წარმოადგენს.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ოთ------------------თან დადებულია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 7800 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, მოპასუხე ოთ------------------ს, როგორც სოლიდარულ მოვალეს, ზა--------------–თან ერთად სს ,,თი---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ამასთან, მისი პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 7800 ლარით უნდა განისაზღვროს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულადი გადახდევინების შესახებ სარჩელებზე გადასახდელი თანხის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელებზე არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 562.31 ლარი, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე 50 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარი და საადვოკატო მომსახურებისთვის 500 ლარი.
დავის საგნის ფასი პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განისაზღვრა 9 537.58 ლარით და ამიტომ, სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ 286.12 ლარი შეადგინა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაც და აკრძალვის რეგისტრაციაც ამ სასარჩელო მოთხოვნასთან არის დაკავშირებული. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მთლიანობაში დაკმაყოფილებულმა ოდენობამ 9 311.27 ლარი შეადგინა. ამასთან, მოპასუხე ზა--------------–მა სარჩელი ცნო ძირითადი თანხის - 5 501.96 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეებს ზა--------------–ს და ოთარ გიორგობიანს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 279.33 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის, საჯარო რეესტრში უზრუნველყოფის რეგისტრაციისთვის გადახდილი 20 ლარის ანაზღაურება. ამასთან, ვინაიდან მოპასუხე ზა--------------–მა სარჩელი ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში ცნო, მისი პასუხისმგებლობის ოდენობა სახელმწიფო ბაჟის - 279.33 ლარის ანაზღაურების ნაწილში 114.28 ლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს. რაც შეეხება საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილ თანხას, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად და 4%-ის ოდენობით, რაც 372.45 ლარს შეადგენს.
დავის საგნის ფასი მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განისაზღვრა 3 653.89 ლარით და ამიტომ, სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ 109.61 ლარი შეადგინა. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მთლიანობაში დაკმაყოფილებულმა ოდენობამ 3 375.5 ლარი შეადგინა. ამასთან, მოპასუხე ზა--------------–მა სარჩელი ცნო ძირითადი თანხის - 1 656.82 ლარის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
შესაბამისად, მოპასუხე ზა--------------–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 51.56 ლარის და დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად საადვოკატო მომსახურების ხარჯის 135.02 ლარის ანაზღაურება.
ორივე მოთხოვნასთან მიმართებით დავის საგნის ფასმა 13 191.47 ლარი შეადგინა, ამიტომ სარჩელზე წინასწარ გადასახდელი ბაჟის ოდენობა 395.74 ლარით უნდა განისაზღვროს. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს ბაჟი 562.31 ლარი. ამიტომ მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა 166.58 ლარის ოდენობით. მასვე უნდა დაუბრუნდეს მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 49.7 ლარი, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნო. გამომდინარე აქედან, მოსარჩელეს სს ,,თი---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთლიანობაში უნდა დაუბრუნდეს 216.28 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 06.07.2017 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც რომლითაც მოპასუხე ოთ------------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ლა----------------ნი, სოფელი ჭ--------ი, საკადასტრო კოდი 54---------8, გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სარჩელი მოპასუხეების ზა--------------–ის და ოთ------------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეებს ზა--------------–ს და ოთ------------------ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 12 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 6 330.67 ლარის გადახდა, საიდანაც 5 501.96 ლარი არის ძირითადი თანხა, 753.70 ლარი სარგებელი, 56.57 ლარი პირგასამტეხლო და 18.44 ლარი დაზღვევის საფასური;
1.2. მოპასუხეებს ზა--------------–ს და ოთ------------------ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 31 მაისიდან სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 12 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირითად თანხაზე - 5 501.96 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტესი ერთი წლის განმავლობაში წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 165.05 ლარს შეადგენს;
1.3. მოპასუხეებს ზა--------------–ს და ოთ------------------ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 31 მაისიდან სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 12 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირითად თანხაზე - 5 501.96 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 5.5 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტესი 1000 ლარისა;
1.4. მოპასუხე ოთ------------------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1-ე, 1.2-ე და 1.3-ე პუნქტებით დაკისრებულ თანხებთან მიმართებით 7 800 ლარის ოდენობით განისაზღვროს;
1.5. მოპასუხეებს ზა--------------–ს და ოთარ გიორგობიანს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 279.33 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის, საჯარო რეესტრში უზრუნველყოფის რეგისტრაციისთვის გადახდილი 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის 372.45 ლარის ანაზღაურება;
1.6. მოპასუხე ზა--------------–ის პასუხისმგებლობის ოდენობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.5. პუნქტით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის - 279.33 ლარის ანაზღაურების ნაწილში 114.28 ლარის ოდენობით განისაზღვროს.
2. მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სარჩელი მოპასუხე ზა--------------–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.1. მოპასუხე ზა--------------–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 12 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2080.26 ლარის გადახდა, საიდანაც 1 656.82 ლარი არის ძირითადი თანხა, 353.85 ლარი სარგებელი, 69.59 ლარი პირგასამტეხლო;
2.2. მოპასუხე ზა--------------–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 31 მაისიდან დაეკისროს 2016 წლის 12 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირითად თანხაზე - 1 656.82 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტესი ერთი წლის განმავლობაში წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 66.27 ლარს შეადგენს;
2.3. მოპასუხე ზა--------------–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 31 მაისიდან დაეკისროს 2016 წლის 12 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირითად თანხაზე - 1 656.82 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.65 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტესი 500 ლარისა;
2.4. მოპასუხე ზა--------------–ს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 51.56 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის 135.02 ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელე სს ,,თი---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 216.28 ლარი (საგადახდო დავალება №2; რეფერენსი 1650604253; გადახდის თარიღი 15.06.2017 წელი).
4. ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ოთ------------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ლა----------------ნი, სოფელი ჭ--------ი, საკადასტრო კოდი 54---------8, გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე