გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2018
საქმის ნომერი
140210018002566407
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002566407

საქმე №2/1461-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - მ---------–-–---–ი

წარმომადგენლები - ქ-------------–---–ი, მ----------–-–---–ი

მოპასუხე - ა----------------------–----–--------------–------–------------------------

წარმომადგენელი - ნ--------------–-–---–ი

დავის საგანი: კომპენსაციის გადახდა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა----------------------–----–--------------–------–------------------------ს მოსარჩელე ნელი კილიშვილის სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება ერთი თვის ხელფასის, 330 ლარის, ოდენობით (დაზუსტებული მოთხოვნა).

 

მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2009 წლის 08 მარტიდან მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის №1 სკოლამდელი აღზდის საჯარო დაწესებულებაში აღმზრდელად 3 საათიან განაკვეთზე. 2013 წლის 26 აგვისტოს ბრძანებით, მერი კილიშვილს 2013 წლის 02 სექტემბრიდან შეუთავსდა მეთოდისტის პოზიცია ნახევარ განაკვეთზე და შესაბამისად, ანაზღაურებასაც იღებდა ორივე თანამდებობის სარგოს. 2018 წლის 11 ივნისს გათავისუფლდა მეთოდისტის თანამდებობიდან და დღეის მდომარეობით მუშაობას აგრძელებს მხოლოდ აღმზრდელის თანამდებობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ა----------------------–----–--------------–------–------------------------მ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე, სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო, მიიჩნია იგი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იმ გარეოებებზე მითითებთ, რომ მოსარჩელე აგრძელებს მუშაობას აღმზრდელის პოზიციაზე და მოითხოვა მერი კილიშვილსათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2009 წლის 08 მარტს მერი კილიშვილი დაინიშნა გორის მუნიციპალიტეტის №1 სკოლამდელი აღზდის საჯარო დაწესებულებაში აღმზრდელად 3 საათიან განაკვეთზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შრომის წიგნაკი

 

3.1.2. 2013 წლის 26 აგვისტოს ბრძანებით მერი კილიშვილს 2013 წლის 02 სექტემბრიდან შეუთავსდა მეთოდური უზრუნველყოფის 0,5 განაკვეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბრძანება №6

 

3.1.3. 2018 წლის 11 ივნისის №446 ბრძანებით მერი კილიშვილი გათავისუფლდა გორის მუნიციპალიტეტის №1 სკოლამდელი აღზდის საჯარო დაწესებულების მეთოდისტის თანამდებობიდან, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წესდების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ და „რ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბრძანება №446

 

3.1.4. მოსარჩელეს შრომითი ანაზღაურება, როგორც გორის მუნიციპალიტეტის N1 სკოლამდელი აღზდის საჯარო დაწესებულებაში მეთოდისთან მუშაბის პერიოდში დარიცხული ხელფასი შეადგენდა 330 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა მერი კილიშვილის სახელფასო ანაზღაურების შესახებ

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მერი კილიშვილის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 42-ე მუხლები;

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე, 38-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დასადგენია გათავისუფლების ბრძანების იურიდიული ბუნება, კერძოდ, იგი არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი, როგორც ვადის გასვლის შედეგი, თუ როგორც სხვა გარემოება, რომელიც დამსაქმებელს ავალებს, რომ მოსარჩელეს გადაუხადოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთერთი საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

 

6.4. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესი დამსაქმებელს იმპერატიურად აკისრებს ვალდებულებას არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით და ამასთანავე, დასაქმებულს მისცეს კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, სხვა გამოაკლისს აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე (დასაქმებული) ინფორმირებული იყო სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ, მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა მხოლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და მიუთითა, რომ დასაქმებულს კომპენსაცია არ ეკუთვნის, ვინაიდან იგი აგრძელებს მუშაობას იგივე სამსახურში აღმზრდელის თანამდებობაზე.

 

6.5. მოპასუხის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე აღმზრდელის თანამდებობაზე მუშაობდა 2009 წლიდან, ხოლო 2013 წლიდან მას შეუთავსეს მეთოდისტის თანამდებობა და ხელფასსაც იღებდა ორივე თანამდებობაზე განსაზღვრული სარგოს მიხედით. შესაბამისად, მოპასუხის პოზიციას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დასაქმებული გათავისუფლდა ერთერთი თანამდებობიდან და სხვა თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება ვერ გახდება სხვა თანამდებობიდან გათავისუფლების გამო დამსაქმებლის მხრიდან კომპანსაციის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საკანონმდებლო მოთხოვნებიდან, იგი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევეაში დადასტურებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მერი კილიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

2. მოპასუხე ა----------------------–----–--------------–------–------------------------ს მოსარჩელე მერი კილიშვილის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 1 თვის ხელფასის - 330 ლარის (დარიცხული ხელფასი) ოდენობით.

 

3. ა----------------------–----–--------------–------–------------------------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი