გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.08.2018
საქმის ნომერი
080370017002187543
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1359-2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგ--

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

 

მოსარჩელე - კ--- ქ-------

წარმომადგენელი - თ------- ე------

წარმომადგენელი - ვ----– გ-------

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - შ----- კ-----–--–---–ი, ა--------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის N168428 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის N168429 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის N29552 ბრძანება;

 

სარჩელის თანახმად, მოსარჩელის ოჯახი შედგება ოთხი წევრისგან (თავად კ--- ქ-------, მეუღლე ე--------–-----ა, მცირეწლოვანი შვილები: ზ-----ი ქ-------, ი-----–- ქ-------), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში. მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი არის ავარიულ მდგომარეობაში, რომლის შესახებ იცის როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ასევე მეგობრებმა, რომლებიც ეხმარებიან მას სხვადასხვა მასალებით, მათ შორის ხის მასალით და საცხოვრებელი სახლის გადახურვისათვის საჭირო თანხის შეგროვებაში. დახმარების შედეგად მოსარჩელემ შეძლო 31,28 მ3 მოცულობის ხის მასალის შეგროვება.

 

2017 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელემ გადაწყვიტა შეგროვებული ხის მასალა ქალაქ ზუგდიდის სოფელ რუხიდან გადაეტანა აბაშის რაიონი სოფელ ს--------ში, სადაც ცხოვრობს მისი ძმის სიმამრი თ------ ჩ-------, რომელსაც აქვს ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო და რომელიც დაეხმარებოდა მასალის დამუშავებაში. აღნიშნული მიზნით მან ბადრო გ--------ს სთხოვა ხის მასალის ტრანსპორტირება კერძოდ, აბაშის რაიონი სოფელ ს--------ში, თავად კი მსუბუქი ავტომანქანით ოჯახთან ერთად მიყვებოდა უკან. შეთანხმებისამებრ ბ------ გ-------- უნდა დალოდებოდა კ--- ქ-------ს აბაშის რაიონში, რადგან მისთვის ცნობილი არ იყო თ------ ჩ-------ს ზუსტი მისამართი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის თანამშრომლების მიერ აბაშის რაიონში შეჩერებული იქნა ბ------ გ--------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, თუმცა მათ მიერ ოქმში ავტომანქანის შეჩერების ადგილი მითითებულია სამტრედია, რასაც მხარე არ ეთანხმება.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ხის მასალა არის მისი საკუთრება, იგი არ იყო განკუთვნილი სამეწარმეო საქმიანობისათვის, აღნიშნული ესაჭიროებოდა მას საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად,2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ კ--- ქ-------ს ოჯახი (მისამართი: ზუგდიდი, სოფელი რუხი) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისი სარეიტინგო ქულაა - 27770; ოჯახის წევრები: კ--- ქ-------; ე--------–-----ა; ზ----- ქ-------, ი-----–- ქ-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან (ს.ფ. 16)

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს კ--- ქ-------ს სახელზე გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი N0000750858, რომლის თანახმად:

 

მორების რაოდენობა: 1; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 76 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 70სმ;

მორების რაოდენობა: 2; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 70 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 63სმ;

მორების რაოდენობა: 3; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 63 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 55სმ;

მორების რაოდენობა: 4; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 80 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 76სმ;

მორების რაოდენობა: 5; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 76 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 69სმ;

მორების რაოდენობა: 6; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 69 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 62სმ;

 

დაზადების ადგილი: ხაიშის სატყეო უბანი; სატყეო ხუბერი; კვ.68, ლიტ.3. ხე-ტყის სართო მოცულობა მ3 - 14,72.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (ს.ფ. 137)

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს კ--- ქ-------ს სახელზე გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი N0000750863, რომლის თანახმად:

 

მორების რაოდენობა: 1; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 71 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 64სმ;

მორების რაოდენობა: 2; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 67 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 60სმ;

 

დამზადების ადგილი: ხაიშის სატყეო უბანი, სატყეო ხუბერი; კვ.68, ლიტ.3. ხე-ტყის სართო მოცულობა მ3 -4,37.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (ს.ფ. 139)

- მიმართვა N13/16338 (იხ. ს.ფ. 138);

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2015 წლის 5 ნოემბერს ვაჟა ყოლბაიას სახელზე გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი N0000693501, რომლის თანახმად:

 

მორების რაოდენობა: 1; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 45სმ; მორის მოცულობა 1,14;

მორების რაოდენობა: 2; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 48სმ; მორის მოცულობა 1,30;

მორების რაოდენობა: 3; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 52სმ; მორის მოცულობა 1,53;

მორების რაოდენობა: 4; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 55სმ; მორის მოცულობა 1,71;

მორების რაოდენობა: 5; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 54სმ; მორის მოცულობა 1,65;

მორების რაოდენობა: 6; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 47სმ; მორის მოცულობა 1,25;

მორების რაოდენობა: 7; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 41სმ; მორის მოცულობა 0,94;

მორების რაოდენობა: 8; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 40სმ; მორის მოცულობა 0,90;

 

დამზადების ადგილი: ხაიშის სატყეო უბანი, ხე-ტყის სართო მოცულობა მ3 -10,42.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (ს.ფ. 141)

- მიმართვა N13/16514 (იხ. ს.ფ. 140);

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2013 წლის 27 სექტემბერს გ-- ქ-------ს სახელზე გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი N000240549, რომლის თანახმად:

 

მორების რაოდენობა: 1; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 46სმ; მორის მოცულობა 1,19;

მორების რაოდენობა: 2; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 50სმ; მორის მოცულობა 1,41;

მორების რაოდენობა: 3; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 52სმ; მორის მოცულობა 1,53;

მორების რაოდენობა: 4; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 48სმ; მორის მოცულობა 1,30;

მორების რაოდენობა: 5; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 44სმ; მორის მოცულობა 1,09;

მორების რაოდენობა: 6; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 50სმ; მორის მოცულობა 1,41;

მორების რაოდენობა: 7; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 52სმ; მორის მოცულობა 1,53;

მორების რაოდენობა: 8; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 66სმ; მორის მოცულობა 2,44;

 

დამზადების ადგილი: მესტიის სატყეო უბანი, ხე-ტყის სართო მოცულობა მ3 -14,83.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (ს.ფ. 143)

- მიმართვა N13/16350 (იხ. ს.ფ. 142);

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის ინსპექტორ-გამომძიებლის დავით გრიგოლაშვილის მიერ შეჩერებული იქნა ბ------ გ--------ს მართვის ქვეშ არსებული OB498BO ავტომანქანა, რომლის ძარაზე დატვირთული იყო დახეხრილი ხის მასალა. აღნიშნული ავტომანქანის მონაცემები გადამოწმებული იქნა ,,oracle’’ ელექტრონულ ბაზაში და აღმოჩნდა, რომ ავტომანქანა გადაადგილდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. ოქმში აღნიშნულია, რომ ხსენებული ავტომანქანის შეჩერების ადგილია - ქ. სამტრედიის ტერიტორია, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა.

 

დადგენილია, რომ კ--- ქ-------ს კუთვნილი დახერხილი წიწვოვანი ხე-მასალის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 31,08 კუბ.მ-ს, საბაზრო საორიენტაციო ღირებულებაა - 17094 ლარი, დღგ-ს ჩათვლით.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს კ--- ქ-------ს მიმართ შედგა N168428 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსკ-ის 286-ე მუხლის მე-32 ნაწილით და სახდელად განესაზღვრა - ფულადი ჯარიმა - 10 000 ლარი და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

ოქმის თანახმად, 2017 წლის 26 სექტემბერს კ--- ქ------- ახდენდა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის, კერძოდ: 31,08 მ3 დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის ღირებულებით 17094,0 ლარის ტრანსპორტირებას, ხე ტყის ელექტრონული ზედნადების გარეშე, რითაც დაირღვა სსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს კ--- ქ-------ს მიმართ შედგა N168429 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსკ-ის 273-ე მუხლით სახდელად განესაზღვრა - ფულადი ჯარიმა - 500 ლარი.

 

ოქმის თანახმად, 2017 წლის 26 სექტემბერს კ--- ქ------- ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რითაც დაირღვა 66-ე მუხლის მოთხოვნები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის ინსპექტორ-გამომძიებლის ოქმი (ს.ფ. 115);

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 119-123);

- N168428 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 124);

- N168429საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 125);

 

3.1.7. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის N168428 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და 2017 წლის 17 ოქტომბრის N168429 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი კ--- ქ-------მ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 ნოემბრის N 29552 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა კ--- ქ-------ს საჩივარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჩივარი (ს.ფ. 8-10);

- N 29552 ბრძანება (ს.ფ. 5-7);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო მიუთითებს, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №ბს-1635-1589(კ-08)).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამასთან მითითებული კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი არ ჰქონია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-32 ნაწილით და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, ვინაიდან ბ------ გ--------ს მიერ ტრანსპორტირებული დახერხილი ხის მასალა განკუთვნილი იყო კ--- ქ-------ს პირადი საჭიროებისათვის და არა სამეწარმეო საქმიანობისთვის.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-9, 43-ე, 136-ე, 269-ე, 286-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის N168428 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის N168429 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის N29552 ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციით) საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-222-219 (კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს; ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში; გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს (72-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. ამავე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, − იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას), გარდა იმ პირებისა, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

 

ამდენად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციას სავალდებულო ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირი აპირებს განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს, რომელიც უნდა იყოს ასეთად რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით.

საგადასახადო კანონმდებლობა განმარტავს ეკონომიკური საქმიანობის ცნებას. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე განმარტავს, რომ ქმედების კვალიფიკაცია, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ აღრიცხვის წესების დარღვევით განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, საჭიროებს უპირველესად თავად განხორციელებული ფაქტის დადგენას, რეალურად განხორციელდა თუ არა ოპერაცია, რომელიც შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად. დადგენის შემთხვევაში გამოკვლეულ უნდა იქნეს განხორციელებული ოპერაციის მიზანი, კერძოდ იგი განხორციელებულია თუ არა მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების მიზნით. მხოლოდ აღნიშნულის დადგენის შემთხვევაში არის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევის საფუძველზე, განუსაზღვროს პირს ჯარიმა კანონით დადგენილი ოდენობით. უზენასის სასამართლოს განმარტების თანახმად (საქმე Nბს-205-203 (კ-14) 2014 წლის 23 სექტემბერი), ,,საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ეკონომიკური საქმიანობა, როგორც შემოსავლების მიღების მიზნით წარმოებული პროცესი, შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს მოგების მიზანს. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს მთავარია მიზანი, რომ რაიმე საქმიანობა ანუ რაიმეს შესყიდვა განხორციელდეს მოგების მისაღებად, შესაბამისად, კვალიფიკაციის მოხდენისას უნდა დადგინდეს სწორედ საქმიანობის მიზანი. რაიმე საქონლის შეძენა შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს ეკონომიკურ საქმიანობად, რამდენადაც შეძენას ფართო დატვირთვა აქვს, იგი სხვადასხვა მიზნებით და საჭიროებებით არის განპირობებული“.

 

მითითებული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კ--- ქ-------ს მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №168428, რომლის თანახმადაც, გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით OB498BO, რომლითაც ბ------ გ--------ს გადაჰქონდა კ--- ქ-------ს კუთვნილი 31,08მ3 დახერხილი ხის მასალა (საბაზრო ღირებულება - 17094 ლარი), სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-32 ნაწილის საფუძველზე, კ--- ქ------- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, საქონლის ჩამორთმევით.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კ--- ქ-------ს მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №168429, რომლის თანახმად კ--- ქ------- ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით, რაც სანქცირებადია სსკ-ს 273-ე მუხლით.

 

სასამართლო, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 286-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება სამართალდარღვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში საქმეზე №ბს-205-203(კ-14) საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტების შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სასაქონლო ზედნადები უნდა გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმღები (მყიდველი) პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას ან იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმცემი (გამყიდველი) მის მიერ დაქირავებული თანამშრომლის, დისტრიბუტორის მეშვეობით ახორციელებს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებას, ე.ი. გამყიდველი (მეწარმე) ყველა შემთხვევაში არ არის ვალდებული - გამოწეროს სასაქონლო ზედნადები, მას ამგვარი ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი წარუდგენს მეწარმის დამადასტურებელ დოკუმენტს. ზედნადების ქონის ვალდებულება გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიმღები (მყიდველი) პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ კ--- ქ-------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით და სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ხის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

სასამართლო მიუთითებს სადავო მუხლის დისპოზიციაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. ამდენად, მუხლის მიზნებისთვის განმსაზღვრელია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის კუთვნილება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ’’ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადების შევსების მიზანია გადასახადის გადამხდელის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. ამდენად, საგადასახადო მიზნებისთვის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებისაგან თავის არიდების საფუძველი, როდესაც საქონელი განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისთვის. მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული ყველა ქმედება შეიძლება, არ წარმოადგენდეს მოგების მიღების მიზნით განხორციელებულს. ის გარემოება, რომ ფიზიკური პირები თავისი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა ან/და სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ახორციელებენ მრავალფეროვან საქმიანობას, რომელიც მათ პირად ცხოვრებას ეხება, ვერ იქნება მიჩნეული უკანონო ქმედებად და შესაბამისად, მათი ნებისმიერი მოქმედება არ უნდა იქნას მიჩნეული სამეწარმეო მიზნებისთვის განხორციელებულად, არამედ აღნიშნული მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადგინდეს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა უშუალოდ კ--- ქ-------ს მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის გამოვლენის გზით, საგადასახადო ორგანოს მხრიდან გამოკვლეული არ ყოფილა მოსარჩელე ახორციელებდა თუ არა აღნიშნული საქონლით ეკონომიკურ საქმიანობას თუ მის მიზანს წარმოადგენდა პირადი საჭიროება. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის დადგენა-გამოკვლევის გარეშე მიიჩნიეს, რომ ეკონომიკური საქმიანობა განხორციელდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის ინსპექტორ-გამომძიებელმა დავით გრიგოლაშვილმა სასამართლო სხდომაზე ვერ განმარტა ბ------ გ--------ს მართვის ქვეშ არსებული OB498BO ავტომანქანის შეჩერების ზუსტი მდებარეობა, ვერ იყო დაკონკრეტებული მიახლოებითი, სავარაუდო მონაკვეთიც. მისივე განმარტებით, თანამშრომლები არ არიან აღჭურვილი შესაბამისი აპარატურით რომელიც კონკრეტულად დადგენდა სამართალდარღვევის გეოგრაფიულ ადგილს, თუმცა აღნიშნა, რომ ავტომანქანა არ შეუჩერებიათ ქალაქ სამტრედიაში, მაგრამ ასევე განმარტა, რომ ავტომანქანა მოძრაობდა თბილისის მიმართულებით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლის მიერ შედგენილ ოქმზე, სადაც ხსენებული ავტომანქანის შეჩერების ადგილი მითითებულია ზოგადად - ქ. სამტრედიის ტერიტორია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა.

 

სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ------ გ--------მ განმარტა, რომ პროფესიით არის მძღოლი. მეგობრულ ურთიერთობაშია კ--- ქ-------სთან და იცის მისი ოჯახური მდგომარეობის თაობაზე. შესაბამისად, კ--- ქ-------ს თხოვნის საფუძველზე, დახმარების მიზნით, ხის მასალის ტრანსპორტირებას ახდენდა ზუგდიდიდან აბაშის რაიონში კ--- ქ-------ს ნათესავთან. მოწმის განმარტებით მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა შეჩერებული იქნა არა ქალაქ სამტრედიაში, არამედ აბაშაში, კერძოდ აბაშის ხიდამდე.

 

სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თეიმურაზ ჩ-------მ განმარტა, რომ არის ხელოსანი, რომელსაც აქვს ხის საამქრო. ის ახლო ურთიერთობაშია კ--- ქ-------სთან და ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო კ--- ქ-------ს ოჯახის ეკონომიური მდგომაროებისა და დაზიანებული სახლის შესახებ, შეუთანხმდა საზღაურის გარეშე დაემზადებინა ხის-მასალა, რომელსაც კ--- ქ------- მიუტანდა მას.

 

სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-- ქ-------მ განმარტა, რომ ის არის კ--- ქ-------ს ბიძაშვილი, მისთვის ცნობილი იყო, რომ კ--- ქ-------ს სახლი ჰქონდა ავარიულ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებდა შეკეთებას და ვინაიდან მას ჰქონდა ხის მასალა, რომელსაც იმ ეტაპზე თავად ვერ გამოიყენებდა ხის მასალა ასესხა კ--- ქ-------ს.

 

სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვაჟა ყოლბაიამ განმარტა, რომ ახლო ურთიერთობაშია კ--- ქ-------სთან, მას საკუთრებაში ჰქონდა დაახლოებით 8მ3 ხის მასალა, ვინაიდან იმ ეტაპზე თავად ვერ გამოიყენებდა ხის მასალას კ--- ქ-------ს ათხოვა იგი, რომელსაც დაუბრუნებდა გარკვეული პერიოდის შემდეგ.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ ხის მასალა (ფიცარი) კ--- ქ-------ს სჭირდებოდა პირადი მიზნებისთვის - სახლის შესაკეთებლად, მოპოვებული ხე-ტყე საჭიროებდა დამუშავებას, რაც დაკავშირებულია გარკვეულ დროსა და პროცედურებთან.

 

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში, ადასტურებს რომ კ--- ქ-------ს არასამეწარმეო (პირადი) მიზნებისთვის სურდა ხის მასალის (ფიცრის) გამოყენება და მის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევას.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. ამდენად, სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-48-43(2კ-13)).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისთვის თუ მოგების მიღების მიზნით. ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-205-203(კ-14). განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბ------ გ--------ს მიერ ტრანსპორტირებული კ--- ქ-------ს საქონელი განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისთვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელე კონკრეტული საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის და მის მიერ ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლითაც დასტურდება რომ მოსარჩელე კ--- ქ------- არის სოციალურად დაუცველი, ირიცხება სოციალურად დაუცველთა სიაში და იღებს შესაბამის შემწეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. კ--- ქ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის №168428 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ოქტომბრის №168429 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის N29552 ბრძანება.

 

5. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი