გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12313-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი"
წარმომადგენელი - ნ---- კ-------ა
მოპასუხე - მ--–---- ყ---–--ე, ნ-------ი დ---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მ--–---- ყ---–--ესა და ნ------- დ---–ს მოსარჩელე სს „ლ---------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N0---/2---/1---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7488.54 (ძირითადი თანხა-5831,16 ლარი, პროცენტი-1157,38 ლარი, ჯარიმა-500 ლარი) ლარის გადახდა.
1.2 მოპასუხე მ--–---- ყ---–--ეს მოსარჩელე სს „ლ-------ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 1200.14 ლარის გადახდა და საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1068.06 (ძირითადი თანხა- 750 ლარი, პროცენტი-318.06ლარი) ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს „ლ-------------სა“ და მ--–---- ყ---–--ეს შორის 2--- წლის 1 ოქტომბერს გაფორმდა N0---/2---/1---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 11000 ლარი, ხოლო სარგებელმა - წლიური 15%. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 48 თვე. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და რომლის მიხედვითაც მხარეს უნდა განეხორციელებინა კრედიტის გადახდა. სს „ლ-------------ის“ მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 16.01.2017-დან მოპასუხეებმა აარღვიეს ხელშეკრულების თანდართული გრაფიკი, რის შემდეგაც კრედიტს ერიცხება ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო. მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის დავალიანება დაანგარიშებულია 2018 წლის 17 აპრილის მდგომარეობით.
2--- წლის 1 ოქტომბერს ბანკსა და ნ------- დ---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 14704.29 ლარით.
2--- წლის 30 დეკემბერს ბანკსა და მ--–---- ყ---–--ეს შორის გაფორმდა N მც------------ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება. საკრედიტო ლიმიტის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 750 ლარით, საპროცენტო განაკვეთით წლიური 35,6%, მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 27 დეკემბერი. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მინიმალური გადასახადის ძირითადი სესხის ნაწილის დაუფარავი ოდენობიდან. სს „ლ-------------ის“ მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 29.04.2017-დან მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა გრაფიკი, რის შემდეგაც კრედიტს ერიცხება ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. დავალიანება დაანგარიშებული 2018 წლის 17 აპრილის მდგომარეობით.
მ--–---- ყ---–--ემ ანგარიშზე გაიაქტიურა ოვერდრაფტი. სს ლ-------------ის მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად, 01.04.2017-დან მოპასუხის მხრიდან არ ხდება ოვერდრაფტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება. მოპასუხის მიერ ათვისებულმა და დაუბრუნებელმა თანხის ოდენობამ შეადგინა 1200.14 ლარი.
მოპასუხეების მ--–---- ყ---–--ისა და ნ------- დ---–ის დავალიანება 2018 წლის 17 აპრილის მდგომარეობით სს „ლ-------------ის “ მიმართ N0---/2---1---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 8738.54 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა არის 5831.16 ლარი, დარიცხული პროცენტი არის 1157.38 ლარი, ხოლო დარიცხული ჯარიმა - 1750 ლარი. Nმც------------ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ--–---- ყ---–--ის დავალიანება შეადგენს 1068.06 (ძირი-750; % -318.06) ლარს. ოვერდრაფტიდან გამომდინარე მ--–---- ყ---–--ეს ასევე ერიცხება დავალიანება 1200.14 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და N0---/2---1---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება 500 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ--–---- ყ---–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში. ასევე აღნიშნავს, რომ მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია მძიმე მატერიალური მდგომარეობით.
რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, ნ------- დ---–ს, მას მიაჩნია რომ ბანკს მის მიმართ ვალდებულების მოთხოვნის უფლება არ გააჩნია, რის მიზეზადაც ასახელებს იმ ფაქტს რომ მისთვის არ უცნობებიათ მ--–---- ყ---–--ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ. მოპასუხე ნ------- დ---–ი ასევე აღნიშნავს, რომ თუ მას დროულად აცნობებდნენ ვალდებულების დარღვევის თაობაზე, ყველანაირად ეცდებოდა საქმის წარმოება სასამართლომდე არ მისულიყო. ასევე ხაზს უსვამს ბანკის პასუხისმგებლობას იმ კუთხით, რომ ბანკმა ყველანაირ ღონისძიებას უნდა მიმართოს მოვალის მიმართ, რათა ვალდებულება შესრულდეს, ხოლო ამ ღონისძიებათა შემდეგ, სასურველი შედეგის არ არსებობის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულება უნდა მოსთხოვოს თავდებს. მოპასუხე ნ------- დ---–ი, მსგავსად მოპასუხე მ--–---- ყ---–--ისა, ასევე უსვამს ხაზს მის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას და შესაგებელში აღნიშნავს, რომ მისი შემოსავლების დაახლოებით 80%-ს ის საკუთარი საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად იყენებს. ამ გარემოებათა გამო, მოპასუხე ნ------- დ---–ი მიიჩნევს, რომ თავდების მიმართ ბანკის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 სს „ლ-------------სა“ და მ--–---- ყ---–--ეს შორის 2--- წლის 1 ოქტომბერს გაფორმდა N0---/2---/1---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 11000 ლარი, სარგებელი განისაზღვრა წლიური 15%-ით. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 48 თვე. მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
3.1.2 2--- წლის 1 ოქტომბერს ბანკსა და ნ------- დ---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 14704.29 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- თავდებობის ხელშეკრულება;
3.1.3 2--- წლის 30 დეკემბერს ბანკსა და მ--–---- ყ---–--ეს შორის გაფორმდა Nმც------------ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება. საკრედიტო ლიმიტის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 750 ლარით, საპროცენტო განაკვეთით წლიური 35,6%. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მინიმალური გადასახადის ძირითადი სესხის ნაწილის დაუფარავი ოდენობიდან.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება;
3.1.4. მ--–---- ყ---–--ე სარგებლობდა მის ანგარიშზე გააქტიურებული ოვერდრაფტით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა;
- გადახდების ისტორია.
3.1.5 სს „ლ-------------ის“ მიერ N0---/2---/1---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, Nმც------------ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებითა და ოვერდრაფტით გაცემული კრედიტის თანხები მსესხებელმა აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა;
- გადახდების ისტორია.
3.1.6 მსესხებელმა ზედიზედ სულ მცირე ორჯერ დაარღვია საკრედიტო ვალდებულებებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკები და 2018 წლის 17 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება სს „ლ-------------ის “ მიმართ N0---/2---1---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 8738.54 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა არის 5831.16 ლარი, დარიცხული პროცენტი არის 1157.38 ლარი, ხოლო დარიცხული ჯარიმა 1750 ლარი. Nმც------------ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ--–---- ყ---–--ის დავალიანება შეადგენს 1068.06 (ძირი-750; % -318.06) ლარს. ოვერდრაფტიდან გამომდინარე მ--–---- ყ---–--ეს ასევე ერიცხება დავალიანება 1200.14 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა.
3.1.6 2017 წლის 19 მაისსა და 2018 წლის 23 თებერვალს მ--–---- ყ---–--ეს არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით გაეგზავნა გაფრთხილების წერილები ბანკისათვის ცნობილ მისამართზე და განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის. წერილები მოპასუხეს არ ჩაბარდა.
ბანკის გაფრთხილებები მ--–---- ყ---–--ისა და ნ------- დ---–ის მიმართ ასევე გამოქვეყნდა საჯაროდ გაზეთ „ს-----------------“ 2018 წლის 13-15 აპრილის ნომერში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გაფრთხილების წერილები;
- საგაზეთო პუბლიკაციის ასლი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ-------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
დადგენილია, რომ სს „ლ-------------სა“ და მ--–---- ყ---–--ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტის სასარგებლოდ გაეცა საკრედიტო თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თავის მხრივ - მ--–---- ყ---–--ემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში (იხ. ზევით 3.1.1 პუნქტი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ხოლო 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
დადგენილია, რომ სს „ლ-------------სა” და მ--–---- ყ---–--ეს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია მოპასუხე ნ------- დ---–ის სოლიდარული თავდებობით (იხ. ზევით 3.1.2 პუნქტი). აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაუყენოს მოთხოვნა თავდებსაც.
სს „ლ-------------სა“ და მ--–---- ყ---–--ეს შორის ასევე ვალდებულება წარმოიშვა 2--- წლის 30 დეკემბერს გაფორმებული Nმც------------ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (იხ. ზევით პუნქტი 3.1.3).
მ--–---- ყ---–--ე ასევე სარგებლობდა მის ანგარიშზე გააქტიურებული ოვერდრაფტით (იხ. ზევით პუნქტი 3.1.4).
ოვერდრაფტი მოკლევადიანი კრედიტია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში მიიღოს დამატებითი თანხა საბარათე ანგარიშზე და დაფაროს მიმდინარე ხარჯები აღნიშნული ფულადი რესურსით. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იმ კლიენტებს, რომელთაც ერიცხებათ ხელფასი ბანკში. მომსახურებას ბანკომატი სთავაზობს მომხმარებელს, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ოფერტს, ხოლო მოვალე თავის მხრივ კონკლუდენტური მოქმედებით, რაც გამოიხატება სახელფასე ანგარიშზე ოვერდრაფტის გააქტიურებითა და თანხის გახარჯვით აცხადებს აქცეპტს, ანუ ეთანხმება კრედიტორის მიერ დადგენილ პირობებს.
ოვერდრაფტის თანხის დაფარვა ხდება ანგარიშზე თანხის დარიცხვისას. ოვერდრაფტის საშუალებით შესაძლებელია ანგარიშზე არსებულ თანხაზე მეტის დახარჯვა, ხოლო ათვისებული ლიმიტის მოგვიანებით დაფარვა. მომსახურებით სარგებლობისას ხდება ბანკისთვის გარკვეული პროცენტის გადახდა. ძირი თანხის დაფარვა შესაძლებელია ვადის ბოლოს. მოპასუხე მ--–---- ყ---–--ის მიერ ბანკისათვის გადასახდელი ოვერდრაფტის თანხის ოდენობა შეადგენს 1200.14 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია გადახდის გრაფიკი ზედიზედ სულ მცირე ორჯერ. ბანკმა გაუგზავნა გაფრთხილების წერილები ძირითად მოვალეს და განუსაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის, თუმცა წერილები ადრესატს არ ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი ვადის დაწესება არ არის აუცილებელი, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები უარს აცხადებენ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ამდენად, დამატებითი ვადის დაწესება უშედეგოა და სასამართლო მიიჩნევს, რომ ბანკმა საკრედიტო ხელშეკრულებები შეწყვიტა სარჩელის წარდგენის გზით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. რაც შეეხება თავდებს, მართალია, მან სარჩელი არ ცნო, მაგრამ, სამოქალაქო კოდექსის 891-895 მუხლების დებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა მის მიმართაც საფუძვლიანია.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2--- წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური 15%. ხოლო 2--- წლის 30 დეკემბრის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებით - წლიური 35,6%.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. ამ გარემოებებს არც მოპასუხეები ხდიან სადავოდ.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, 2--- წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 500 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო, დარღვეული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მ--–---- ყ---–--ესა და ნ------- დ---–ს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 262,15 ლარიდან - 49,72 ლარის გადახდა; ხოლო მ--–---- ყ---–--ეს ასევე უნდა დაეკისროს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარიდან - 9, 54 ლარის გადახდა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელის ცნობის გამო, ასევე იმის გამო, რომ მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 თანახმად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 262,15 ლარიდან, 212,43 ლარი და მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 50 ლარიდან, 40,46 ლარი,8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ლ-------------ის“ სარჩელი მოპასუხეების მ--–---- ყ---–--ისა და ნ------- დ---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მ--–---- ყ---–--ესა და ნ------- დ---–ს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N0---/2---/1---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7488,54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5831,16 ლარი, პროცენტი - 1157,38 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი;
3. მ--–---- ყ---–--ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1200,14 ლარის გადახდა;
4. მ--–---- ყ---–--ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1068,06 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 750 ლარი, პროცენტი - 318,06 ლარი;
5. მ--–---- ყ---–--ესა და ნ------- დ---–ს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 262,15 ლარიდან - 49,72 ლარის გადახდა;
6. მ--–---- ყ---–--ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარიდან - 9, 54 ლარის გადახდა.
7. სს „ლ-------------ს“დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 262,15 ლარიდან, 212,43 ლარი და მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 50 ლარიდან, 40,46 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა 24.04.2018 წლის N5--------- და N5--------- საგადახდო დავალებებით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია