გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002163992
საქმე №2-4258/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი - ცირა ქარცივაძე, მირანდა თურმანიძე
მოსარჩელე ნ--–--------ე
წარმომადგენელი მ-----–----–---------ი, ლ-----------ე
მოპასუხე გ--------------ე
წარმომადგენელი ა-------–-–--–---
დავის საგანი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს 2014 წლის 13 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ნ--–--------ემ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, გ-------------ს ქN33, ბინა 10ა, აჩუქა მის შვილს გ--------------ეს.
1.2. გაუქმდეს 2014 წლის 13 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ნ--–--------ემ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, შ--–----ს ქN6-8, ბინა N32, აჩუქა მის შვილს გ--------------ეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ნ--–--------ე არის 79 წლის ქალბატონი, პენსიონერი, რომელსაც ყავს ორი შვილი: მოპასუხე გ--------------ე, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობს რუსეთის რესპუბლიკაში და ლ-----------ე, რომელთანაც ამჟამად ცხოვრობს ნ--–--------ე და რომელიც ასევე წარმოადგენს მოსარჩელე ნ--–--------ის წარმომადგენელს მოცემულ დავაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 26 სექტემბრის შპს „ინტერმედიკას“ მიერ გაცემული ნ--–--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ--–--------ე დაახლოებით 35 წელია დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, დაავადების დაწყებისთანავე იგი მკურნალობდა ჰიპოგლიკემიური აბებით, ბოლო სამი წელია დიაბეტური გართულებების გამო იგი გადაყვანილი იყო ინსულინოთერაპიაზე, 2017 წლის თებერვლიდან კი მეხსიერების დაქვეითების და ქმედითუუნარობის გამო, ვინაიდან ხშირად არასწორად იკეთებდა ინსულინს, იგი გადაყვანილი იქნა ჰიპოგლიკემიურ აბებზე.
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის მარტამდე ნ--–--------ე ცხოვრობდა მარტო ქ. ბათუმში, შ--–----ს ქN6-8, ბინა N32-ში. 2017 წლის მარტში ნ--–--------ემ ქუჩაში ყოფნის დროს მიიღო სხივისა და იდაყვის ქვედა ბოლოების ერთდროული მოტეხილობა, რის შემდეგაც იგი მიყვანილი იქნა მისი შვილის, ლ-----------ის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც დღემდე იმყოფება.
დადგენილია, რომ ამჟამად ნ--–--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებს მოვლას. მის მოვლას კი ახორციელებს ლ-----------ე და მისი მეუღლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- შპს „ინტერმედიკას“ მიერ 26.09.2017წ. გაცემული ცნობა ნ--–--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
- ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მიერ 06.12.17წ. ცნობა ნ--–--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
- სამედიცინო დოკუმენტაცია.
- მოწმეთა ჩვენება.
3.2.2. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ--–--------ეს თავდაპირველად საკუთრებაში ერიცხებოდა უძრავი ქონებები, მდებარე: ქ. ბათუმი, გ-------------ს ქN33, ბინა N7-ში (ს/კ N05.01.27.002.01.005 და ს/კ N05.01.27.002.01.505), ქ. ბათუმი, გ-------------ს ქN33, ბინა 10ა (ს/კ N05.21.27.010.01.010ა) და ქ. ბათუმი, შ--–----ს ქN6-8, ბინა N32 (ს/კ N05.01.55.004.01.032).
ასევე დადგენილია და მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ ნ--–--------ე თავდაპირველად ცხოვრობდა ქ. ბათუმი, გ-------------ს ქN33, ბინა N7-ში, სადაც დღემდე არის რეგისტრირებული. შემდგომში აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონებები, ს/კ N05.01.27.002.01.005 და ს/კ N05.01.27.002.01.505, 2009 წლის 06 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე აჩუქა უმცროს შვილს, ლ-----------ეს, ხოლო თავად საცხოვრებლად გადავიდა ქ. ბათუმი, შ--–----ს ქN6-8, ბინა N32-ში, რომელიც იმ დროისათვის ასევე მის საკუთრებაში ირიცხებოდა. ნ--–--------ე ქ. ბათუმი, შ--–----ს ქN6-8, ბინა N32-ში მდებარე უძრავ ქონებაში ფაქტობრივად ცხოვრობდა 2017 წლის მარტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მოწმეთა ჩვენება.
- საჯარო რეესტრის ამონაწერები.
- მინდობილობა.
3.2.3. 2014 წლის 13 იანვრის ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე ნ--–--------ემ მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებები, მდებარე ქ. ბათუმი, გ-------------ს ქN33, ბინა 10ა (ს/კ N05.21.27.010.01.010ა) და ქ. ბათუმში, შ--–----ს ქN6-8, ბინა N32 (ს/კ N05.01.55.004.01.032) აჩუქა მის უფროს შვილს, მოპასუხე გ--------------ეს.
დადგენილია, რომ გ--------------ე, როგორც 2014 წლის 13 იანვრის ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებამდე, ასევე აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგაც ცხოვროდა რუსეთის რესპუბლიკაში და იგი იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში.
ასევე დადგენილია, რომ სადაო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისათანავე, ანუ 2014 წლის 13 იანვარს გ--------------ემ დედის, მოსარჩელე ნ--–--------ის სახელზე სანოტარო წესით გააფორმა მინდობილობები, რომლის თანახმადაც გ--------------ემ, როგორც „საკუთრების მიმნდობმა“, ნ--–--------ეს, როგორც „მინდობილ მესაკუთრეს“, უფლება მისცა ემართა, გაექირავებინა, იჯარით გაეცა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, გ-------------ს ქN33, ბინა 10ა-ში და მდებარე, ქ. ბათუმში, შ--–----ს ქN8, ბინა 32-ში. აღნიშნული მინდობილობების საფუძველზე ნ--–--------ეს სრული უფლებამოსილება გააჩნდა შეესრულებინა გ--------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების მართვასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება, მათ შორის იჯარით ქონების გადაცემა, ქირის ოდენობისა და ხელშეკრულების პირობების დამოუკიდებლად განსაზღვრა, ქირის ფასის მითითება, ქონების მოვლა-პატრონობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საჯარო რეესტრის ამონაწერები.
- 13.01.2014წ. ჩუქების ხელშეკრულებები.
- მინდობილობები.
3.2.4. სადაო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ ნ--–--------ე აგრძელებდა ცხოვრებას ქ. ბათუმში, შ--–----ს ქN6-8, ბინა N32-ში, რაც შეეხება მეორე უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმში, გ-------------ს ქN33, ბინა N10ა-ში, დადგენილია, რომ აღნიშნული ქონება გაცემული იყო იჯარით ყოველთვიურად 400 აშშ დოლარის ოდენობით და იჯარის თანხას 2017 წლის მარტამდე სრულად ღებულობდა ნ--–--------ე. 2017 წლის მარტიდან დღემდე კი ზ/აღნიშნული ქონების იჯარის თანხიდან ნ--–--------ე ღებულობს ყოველთვიურად 150 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მოწმეთა ჩვენება.
- სალაროს გასავლის ორდერები (2014-2017 წწ).
- თანხის მიღების ხელწერილი.
3.2.5. 2017 წლის მარტის თვეში ნ--–--------ეს ქუჩაში ყოფნის დროს დაეჯახა მსუბუქი ავტომობილი, რა დროსაც მან მიიღო სხივის და იდაყვის ქვედა ბოლოების ერთდროული მოტეხილობა, ასევე როგორც ჯანმრთელობის შესახებ ცნობით დგინდება ნ--–--------ეს დაკარგული აქვს მხედველობაც და 2017 წლის თებერვლიდან აღენიშნება მეხსიერების დაქვეითება. ავტოავარიის შემდეგ ნ--–--------ე, როგორც სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი----------ემ (რძალი) განმარტა, მძღოლის მიერ იქნა მიყვანილი უმცროსი შვილის ლ-----------ის ოჯახში, სადაც დღემდე იმყოფება მძიმე მდგომარეობაში და საჭიროებს მოვლას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მოწმეთა ჩვენება.
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
3.2.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ნ--–--------ე საცხოვრებლად გადავიდა მისი შვილის ლ-----------ის ოჯახში, მოპასუხე გ--------------ემ მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება სათანადო წესით დამოწმებული 2017 წლის 10 აპრილის მინდობილობის საფუძველზე გადასცა მის ბიძას, მოსარჩელე ნ--–--------ის ძმას, ა-----------------ლს.
დადგენილია, რომ 2017 წლის ზაფხულში მოპასუხემ მისი ახლობლების დახმარებით შეცვალა ქ. ბათუმში, შ--–----ს ქN6-8-ში მდებარე N32 ბინის საკეტი, ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონების მოვლა-პატრონობას, მას შემდეგ, რაც გაუარესდა ნ--–--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ახორციელებს ნ--–--------ის ძმა, მოპასუხის ბიძა ა-----------------ლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ა-----------------ლის სახელზე გაცემული მინდობილობა.
- მოწმეთა ჩვენებები.
3.2.6. გ--------------ე დედის ავადმყოფობის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბერში და შეეცადა ნ--–--------ის ნახვას მისი ძმის ლ-----------ის საცხოვრებელ მისამართზე, მაგრამ იგი არ შეუშვეს და განუმარტეს, რომ ნ--–--------ეს არ სურდა მასთან შეხვედრა.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ--------------ეს და მის ძმას ლ-----------ეს შორის არის დაძაბული ურთიერთობა, რაც გახდა სწორედ იმის საფუძველი, რომ მან დედა ძმის საცხოვრელ მისამართზე ვერ მოინახულა. ასევე დადგენილია, რომ იმ დროისათვის, როცა გ--------------ე ჩამოვიდა საქართველოში, ნ--–--------ის წარმომადგენლებს უკვე დაწყებული ქონდათ სასამართლო დავა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მიმართული ქონდათ პოლიციის ორგანოებისათვის ფაქტის დაფიქსირების მიზნით. გ--------------ემ საქართველოში ყოფნის პერიოდში თავადაც მიმართა ქ. ბათუმის N3 პოლიცის სამმართველოს, თუმცა მან მაინც ვერ ინახულა დედა, რის შემდეგაც იგი კვლავ დაბრუნდა რუსეთის რესპუბლიკაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ლ-----------ის გასაუბრების ოქმი. 25.09.2017წ.
- მოწმეთა ჩვენება.
- განჩინებს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ნ--–--------ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მისი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 42-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 311-ე, 312-ე, 524-ე, 529-ე, 530-ე, 170-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102 და 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი აღიარებს საკუთრებას, როგორც ხელშეუვალ უფლებას და იძლევა გარანტიას საკუთრების უფლების დაცვისა. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ გ--------------ემ, როგორც დასაჩუქრებულმა, მის მიმართ მოიქცა უმადურად, გამოიჩინა უპატივცემლობა, დაარღვია შეთანხმებული პირობა, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო მოსარჩელე.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლება, მათ შორის მოითხოვოს გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება წარმოიშობა უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრირებულ მონაცემებს აქვს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია და ითვლება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის სუბიექტი, ვინც მესაკუთრედაა რეგისტრირებული. მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია ნამდვილია მანამ, სანამ არ დადგინდება რეგისტრირებული მონაცემების უსწორობა.
დადგენილია, რომ ამჟამად ქ. ბათუმში, გ-------------ს ქN33, ბინა N10ა-ში და ქ. ბათუმში, შ--–----ს ქN6-8, ბინა N32-ში მდებარე უძრავი ქონებები საჯარო რეესტრის მონაცემებით 2014 წლის 13 იანვრის ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე ირიცხება მოპასუხე გ--------------ის საკუთრებაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადაოდ ხდის 2014 წლის 13 იანვარს მასა და მოპასუხე გ--------------ეს შორის გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულებებს, რომლითაც მან ქ. ბათუმში, შ--–----ს ქN6-8, ბინა N32 და ქ. ბათუმში, გ-------------ს ქN33, ბინა N10ა-ში მდებარე უძრავი ქონებები აჩუქა მის შვილს, მოპასუხე გ--------------ეს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლით ,,ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით”. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ,,უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება უშუალოდ ნივთის უსასყიდლოდ გადაცემის ანუ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისა და აღნიშნულის მიღებაზე დასაჩუქრებულის თანხმობის შედეგად. ამ შემთხვევაში მხარეები ავლენენ საერთო ნებას, რომელიც ემთხვევა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მომენტს. ვინაიდან ჩუქება ცალმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, ანუ ძირითადი ვალდებულების შესრულება ხელშეკრულების მხოლოდ ერთ მხარეს ეკისრება, ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული მოქმედება ავლენს ნებას, უსასყიდლოდ გადასცეს მეორე მხარეს საკუთრების უფლება ქონებაზე. დასაჩუქრებულის მიერ ქონების მიღება თუ ,,თანხმობა" კი მისი საპასუხო ნების გამოვლენაა.
სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი დასაჩუქრებულის მიმართ გამოხატავს პატივისცემას და კეთილგანწყობას. მის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვის მიზნით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ 2014 წლის 13 იანვარს ნ--–--------ემ მისი კუთვნილი უძრავი ქონებები, მდებარე ქ. ბათუმი შ--–----ს ქN6-8, ბინა N32-ში და ქ. ბათუმში, გ-------------ს ქN33, ბინა N10ა-ში, აჩუქა გ--------------ეს. ეს ჩუქება მიზნად ისახავდა დედასა და შვილს შორის პატივისცემასა და კეთილ განწყობის გამოხატვას.
ამდენად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლების მტკიცებას, რომ სადაო ჩუქების ხელშეკრულებით მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელის მოვლა-პატრონობაზე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილი იქნეს მჩუქებლის მიერ. ამავე ნორმის მესამე ნაწილით კი ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგმარეობაში აღმოჩნდება და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ დასაჩუქრებულს და მჩუქებელს შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა ნათლად ასახავს სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირს, რაც მჩუქებლისაგან უსასყიდლოდ ქონებრივი სიკეთის მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხოფას მიაყენებს ან უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ზნეობრივ ფასეულობათა დაცვა ხდება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით, რასაც თან ახლავს სათანადო სამართლებრივი შედეგი _ მჩუქებლისათვის გაჩუქებული ნივთის საკუთრებაში დაბრუნება. ამდენად ზ/აღნიშნული ნორმა უფლებას ანიჭებს გამჩუქებელს ჩუქების გაუქმება მოითხოვოს, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდგეო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხოფა და დიდი უმადურობა. თუ რა სახის შეურაცხოფაა პირისათვის მძიმე ან რას მიიჩნევს დიდ უმადურობად, ეს რა თქმა უნდა კონკრეტული სუბიექტის - მჩუქებლის შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს და მის სუბიექტურ აღქმაზეა დამოკიდებული, მაგრამ კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, ეს სასამართლოს შეფასების საგანია. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი.
ჩუქების ხელშეკრულების მოწესრიგება ცხადყოფს, რომ ჩუქების ხელშეკრულებიდან გასვლა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. ამასთან, კანონმდებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების თავში მოწესრიგებულ დებულებათაგან არცერთი არ შეიცავს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების დამფუძნებელ რეგულირებას დასაჩუქრებულის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო.
6.6. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად და შესაბამისად უმადურობად და მძიმე შეურაცხოფად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ მოპასუხემ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე ნ--–--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და იგი საცხოვრებლად გადავიდა მეორე შვილთან, შეცვალა ბინის გასაღები და ვეღარ სარგებლობს იქ არსებული საოჯახო ნივთებით და ტანსაცმლით. ასევე მოსარჩელე უმადურობად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ როგორც მისი წარმომადგენლები განმარტავენ გ--------------ე ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას დაპირდა, რომ საცხოვრებლად ჩამოვიდოდა საქართველოში და იკისრებდა მის მოვლა-პატრონობას, რაც მოპასუხემ არ შეასრულა და ამჟამად მოსარჩელე დარჩა მოვლა-პატრონობის გარეშე.
სასამართლო განმარტავს, რომ უმადურობა არ არის იურიდიული ტერმინი. იგი შეფასებითი კატეგორიისაა. ზოგადად უმადურია ის, ვინც ვისიმე მადლს, სიკეთეს არ აფასებს, ვინც ვისიმე (რისამე) მადლიერი არ არის; უკმაყოფილოა. ზოგადი ხასიათის უმადურობა არ ქმნის ჩუქების გამოთხოვების საფუძველს. ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. როგორადაც კანონის თანახმად მიჩნეულია „მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“. აქედან გამომდინარე უმადურობა არის დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ქონების ჩუქებით გადაცემა, პირდაპირ კავშირშია ზნეობრივ-მორალურ საკითხებთან. ამიტომაც ჩუქება ზნეობრივი საკითხია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ--------------ე, როგორც 2014 წლის 13 იანვრის ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებამდე, ასევე აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგაც წლების განმავლობაში ცხოვროდა რუსეთის რესპუბლიკაში და იგი იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში. აღნიშნული ფაქტი თავიდანვე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. ასევე დადგენილია, რომ სადაო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ანუ 2014 წლის 13 იანვარს გ--------------ემ დედის, მოსარჩელე ნ--–--------ის სახელზე სანოტარო წესით გააფორმა მინდობილობები, რომლის თანახმადაც გ--------------ემ, როგორც „საკუთრების მიმნდობმა“, ნ--–--------ეს როგორც „მინდობილ მესაკუთრეს“, უფლება მისცა ემართა, გაექირავებინა, იჯარით გაეცა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, გ-------------ს ქN33, ბინა 10ა-ში და მდებარე, ქ. ბათუმში, შ--–----ს ქN8, ბინა 32-ში. აღნიშნული მინდობილობების საფუძველზე ნ--–--------ეს სრული უფლებამოსილება გააჩნდა შეესრულებინა გ--------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების მართვასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება, მათ შორის იჯარით ქონების გადაცემა, ქირის ოდენობისა და ხელშეკრულების პირობების დამოუკიდებლად განსაზღვრა, ქირის ფასის მითითება, ქონების მოვლა-პატრონობა. ასევე დადგენილია, რომ სადაო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ ნ--–--------ე აგრძელებდა ცხოვრებას ქ. ბათუმში, შ--–----ს ქN6-8, ბინა N32-ში, რაც შეეხება მეორე უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმში, გ-------------ს ქN33, ბინა N10ა-ში, დადგენილია, რომ აღნიშნული ქონება გაცემული იყო იჯარით ყოველთვიურად 400 აშშ დოლარის ოდენობით და იჯარის თანხას 2017 წლის მარტამდე სრულად ღებულობდა ნ--–--------ე. 2017 წლის მარტიდან დღემდე კი ზ/აღნიშნული ქონების იჯარის თანხიდან ნ--–--------ე ღებულობს ყოველთვიურად 150 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მოპასუხემ, მას შემდეგ რაც ნ--–--------ე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საცხოვრებლად გადავიდა მეორე შვილთან, გამოცვალა საცხოვრებელი სახლის გასაღები და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის უფლებამოსილება მიანიჭა სხვა პირს, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს მის მიერ ნ--–--------ის მიმართ უმადურობის გამოჩენად, ვინაიდან დადგენილია, რომ ამჟამად ნ--–--------ე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებს, ხოლო თავად მოპასუხე დადგენილია, რომ არ ცხოვრობს საქართველოში.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არც ერთი გარემოება, არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ გამოჩენილ ისეთ უმადურობას, რომელიც შესაძლებელია გახდეს სადაო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი. ასევე საქმის გარემოებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე მძიმე შეურაცხოფის მიყენების ფაქტი და ასევე არ დასტურდება სადაო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსარჩელის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის საფუძველზე დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად იგი უფლებამოსილია სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. სხვა პირებში ასევე შეიძლება მოიაზრებოდეს გამჩუქებელიც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულებით მხარეების მიერ წინასწარაა შეთანხმებული.
მართალია ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე დასაჩუქრებული ვალდებულია განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. ამასთან თავად გამჩუქებელმაც საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არამართლზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით.
6.7. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ ნ--–--------ის სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37 მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
7.2. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნ--–--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2432 ლარის ოდენობით უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელე ნ--–--------ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ ზ/აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, კერძოდ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №367 უზრ-17 განჩინება, რომლითაც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე გ--------------ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, შ--–----ს ქ 6-8, ბინა N32-ს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.01.55.004.01.032) და ქ. ბათუმი, კ. გ-------------ს ქN33, ბინა N10ა-ს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.21.27.010.01.010ა).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე და 1991-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს ნ--–--------ის სასარჩელო მოთხოვნა გ--------------ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების თაობაზე.
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №367 უზრ-17 განჩინება, რომლითაც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე გ--------------ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, შ--–----ს ქ 6-8, ბინა N32-ს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.01.55.004.01.032) და ქ. ბათუმი, კ. გ-------------ს ქN33, ბინა N10ა-ს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.21.27.010.01.010ა).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე