გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2018
საქმის ნომერი
330210018002489477
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17203-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - დ--------------–---–ი

წარმომადგენელი - თ--------------ე, ლ--------–--ე

მოპასუხე - ნ------------–-ა

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - ლ-–-----------–---–ი

დავის საგანი - არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

არასრულწლოვანი მ--------------–---–ის (დაბადებული 2-----–-–---------------ს, პირადი N00----------) საცხოვრებელ ადგილად, მოსარჩელის, დ--------------–---–ის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

მოსარჩელე დ--------------–---–ი და მოპასუხე ნ------------–-ა იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------ს, შეეძინათ შვილი მ--------------–---–ი. მხარეები რამდენიმე თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე ნ------------–-ა საცხოვრებლად ცალკე გადავიდა, თუმცა არასრულწლოვანი შვილი მ--------------–---–ი და თავად მოპასუხე ნ------------–-ას დედა, ეთერი მასხულია საცხოვრებლად მოსარჩელესთან დარჩნენ და ისინი დღემდე ერთად ცხოვრობენ. არასრულწლოვან მ--------------–---–ზე, დაბადებიდან დღემდე, მამა, ბავშვის დედისგან დამოუკიდებლად, სრულყოფილად ზრუნავს, ყოველმხრივ უზრუნველყოფს მას მორალურად და მატერიალურად. არასრულწლოვანი ბავშვი მიჩვეულია მამის სახლს, იქ არსებულ გარემოს, მეზობლებს, მეგობრებს, სკოლას. მისთვის დიდი სტრესი იქნება უცხო სახლში, უცხო ხალხთან და გარემოში ყოფნა. ბოლო პერიოდში დედას ბავშვი არ უნახავს. ნათელია, რომ ბავშვს მხოლოდ მამასთან აქვს შექმნილი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის შესაფერისი გარემო, სათანადო მოვლა და საცხოვრებელი პირობები. მოპასუხემ თავისი ნებით დატოვა შვილი. მას არ გააჩნია არანაირი პირობა ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, დ--------------–---–ის, საცხოვრებელი ადგილი.

(სარჩელი, სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ------------–-ას შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მესამე პირის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და თანახმაა არასრულწლოვანი ბავშვის, 2----–-–---------------ს დაბადებული, მ--------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, დ--------------–---–ის, საცხოვრებელი ადგილი. დ--------------–---–ის და ნ------------–-ას ოჯახური დავის შემთხვევის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ დ--------------–---–ს შესწევს უნარი, სრულფასოვანი ზრუნვა განახორციელოს არასრულწლოვან შვილზე. მამის საცხოვრებელში ბავშვისთვის შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამასთან, გასათვალისწინებელია თავად არასრულწლოვანი მ-------------–---–ის სურვილი მის საცხოვრებელ ადგილთან მიმართებით. მას სურს, ცხოვრობდეს მამასთან, სადაც თავს დაცულად, კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს კი, უპირატესობა უნდა მიენიჭოს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, იცხოვროს მშვიდ, კეთილსაიმედო და მისი განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოში.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დ--------------–---–ი და ნ------------–-ა იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------------ს, შეეძინათ შვილი, მ--------------–---–ი. მხარეები თანაცხოვრების პერიოდში ცხოვრობდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. წ--–-------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურის მიერ 2009 წლის 10 ნოემბერს გაცემული დაბადების მოწმობა ნრ N0-----, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 19).

 

4.1.2. მოსარჩელე დ--------------–---–ი და მოპასუხე ნ------------–-ა 2018 წლის იანვრის თვიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხე ნ------------–-ა საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება სხვა პირთან და ამჟამად ცხოვრობს საზღვარგარეთ, პოლონეთში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნით, მოსარჩელე დ--------------–---–ი შვილთან, მ--------------–---–თან და ნ------------–-ას დედასთან, ეთერი მასხულიასთან ერთად ცხოვრობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. წ--–-------ში. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ნ------------–-ა წავიდა ოჯახიდან, მოპასუხის დედა, ეთერი მასხულია, განაგრძობს ცხოვრებას დ--------------–---–თან და შვილიშვილთან, მ--------------–---–თან ერთად. ე-------------–-ა არასრულწლოვანის მამას დადებითად ახასიათებს. დავითი აცნობიერებს, რომ მის შვილს და ბებიას ძალიან უყვართ ერთმანეთი. ბებია დაკავებულია ბავშვის მოვლით და ხელს არ უშლის ეთერს, იცხოვროს მათთან ერთად. მათ აქვთ კერძო სახლი. საცხოვრებელში ბავშვის ცხოვრებისათვის შექმნილია უსაფრთხო გარემო, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. საცხოვრებელი უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარით და ავეჯით. ბავშვისთვის გამოყოფილია ოთახი. ოჯახი არ არის დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონულ განყოფილების 2018 წლის 10 ივლისის დასკვნა N2--- (ს.ფ. 40-41);

 

4.2.2. მოსარჩელე დ--------------–---–ი არის ავტომანქანების ძრავის ხელოსანი და დასაქმებულია თბილისში, ავტოსერვისში. მისი სტაბილური შემოსავალი თვის განმავლობაში შეადგენს 3000 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონულ განყოფილების 2018 წლის 10 ივლისის დასკვნა N2--- (ს.ფ. 40-41);

- მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

4.2.3. მ--------------–---–ი არის თბილისის 7--- საჯარო სკოლის მოსწავლე. მამა, დ--------------–---–ი, უზრუნველყოფს შვილს, ისარგებლოს ინდივიდუალური მეცადინეობებით და სპორტულ სფეროში ჩართვით. იგი ჯანმრთელი ბავშვია.

მ--------------–---–ს სურს ცხოვრება მამასთან ერთად, მამის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამჟამად ცხოვრობს. მერაბს უყვარს დედა, ენატრება იგი, თუმცა სხვაგან ცხოვრება არ უნდა. არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს იმ გარემოში, სადაც იზრდება, უყვარს თავისი სახლი. მ--------------–---–ი თანახმაა, ურთიერთობა ჰქონდეს დედასთან, თუმცა საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე უარს აცხადებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონულ განყოფილების 2018 წლის 10 ივლისის დასკვნა N2--- (ს.ფ. 40-41);

- მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი).

- არასრულწლოვანი მ--------------–---–ის განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

4.2.4. სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, დ--------------–---–ს შესწევს უნარი, სრულფასოვანი ზრუნვა განახორციელოს არასრულწლოვან შვილზე და სრულად უზრუნველყოს შვილის საჭიროებები. მამის საცხოვრებელში ბავშვებისათვის შექმნილია უსაფრთხო გარემო, დამაკმაყოფილებელია საყოფაცხოვრებო პირობები, მას ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი და არ არსებობს ბავშვის ცხოვრებისათვის რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები. დ--------------–---–ი აცხადებს მზაობას, როგორც მშობელი, იზრუნოს შვილის კეთილდღეობაზე და ასევე, ხელი შეუწყოს მას დედასთან ურთიერთობაში. არასრულწლოვან მ--------------–---–ს აქვს სტაბილური საცხოვრებელი გარემო, სადაც თავს კომფორტულად, უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონულ განყოფილების 2018 წლის 10 ივლისის დასკვნა N2--- (ს.ფ. 40-41);

- მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ დ--------------–---–ის სარჩელი, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე დ--------------–---–მა მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–---------------ს დაბადებული მ--------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად მამის, დ--------------–---–ის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლებამოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად: 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით, სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის შესაბამისად “ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.” ამავე კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

მხარეები, დ--------------–---–ი და ნ------------–-ა იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------------ს, შეეძინათ შვილი, მ--------------–---–ი. მხარეები, თანაცხოვრების პერიოდში, ცხოვრობდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. წ--–-------ში. 2018 წლის იანვრის თვიდან დ--------------–---–ი და ნ------------–-ა ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხე ნ------------–-ა საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება სხვა პირთან და ამჟამად ცხოვრობს საზღვარგარეთ, პოლონეთში. ბოლო პერიოდია, მოპასუხე ნ------------–-ას არ აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, არ ნახულობს მას.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელე დ--------------–---–ი შვილთან, მ--------------–---–თან და ნ------------–-ას დედასთან, ეთერი მასხულიასთან ერთად ცხოვრობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. წ--–-------ში. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ნ------------–-ა წავიდა ოჯახიდან, მოპასუხის დედა, ეთერი მასხულია განაგრძობს ცხოვრებას დ--------------–---–თან და შვილიშვილთან, მ--------------–---–თან ერთად. არასრულწლოვან მ--------------–---–ს და ბავშვის ბებიას, ეთერი მასხულიას, ძალიან უყვართ ერთმანეთი. ბებია დაკავებულია ბავშვის მოვლით და არასრულწლოვანის მამას ხელს არ უშლის ეთერს, იცხოვროს მათთან ერთად. მათ აქვთ კერძო სახლი. საცხოვრებელში ბავშვის ცხოვრებისათვის შექმნილია უსაფრთხო გარემო, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. საცხოვრებელი უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარით და ავეჯით. ბავშვისთვის გამოყოფილია ოთახი. ოჯახი არ არის დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. ამდენად, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს მშვიდ, მზრუნველ, უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე დ--------------–---–ი არის ავტომანქანების ძრავის ხელოსანი და დასაქმებულია თბილისში, ავტოსერვისში. მისი სტაბილური შემოსავალი თვის განმავლობაში შეადგენს 3000 ლარს. სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნით, მ--------------–---–ი ჯანმრთელი ბავშვია. იგი არის თბილისის 7--- საჯარო სკოლის მოსწავლე. მამა, დ--------------–---–ი, უზრუნველყოფს შვილს, ისარგებლოს ინდივიდუალური მეცადინეობებით და სპორტულ სფეროში ჩართვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, განსაზღვროს თუ არა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილი და ბავშვთა უფლებებთან მიმართებით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება რამდენად შეესაბამება ინდივიდუალურად მ--------------–---–ის უპირატეს ინტერესებს. მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.

 

დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით, მოპასუხე მხარე არ ცხოვრობს საქართველოში და იმყოფება საზღვარგარეთ. იგი ქორწინებაშია სხვა პირთან იმყოფება. მოპასუხე ნ------------–-ას ამ ეტაპზე არ აქვს ბავშვთან სტაბილური ურთიერთობა და არ ნახულობს მას. მოპასუხეს არ აქვს წარმოდგენილი თავისი პოზიცია განსახილველ საქმესთან მიმართებით. ასევე, არ არის დადგენილი მისი საყოფაცხოვრებო პირობები და საცხოვრებელი გარემო საქართველოში დაბრუნების შემდეგ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი მ--------------–---–ი დაბადებიდან იზრდება მამასთან, დ--------------–---–თან და მის მიმართ აქვს დადებითი ემოციური კავშირი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოცემულ საქმეში ჩაბმული იქნა არასრულწლოვანი მ--------------–---–ი. სასამართლომ 2018 წლის 05 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მოისმინა მისი მოსაზრება განსახილველ დავის საგანთან მიმართებით. მ--------------–---–ს სურს ცხოვრება მამასთან ერთად, მამის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამჟამად ცხოვრობს. მერაბს უყვარს დედა, ენატრება იგი, თუმცა სხვაგან ცხოვრება არ უნდა. არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს იმ გარემოში, სადაც იზრდება, უყვარს თავისი სახლი. მ--------------–---–ი თანახმაა, ურთიერთობა ჰქონდეს დედასთან, თუმცა საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე უარს აცხადებს.

 

არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია, იგი ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ერთ-ერთ მშობელთან მაინც. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის მამასთან ცხოვრების რაიმე ხელიშემშლელი ან დამაბრკოლებელი გარემოება არ გამოიკვეთა, რაც შესაძლოა ზიანის მომტანი ყოფილიყო არასრულწლოვანისათვის. სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, დ--------------–---–ს შესწევს უნარი, სრულფასოვანი ზრუნვა განახორციელოს არასრულწლოვან შვილზე და სრულად უზრუნველყოს შვილის საჭიროებები. მამის საცხოვრებელში ბავშვებისათვის შექმნილია უსაფრთხო გარემო, დამაკმაყოფილებელია საყოფაცხოვრებო პირობები, მას ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი და არ არსებობს ბავშვის ცხოვრებისათვის რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები. დ--------------–---–ი აცხადებს მზაობას, როგორც მშობელი, იზრუნოს შვილის კეთილდღეობაზე და ასევე, ხელი შეუწყოს მას დედასთან ურთიერთობაში. არასრულწლოვან მ--------------–---–ს აქვს სტაბილური საცხოვრებელი გარემო, სადაც თავს კომფორტულად, უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, სოციალური სამსახური ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და თანახმაა, არასრულწლოვანი ბავშვის, 2----–-–---------------ს დაბადებული, მ--------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, დ--------------–---–ის, საცხოვრებელი ადგილი. დადგინდა, რომ დ--------------–---–ს შესწევს უნარი სრულფასოვანი ზრუნვა განახორციელოს არასრულწლოვან შვილზე. მამის საცხოვრებელში ბავშვისთვის შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამასთან, გასათვალისწინებელია თავად არასრულწლოვანი მ--------------–---–ის სურვილი მის საცხოვრებელ ადგილთან მიმართებით. მას სურს, ცხოვრობდეს მამასთან ერთად ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვი თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდოს და იცხოვროს მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობელს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე არ ზრუნავს არასრულწლოვანი შვილზე, არ იღებს მონაწილეობას მის აღზრდის პროცესში და ამ ეტაპზე მას ურთიერთობაც კი არ აქვს არასრულწლოვან შვილთან. მიუხედავად აღნიშნულისა, არასრულწლოვანი უარს არ აცხადებს დედასთან ურთიერთობაზე.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი მ--------------–---–ის ჭეშმარიტი ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით, სასამართლოს კომპეტენტური ორგანოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) დასკვნის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიაჩნია, არასრულწლოვანი მ--------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, დ--------------–---–ის, საცხოვრებელი ადგილი, რაც ემსახურება არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვას და შეესაბამება მშობელთა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მეორე მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.

 

ამდენად, დ--------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, არასრულწლოვანი მ--------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 11 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარი. ხოლო მოპასუხე ნ------------–-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. არასრულწლოვანი მ--------------–---–ის (დაბადებული 2----–-–---------------ს, პირადი №0----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, დ--------------–---–ის (პირადი №1----------), საცხოვრებელი ადგილი.

 

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე დ--------------–---–ს (პირადი №1----------) მ--------------–----ს (პირადი N5----------) მიერ 11/06/2018 წელს, სს თიბისი ბანკში - სახაზინო კოდი N300773150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარი.

 

4. მოპასუხე ნ------------–-ას (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, 14 დღის განმავლობაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა