გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.09.2018
საქმის ნომერი
330310018002597413
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5319-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - გ------ მ---–---

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - თ----- ა----ა

 

მესამე პირი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია

წარმომადგენლები - ბ--- გ---–---ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 06 აგვისტოს №MES 6------------ გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა გ------ მ---–---ს უმაღლესი განათლების TSSEUU N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე;

 

1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გ------ მ---–--ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების TSSEUU N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2003 წლის 26 ივლისის №68 ბრძანებით გ------ მ---–--- ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დასწრებული სწავლების ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ინჟინერის სპეციალობის პირველი კურსის კურსანტად;

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2003 წლის 26 ივლისის №68 ბრძანება (ს.ფ. 25-40);

 

4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2004 წლის 08 ივლისის №108 ბრძანებით ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სპეციალობის დასწრებული სწავლების პირველი კურსიდან გ------ მ---–--- გადაყვანილ იქნა მეორე კურსზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2003 წლის 26 ივლისის №108 ბრძანება (ს.ფ. 41-55);

 

4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2005 წლის 05 თებერვლის №8 ბრძანებით ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სპეციალობის დასწრებული სწავლების მეორე კურსიდან გ------ მ---–--- გადაყვანილ იქნა მესამე კურსზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2005 წლის 05 თებერვლის №8 ბრძანება (ს.ფ. 58-69);

 

4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2005 წლის 21 ივლისის №126 ბრძანებით ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სპეციალობის დასწრებული სწავლების მესამე კურსიდან გ------ მ---–--- გადაყვანილ იქნა მეოთხე კურსზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2005 წლის 21 ივლისის №126 ბრძანება (ს.ფ. 70-75);

 

4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2005 წლის 19 დეკემბრის №205 ბრძანებით გ------ მ---–--- დაშვებულ იქნა 2005 წლის სახელმწიფო-საკვალიფიკაციო გამოცდებზე, რომელმაც მთლიანად ჩააბარა სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ჩათვლები და გამოცდები;

 

2006 წლის 10 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გ------ მ---–--ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სრული კურსის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სპეციალობით გავლის შემდგომ მიენიჭა ინჟინრის კვალიფიკაცია და გ------ მ---–--ის სახელზე გაიცა TSSEUU N0----- დიპლომი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2005 წლის 19 დეკემბრის №205 ბრძანება (ს.ფ. 76-85);

-დიპლომი - TSSEUU N0----- (ს.ფ. 20);

 

4.6. 2018 წლის 11 ივლისს გ------ მ---–---მ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2006 წელს მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების TSSEUU N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 06 აგვისტოს №MES 6------------ გადაწყვეტილებით გ------ მ---–---ს უარი ეთქვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების TSSEUU N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის (აღნიშნული აკადემიის შემთხვევაში - 2005 წლის 5 სექტემბერი) შემდგომ, მათ შორის 2006 წლის ჩათვლით გ------ი მ---–--ის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების TSSEUU N0----- დიპლომი არ იყო სახელმწიფოს მიერ აღიარებული.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 22018 წლის 06 აგვისტოს №MES 6------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-19);

 

4.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 13 სექტემბრის MIA 0------------ ცნობით დგინდება, რომ გ------ ჯ------–ის ძე მ---–--- მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2006 წლის 05 ივლისიდან დღემდე. აქედან: 05.07.2006 წ. - 01.02.2008 წ. - ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორი; 01.02.2008წ. - 15.02.2008 წ. - ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორი - გამომძიებელი; 15.02.2008 წ. - 05.02.2009 წ. - ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე- საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი; 05.02.2009წ. - 10.03.2014 წ. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი; 10.03.2014 წ - 23.07.2016 წ. - ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი; 23.07.2016 წ. - დღემდე - ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების (ნუცუბიძის პლატო) უფროსის მოადგილე (დეტექტივი-გამომძიებელი).

 

გ------ მ---–---ს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 14 ივლისის N1------ ბრძანებით მიენიჭა სპეციალური წოდება "პოლიციის მაიორი".

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 13 სექტემბრის MIA 0------------ ცნობა (ს.ფ. 161);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------ მ---–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმი; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 06 აგვისტოს №MES 6------------ გადაწყვეტილება, გ------ მ---–--ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების TSSEUU N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესთან“, ასევე, - სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავია---- რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამის განათლება და სწავლება.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალურ სტანდარტებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

7.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რა მიზნითაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) ახორციელებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას, მათ შორის, ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ე2) ამოწებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ვ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ------ მ---–---ს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 06 აგვისტოს №MES 6------------ გადაწყვეტილებით გ------ მ---–---ს უარი ეთქვა უმაღლესი განათლების TSSEUU N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

7.4. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავია---- განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხსენებული მუხლის „ღ2“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - გ------ მ---–--ის სახელზე 2006 წლის 10 აპრილს საქართველოს შსს აკადემიის მიერ გაცემულია დიპლომი. დიპლომის თანახმად, გ------ მ---–---ს მიენიჭა ინჟინრის კვალიფიკაცია. გ------ მ---–--ის სახელზე დიპლომის გაცემის წინაპირობას წარმოადგენდა სახელმწიფო გამოცდა, რომელზეც იგი დაშვებული იყო აკადემიის უფლებამოსილი პირის ბრძანებით. გ------ მ---–--ის სახელზე დიპლომის გაცემის ფაქტი უდავოა.

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №458 ბრძანებულების 2007 წლის 26 მაისამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და დამტკიცდა მისი წესდება. ხსენებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში - აკადემია) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება. მითითებულ ბრძანებაში 2007 წლის 26 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით კი, საქართველოს შსს აკადემია ჩამოყალიბდა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სახით.

 

„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში 2006 წლის 17 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ჩაითვლება ლიცენზირებულად. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შსს აკადემია იყო უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ხსენებული საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე, ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის (აღნიშნული აკადემიის შემთხვევაში - 2005 წლის 5 სექტემბერი) შემდგომ, მათ შორის 2006 წლის ჩათვლით გ------ი მ---–--ის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების TSSEUU N0----- დიპლომი არ იყო სახელმწიფოს მიერ აღიარებული.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია რა გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს შსს აკადემიამ 2004 წლის სასწავლო წლიდან შეწყვიტა სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება და ახორციელებდა რეფორმას, რომლითაც საქართველოს შსს აკადემიას აღარ ექნებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და გარდაიქმნებოდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ შსს აკადემია ვალდებული იყო მიემართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სახელმწიფო ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნით. მით უფრო, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, ამ დაწესებულების მიმდინარე და მომდევნო სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამის აღიარებულად მიჩნევისათვის და შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ პირთა მიერ სწავლის დასრულებისთვის, საკმარისი იყო მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამინისტროსთვის მიმართვა.

 

7.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა გ------ მ---–---ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნდა ამგვარი ნდობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში, - პროფესიული საქმიანობის უფლებას, იურისტის კვალიფიკაციით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

უნდა აღნიშნოს, რომ მოსარჩელე გ------ მ---–---ს მის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის საფუძველზე, განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები - საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 13 სექტემბრის MIA 0------------ ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ გ------ ჯ------–ის ძე მ---–--- მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2006 წლის 05 ივლისიდან დღემდე. აქედან: 05.07.2006 წ. - 01.02.2008 წ. - ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორი; 01.02.2008წ. - 15.02.2008 წ. - ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორი - გამომძიებელი; 15.02.2008 წ. - 05.02.2009 წ. - ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე- საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი; 05.02.2009წ. - 10.03.2014 წ. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი; 10.03.2014 წ - 23.07.2016 წ. - ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი; 23.07.2016 წ. - დღემდე - ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების (ნუცუბიძის პლატო) უფროსის მოადგილე (დეტექტივი-გამომძიებელი). ასევე, გ------ მ---–---ს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 14 ივლისის N1------ ბრძანებით მიენიჭა სპეციალური წოდება "პოლიციის მაიორი".

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

 

7.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------ მ---–--ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 06 აგვისტოს №MES 6------------ გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა გ------ მ---–---ს უმაღლესი განათლების TSSEUU N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გ------ მ---–--ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების TSSEUU N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს უნდა დაევალოს მოსარჩელე გ------ მ---–--ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------ მ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 06 აგვისტოს №MES 6------------ გადაწყვეტილება, გ------ მ---–--ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების TSSEUU N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

3. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გ------ მ---–--ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების TSSEUU N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

4. დაეკისროს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის მოსარჩელე - გ------ მ---–--ის სასარგებლოდ ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე