გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/9956-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ანი ნადარეიშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: ა-----------------ე
წარმომადგენელი: ი-------------ე
მოპასუხე: ქ-------------–--ე
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს ა-----------------ესა და ქ-------------–--ეს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და ა-----------------ე დარეგისტრირდეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ---–---------–--–----–------------------------------–-------------–--–ი (კერძოდ 10.60 კვ.მ. და 11.10 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახები და 9.35 კვ.მ. დამხმარე სათავსო), ს/კ 0---------------, თანამესაკუთრედ.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ა-----------------ე 1998 წლის 23 ოქტომბრიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ქ-------------–--ესთან. თანაცხოვრების პერიოდში, 1998 წელსვე ა-----------------ემ გაყიდა თავისი კუთვნილი 06 მარკის ავტომანქანა ჟიგული, რომელიც მას ქ-------------–--ესთან ქორწინებამდე ჰქონდა შეძენილი და მ---–--–----–------------------------------ში იყიდა ძველი, საცხოვრებლად უვარგისი 31,05 კვ.მ. შენობა, რომელიც შემდეგ დაანგრია და თავისი შრომით ააშენა ახალი შენობა.
აღნიშნულის შემდგომ, ქ-------------–--ე გამუდმებით სთხოვდა ა-----------------ეს რომ მისი კუთვნილი თანასაკუთრების წილი ჩუქების ხელშეკრულებით მეუღლეზე გაეფორმებინა. რამდენიმე წლიანი დაჟინებული თხოვნის შემდგომ, ა-----------------ე დასთანხმდა თავის მეუღლეს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით ეს უკანასკნელი გამხდარიყო უძრავი ქონების ს/კ 0--------------- (ლ-------- ½ ნაწილი, კერძოდ - 10,60 კვ.მ. და 11,10 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახები და 9,35 კვ.მ. დამხმარე სათავსო) სრული მესაკუთრე, ოღონდ იმ პირობით, რომ ა-----------------ე მუდმივ საცხოვრებლად დარჩებოდა ბინაში. ამდენად, 2003 წელს საჯარო რეესტრში ისინი დარეგისტრირდნენ აღნიშნული ფართის თანამესაკუთრეებად.
ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ქ-------------–--ე გამუდმებით ჩხუბობდა მოსარჩელესთან და სულ ცდილობდა მათ შორის ურთიერთობის დაძაბვას. ქ-------------–--ემ რამდენიმე მის მიერვე გამწვავებული ჩხუბის შემდეგ გამოიძახა პატრული. იგი ყველანაირად ცდილობდა მისი მეუღლე ცუდ ადამიანად წარმოეჩინა პოლიციის წინაშე. პოლიციის ბოლო გამოძახებისას, კი ქ-------------–--ემ უკვე ისეთი მოგონილი მწვავე სიტუაცია აღუწერა პატრულის ეკიპაჟს, რომ ა-----------------ეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
დასაჩუქრებულმა - ქ-------------–--ემ მრავალგზის დიდი შეურაცხყოფა მიაყენა და დიდი უმადურობა გამოიჩინა მჩუქებლის - ა-----------------ის მიმართ. კერძოდ, მან ბევრჯერ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი ა-----------------ეს დღის განმავლობაში უკრძალავს სახლში მისვლას და ცდილობს მოსარჩელის ცხოვრება აღნიშნულ ბინაში გაუსაძლისი გახადოს. ამასთან, მიუხედავად ჩუქების ხელშეკრულებაში არსებული შეთანხმებისა, ქ-------------–--ე ყველანაირად ცდილობს, რომ აიძულოს ა-----------------ე წავიდეს ბინიდან.
მოსარჩელე, ასევე განმარტავს, რომ მათთან ბინაში ცხოვრობს მოპასუხის შვილი წინა ქორწინებიდან ორ შვილთან ერთად, რომელთაც მოსარჩელე 8 თვის განმავლობაში არჩენდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ყველანაირად აბუჩად იგდებენ და ამცირებენ მოსარჩელეს და ქ-------------–--ესთან ერთად უკრძალავენ საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ტექნიკით სარგებლობას. მისთვის შეუძლებელია სახლში სტუმრის მიღებაც.
ამდენად, ა-----------------ე არის მძიმე მდგომარეობაში. აღნიშნულ ბინაში მას აღარ შეუძლია თავისი თავის ნორმალური რჩენა, მოვლა და არსებობა. ყველანაირად ავიწროვებენ და გაუსაძლის ხდიან მის ცხოვრებას. ამასთან, მოსარჩელე არის დაავადებული მე-2 ტიპის დიაბეტით, ტუბერკულოზითა და სხვა ქრონიკული დაავადებებით, რის გამოც აღარ შეუძლია აქტიური შრომითი საქმიანობა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ქ-------------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მოსარჩელის მითითება იმაზე, თითქოს მოპასუხე დაჟინებით ითხოვდა მოსარჩელისაგან ამ უკანასკნელის კუთვნილი წილი უძრავი ქონების ჩუქებას. სადავო ფართი მოსარჩელემ ქ-------------–--ეს როგორც მეუღლეს აჩუქა „სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად“, როგორც ეს აღნიშნულია ჩუქების ხელშეკრულებაში და არავის არ გაუხდია ა-----------------ე იძულებული ეჩუქებინა ქ-------------–--ისათვის უძრავი ქონება.
მოპასუხეს მოსარჩელისათვის არასოდეს დაუშლია სადავო სახლში ცხოვრება. სიმართლეს არ შეესაბამება არც ის გარემოებები, რომ ქ-------------–--ე მოსარჩელეს ცუდად ექცევა, აყენებს შეურაცყოფას და არ აძლევს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას. პირიქით, ა-----------------ის მხრიდან აქვს მუდმივად ადგილი ქ-------------–--ის მიმართ შეურაცყოფას, გინებას, ცემას და მუქარას, რის გამოც მუდმივ შიშში იმყოფებიან. როდესაც ა-----------------ე ავად იყო ტუბერკულოზით, ბავშვებს რომ არ გადასდებოდა ეს უმძიმესი დაავადება, მოსარჩელის მიერ მოხმარებულ ჭურჭელს არიდებდნენ პატარებს, რის გამოც მოსარჩელე მათ ეჩხუბებოდა. მოპასუხე ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაშია უკვე წლებია, რასაც ხედავენ მეზობლებიც. მოსარჩელის ქმედებების გამო იგი იძულებულია დახარებისათვის მიმართოს პატრულს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა-----------------ე და ქ-------------–--ე 1998 წლის 23 ოქტომბრიდან 2010 წლის 04 იანვრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
3.1.2. 2003 წლის 25 მარტს ა-----------------ემ და ქ-------------–--ემ ერთობლივად, თანაბარწილად შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ---–---------–--–----–------------------------–---------- ½ ნაწილი (კერძოდ 10,60 კვ.მ. და 11,10 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახები და 9,35 კვ.მ. დამხმარე სათავსო). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ა-----------------ე და ქ-------------–--ე დარეგისტრირდნენ უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად.
3.1.3. 2006 წლის 16 მარტს ა-----------------ესა და ქ-------------–--ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ა-----------------ემ ქ-------------–--ეს აჩუქა მისი კუთვნილი წილი უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თ---–---------–--–----–------------------------–-----------ს½ ნაწილი (კერძოდ 10,60 კვ.მ. და 11,10 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახები და 9,35 კვ.მ. დამხმარე სათავსო). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ქ-------------–--ე აღირიცხა თანასაკუთრებაში არსებული ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრედ.
აღნიშნული ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, მჩუქებელი მუდმივ საცხოვრებლად რჩება დასაჩუქრებულთან. დასაჩუქრებული ვალდებულია საჩუქრის გასხვისების შემთხვევაში, მჩუქებელი უზრუნველყოფს მუდმივი საცხოვრებლით.
3.1.4. სადავო უძრავი ქონების მისამართი დღეის მდგომარეობით წარმოადგენს შემდეგს: ქ. თ---–---------–--–----–---------------------------, ლ-----------ს ½ ნაწილი (კერძოდ 10.60 კვ.მ. და 11.10 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახები და 9.35 კვ.მ. დამხმარე სათავსო), ს/კ 0---------------.
3.1.5. მხარეები დღეის მდგომარეობით ცხოვრობენ სადავო უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თ---–---------–--–----–---------------------------, ლ------------ს ½ ნაწილი (კერძოდ 10.60 კვ.მ. და 11.10 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახები და 9.35 კვ.მ. დამხმარე სათავსო), ს/კ 0---------------.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დასაჩუქრებული - ქ-------------–--ე ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გამჩუქებელს - ა-----------------ეს აყენებდა მძიმე შეურაცხყოფას ან დიდ უმადურობას იჩენდა მის მიმართ.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მტკიცების ტვირთი, რომ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას აყენებს ან დიდ უმადურობას იჩენს გამჩუქებლის მიმართ აწევს გამჩუქებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ხოლო მისი მოთხოვნის დასასაბუთებლად მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: დასაჩუქრებულმა ქ-------------–--ემ მრავალგზის დიდი შეურაცხყოფა მიაყენა და დიდი უმადურობა გამოიჩინა მჩუქებლის ა-----------------ის მიმართ. მან ბევრჯერ მიაყენა ა-----------------ეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ქ-------------–--ე და მისი შვილი ამცირებენ და აბუჩად იგდებენ მოსარჩელეს. მოპასუხე მოსარჩელეს დღის განმავლობაში უკრძალავს სახლში მისვლას, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ტექნიკით სარგებლობას და ცდილობს მოსარჩელის ცხოვრება სადავო ბინაში გაუსაძლისი გახადოს. ამასთან, მისთვის შეუძლებელია სახლში სტუმრის მიღებაც.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ. სუსგ №ას-1235-1176-2014; 24.02.2014წ.)
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს ეკისრება არა მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მითითების ვალდებულება, რის საფუძველზეც ითხოვს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, არამედ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. ამასთან, მას ევალება მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის შეფასებასთან დაკავშირებით მისი სუბიექტური დამოკიდებულების დასაბუთება. თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. კერძოდ, ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე ქ-------------–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას რაც შეიძლება შეფასდეს მძიმე შეურაცხყოფად ან/და დიდ უმადურობად. მას არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, კი რომელიც არ შეიცავს სადავო ურთიერთობის დამფუძნებელი ნორმის შემადგენელ ელემენტებზე კონკრეტულ მითითებას, ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
ამასთან, სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–----------------–--- შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი გაფრთხილების ოქმები, რომლის თანახმად ა-----------------ე გაფრთხილებულ იქნა, რომ მისი მეუღლის ქ-------------–--ათვის არ მიეყენებინა არანაირი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, ქ. თბილისის (ვ---------------–--ს) საბურთალოს მიმართულების მე-2 ოცეულის პატრულ ინსპექტორის მიერ შედგენილი № 0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად ა-----------------ეს ქ-------------–--ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე, აეკრძალა 30 დღის ვადით ქ-------------–--ის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა და №0-------- ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ 2018 წლის 01 მარტს ა-----------------ემ დაარღვია 2018 წლის 16 თებერვალს შედგენილი №0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა არ მიკარებოდა მსხვერპლის - ქ-------------–--ის სამყოფელ ადგილს. საქმეშია აგრეთვე საქართველო შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–----------------–--- მე-6 განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, 2010 წლის 25 იანვრის №-- შეტყობინების საფუძველზე, მოქ. ა-----------------ის მიერ ქ-------------–--ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაწყებულ იქნა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქ. სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.
(სამართლებრივი დასაბუთება იხილეთ გადაწყვეტილების მე-6 ნაწილში)
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-525-ე, 529-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, კი მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“ ამ შემთხვევაში გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ წინასწარაა შეთანხმებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2006 წლის 16 მარტს ა-----------------ესა და ქ-------------–--ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ა-----------------ემ ქ-------------–--ეს აჩუქა მისი კუთვნილი წილი უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თ---–---------–--–----–--------------------- (------------–---------------–-----------ს ½ ნაწილი (კერძოდ 10,60 კვ.მ. და 11,10 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახები და 9,35 კვ.მ. დამხმარე სათავსო). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ქ-------------–--ე აღირიცხა თანასაკუთრებაში არსებული ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრედ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
ამდენად, ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებელი ავალდებულებს დასაჩუქრებულს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად გამჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა მხოლოდ გამჩუქებლის სუბიექტური სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით.
ჩუქების ხელშეკრულება თავისი ბუნებით არის ქონების უსასყიდლო, აუნაზღაურებელი გადაცემა. დასაჩუქრებული არ არის ვალდებული, რაიმე საპასუხო მოქმედება განახორციელოს მჩუქებლის მისამართით. აღნიშნული ხელშეკრულება მას, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ აყენებს `დავალებულ~ მდგომარეობაში. თუმცა, ჩუქების ხელშეკრულებით დასაჩუქრებული ხდება მესაკუთრე და ნივთზე ბატონობა მთლიანად მის ხელში გადადის. მჩუქებელი კარგავს ყველანაირ უფლებას გაჩუქებულ ნივთზე და სამართლებრივად კავშირს წყვეტს მასთან. თუმცა, კანონმდებელი უშვებს გამონაკლისს, როდესაც ეს კავშირი შეიძლება, კვლავ აღდგეს. ასეთი დამოკიდებულება, როგორც წესი, ჩუქების ხელშეკრულების ბუნებისთვის არ არის დამახასიათებელი და სწორედ ამიტომ, ხელშეკრულების თავისებურებიდან გამომდინარე, ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება მხოლოდ კანონით იმპერატიულად დადგენილ განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას ხდება შესაძლებელი. სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის ხელშეკრულების იმ სახეს წარმოადგენს, რომელიც გარკვეულ მორალურ პრინციპებთან არის დაკავშირებული, რაც მის უსასყიდლო ხასიათში ვლინდება. ამგვარ ხელშეკრულებათა მოტივს, როგორც წესი, მჩუქებლის კეთილი ნება წარმოადგენს. ამდენად, კანონი მას უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებს და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხელშეკრულებათა ბათილობის საფუძვლების გარდა, მისი გაუქმების გარემოებად მიიჩნევს დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენებას ან მათ მიმართ დიდი უმადურობის გამოჩენას.
ამასთან, ჩუქების გაუქმებას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ზნეობრივ საფუძვლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი ადგენს, რომ საკუთრების გაუქმება დასაშვებია, თუ დასაჩუქრებული მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოიჩენს უმადურობას ან მიაყენებს მძიმე შეურაცხყოფას. აღნიშნული დათქმა ჩუქების „ზნეობრივი“ ბუნებიდან გამომდინარეობს და ხელშეკრულების გაუქმება დასახული მიზნის პროპორციული შეიძლება იყოს არა მჩუქებლის სუბიექტური დამოკიდებულებიდან, არამედ, ჩუქების აქტის შემდგომ განვითარებული მოვლენების გონივრული განსჯიდან გამომდინარე, რომელიც სასამართლოს, მსგავსად მჩუქებლისა, მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ დასაჩუქრებულის ქცევა ეწინააღმდეგება საზოგადოების სოციუმში დამკვიდრებულ მორალურ სტანდარტს, რომლის გამოც გაუმართლებელია ხელშეკრულების მონაწილეთა შემდგომი ურთიერთობა. (იხ. სსუგ №ას-447-419-2017; 09.06.2017წ.)
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დასაჩუქრებული - ქ-------------–--ე ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გამჩუქებელს - ა-----------------ეს აყენებდა მძიმე შეურაცხყოფას ან დიდ უმადურობას იჩენდა მის მიმართ, ვინაიდან მოსარჩელემ, რომელსაც სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის შესაბამისად ეკისრება აღნიშნული გარემოების დამტკიცების ვალდებულება, სათანადოდ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე ქ-------------–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას რაც შეიძლება შეფასდეს მძიმე შეურაცხყოფად ან/და დიდ უმადურობად და ვერ წარმოადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6.3. რაც შეეხება მოპასუხე ქ-------------–--ის მითითებას ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა ა-----------------ის სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-----------------ის სარჩელი ქ-------------–--ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/9956-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
13 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ანი ნადარეიშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: ა-----------------ე
წარმომადგენელი: ი-------------ე
მოპასუხე: ქ-------------–--ე
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-----------------ის სარჩელი ქ-------------–--ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი