გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.09.2018
საქმის ნომერი
820210017002061183
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210017002061183 (2- 471/2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2018 წელი. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი - ნაირა აბაშიძე

მოსარჩელე - შპს ,,რ-------------ი”

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ--------–---–---–ი

მოპასუხე - ნ------------ე

მოპასუხის წარმომადგენელი - თ------------ე

მოპასუხე - გ--------------ე

მოპასუხე - ნ--------------ე

მოპასუხე - მ--------------ე

მოპასუხე - გ-----------------ე

მოპასუხე - ნ-----------------ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა პირველ სარჩელში

 

1.1. მოპასუხეების ნ------------ის, ნ-----------------ის, გ--------------ის, ნ--------------ის, მ--------------ის და გ-----------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას შპს ,,რ-------------ი’’-ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი გ--------ი, საკადასტრო კოდი: N2-----------.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელემ 2017 წლის 20 ივლისს აუქციონზე შეიძინა უძრავი ნივთი მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი გ--------ი, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ 2-----------. აღნიშნული ქონება ფაქტობრივად დაკავებულია და მფლობელობას ახორციელებენ მოპასუხეები ნ------------ე, ნ-----------------ე, გ--------------ე, ნ--------------ე, მ--------------ე და გ-----------------ე. ამ უკანასკნელთ მოსარჩელის კუთვნილი ქონების მფლობელობის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ, რის გამოც უნდა შეწყდეს მოპასუხეთა მიერ უკანონო მფლობელობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა ნ------------ემ, ნ-----------------ემ, გ--------------ემ, ნ--------------ემ, მ--------------ემ და გ-----------------ემ წამოადგინეს შესაგებელი, სადაც ნაწილობრივ სცნეს სარჩელი და მიუთითეს, რომ უძრავი ქონების გამოთხოვის შემთხვევაში, ოჯახის წევრებთან ერთად რჩებიან უსახლ-კაროდ, ღია ცის ქვეშ, სამწუხაროდ არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, ამ დროისათვის იმყოფებიან ფინანსურ კრიზიში და ფაქტიურად დამოკიდებული არიან მოსარჩელისა და სასამართლოს კეთილ ნებაზე. მათი სურვილია, რომ მოსარჩელისადმი არსებული ფინანსური დავალიანება სრულად გადაიხადონ და მათი ერთადერთი საცხოვრებელი უძრავი ქონება დაიბრუნონ კვლავ საკუთრებაში, რისთვისაც დღემდე იბრძვიან და მუშაობენ. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეები არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან რჩებიან ღია ცის ქვეშ და სურთ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას მოსარჩელე მხარესთან, ორთავე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე. მოპასუხე მხარის სურვილია პერიოდულად გადახდის ფორმით, გამოისყიდონ უკან მათი უძრავი ქონება.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარემ სარჩელი არ სცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რაც შესაგებელშია აღნიშნული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხელვაჩაურის რაიონის სოფელი გ--------ში მდებარე სადავო უძრავი ქონების - 2430.00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისა და 205.20 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი 2-----------) მესაკუთრე არის მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–------------------ი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე

2. შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე

3.2017 წლის 21 აგვისტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

4. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განმარტებები (სხდომის ოქმები);

 

3.1.2 სარჩელით სამოქალაქო საქმეზე, მასზე წარმოდგენილი შესაგებლით, 2017 წლის 21 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, მხარეთა განმარტებებით დადგენილია რომ სადავო ქონების ერთადერთ მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხულია შპს ,,მ-----------------------------–------------------ი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე

2. შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე

3.2017 წლის 21 აგვისტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

4. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განმარტებები (სხდომის ოქმები);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე, რომლის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებას ითხოვს მოსარჩელე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე

2. შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე

3.2017 წლის 21 აგვისტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

4. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განმარტებები (სხდომის ოქმები);

 

საკითხის გამოკვლევისას სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი ფაქტის დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს თანაბრად. მოპასუხე მხარემ რაიმე მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და ზეპირადაც კი ვერ შეძლო დასაბუთება, მოსარჩელის მოთხოვნის კანონშეუსაბამობის დასადასტურებლად.

 

ის გარემოება, რომ მოპასუხეებს გარკვეული დრო სჭირდებათ თანხის მოსაპოვებლად მოსარჩელე მხარისათვის გადასაცემად უძრავი ქონების სანაცვლოდ არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

 

მოსარჩელე შპს ,,რ-------------ი’’-ს წარმომადგენელმა თავისი არგუმენტების დადასტურების მიზნით წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი გ--------ი, საკადასტრო კოდი 2----------- წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს კონსტიტუცია,-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და მნიშვნელოვანი უფლებაა იმ უფლებათაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი გ--------ი, საკადასტრო კოდი 2----------- წარმოადგენს მის საკუთრებას და მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები. მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.

 

ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილი იქნა, რომ უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი გ--------ი, საკადასტრო კოდი 2-----------, მოსარჩელე შპს ,,რ------------ი’’-ს საკუთრებადაა რეგისტრირებული.

 

მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რის გამოც ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება შპს ,,რ-------------ი’’-ს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, მყარი და დამაჯერებელია.

 

საქმის განხილვის მომენტისათვის შპს ,,რ-------------ი’’ ქონების მესაკუთრეა და ამ საკუთრების უფლების რეგისტრაციას აქვს სისრულისა და უტყუარობის დანიშნულება.

 

6.4. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მის კუთვნილ ქონებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ მოპასუხეები და არ აძლევენ საშუალებას ამ ქონებით ისარგებლოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. შპს ,,რ-------------ი’’ მესაკუთრეა და მას აქვს ასეთი მოთხოვნის უფლება. დადგენილია, რომ მოპასუხეები ნ------------ე, ნ-----------------ე, გ--------------ე, ნ--------------ე, მ--------------ე და გ-----------------ე ფლობენ შპს ,,რ-------------ი’’-ს საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებას და სარგებლობენ ამ სიკეთით, რისი წინააღმდეგიც არის მოსარჩელე. მას მოპასუხეთა გამო ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში. მოპასუხეები არ არიან ქონების მართლზომიერი მფლობელები, ამიტომაც გამოსახლებული უნდა იქნენ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან. გამოსახლებითა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემით აღსდგება შპს ,,რ-------------ი’’-ს საკუთრების უფლება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეებს ნ------------ეს, ნ-----------------ეს, გ--------------ეს, ნ--------------ეს, მ--------------ეს და გ-----------------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ შპს ,,რ-------------ი’’-ს სასარგებლოდ სასამართლოში განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 (ას ოცი) ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244ე, 248-250-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,რ-------------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

მოპასუხეების ნ------------ის, ნ-----------------ის, გ--------------ის, ნ--------------ის, მ--------------ის და გ-----------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას შპს ,,რ-------------ი’’-ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი გ--------ი, საკადასტრო კოდი: N2----------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე შპს ,,რ-------------’’.

 

2. მოპასუხეებს ნ------------ეს, ნ-----------------ეს, გ--------------ეს, ნ--------------ეს, მ--------------ეს და გ-----------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,რ-------------ი’’-ს სასარგებლოდ სასამართლოში განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 (ას ოცი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დავით გელაშვილი