გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210016001640805
საქმე № 2/1666-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - სს „საქართველოს ბანკი“
წარმომადგენელი - ი-----–--------–--
მოპასუხე - ი------------–---–ი
დავის საგანი- თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი------------–---–ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 68.66 აშშ დოლარის და 52957.47 ლარის გადახდა;
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ი------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გორი ჯ---------ის ქ №2, ს/კ: 66.45.13.3--, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არ იქნება ასაკმარისი აღსრულება მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;
2. მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის №3323916-ა ხელშეკრულება, რომლის სტანდარტულ პირობებშიც გათვალისწინებული იყო პირობა, რომ თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად ბანკის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდებოდა ბანკს უფლება ჰქონდა აღსრულება მიექცია მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე. გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა №3323916-ა-3105014 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე 60 თვის ვადით გაიცა 43000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი - 21% (მხარეთა შეთანხმებით სარგებელი 15%-მდე შემცირდა), პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2016 წლის 15 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №3323916-ა-3939220 საკრედიტო ხელშეკრულება, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 8000 ლარი, 120 თვის ვადით, წლიური სარგებელი 18%-ის ოდენობით, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2016 წლის 16 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულებით მოპასუხის უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი ჯ---------ის ქ №2, ს/კ:66.45.13.3--, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2015 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბაკო მომსახურების ხელშეკრულება დანართი №3105015. კრედიტის ოდენობა 541.25 აშშ დოლარი, 300 თვის ვადით, წლიური სარგებელი - 18%, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მხარეებს შორის 2016 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა კიდევ ერთი ხელშეკრულება, კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განუსაზღვრელი, წლიური სარგებელი - 48%, პირგასამტეხლო - 1.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ზემოთ აღნიშნული ხეშეკრულების პირობები, რის გამოც მისი დავალიანება სარჩელის შემოტანის დრისათვის შეადგენს:
სესხზე №3105014 - ძირითადი თანხა 39 479.38 ლარს, სარგებელი - 2442.81 ლარს, ჯარიმა - 1 729.81 ლარს, საკომისიო - 32 ლარს, სულ - 43 684 ლარს;
სესხზე №-3414341 - ძირითადი თანხა 7 832.71 აშშ დოლარს, სარგებელი - 516.96 აშშ დოლარს, ჯარიმა - 231.19 აშშ დოლარს, საკომისიო - 40 ლარს, სულ - 8620.86 ლარს;
სესხზე №-3105015 - ძირითადი თანხა 61.50 აშშ დოლარს, სარგებელი - 2.02 აშშ დოლარს, ჯარიმა - 5.14 აშშ დოლარს, სულ - 68.66 აშშ დოლარს;
საკრედიტო ბარათზე - ძირითადი თანხა - 549.21 ლარს, სარგებელი - 77.77 ლარს, ჯარიმა - 26.63 ლარს, სულ - 652.61 ლარს;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ იგი აღიარებს, რომ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გააჩნია ვალდებულება, ვალდებულების დარღვევა გამოწვეული იყო იმით, მოპასუხეს აღარ აქვს სამსახური და გადახდის გრაფიკი მორგებული იყო ხელფასის ოდენობაზე, აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია ვალდებულების დარღვევა და იგი დაინტერესებულია ბანკთან შეთანხმებით. რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოპასუხე ამ ნაწილში არ ცნობს სარჩელს.
მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ დააზუსთა თავისი შესაგებელი და სარჩელი სრულად, ცნო 68.66 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მან სარჩელი ცნო არსებული დანალიანებიდან მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის №3323916-ა ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება №3323916-ა
3.1.2. გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა №3323916-ა-3105014 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე 60 თვის ვადით გაიცა 43000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 21%-ით (მხარეთა შეთანხმებით სარგებელი 15%-მდე შემცირდა), პირგასამტეხლო- 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება №3323916-ა-3105014
3.1.3. 2016 წლის 16 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულებით მოპასუხის უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი ჯ---------ის ქ.№2, ს/კ: 66.45.13.3-- დაიტვირთა იპოთეკით მოსარჩელის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება №3323916-01
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
3.1.4. 2016 წლის 15 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 120 თვის ვადით, გაფორმდა №3323916-ა-3939220 საკრედიტო ხელშეკრულება, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 8000 ლარით, წლიური სარგებელი - 18%-ით, პირგასამტეხლო - 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №3323916-ა-3939220 საკრედიტო ხელშეკრულება
3.1.5. 2015 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 300 თვის ვადით გაფორმდა საბაკო მომსახურების ხელშეკრულება დანართი №3105015. კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 541.25 აშშ დოლარით, წლიური სარგებელი - 18%-ით, პირგასამტეხლო - 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო მომსახურების ხელშეკრულება
3.1.6. მხარეებს შორის 2016 წლის 04 დეკემბერს განუსაზღვრელი ვადით გაფორმდა ხელშეკრულება, კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით, წლიური სარგებელი - 48%-ით, პირგასამტეხლო - 1.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ექსპრეს პაკეტის განაცხადი №4064548
3.1.7. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები და გადახდის გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილების წერილები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''საქართველოს ბანკის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდა, რომ 2015 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 300 000 ლარის ოდენობით; 2015 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, მსესხებელზე გაიცა 43000 ლარი; 2015 წლის 23 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა 541.25 აშშ დოლარი; 2016 წლის 04 დეკემბერის საკრედიტო ხელშეკრულებით ი------------–---–ზე გაიცა კრედიტი 500 ლარის ოდენობით; 2016 წლის 15 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებელზე გაიცა სესხი 8000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მხარეთა შორი გაფორმებული ყველა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, როგორც სარგებელი, ისე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში - პირგასამტეხლო.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მათ შორის არსებული ხელშეკრულებების კანონიერება და მოპასუხემ აღიარა მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევა დავალიანების არსებობა, თუმცა მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში სს საქართველოს ბანკსა და ი------------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესაბამისად, კრედიტორს წარმოეშვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეები გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, თუმცა დასაბუთებული არგუმენტი მისი მხრიდან სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების არარსებობის შესახებ ვერ იქნა წარმოდგენილი მაშინ, როცა მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები, რომლებიც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია და რომლის პირობების მოპასუხე მხარემ დაარღვია.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით პირგასამტეხლოს მოცულობა არ სცილდება გონივრული საზომის ფარგლებს.
6.9. რაც შეეხება იპოთეკის საგნის რეალიზაციას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის ქონება, მდებარე ქ, გორი ჯ---------ის №2. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების 5.2 პუნქტის, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკით დატვირთული უძრავი იძულებით რეალიზაციის გზით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ საფუძვლიანია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
7.2. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1594.11 ლარის ოდენობით, მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1594.11 ლარიდან - უნდა დაუბრუნდეს 1440.67 ლარი, ხოლო 153.44 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „საქართველოს ბანკის“ სარჩელი მოპასუხე ი------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ი------------–---–ს მოსარჩელე სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
2.1. № 3105014 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 43684 ლარის გადახდა;
2.2. № 3414341 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8620.86 ლარის გადახდა;
2.3. № 3923384 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 652.61 ლარის გადახდა;
2.4. № 3105015 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 68.66 აშშ დოლარის გადახდა;
3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ი------------–---–ის საკუთრებაში არსებული და სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორი ჯ---------ის №2, ს/კ: 66.45.13.3--, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით სრულად არ დაიფარება მოსარჩელის მოთხოვნა, აღსრულება მოხდეს მოპასუხის სხვა ქონებიდან;
4. მოსარჩელე სს „საქართველოს ბანკს“ (ს/კ: 204378869) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1594.11 ლარიდან - დაუბრუნდეს 1440.67 ლარი, ხოლო 153.44 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხე ი------------–---–ს მოსარჩელე სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 153.44 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილის გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით ( მის: ქ. გორი ჯ---------ის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 ( თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია კუთხაშვილი