გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 421310018002613369
N3/8-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.09.2018 ქ. ყვარელი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
მოსარჩელე - და----- სო---–--ლი;
მოპასუხე - სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლა;
წარმომადგენელი - ბელა ოსეფაშვილი;
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
წარმომადგენელი - ნანა ოდიკაძე;
დავის საგანი - უფლების და სამართლებრივი ურთიერთობის - მოსარჩელის მიერ სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის - სრული ზოგადი განათლების პროგრამის გავლის აღიარება და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის დადგენა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებულ იქნას და---- სო---–--ლის მიერ სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლაში სრული ზოგადი განათლების პროგრამის 1993-1994 წლებში გავლისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი;
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. სასამართლო სხდომაზე მესამე პირის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, განმარტა, რომ მათ კანონით განსაზღვრული აქვთ რა შემთხვევაში უნდა გაიცეს დაკარგული ატესტატის დუბლიკატი, ვინაიდან არქივში არ აღმოჩნდა ყველა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა ატესტატის გასაცემათ, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვის ჩვეშ არ აყენებენ მოსარჩელის მიერ სკოლის დამთავრების ფაქტს, კანონის თანახმად არა აქვთ უფლება გასცენ ატესტატი.
4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2018 წლის 04 ივლისს დფა---- სო---–--ლმა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზოგადი განათლების ატესტატის/სერთიფიკატის დუბლიკატის მოთხოვნის შესახებ 04.07.2018 წლის განცხადება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4.1.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 16 ივლისის MES9 00908022 წერილის მიხედვით სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის 2018 წლის 09 ივლისის N882933 კორესპოდენციის თანახმად, გასული წლების კორესპოდენცია გადაცემულია არქივში ცენტრალიზებულ დაცვაზე.
არქივის 2018 წლის 13 ივლისის N36/97036 კორესპოდენციიდან ( მართვის სესტემაში რეგისტრაციის N904245; 13/07/2018) კი ირკვევა, რომ იძებნება ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. წერილის თანახმად, ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 სკოლის 1993-1994 სასწავლო წლის ბრძანებების წიგნები და პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები არქივში დაცული არ არის. აღნიშნულის გამო უარი ეთქვა ატესტატი დუბლიკატის გაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 16.07.2018 წლის N01/223082/გ გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4.1.3. და---- სო---–--ლმა 1993-1994 წლებში დაასრულა ილ. ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლა და მიეცა ატესტატი N013547.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 13 ივლისის N36/07036 ცნობას;
-- საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნი;
- მოწმეების ელ--- სპ-----ვას, ელ------ ბა---–--ლის, ივ--- წი–-----–--ლის, ნი--- კუ----–--ლის ჩვენებებს;
- მხარეთა ახსნა-განმარტებებს;
4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის სადავო ფაქტობრივი გარემოებები სარჩელის განხილვის დროს არ გამოვლენილა.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ და---- სო---–--ლის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
სასამართლო ასევე უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან ერთად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
მოცემული საქმის ზეპირი განხილვისას მოხდა სწორედ ეს, - მოპასუხემ და მესამე პირმა აღიარეს ყველა ფაქტობრივი გარემოება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავდაპირველად არ აღიარებდნენ გარკვეულ გარემოებებს.
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა სასამართლო სხდომაზეც ცნო სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამათალწარმოებისგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - ადგილი უნდა ჰქონდეს პირის უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებას, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობასა ან არარსებობაში. გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისთვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - და---- სო---–--ლის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტი.
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს მხოლოდ სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი - ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია გარემოება, რომ და---- სო---–--ლი (პ/ნ 4----------) 1990 წლის 16 ოქტომბრის N95 ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლაში( იმჟამად ყვარლის პირველ საშუალო სკოლაში) მე-8 კლასში.
7.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მუხლი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულია და---- სო---–--ლის მიერ სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად,ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს ,მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 6-ე მუხლის თანახმად -მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:
ა) (ამოღებულია) ;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
ბ1 ) სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე;
ე) საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით;
ვ) მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე;
ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;
თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეულის (შემდგომ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული) მიმართვის საფუძველზე იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად:
2. მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ამავე კოდექსისბ 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადაების თანახმად -იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას - 2018 წლის 21 აგვისტოს - გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლამ ცნო სარჩელი მთავარ სხდომაზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი, ხოლო ნახევარი ასანაზღაურებლად დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე და---- სო---–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებულ იქნას და---- სო---–--ლის (პ/ნ 4----------) მიერ სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის სრული ზოგადი განათლების პროგრამის 1993-1994 წლებში გავლისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
3. მოსარჩელე და---- სო---–--ლს დაუბრუნდეს 2018 წლის 21 აგვისტოს და---- სო---–--ლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 75 (სამოცდათხუთმეტი ლარი) ლარი (პ/ნ 4----------, საგადახასადო დავალება N2, სს ,,საქართველოს) ბანკი'', ანგარიში/სახაზინო კოდი - 300503150).
4. მოპასუხე, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლას დაეკისროს, მოსარჩელე და---- სო---–--ლის (პ/ნ 4----------) სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახემწიფო ბაჟის 25 (ოცდახუთილარი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა), ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს ქ. ყვარელი, ილ. ჭავჭავაძისდ ქ. N78) მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში;
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე