გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.10.2018
საქმის ნომერი
330210118002430389
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/12993-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - შპს ,,მ-------------------------------–-------------------- +’’

წარმომადგენელი - ც-----ე ც----ა

მოპასუხე - ვ----- ე-------ი, ვ----–---ა ს----------ი, კ----- ც----------ი

მოპასუხე - ა---- ს---------ი, ი----ა ე-------ი

წარმომადგენელი - გ------ი მ-----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაეკისროთ სოლიდარულად მოპასუხეებს ვ----- ე-------ს, ვ----–---ა ს----------ს და ა---- ს---------ს შპს ,,მ-------------------------------–-------------------- +’’-ის სასარგებლოდ 2018 წლის 28 თებერვლის N54----------2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 14 480.08 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 14 114.04 ლარი არის სესხის ძირი თანხა, სარგებელი - 355.06 ლარი, ხოლო ჯარიმა - 10.98 ლარი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ვ----–---ა ს----------ს და ი----ა ე-------ს შორის 2018 წლის 28 მარტს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, გ-–-----, მე-3 მ/რ-ნი, კ-------------------- ს/კ 0---------------------- დარეგისტრირდეს ვ----–---ა ს----------ის საკუთრების უფლება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ა---- ს---------სა და კ----- ც----------ს შორის 2018 წლის 02 აპრილს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ა---–-------–-- გამზირი 6---------, ს/კ 0---------------------- დარეგისტრირდეს ა---- ს---------ის საკუთრების უფლება.

 

სასარჩელო განცხადება ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 28 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეებს ვ----- ე-------ს, ვ----–---ა ს----------ს და ა---- ს---------ს შორის დაიდო სესხის N54----------2 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვ----- ე-------ის სახელზე 60 დღის ვადით გაიცა სესხი 20 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 69.24%-ით, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.41%. მსესხებელს ხელშეკრულების დანართი N1-ის გრაფიკის შესაბამისად, სესხის ნაწილი და სარგებელი უნდა დაეფარა ყოველთვიურად.

 

ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებმა ვ----–---ა ს----------მა და ა---- ს---------მა, როგორც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. ხელშეკრულების 2.9. პუნქტის თანახმად, თავდებობის ფარგლები წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამის ოდენობას სრულად. გრაფიკის თანახმად ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 26 145.18 ლარს.

 

მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 26 მარტს, როდესაც მან სრულად არ გადაიხადა ყოველდღიური გადასახადი. თუმცა, მოვალის მიერ გადახდილია დავალიანების ნაწილში ჯამში 7 013.96 ლარი, საიდანაც 5 885.96 ლარი გამოაკლდა სესხის ძირს, 654.93 ლარი სარგებელს, ხოლო 473.07 ლარით დაიფარა ჯარიმა. მსესხებლის მიერ ბოლო გადახდა 102.52 ლარის ოდენობით განხორციელდა 2018 წლის 26 მარტს. ამის შემდგომ კი მას არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

მოსარჩელის მიერ მოპასუხეებს ხელშეკრულების დარღვევის მეორე დღესვე - 2018 წლის 27 მარტს ეცნობა ვალდებულების დარღვევის შესახებ და განესაზღვრა მათ დამატებითი ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებამდე 2018 წლის 10 აპრილამდე. აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხეებს ვალდებულება არ შეუსრულებიათ.

 

მას შემდეგ რაც მოსარჩელემ 2018 წლის 27 მარტს მოახდინა თავდებების ინფორმირება მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის თაობაზე, 2018 წლის 28 მარტს ვ----–---ა ს----------მა, ხოლო 2018 წლის 02 აპრილს ა---- ს---------მა თავიანთ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებები ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დაჩქარებული წესით საკუთრებაში გადასცეს საკუთარი ოჯახის წევრებს. კერძოდ 2018 წლის 28 მარტს ვ----–---ა ს----------მა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დაჩქარებული წესით გადასცა მის დისშვილს - მოპასუხე ი----ა ე-------ს უძრავი ქონება მდებარე თბილისი, გ-–-----, მე-3 მ/რ-ნი, კ--------------------, ს/კ 0----------------------. მოპასუხე ი----ა ე-------ი მიმდინარე პერიოდისთვის არ ცხოვრობს მითითებულ უძრავ ქონებაში და აღნიშნულ უძრავ ქონებაში ცხოვრებას აგრძელებს კვლავ მოპასუხე ვ----–---ა ს----------ი. 2018 წლის 02 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე კი ა---- სეროპინმა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ა---–-------–-- გამზირი 61, ს/კ 0--------------------- გადასცა მის შვილს - კ----- ც----------ს. ამის შემდგომ 2018 წლის 30 აპრილს კ----- ც----------მა კვლავ სცადა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონების გადაფორმება ინგა ც----------ზე, თუმცა სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის არსებობის გამო. ვ----–---ა ს----------ს და ი----ა ერ----ას, ისევე როგორც ა---- ს---------ს და კ----- ც----------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებები მოჩვენებითი ხასიათისაა და მათ სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლიათ. მათი დადება განპირობებული იყო მოსარჩელის მიმართ თავდებების მიერ ნაკისრი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით.

 

მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 14 480.08 ლარს, საიდანაც 14 114.04 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 355.06 ლარი სარგებელი, ხოლო10.98 ლარი არის ჯარიმა. ამასთან, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა ისე, რომ მოსარჩელე გრაფიკის შესაბამისად, ვირტუალურად ამცირებდა სესხის ძირს და მოპასუხეს ერიცხებოდა შემცირებული ძირის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეები ი----ა ე-------ი, ვ----–---ა ს----------ი, ა---- ს---------ი, კ----- ც----------ი და ვ----- ე-------ი წარმოდგენილი შესაგებლებით არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნებს ასევე სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მათ არ განუხორციელებიათ კვალიფიციური შედავება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 28 თებერვალს შპს ,,მი--------------ო ორ-------–-ა კრ----------------’’-სა და ვ----- ე-------ს როგორც მსესხებელს, ასევე ვ----–---ა ს----------ს და ა---- ს---------ს - როგორც თავდებებს შორის, დაიდო მცირე ბიზნეს კრედიტის და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება N54----------2, რომლითაც კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა განისაზღვრა 20 000 ლარით, კრედიტის ვადა - 60 დღე, კრედიტის საპროცენტო განაკვეთი - 69.24%, ვადაგადაცილების ჯარიმა - ნარჩენი ძირის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულება უნდა განხორციელებულიყო ყოველდღიურად 2018 წლის 29 აპრილის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, კრედიტის უზრუნველყოფას წარმოადგენს კლიენტის სავაჭრო ობიექტზე განლაგებული ნივთები, შემდგომში საგირავნო ნივთები, რომელთა ჯამური ღირებულება საბაზრო ფასით ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ უნდა იყოს კრედიტის ნაშთის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები და კლიენტის/თავდების ქონება, რაშიც იგულისხმება კლიენტის/თავდების ნებისმიერი ქონება, როგორც კლიენტის/თავდების სახელზე რეგისტრირებული, ასევე არარეგისტრირებული მოწმის ან მოწმეების მიერ დადასტურებული ქონება.

 

ხელშეკრულების 2.12 პუნქტის თანახმად, კლიენტი/თავდები პასუხისმგებელია მისოს წინაშე მთელი თავისი ქონებით (იგულისხმება რეგისტრირებული ქონება და არარეგისტრირებული ქონება, რომელიც მოწმის/მოწმეების მიერ იქნება დამოწმებული) და საბანკო ანგარიშებზე არსებული ან მომავალში განთავსებული თანხებით.

 

ხელშეკრულების 2.19 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სსსკ 268-ე მუხლის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.27-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი მოპასუხე ვ----- ე-------ის მიერ დაირღვა 2018 წლის 27 მარტს, როდესაც მან გრაფიკით გათვალისწინებული თანხა გადაიხადა არასრულად. მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2018 წლის 29 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.31-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2018 წლის 28 თებერვალის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 14 480.08 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 14 114.04 ლარი, სარგებელი - 355.06 ლარი, ხოლო ჯარიმა - 10.98 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. თავდებ პირებს - ვ----–---ა ს----------სა და ა---- ს---------ს მოსარჩელის მიერ ეცნობათ მოპასუხე ვ----- ე-------ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის და არსებული დავალიანების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გზავნილები (ს.ფ. 42; 51);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2018 წლის 28 მარტს ვ----–---ა ს----------ს და მის დის შვილს - მოპასუხე ი----ა ე-------ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, გ-–-----, მე-3 მ/რ-ნი, კ--------------------, ს/კ 0----------------------. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა დაჩქარებული წესით, რის შედეგადაც ზემოაღნიშნული უძრავი ქონება 2018 წლის 28 მარტიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხე ი----ა ე-------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 40-41);

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 34-37);

- განცხადების მიღების ბართი (ს.ფ. 38);

- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2018 წლის 02 აპრილს ა---- ს---------ს და მის შვილს - მოპასუხე კ----- ც----------ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ა---–-------–-- გამზირი 6---------, ს/კ 0----------------------. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა დაჩქარებული წესით, რის შედეგადაც ზემოაღნიშნული უძრავი ქონება 2018 წლის 02 აპრილიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხე კ----- ც----------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 49-50);

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 43-46);

- განცხადების მიღების ბართი (ს.ფ. 47);

- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ა---–-------–-- გამზირი 6---------, ს/კ 0---------------------- სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს 2018 წლის 30 აპრილს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით მიმართა დაინტერესებულმა პირმა ირმა ც----------მა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის რეგისტრაციის არსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ს.ფ. 52);

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 53-54);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 28 მარტის ჩუქების ხელშეკრულების დადებამდეც და მის შემდეგაც მოპასუხე ვ----–---ა ს----------ი ცხოვრობს მისამართზე თბილისი, გ-–-----, მე-3 მ/რ-ნი, კ--------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესაგებელი (ს.ფ. 83);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. 2018 წლის 02 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების დადებამდეც და მის შემდეგაც მოპასუხე ა---- ს---------ი ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ა---–-------–-- გამზირი 6---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესაგებელი (ს.ფ. 124);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ შპს ,,მი--------------ო ორ-------–-ა კრ---------------’’-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 361-ე, 400-ე, 417-418-ე, 420-ე, 54-ე, 56-ე, მე-8, 61-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, 2018 წლის 28 თებერვალს შპს ,,მი--------------ო ორ-------–-ა კრ----------------’’-სა და ვ----- ე-------ს როგორც მსესხებელს, ასევე ვ----–---ა ს----------ს და ა---- ს---------ს - როგორც თავდებებს შორის, დაიდო მცირე ბიზნეს კრედიტის და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება N54----------2, რომლითაც კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა განისაზღვრა 20 000 ლარით, კრედიტის ვადა - 60 დღე, კრედიტის საპროცენტო განაკვეთი - 69.24%, ვადაგადაცილების ჯარიმა - ნარჩენი ძირის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ასევე დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი მოპასუხე ვ----- ე-------ის მიერ დაირღვა 2018 წლის 27 მარტს, როდესაც მან გრაფიკით გათვალისწინებული თანხა გადაიხადა არასრულად. მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2018 წლის 29 მარტს, რის შემდეგაც მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის მიმართ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2018 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 14 114.04 ლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 355.06 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც მსესხებლის, ასევე თავდებების -ვ----–---ა ს----------ის და ა---- ს---------ის მიმართ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, განსაზღვრულია ვადაგადაცილების ჯარიმა - ნარჩენი ძირის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 10.98 ლარი ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი საფუძვლები. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეთათვის 10.98 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც მსესხებლის, ასევე თავდებების - ვ----–---ა ს----------ის და ა---- ს---------ის მიმართ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

აღნიშნული მუხლი შეიცავს გარიგების შინაარსის კონტროლის გამსაზღვრელ ცენტრალურ ნორმას და განამტკიცებს კერო ავტონომიის შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევას. ამასთანავე, მუხლის ფორმულირება ზოგადია და ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი კანონის, საჯარო წესრიგის ან ზნეობის რომელი ნორმების დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას, ამ გაგებით ითვლება, რომ ნორმა შეიცავს განმარტების წესს კანონის ნორმის დაკონკრეტების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს მოპასუხეებს ვ----–---ა ს----------ს და ი----ა ე-------ს ასევე, ა---- სეორპიანს და კ----- ც----------ს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას მოჩვენებითობის საფუძვლით. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მოპასუხეთა ქმედების მართლზომიერების გამოსარკვევად არსებული მოცემულობის შემოწმება უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში. აღნიშნული ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს, მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთახმება’’, ,,გარიგება’’ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. ამასთან, სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომელიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე’’, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, იმისთვის რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

ამასთანავე, სასამართლო უპირველესად ყურადღებას ამახვილებს მოჩვენებითი გარიგების დადასტურებისათვის აუცილებელ მტკიცების ტვირთის გადანაწილებაზე და

მიუთითებს, რომ მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (იხ. სუსგ, ას-862-812-2015). მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მოსარჩელეს ეკისრება გარიგების მოჩვენებითობაზე მითითების და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, თუმცა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით მოპასუხეს არ აქვს უფლება დარჩეს პასიური მიუხედავად იმისა, რომ გარიგების მოჩვენებითობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის და მის მიერ მითითებული გარემოებების ფარგლებში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოპასუხეები შემოიფარგლნენ მხოლოდ სარჩელის არ ცნობით, კერძოდ, წარმოდგენილი შესაგებელებით ისინი ფორმალურად არ დაეთანხმნენ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა არ განუხორციელებიათ კვალიფიციური შედავება გარიგებების ბათილობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის პოზიციას მოპასუხეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებების სამართლებრივ ბუნებასთან მიმართებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთ შემთხვევაში ვ----–---ა სე-------ს და ი----ა ე-------ს შორის, ხოლო მეორე შემთხვევაში ა---- ს---------ს და კ----- ც----------ს შორის სახეზეა სწორედ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯამებით გამომდინარეობს, რომ ორივე ჩუქების ხელშეკრულება დადებულია მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევიდან უმოკლეს პერიოდში -2018 წლის 28 მარტსა და 2018 წლის 02 აპრილს. ამასთან, ორივე ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულია დაჩქარებული წესით. ამასთან უმნიშვნელოვანესია მოცემული გარიგებების შეფასების კუთხით ის გარემოებაც, რომ თავად მოპასუხეები არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ მათ უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ ფაქტობრივად გააგრძელეს გაჩუქებულ უძრავ ქონებებში ცხოვრება. კერძოდ, დადგენილია, რომ 2018 წლის 28 მარტის ჩუქების ხელშეკრულების დადებამდეც და მის შემდეგაც მოპასუხე ვ----–---ა ს----------ი ცხოვრობს მისამართზე თბილისი, გ-–-----, მე-3 მ/რ-ნი, კ--------------------, ხოლო 2018 წლის 02 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების დადებამდეც და მის შემდეგაც მოპასუხე ა---- ს---------ი ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ა---–-------–-- გამზირი 6---------.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ორივე ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით უსასყიდლო ხასიათისაა და დადებულია ახლო ნათესავებს ერთ შემთხვევაში დეიდასა და დისშვილს, ხოლო მეორე შემთხვევაში დედასა და შვილს შორის. აღნიშნული ცხადია არ გულისხმობს ახლო ნათესავებს შორის ხელშეკრულების დადების აკრძალვას ან ასეთი ხელშეკრულების ავტომატურად მოჩვენებითად მიჩნევას, თუმცა ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთობლიობაში ამ ფაქტორების გათვალისწინებითაც მყარდება მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოპასუხეთა შორის დადებული ხელშეკრულებით მათ, როგორც თავდებებმა, მოსარჩელის წინაშე წარმოშობილ ვალდებულებას აარიდეს თავი.

 

ყოველივე აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების ერთიანობაში შეფასება სასამართლოს ალბათობის მაღალი ხარისხით უქმნის შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეთა შორის, რომელთაგანაც ვ----–---ა ს----------ი და ა---- ს---------ი წარმოადგენდნენ მოსარჩელის წინაშე მოპასუხე ვ----- ე-------ის თავდებ პირებს და მის წინაშე პასუხისმგებელნი იყვნენ მთელი თავიანთი ქონებით, ჩუქების ხელშეკრულებები დადებულია არა რეალური მიზნით, არამედ მათ მიერ პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. ყველა ადამიანი სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მატარებელია. სამოქალაქო უფლების მართლზომიერი რეალიზაცია კი საზოგადოებაში სტაბილური გარემოს შექმნის გარანტიაა. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებები დაიდო მოჩვენებითად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მათ შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყოლოდა, რაც წარმოადგენს სადავო ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და ამ გარიგებების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის საფუძველს.

 

6.4. მოსარჩელემ მოითხოვა თანხის დაკისრების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების 2.19 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას ან აღსრულების დაყოვნებამ ხომ არ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, შესაბამისად, სასამართლოს მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მიზანშეწონილად მიაჩნია მოპასუხეთათვის თანხის დაკისრების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 675 ლარი (ს.ფ. 60), ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებასთან მიმართებით 50 ლარი (ს.ფ. 61). ამასთან, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 435 ლარი, ხოლო თითოეული ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან მიმართებით გადახდილია 120-120 ლარი.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოპასუხეებს ვ----- ე-------ს, ვ----–---ა ს----------ს და ა---- ს---------ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 435 ლარის ანაზღაურება, ამასთან, მოპასუხეებს ვ----–---ა ს----------ს და ი----ა ე-------ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოპასუხეებს ა---- ს---------ს და კ----- ც----------ს ასევე უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება. ამასთან, ყველა მოპასუხეს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს 2018 წლის 04 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მი--------------ო ორ-------–-ა კრ----------------’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხეებს ვ----- ე-------ს, ვ----–---ა ს----------ს და ა---- ს---------ს შპს ,,მი--------------ო ორ-------–-ა კრ----------------’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 28 თებერვლის N54----------2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 14 480.08 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 14 114.04 ლარი არის სესხის ძირი თანხა, სარგებელი - 355.06 ლარი, ხოლო ჯარიმა - 10.98 ლარი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ვ----–---ა ს----------ს და ი----ა ე-------ს შორის 2018 წლის 28 მარტს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, გ-–-----, მე-3 მ/რ-ნი, კ-------------------- ს/კ 0---------------------- დარეგისტრირდეს ვ----–---ა ს----------ის საკუთრების უფლება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ა---- ს---------სა და კ----- ც----------ს შორის 2018 წლის 02 აპრილს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ა---–-------–-- გამზირი 6---------, ს/კ 0---------------------- დარეგისტრირდეს ა---- ს---------ის საკუთრების უფლება.

2. ძალაში დარჩეს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

 

3. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

4. მოპასუხეებს ვ----- ე-------ს, ვ----–---ა ს----------ს და ა---- ს---------ს მოსარჩელე შპს ,,მი--------------ო ორ-------–-ა კრ----------------’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 435 ლარის ანაზღაურება;

 

5.მოპასუხეებს ვ----–---ა ს----------ს და ი----ა ე-------ს მოსარჩელე შპს ,,მი--------------ო ორ-------–-ა კრ----------------’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება;

 

6. მოპასუხეებს ა---- ს---------ს და კ----- ც----------ს მოსარჩელე შპს ,,მი--------------ო ორ-------–-ა კრ----------------’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება;

 

7. მოპასუხეებს ვ----- ე-------ს, ვ----–---ა ს----------ს, ა---- ს---------ს, ი----ა ე-------ს და კ----- ც----------ს მოსარჩელე შპს ,,მი--------------ო ორ-------–-ა კრ----------------’’-ის სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

10. გადაწყვტილებაზე დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია