გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2018
საქმის ნომერი
330210118002537572
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20727 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - თ------------------ე

წარმომადგენელი - რ----------------ე

მოპასუხე - ნ-----------ე

წარმომადგენელი - ნ--------–-–---–ი

დავის საგანი - ქონების გაყოფა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

თანაცხოვრების პერიოდში მოპასუხე ნ-----------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, თ-------------–-------------------------------–----------------------------, საკადასტრო კოდი №0----------------------, გაყოფა;

 

მოსარჩელე თ------------------ე და მოპასუხე ნ-----------ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: გ-------------------ე და ბ--------------------ე. მეუღლეებმა თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 27 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, თ-------------–-------------------------------–----------------------------, რაც საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მოპასუხე ნ-----------ის სახელზე. ბინის საფასურის ძირითადი თანხა სესხის სახით გამოტანილი იქნა სს ,,ბ--------------–-------“. ვალის საგარანტიოდ იპოთეკით დაიტვირთა აღნიშნული ბინა, რომლის ღირებულების 75% გადაიხადა თ------------------ემ. მხარეები, დაძაბული ურთიერთობის გამო, დაშორდნენ ერთმანეთს. მათ მიერ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ბინა მთლიანად დარჩა ნ-----------ეს, ხოლო თ------------------ე დარჩა უსახლკაროდ. წარმოდგენილი დოკუმენტებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელე თ------------------ე პირადად იხდიდა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებით გათვალისწინებულ თანხას ეტაპობრივად, რათა გამოესყიდა მის ოჯახს შეძენილი ქონება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ-----------ემ მოცემულ საქმეზე შესაგებელი წარმოადგინა ვადის დარღვევით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მხარეები, თ------------------ე და ნ-----------ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში, მათ შორის ქორწინება რეგისტრირებული არ ყოფილა, შესაბამისად, მათი ფაქტობრივი თანაცხოვრება ვერ წარმოშობს მეუღლეთა იმ ქონებრივ უფლებებს, რასაც ადგენს სამოქალაქო კანონმდებლობა. ამდენად, სარჩელში მითითებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია რა მოპასუხე ნ-----------ის სახელზე, წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას და აღნიშნულ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი არ უნდა გავრცელდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თ------------------ე და მოპასუხე ნ-----------ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2007 წლის 04 ივლისს დაბადებული გ-------------------ე და 2014 წლის 02 იანვარს დაბადებული ბ--------------------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0------ (ს.ფ. 34);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 35).

 

3.1.2. მხარეები, თ------------------ე და ნ-----------ე 2016 წლის ივნისის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილები, გ-------------------ე და ბ--------------------ე ცხოვრობენ დედასთან, ნ-----------ესთან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა ფაქტობრივი ქორწინების პერიოდში, 2012 წლის 27 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, თ-------------–-------------------------------–---------------------------- (საკადასტრო კოდი N 0----------------------), საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების აღირიცხა ნ-----------ის სახელზე;

სს ,,ბ--------------–--------“ 2013 წლის 04 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით ბანკის წინაშე მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 25.06.2018 წელი (ს.ფ. 37-38);

- 2013 წლის 4 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 39-46).

 

3.2.2. მოსარჩელე თ------------------ე, 2012 წლიდან 2016 წლამდე, მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტამდე, იხდიდა თანხას სს ,,ბ--------------–---–-“ იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით, ხოლო მოპასუხე ნ-----------ესთან ფაქტობრივი ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, მას სესხის თანხა ბანკში აღარ გადაუხდია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 47-66).

3.2.3. სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, თ-------------–-------------------------------–---------------------------- (საკადასტრო კოდი N 0----------------------) არ წარმოადგენს თ------------------ის და ნ-----------ის, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებას. აღნიშნული უძრავი ნივთი შეძენილია მხარეთა ფაქტობრივი ქორწინების, არარეგისტრირებული კავშირის პერიოდში. საკუთრების უფლება აღრიცხულია მხოლოდ მოპასუხე ნ-----------ის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 25.06.2018 წელი (ს.ფ. 37-38);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო საცხოვრებელი ბინა არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, შეძენილია რა მხარეთა ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობის დროს. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 183-ე, 312-ე, 1122-ე, 1127-ე, 1158-ე-1161-ე და 1168-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ნ-----------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, თ-------------–-------------------------------–----------------------------, გაყოფა და მოსარჩელის თანამესაკუთრედ აღიარება.

 

საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 183-ე მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, თ-------------–-------------------------------–---------------------------- (საკადასტრო კოდი N 0----------------------), საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ნ-----------ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს 27.08.2012 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც უძრავი ქონების შემძენად მითითებულია ნ-----------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თ------------------ესა და მოპასუხე ნ-----------ეს შორის ადგილი არ ჰქონია ქორწინების რეგისტრაციას. მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათი ფაქტობრივი ქორწინების განმავლობაში, მოპასუხე ნ-----------ის სახელზე აღირიცხა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების გაყოფის თაობაზე ემყარება იმ გარემოებას, რომ თ------------------ისა და ნ-----------ის ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში, ნ-----------ის სახელზე უძრავი ქონების შეძენისათვის ბანკიდან მიღებული სესხის თანხის გადახდა ხორციელდებოდა მოსარჩელე თ------------------ის მიერ. აღნიშნულ გარემოებას არ უარყოფს არც მოპასუხე მხარე. მხარეთა განმარტებით, მოსარჩელეს, მოპასუხე ნ-----------ესთან ფაქტობრივი ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, სესხის თანხა ბანკში აღარ გადაუხდია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი ქორწინებას, რეგისტრირებული ურთიერთობის ფაქტს, უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას. შესაბამისად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში, 1151-ე მუხლის სხვაგვარი განმარტება ნორმატიული შინაარსის საწინააღმდეგოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, ადგენს რა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, განმარტავს, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამე არ არის დადგენილი. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ, დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია, რომ ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად იქნეს მიჩნეული.

 

დამკვიდრებული პრაქტიკით, საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს ფაქტობრივი, ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის გარეშე შეძენილი ქონების თანასაკუთრების ასპექტში განხილვას. თუკი ნებისმიერი არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდებოდა ქონების გაყოფა, აღნიშნული მკვეთრად შეაფერხებდა სამოქალაქო ბრუნვას. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა რა მხარეთა შორის ქორწინება დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლო ვერ გამოიყენებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დადგენილ მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივ დანაწესს. მითითებული ნორმა აწესებს ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა მიერ შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრებას, როდესაც ორივე მეუღლის მიერ საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლით, შრომითა და სახსრებით ხდება ქონების შეძენა. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობის დროს, არ არსებობს კანონის ძალით სადავო ქონების თანასაკუთრებად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის საოჯახო სამართლებრივი საფუძვლით სადავო ქონება, არ წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მის მიერ ქონების შესაძენად მიღებული სესხის თანხის ბანკში პერიოდულად დაფარვა არ წარმოადგენს ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი ადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი კი, როგორც საოჯახო-სამართლებრივი სპეციალური ნორმა, ადგენს საკუთრების წარმოშობის დანაწესს მეუღლეებს შორის რეგისტრირებული ქორწინების დროს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობას, კეთილსინდისიერებას და ზნეობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინიდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონების მიმართ მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესება ეფუძნება პრეზუმფციას, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით რეგისტრირებული კავშირის დროს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის მიხედვით, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მოპასუხე ნ-----------ის საკუთრებას, რომელიც მის სახელზე საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელე თ------------------ესთან ფაქტობრივი ქორწინების, არარეგისტრირებული კავშირის პერიოდში. გამომდინარე აღნიშნულიდან, სადავო ქონებაზე მოპასუხე მხარის მიერ შეძენილ ნივთზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მასზე, როგორც თანასაკუთრების საგანზე, მოსარჩელეს რაიმე სახის ქონებრივი უფლება არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ------------------ის სარჩელი, მოპასუხე ნ-----------ის მიმართ, უძრავ ქონების გაყოფის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე თ------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხე ნ-----------ისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, თ------------------ეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ნ-----------ეს არ გადახდეს მოსარჩელე თ------------------ის მიერ გაღებული პროცესის ხარჯი. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა