გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3817-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ზ--------–-–---–ი
წარმომადგენელი - ლ--–-----------ა
მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
წარმომადგენლები - ნ-----–-----–--------–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის S------------ გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ზ--------–-–---–ს მიენიჭება ომის ვეტერანის სტატუსი
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 07 აგვისტოდან 2008 წლის 12 აგვისტომდე უშუალო მონაწილეობას იღებდა შიდა ქართლში განვითარებულ საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ, იგი იყო პ----–---------–----ი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის სწრაფი რეაგირების სამმართველოს პირად შემადგენლობასთან ერთად მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. მისივე განმარტებით, აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებენ ასეულის მეთაურები და მაღალი სამეთაურო თანამდებობის პირები, რომლებთან ერთადაც მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და რომლებიც არიან ვეტერანის სტატუსის მატარებელნი.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 2018 წლის 22 მაისის S------------ გადაწყვეტილებით უარი უთხრა ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნულ აქტს მოსარჩელე უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსმა, პოლიციის პოლკოვნიკმა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა გ--------–--–-–---–მა, სპეციალური და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსმა, პოლიციის კაპიტანმა, ვეტერანმა რო-------–-----ემ და მისმა მოადგილემ, პოლიციის კაპიტანმა, ვეტერანმა ო-----------–--ემ დაადასტურეს, რომ პ----–---------–----ი ზ--------–-–---–ი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის სწრაფი რეაგირების სამმართველოს პირად შემადგენლობასთან ერთად 2008 წლის 07 აგვისტოდან 2008 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, შიდა ქართლში, კერძოდ, სოფ. ღრომში და მის მიმდებარე სოფლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 16 თებერვალს და 20 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №---------------------) (ს.ფ. 14-16);
- გ--------–--–-–---–ის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა №------------ (ს.ფ. 22);
- რო-------–-----ის ვეტერანის მოწმობა №--------------ს.ფ. 24);
- ო-----------–--ის ვეტერანის მოწმობა №------------ (ს.ფ. 26).
3.2. ვეტერანმა თ------------–--ემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ 2008 წლის 07 აგვისტოდან 2008 წლის 11 აგვისტომდე, სამაჩაბლოს რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს სოფ. მეჯვრისხევში და ღრომში დაცვის პოლიციის დანაყოფთან ერთად, რომლის ერთ-ერთი ასეულის მეთაურიც თვითონ იყო, იმყოფებოდა საქართველოს მ-–---------–----- პ----–---------–----ი ზ--------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თ------------–--ის 2018 წლის 05 ივნისს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №---------) (ს.ფ. 17-18);
- თ------------–--ის ვეტერანის მოწმობა №------------ (ს.ფ. 20).
3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 09 მარტის M---------------- წერილით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის I მოადგილეს 2018 წლის 2 მარტის N---- წერილის პასუხად ეცნობა, რომ ინფორმაცია ზ----------------------–-–---–ის 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცული არ იყო. ამასთან, ზ----------------------–-–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილი იყო 2008 წლის 17 აპრილის №-----პშ ბრძანების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 09 მარტის M---------------- წერილი (ს.ფ. 46).
3.4. ზ--------–-–---–მა 2018 წლის 18 აპრილს №---- განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა „ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენ კომისიაზე“ გავლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭების მიზნით.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის S------------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზ--------–-–---–ის მოთხოვნა მისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც ჩარიცხული იყო სამხედრო ფორმირებებში და უშუალოდ ღებულობდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. ვინაიდან ზ--------–-–---–ი არ იყო ჩარიცხული კანონით განსაზღვრულ სამხედრო ფორმირებაში, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის S------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 13).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ--------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის S------------ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.
,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები.
ამავე კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის” დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) სამხედრო ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული. ამასთან, მე-2 პუნქტის მიხედვით, დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლზე, სადაც მითითებულია, რომ თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. განცხადებისა და მასზე დართული დოკუმენტების თუ სხვა სახის ინფორმაციის წარდგენის წესი, თუკი იგი დადგენილი არ არის კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით, განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დებულებით.
ამავე კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის” დანართი №2-ის პირველ მუხლზე, რომელის თანახმადაც, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ვეტერანის მოწმობების (შემდგომში - მოწმობა) გაცემა ხორციელდება სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომში - სამსახური) დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია.
ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ მოხალისეებზე, რომლებზეც არ მოიპოვება ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხვის თაობაზე დოკუმენტაცია, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები; საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის მქონე იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი – ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ნოტარიულად; ,,ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქმის მასალების თანახმად, ზ--------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა ვეტერანის სტატუსის მინიჭება, ,,ომისა და სამხედრო ძალების“ ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, იმ საფუძვლით, რომ იგი არის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის S------------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზ--------–-–---–ის მოთხოვნა მისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ იგი არ იყო ჩარიცხული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნტით განსაზღვრულ სამხედრო ფორმირებებში, შესაბამისად, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ზ--------–-–---–ისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ----------------------–-–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილია 2008 წლის 17 აპრილის №-----პშ ბრძანების საფუძველზე. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არის დაცული ინფორმაცია ზ--------–-–---–ის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. ამასთან, მხარეთა მიერ არ არის სადავოდ გამხდარი, რომ 2008 წლის აგვისტოს თვეში იგი იყო პ----–---------–----ი. 2016 წლის 16 თებერვალს და 20 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევით, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს უ--------, პოლიციის პოლკოვნიკი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი გ--------–--–-–---–ი, სპეციალური და ფიზიკური მომზადების განყოფილების უ--------, პოლიციის კაპიტანი, ვეტერანი რო-------–-----ე და მისი მოადგილე, პოლიციის კაპიტანი, ვეტერანი ო-----------–--ე და დაცვის პოლიციის ერთ-ერთი ასეულის მეთაურის, ვეტერანის თ------------–--ის 2018 წლის 05 ივნისს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს მ-–---------–----- პ----–---------–----ი ზ--------–-–---–ი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის სწრაფი რეაგირების სამმართველოს პირად შემადგენლობასთან ერთად 2008 წლის 07 აგვისტოდან 2008 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, შიდა ქართლში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, სოფელ მეჯვრისხევში, სოფელ ღრომსა და მის მიმდებარე სოფლებში.
მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ასევე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას საქართველოს შინაგან სამინისტროდან მოძიებულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის საკითხი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში მოსარჩელის დასაქმებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მითითებულ პერიოდში ზ--------–-–---–ი იყო არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებული პირი, არამედ იგი იყო საქართველოს პ----–---------–----ი. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ გასცემდა ინფორმაციას საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურსა და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში ზ--------–-–---–ის მონაწილეობასთან დაკავშირებით. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე სამოქალაქო პირებისათვის, მოხალისეებისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, დადგინდეს პირის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რაც განსახილველ შემთხვევაში დადგენილია საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევით. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევა ხელმოწერებით დადასტურებულია ვეტერანის სტატუსის მქონე სამი პირის - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლის მიერ. საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანომ ვერ წარმოადგინა. უფრო მეტიც, იგი აპელირებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ოფიციალურად საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში არ იყო ჩარიცხული. მოსარჩელის განმარტებით, მისი სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხვის დოკუმენტი არ არსებობს და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე; 2007-2008 წლებში წარმოადგენდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მისი მონაწილეობით შეიქმნა ამავე დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველო; მისივე განმარტებით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა პ----–---------–----ობის გამო. ამასთან, ვინაიდან საომარი მოქმედებების პერიოდში დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ იმყოფებოდა საქართველოში, დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ხელმძღვანელობა/მეთაურობა მას ჰქონდა დაკისრებული.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას და იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები). ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება კი ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფნა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია მითითებული დანაწესების უგულებელყოფით, კერძოდ, გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საბრძოლო მოკვლევა და წარადგინა თუ არა მოსარჩელემ მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, ასევე, საბრძოლო ფორმირებებში ჩარიცხვის დოკუმენტის წარდგენა შეეძლო თუ არა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირს, რომელიც უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს წარმოადგენდა პ----–---------–----ს.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის S------------ გადაწყვტილება, მოსარჩელისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან დადასტურებულია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის S------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველის არსებობა, ასევე საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა ზ--------–-–---–ისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალების თანახმად, ზ--------–-–---–ის სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ზ--------–-–---–ს უკან უნდა დაუბრუნდეს ხ-------------–--–--ას მიერ 2018 წლის 20 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით (მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი), მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150, ბანკის კოდი - TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ--------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის S------------ გადაწყვეტილება;
3. დაევალოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ზ--------–-–---–ს მიენიჭება ომის ვეტერანის სტატუსი;
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. მოსარჩელე ზ--------–-–---–ს დაუბრუნდეს ხ-------------–--–--ას მიერ 2018 წლის 20 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით (მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი), მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150, ბანკის კოდი - TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე