განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2018
საქმის ნომერი
010100115736024
დავის ტიპი
192 2 ა , 192 2
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100115736024

საქმე #1-168/15

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ დ-------------ის

ბრალდებულის - გ------- ი----ის

ადვოკატების _ ბ------------------------------–--ის

 

მონაწილეობით, ბრალდებულ ბ---- ჯ---------ს დასწრების გარეშე - ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №092050913004 საქმე :

 

1. ბრალდებულ გ------- ზ------ის ძე ი----ის მიმართ

დაბადებული: 08.05.1--- წელს

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 2----------

ნასამართლობა: არმქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: უ-----–---

მისამართი: ქ. თ---–-----------------------------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი - სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად;

 

2. ბრალდებულ ბ---- ა-------ის ძე ჯ---------ს მიმართ

დაბადებული: 02.02.1--- წელს

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა :არმქონე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგოისტრირებული მისამართზე: ქ. თ---–-----------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–--------------------------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი - სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი:

 

1. ბ---- ჯ---------, როგორც შპს ”მ---------------” დირექტორი და ამავე კომპანიის მენეჯერი, დირექტორის მოადგილე გ------- ი----ე, 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის 26 სექტემბრამდე ახორციელებდნენ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ეწეოდნენ ინტერნეტ- ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობას. ქ. თბილისში, უ-----------------ში მდებარე ფართში და ქ. ბათუმში, ა-–-----–-------------------ში მოწყობილი ჰქონდათ და ახორციელებდნენ ტოტალიზატორის მოწყობით საქმიანობას, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის პირობების დარღვევით და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გარეშე. მათ მიერ განხორციელებულმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობამ სახელმწიფოსათვის - სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის, ქ. თბილისში, უ-----------------ში მდებარე ფართში ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გარეშე და სათანადო სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელად ტოტალიზატორის ფუნქციონირებამ 200 000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ქ. ბათუმში, ა-–-----–-------------------ში ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გარეშე და სათანადო სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელად ტოტალიზატორის ფუნქციონირებამ 80 000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. იმავდროულად მათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას თან ახლდა 43 229 020,12 ლარის დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ზემოთ ხსენებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობით - ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გარეშე ტოტალიზატორის ფუნქციონირების შედეგად შპს ”მ---------------” მიერ უნაღდო ანგარიშსწორებით სს ”ლიბერთი ბანკში” არსებულ კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიღებული თანხებიდან ბ---- ჯ---------მ გამოიტანა 218 450 ლარი, გ------- ი----ემ კი - 795 108 ლარი, რაც ხსენებული კომპანიის სალაროს და საგადასახადო ანგარიშგებაში მათ მიერ არ ასახულა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული გ------- ი----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, გ------- ი----ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება. ამასთან, ბ---- ჯ---------ს მიმართ სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება :

 

3. დაზარალებულის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მ---------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ შპს "მ--------------" ქ. თბილისში, უ--------------ში განთავსებული ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობას 2013 წლის 3 იანვრიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში ახდენდა სათანადო ნებართვის გარეშე. ასევე ქ. ბათუმში, ალ.პ--–----------------ში განთავსებული ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობას 2013 წლის 30 მაისიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში ახდენდა სათანადო ნებართვის გარეშე, რითაც სახელმწიფოს - სსიპ შემოსავლების სამსახურს მიადგა 280 000 ლარის ოდენობით ზიანი.

 

4. მოწმე ნ-----------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2013 წლის აპრილის თვიდან მუშაობა დაიწყო შპს "მ---------------" ბათუმის ფილიალში მოლარე-ოპერატორად. აღნიშნულ შპს-ს საქმიანობის საგანს ტოტალიზატორის მოწყობა და ფუნქციონირება წარმოადგენდა. მუშაობა დაიწყო შპს-ს დირექტორთან - ბ---- ჯ---------სთან გასაუბრების შედეგად, მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულება არ გაფორმებულა. სხვა ოპერატორ გოგონებთან ერთად ახდენდა კლიენტებისგან ფსონების მიღებას, ბეჭდავდა ბილეთებს. დღის განმავლობაში შესაძლოა რამდენი ათასი ლარის ფსონი მხოლოდ მასთან გაკეთებულიყო, დღის ბოლოს აჯამებდნენ შემოსულ თანხებს. ფილიალში მენეჯერის ფუნქციას რ---- კ---–--–--ე ასრულებდა, როგორც იცის, "მ-------------ს" ორი ხელმძღვანელი ჰყავდა ბ---- ჯ---------ს და დ----- კ--–----ის სახით, რომლებიც მისი მუშაობის პერიოდში სულ რამდენჯერმე ჩამოვიდნენ ბათუმში და ფილიალის საქმიანობა შეამოწმეს. ბრალდებული გ------- ი----ე "მ-------------თან" კავშირში არ იყო. 2013 წლის სექტემბრის ბოლოს ტოტალიზატორი დაიხურა ფინანსური პოლიციის შესვლის გამო, მანამდე ის ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებდა. დახურვიდან მალევე ინტერნეტ-ტოტალიზატორი იმავე ადგილას და იმავე ბაზაზე, იმავე პერსონალით, მაგრამ სხვა სახელით - "ონლაინ-ბეთი" - ისევ გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელი უკვე გ------- ი----ე იყო, მენეჯერის ფუნქციებს კვლავ კ---–--–--ე ასრულებდა.

 

5. მოწმე ი--------------მა სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობდა ტოტალიზატორ "მ---------------" ბათუმის ფილიალში მოლარე-ოპერატორად. ფილიალის ხელმძღვანელი იყო რ---- კ---–--–--ე, გ------- ი----ეს და ბ---- ჯ---------ს საერთოდ არ იცნობს. შრომითი ხელშეკრულება მასსა და დამქირავებელს შორის არ გაფორმებულა, ანაზღაურებას იღებდა ხელზე. მას შემდეგ, რაც "მ-------------ში" ფინანსური პოლიცია შევიდა, ის დაიხურა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ გაიხსნა, უკვე სხვა სახელით.

 

6. საქმის არსებითი განხილვისას მოწმე რ---- კ---–--–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2012-2013 წლებში მუშაობდა ტოტალიზატორ "მ---------------" ბათუმის ფილიალის მენეჯერად. სამსახურში მიიღო და მენეჯერის პოზიციაზე დანიშნა დირექტორმა ბ---- ჯ---------მ, თუმცა შრომითი ხელშეკრულება მათ შორის არ გაფორმებულა. ყოველდღიური საქმიანობისას ასრულებდა ჯ---------ს მითითებებს, აყენებდა მას ყველა საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში, ძალიან ხშირად უკავშირდებოდა დღის განმავლობაში. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების პირველად მისვლისას, პირადად ჩაიბარა ოქმი სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის ტოტალიზატორის 10 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ მაშინვე დაურეკა და აცნობა ჯ---------ს, მისგან კი მიიღო მითითება ჩვეულებრივად გაეგრძელებინათ საქმიანობა, არანაირი პრობლემა არ არსებობდა. მითითება შეასრულა და ტოტალიზატორი აგრძელებდა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას, სანამ სექტემბრის თვეში არ მოხდა ფინანსური პოლიციის შესვლა და ტოტალიზატორის დახურვა. რაც შეეხება გ------- ი----ეს, როგორც მოწმისთვისაა ცნობილი, ის ჯ---------ს მოადგილედ ითვლებოდა, ჯ---------სთან საუბრიდან გამომდინარე შეექმნა ასეთი წარმოდგენა. ი----ისთვის ასეთი უფლებამოსილების მიმნიჭებელი დოკუმენტი არასოდეს უნახავს, მისგან არც რაიმე მითითება მიუღია. როცა ტოტალიზატორს თანხა სჭირდებოდა და ამის თაობაზე ატყობინებდა ჯ---------ს, ეს უკანასკნელი ეუბნებოდა, რომ ბანკიდან თანხას გამოიტანდა და ბათუმის ფილიალში გადაგზავნიდა გ------- ი----ე. შესაბამისად, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ფილიალის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხა გ------- ი----ისგან მიიღეს საბანკო გადარიცხვით.

 

7. მოწმე თ------–-----–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2012 წლის აპრილში მუშაობა დაიწყო ტოტალიზატორ "მ-------------ში" მოლარე - ოპერატორად. როგორც მისთვისაა ცნობილი, ტოტალიზატორის ხელმძღვანელები იყვნენ ბ---- ჯ--------- და დ----- კ--–----ე, მათთან რაიმე ურთიერთობა არ ჰქონია, მხოლოდ ერთხელ ნახა, როდესაც ეს პირები მათ ფილიალს ესტუმრნენ. ბათუმის ფილიალს რ---- კ---–--–--ე ხელმძღვანელობდა. ტოტალიზატორმა 2013 წლის სექტემბრამდე იმუშავა, მისი დახურვა ფინანსური პოლციის შესვლას მოჰყვა, რისი მიზეზიც ლიცენზიის გარეშე ტოტალიზატორის ფუნქციონირება გახდა. მანამდე საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დახურვიდან დაახლოებით 7-10 დღის შემდეგ, ყოფილი სამსახურიდან დაუკავშირდნენ და დაბრუნება შესთავაზეს. როგორც აღმოჩნდა ტოტალიზატორი შეცვლილი სახელით - "ონლაინ-ბეთი", მაგრამ იგივე ადგილას და იგივე ბაზის გამოყენებით, იგივე პერსონალის ხარჯზე ისევ განაგრძობდა ფუნქციონირებას.

 

8. ანალოგიურ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მიუთითა ჩვენებაში მოწმე თ-------------ემაც.

 

9. მოწმე თ------–-----–---–ის, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მთავარი ოფიცრის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მისი სამსახურებრივ მოვალეობებს სათამაშო ბიზნესისთვის ნებართვების გაცემა და თანმდევი საქმიანობის განხორციელება შეადგენდა. შპს "მ---------------" დირექტორმა ბ---- ჯ---------მ ტოტალიზატორის მოსაწყობად ნებართვის გაცემის მიზნით 2012 წლის 3 იანვარს მიმართა შემოსავლების სამსახურს. წარადგინა განცხადება და ყველა შესაბამისი დოკუმენტი, მათ შორის სანებართვო მოსაკრებლის - 200 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. იმავე დღეს - 3 იანვარს გაიცა ხუთწლიანი ნებართვა ქ. თბილისში, უ-----------------ში ტოტალიზატორის მოწყობის თაობაზე. კანონის თანახმად, მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი უნდა გადაეხადა 2012 წლის სამ იანვრამდე, მაგრამ მოსაკრებელი აღარ გადაუხდია და შემოსავლების სამსახურს მიმართა განცხადებით ნებართვის გაუქმების თაობაზე, რაც დაკმაყოფლდა და გაუქმდა ფუნქციონირების ნებართვა ქ. თბილისში, უ--------------ში მდებარე ტოტალიზატორზე. გაცემული ბრძანების ელექტრონული ვერსია მაშინვე აიტვირთა შემოსავლების სამსახურის პორტალზე და გაეგზავნა ადრესატს. "ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშების" შესახებ კანონის თანახმად, ნებართვა გაიცემა მხოლოდ ერთი ობიექტისთვის, იმავე ნებართვის ფარგლებში სხვა ობიექტის ფუნქციონირება დაუშვებელია. შპს "მ-------------მა" 2012 წლის აპრილში შემოსავლების სამსახურს მიმართა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით ქ. ბათუმში, პ--–----------------ში, გადაიხადა სანებართვო მოსაკრებელი 80 000 ლარი და მიიღო შესაბამისი ნებართვა. იმავე ოდენობის მოსაკრებელი უნდა გადაეხადა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ტოტალიზატორის ფუნქციონირების გასაგრძელებლად, თუმცა მოსაკრებელი არ გადაუხდია. შემოსავლების სამსახურმა შეამოწმა სანებართვო პირობები, სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო დააჯარიმა 10 000 ლარით, განუსაზღვრა დრო სანებართო პირობების გამოსასწორებლად,თუმცა უშედეგოდ. 2013 წლის 30 მაისს შპს "მ-------------ს" ქ. ბათუმში მოქმედ ტოტალიზატორზეც გაუუქმდა ფუნქციონირების ნებართვა.

 

10. შპს "მ---------------" ხელმძაღვანელის ბ---- ჯ---------ს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განაცხადით ირკვევა, რომ აღნიშნული შპს-ს მიერ მოთხოვნილ იქნა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მიღება ქ. თბილისში, უ-----------4-ში. განაცხადს ერთვის სანებართო მოსაკრებლის - 200 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომლის მიხედვით შპს "მ---------------" დირექტორად რეგისტრირებულია ბ---- ჯ---------, ასევე ერთვის ტოტალიზატორის მოწყობის პირობები და ნებართვის მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაცია.

 

11. აღნიშნული განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, 2012 წლის 3 იანვარს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის N12/01 ბრძანებით შპს "მ-------------ზე" გაიცა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა ქ. თბილისში, უ-----------ში.

 

12. შპს "მ---------------" დირექტორის ბ---- ჯ---------ს მიერ შემოსავლების სამსახურში 2012 წლის 31 დეკემბერს წარდგენილი განაცხადით ირკვევა, რომ ჯ---------მ ითხოვა 2013 წლის 3 იანვარიდან ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმება, რის საფუძველზეც, 2013 წლის 3 იანვრის მომსახურების დეპარტამენტის N277/01 ბრძანებით ძალადაკარგულად ჩაითვალა მომსახურების სამსახურის 2012 წლის 3 იანვრის ბრძანება და გაუქმდა შპს "მ-------------ზე" გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა.

 

13. მოწმე გ--–-------ემ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა სასამართლოს განუმარტა, რომ 2013 წლის 2 მაისს საგადასახადო მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლებს - მას და თ--------------ეს დაევალათ შპს "მ---------------" სანებართვო პირობების შემოწმება. გამოცხადდნენ ქ. ბათუმში, პ--–----- ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორში, სადაც დახვდათ მენეჯერი რ---- კ---–--–--ე, რომელსაც გააცნეს ბრძანება შემოწმების თაობაზე, რომლითაც ევალებოდათ გაერკვიათ კანონით დადგენილ ვადებში სანებართვო მოსაკრებლის გადახდის საკითხი. აღმოჩნდა, რომ სანებართვო მოსაკრებელი გადახდილი არ იყო. კ---–--–--ე მაშინვე ტელეფონით დაუკავშირდა, მისი თქმით, ხელმძღვანელობას თბილისში. მიიღო მათგან მითითება გაცნობოდა ბრძანებას და შემოწმების აქტს და ჩაებარებინა ეს დოკუმენტები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 8 მაისს გამოიცა ბრძანება, რომლითაც სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო შპს "მასიმუმ-ბეთი" დაჯარიმდა 10 000 ლარით, შპს-ს დაევალა 20 კალენდარული დღის ვადაში გამოესწორებინა ხარვეზი და გადაეხადა მოსაკრებელი. აღნიშნული ბრძანებაც პ----ემ უშუალოდ რ---- კ---–--–--ე ჩააბარა. მანამდე მან ისევ დაურეკა ხელმძღვანელობას და მხოლოდ ასეთი კომუნიკაციის შემდეგ მიიღო ბრძანების ჩაბარების გადაწყვეტილება. დადგენილ ვადაში სანებართვო მოსაკრებლის გადახდა არ მომხდარა, რის გამოც შპს "მ-------------ს" გაუუქმდა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა, რის შემდეგ მას აღარ ჰქონდა უფლება გაეგრძელებინა საქმიანობა. აღნიშნული შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ახალი ნებართვის აღების შემთხვევაში.

 

14. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 2 მაისის N18933 ბრძანებით დასტურდება, რომ დაინიშნა შპს "მ---------------" სანებართვო ბირობების შერჩევითი შემოწმება, კერძოდ შემოწმება იმისა, მოხდა თუ არა შპს- ს მიერ კანონით დადგენილ ვადაში - ნებარვის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო 12 თვისა სანებართვო მოსაკრებლის გადახდა. შემოწმების ჩატარება დაევალათ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებს- გ--–-------ეს და თ--------------ეს. იმავე დღეს - 2013 წლის 2 მაისს ბრძანების ასლს გაეცნო და ჩაიბარა შპს "მ---------------"წარმომადგენელი რ---- კ---–--–--ე. 2013 წლის 2 მაისის შემოსავლების სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, შპს "მ---------------" ტოტალიზატორი ფუნქციონირებდა წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის გარეშე, რითაც დაირღვა "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. აღნიშნულ აქტს ხელმოწერით ადასტურებენ შემოწმების ჩამტარებელი პირები და ორგანიზაციის წარმომადგენელი - რ---- კ---–--–--ე.

 

15. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 8 მაისის N19466 ბრძანებით ირკვევა, რომ შპს "მ-------------ი" "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 371 -ე მუხლის "დ" ქ/პუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 10 000 ლარით, ხელმძღვანელობას დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველეყო სანებართვო პირობების შესრულება. აღნიშნული ბრძანება, როგორც მასზე აღნიშნული მინაწერით დასტურდება, ჩაიბარა მენეჯერმა რ---- კ---–--–--ემ 2013 წლის 8 მაისს.

 

16. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2013 წლის 30 მაისის N350/01 ბრძანების თანახმად, 2013 წლის 30 მაისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 19 აპრილის ბრძანება და გაუქმდა შპს "მ-------------ზე" გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა N 19-05/087. 2013 წლის 3 ივნისს აღნიშნული ბრძანება გაეგზავნა შპს "მ---------------"დირექტორს ბ---- ჯ---------ს.

 

17. მოწმე ნ-----------მა საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს შპს "კონსალტინგ-ჯგუფში", რომელიც იურიდიულ და საბუღალტრო მომსახურებას უწევს კლიენტებს. შპს "მ-------------ს", ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე, მოუმზადეს ტოტალიზატორის მოსაწყობად აუცილებელი სანებართვო დოკუმენტაცია, რის შემდეგაც შპს-ს დირექტორმა ბ---- ჯ---------მ შესთავაზა საბუღალტრო მომსახურებაც გაეწია მათი ფირმისთვის, რასაც ონიანი დათანხმდა. შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მხოლოდ სიტყვიერად შეთანხმდნენ. შპს ეწეოდა აზარტული თამაშების ბიზნესს, ჰქონდა ტოტალიზატორები ქ. თბილისში, უ-----------ში და ქ. ბათუმში, პ--–----- N91-ში. მიუხედავად იმისა, რომ ბ---- ჯ---------მ საბუღალტრო საქმიანობის განსახორციელებლად დაიქირავა, ფაქტიურად ვერ ასრულებდა მოვალეობას, რადგან ჯ--------- არ აწვდიდა შესაბამის დოკუმენტაციას. ამ უკანასკნელის მოთხოვნით, სულ სხვა დროისთვის იდებოდა საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის პროცესი. სწორედ ამის გამო წამოვიდა სამსახურიდან, არანაირი პირობა სწორი საბუღალტრო საქმიანობის წარმოების, არ ჰქონია.

 

18. მოწმე თ-------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ გახსნის დღიდან მოლარე-ოპერატორად მუშაობდა ტოტალიზატორ "მ-------------ში", რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, უ--------------ში. იმუშავა ტოტალიზატორის დახურვამდე - 2013 წლის შემოდგომამადე, ტოტალიზატორის დახურვა ფინანასური პოლიციის შესვლას მოჰყვა.ზუსტად არ იცის ბ---- ჯ--------- ორგანიზაციის დირექტორი იყო, თუ მენეჯერი, რაც შეეხება გ------- ი----ეს, მას იცნობდა, როგორც ოპერატორების კურატორს, რომელსაც შემოსულ თანხას აბარებდნენ დღის ბოლოს.

 

19. მოწმე შ--------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2012-2013 წლებში მუშაობდა შპს "მ-------------ში" ბუკმეიკერად. აღნიშნული შპს ეწეოდა სათამაშო ბიზნესს და მოწყობილი ჰქონდა ტოტალიზატორები ქ. თბილისში და ქ. ბათუმში. თავად მუშაობდა თბილისში, უ--------------ში მდებარე ტოტალიზატორში. დირექტორი იყო ბ---- ჯ---------, გ------- ი----ე კი, როგორც იცის, მისი მოადგილე. აღნიშნულის შესახებ თანამშრომლებისგან სმენია, თავად ჯ---------ს ან ი----ისგან ასეთი ინფორმაცია არ მიუღია. კარგად ახსოვს, რომ ი----ეს არასდროს მიუცია მისთვის რაიმე მითითება და დავალება. ფინანასური პოლიციის შესვლამდე, ტოტალიზატორი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა საქმიანობას, დაიხურა მხოლოდ ამ ფაქტის შემდეგ.

 

20. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს და ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ვ-–-----------ემაც, რომელიც ასევე ბუკმეიკერად მუშაობდა თბილისში, უ--------------ში მდებარე ტოტალიზატორ "მ-------------ში".

 

21. ის გარემოება, რომ ტოტალიზატორ "მ---------------" თბილისის ფილიალი დირექტორ ბ---- ჯ---------ს ხელმძღვანელობით 2013 წლის სექტემბრის ბოლომდე, მიუხედავად ნებართვის გაუქმებისა, ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებდა, ხდებოდა კლიენტებისგან ფსონების მიღება და თანხების გაცემა, დასტურდება ამავე ფილიალის თანამშრომლების: ზ-----------–-----------------–-------------–-----------–---–---–----------------------–---–ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებებითაც.

 

22. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული პირის მიერ ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში მოწყობილ ტოტალიზატორებში მიმდინარე თამაშებში ფსონის დადებისას გადაღებული ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით დასტურდება, რომ უკვე იმ დროისათვის, როდესაც ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის ვადა გასული იყო და სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო ტოტალიზატორებს გაუუქმდათ საქმიანობის უფლება, "მ---------------" კუთვნილ ორივე ზემოაღნიშნულ ტოტალიზატორში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა იგივე საქმიანობა, ხდებოდა ფსონების დადება და თამაში.

 

23. 2013 წლის 27 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლის გ------- ცინარიძის დადგენილებით განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა შპს "მ---------------" სამეურნეო საფინანსო საქმიანობის შემსწავლელი დოკუმენტური რევიზია სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დასადგენად, რათა განსაზღვრულიყო შპს "მ---------------" მიერ ქ. თბილისში, უ----------ში განთავსებული ტოტალიზატორის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები და შპს "მ---------------" მიერ ქ. ბათუმში, პ--–----- N85/91-ში განთავსებული ტოტალიზატორის მიერ სანებართვო პირობების დარღვევით საქმიანობის პერიოდში მიღებული შემოსავლები და უკანონო სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები.

 

24. შპს "მ---------------" კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, განისაზღვრა შემოწმების ჯამური შედეგები, დადგინდა, რომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აქტის სისწორე დაადასტურეს, შემოწმების ჩამტარებელმა პირებმა - ი-------------------------------–-----მ მოწმის სახით დაკითხვისას.

 

25. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დათვალიერების ოქმით და თავად საბანკო ამონაწერებით ირკვევა, რომ შპს ”მ---------------” მიერ უნაღდო ანგარიშსწორებით სს ”ლიბერთი ბანკში” არსებულ კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიღებული თანხებიდან ბ---- ჯ---------მ გამოიტანა 218 450 ლარი, გ------- ი----ემ კი - 795 108 ლარი.

 

26. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულების მიერ მათზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.

 

27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

28. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

29. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.

 

30. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - მოწმეების - ხ-----------------------------------–-----–------------------–-------–---------------ის ჩვენება .

 

31. ბრალდებულმა გ------- ი----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არასდროს ყოფილა ბ---- ჯ---------ს მოადგილე, მხოლოდ მასზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა საბანკო გადარიცხვები.

 

32. მოწმე ხ----------------მ სასამართლოს განუმარტა, რომ გახსნის დღიდან მუშაობდა ტოტალიზატორ "მ-------------ში" ოპერატორად. ტოტალიზატორს ხელმძღვანელობდა ბ---- ჯ---------, რომელსაც მოადგილე არ ჰყოლია. გ------- ი----ე, როგორც ჯ---------ს ახლობელი, პერიოდულად სტუმრობდა ხოლმე მათ ოფისს, თუმცა არანაირ სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ჯ---------ს არასოდეს უთქვამს თანამშრომლებისთვის, რომ ი----ე მისი მოადგილე იყო, თანამშრომლები რაიმე დავალებას და მითითებას ი----ისგან არ იღებდნენ, ის არასოდეს ესწრებოდა თათბირებს.

 

33. მოწმე ა------------–-–---–მა საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ გახსნის დღიდან მუშაობდა ტოტალიზატორ "მ-------------ში" ელექტრიკოსად. ტოტალიზატორს ხელმძღვანელობდა ბ---- ჯ---------, რაც შეეხება გ------- ი----ეს, როგორც ახსოვს, ის რამდენჯერმე ბანკიდან ფულის გამოსატანად გაგზავნა ჯ---------მ, რაც სხვა შემთხვევაში მისთვისაც დაუვალებია. ი----ე რაიმე ადმინისტრაციული ფუნქციით აღჭურვილი არ ყოფილა.

 

34. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს "მ-------------მა" შემოსავლების სამსახურისგან კანონით დადგენილი წესით მიღებული ნებართვის საფუძველზე, ქ. თბილისში და ქ. ბათუმში მოაწყო ტოტალიზატორები, სადაც ხორციელდებოდა შესაბამისი საქმიანობა - ფსონების მიღება, მოგებული თანხის გაცემა და ა.შ. "ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშების" შესახებ კანონის თანახმად, სათამაშო ბიზნესისთვის ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა გაიცემა ხუთი წლის ვადით, სანებართვო მოსაკრებელი კი ერთი მილიონი ლარია. აღნიშნული თანხის განაწილება ხდება ხუთ წელზე, წლიური მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 200 000 ლარს, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გაცემიდან ყოველი მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ბათუმის მაშტაბით აღნიშნული თანხა წელიწადში შეადგენს 80 000 ლარს. შპს "მ-------------მა" 2012 წლის 3 იანვარს და 2012 წლის 19 აპრილს შემოსავლების სამსახურისგან მიიღო ნებართვები ქ. თბილისში, უ--------------ში და ქ. ბათუმში, პ--–----------------ში ტოტალიზატორების მოწყობის თაობაზე, გადაიხადა ორივე შემთხვევაში შესაბამისი მოსაკრებლები, თუმცა თბილისში მდებარე ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმება მოითხოვა მისი ფუნქციონირების ერთი წლის თავზე, ანუ მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის ამოწურვისას. შესაბამისად, მოსაკრებელი აღარ გადაუხდია და მისი განცხადების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის 3 იანვარს გააუქმა ქ. თბილისში უზნაძის ქუჩაზე მდებარე ტორალიზატორის ფუნქციონირების ნებართვა. აღნიშნული გარემოებები უდავოდ და სრულად დასტურდება საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული წერილობითი მტკიცებულებებით.

 

35. რაც შეეხება ბათუმში, პ--–----- ქუჩაზე მოწყობილ ტოტალიზატორს, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ შპს "მ---------------" სახელზე 2012 წლის 19 აპრილს გაცემული ნებართვის საფუძველზე, დაიწყო მან ფუნქციონირება. თუმცა მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებლის - 80 000 ლარის გადაუხდელობისთვის, ნებართვა გაუუქმდა 2012 წლის 30 მაისის შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, რაც იმავე დღეს ელექტრონულად აიტვირთა შესაბამის ვებ.გვერდზე და გაეგზავნა შპს-ს დირექტორს ბ---- ჯ---------ს. ამასთან, სანებართვო პირობების შემოწმების აქტი და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის განყოფილების ბრძანება სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის 10 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე გადაეცა და ხელზე ჩაბარდა ფილიალის მენეჯერს რ---- კ---–--–--ეს. ამ უკანასკნელმა დაადასტურა მოწმედ დაკითხვისას, რომ დაუყოვნებლივ აყენებდა საქმის კურსში ბ---- ჯ---------ს ყველა ასეთ გარემოებასთან დაკავშირებით და მხოლოდ მისგან მიღებული მითითების თანახმად მოქმედებდა, იბარებდა წერილობით დოკუმენტებს, აწერდა მათ ხელს. მისივე განმარტებით, მიუხედავად სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის და შემოსავლების სამსახურის მიერ დაჯარიმებისა, ჯ---------ს დავალებით და მითითებით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძო საქმიანობა ტოტალიზატორმა და მისი დახურვა მოხდა მხოლოდ 2013 წლის სექტემბრის ბოლოს ფინანასური პოლიციის შესვლის შემდეგ.

 

36. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული ყველა მოწმე, რომლებიც შპს "მ---------------" თანამშრომლები არიან და უშუალოდ იყვნენ ჩართული იმ საქმიანობაში, რომელსაც აღნიშნული შპს ახორციელებდა, ადასტურებს ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვების გაუქმების შემდეგ მისი კვლავ ფუნქციონირების და ჩვეულ რეჟიმში საქმიანობის განხორციელების ფაქტს, სანამ ტოტალიზატორებში არ შევიდა ფინანასური პოლიცია და არ მოხდა მათი დახურვა. იგივე დასტურდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, რა დროსაც მოხდა დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული პირის მიერ ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში მოწყობილ ტოტალიზატორებში მიმდინარე თამაშებში ფსონების დადებისას ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა ერთ შემთხვევაში გაუქმებული იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში ნებართვის ვადა გასული და სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო გაუუქმდა საქმიანობის უფლება, "მ---------------" კუთვნილ ორივე ზემოაღნიშნულ ტოტალიზატორში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა იგივე საქმიანობა, ხდებოდა ფსონების დადება და თამაში.

 

37. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ შპს "მ---------------" დირექტორი ბ---- ჯ---------ა. მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით, მისი მითითებებით ხდებოდა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების პირობებში შპს "მ---------------" კუთვნილი ორივე ტოტალიზატორის ფუნქციონირება და აღნიშნულის შედეგად დიდი ოდენობით შემოსავლების მიღება. 2012 წლის 31 დეკემბერს, სწორედ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის ამოწურვისას, მან პირადად მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით, ქ. თბილისში უზნაძის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორის ფუნქციონირებისთვის გაცემული ნებართვის გაუქმების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მისთვის, როგორც ორგანიზაციის დირექტორისთვის კარგად იყო ცნობილი გაუქმებული ნებართვის პირობებში ტოტალიზატორის ფუნქციონირების გაგრძელების დაუშვებლობა, თუმცა მიუხედავად ამისა, საქმეში წარმოდგენილი და ზემოთ უკვე დეტალურად განხილული მტკიცებულებების თანახმად, ტოტალიზატორი 2013 წლის 25 სექტემბრამდე, ფინანასური პოლიციის შესვლამდე, კვლავ უკანონოდ აგრძელებდა ჩვეულ საქმიანობას, იღებდა დიდი ოდენობით შემოსავლებს. იგივე უნდა ითქვას ბათუმში მოქმედ ტოტალიზატორთან დაკავშირებითაც. ჯ---------სთვის, ცხადია ცნობილი იყო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის აუცილებლობა ყოველი მომდევნო 12 თვის განმავლობაში, რაც სხვა მტკიცებულებების პარალელურად დასტურდება მის მიერ სწორედ ამ ვადის ამოწურვისას შემოსავლების სამსახურისადმი გაკეთებული მოთოხვნით გაეუქმებინა ქ. თბილისში უზნაძის ქუჩაზე მოქმედი ტოტალიზატორისთვის საქმიანობის უფლება. მისთვის ასევე გასაგები იყო, რომ ბათუმში მოქმედი ტოტალიზატორის საქმიანობის ნებართვის ვადა ამოიწურა და არ გადაიხადა შპს-მ მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი. პირადად მიიღო ფილიალის მენეჯერისგან ინფორმაცია აღნიშნულის გამო დაჯარიმების და ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის მიცემის შესახებაც, თუმცა არც ჯარიმის და არც მოსაკრებლის გადახდა მის მიერ არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, მითი მითითებით, კვლავ აგრძელებდა ტოტალიზატორი ფუნქციონირებას და ხდებოდა დიდი ოდენობით შემოსავლების მიღება.

 

38. ის გარემოება, რომ ბრალდებული ჯ--------- არ აწარმოებდა სწორ საბუღალტრო აღრიცხვიანობას, არ აწვდიდა შესაბამის ინფორმაციას ბუღალტერს, რაც არ აძლევდა ამ უკანასკნელს დოკუმენტაციის მოწესრიგების და სწორი საბუღალტრო საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობას, დასტურდება ორგანიზაციის ბუღალტრის - ნ-----------ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით. იგივეს ადასტურებს შპს "მ---------------" კამერალური შემოწმების აქტი.

 

39. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ბ---- ჯ---------ს მიერ სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

გ------- ი----ის ეპიზოდი:

 

40. რაც შეეხება ბრალდებულ გ------- ი----ეს, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------- ი----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სანდო და უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

 

41. ბრალდების მხარე გ------- ი----ეს ედავება მის, როგორც შპს "მ---------------" დირექტორის მოადგილის მიერ, დირექტორ ბ---- ჯ---------სთან ერთად, ჯგუფურად, 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, რომ ეწეოდნენ ინტერნეტ- ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობას, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის პირობების დარღვევით და ასეთი ნებართვის გარეშე. ნებისმიერ ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე პირის დანიშვნა ხდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის გზით. ბრალდების მხარემ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შპს "მ-------------ში" გ------- ი----ის დირექტორის მოადგილედ დანიშვნის ფაქტი. მასთან არც შრომითი ხელშეკრულება ყოფილა გაფორმებული. თავად ი----ე კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულს და მიუთითებს, რომ ბ---- ჯ---------ს მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ის მხოლოდ საბანკო ანგარიშებიდან ფულადი სახსრების გამოტანა, შეტანას და გადარიცხვას ახდენდა სხვა ანგარიშებზე.

 

42. საქმეში წარმოდგენილია ბ---- ჯ---------ს, "მაქსიმუმ -ბეთის" დირექტორის მიერ 2012 წლის 16 მარტს გ------- ი----ის სახელზე გაცემული სანოტარო მინდობილობა, რომლითაც ი----ეს "ბითიეი" ბანკში არსებული ანგარიშების მართვა, ანგარიშიდან ფულადი სახსრების გამოტანა, შეტანა, სხვა ანგარიშებზე გადარიცხვა და სხვა ასეთი ოპერაციების განხორციელება დაევალა. აღნიშნული მინდობილობის შინაარსი თავისთავად არ გულისხმობს დირექტორის მოადგილის უფლებამოსილებით ი----ის აღჭურვას, ამასთან, ი----ის მიერ მხოლოდ მინდობილობით ნებადართული საქმიანობის განხორციელება დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, როგორც საბანკო ამონაწერებით, ისე მოწმეთა ჩვენებებით. ბათუმში მოქმედი ტოტალიზატორის თანამშრომლების საერთოდ არ იცნობდნენ გ------- ი----ეს, არასდროს მიუღიათ მისგან დავალება თუ მითითება. იგივეს ადასტურებს ბათუმის ფილიალის მენეჯერი კ---–--–--ე, რომელიც განმარტავს, რომ მისი ხელმძღვანელი ბ---- ჯ--------- იყო და ი----ესთან შეხება არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე საჭირო თანხა გადარიცხა ფილიალის ანგარიშზე, ისიც ჯ---------ს მითითებით. თბილისში მოქმედი ტოტალიზატორის თანამშრომლები ასევე ვერ იხსენებენ გ------- ი----ის მიერ დირექტორის მოადგილის მოვალეობების შესრულების ფაქტს, არასდროს უნახავთ თათბირებზე, მისგან არ მიუღიათ მითითებები. დაკავებული იყო მხოლოდ საბანკო გადარიცხვებით. მოწმე ყავრელიშვილის განმარტებით, მისთვისაც დაუვალებია ჯ---------ს ბანკიდან ფულის გამოტანა და სხვა ანგარიშებზე გადარიცხვა, ი----ის ფუნქციაც ეს იყო საჭიროების შემთხვევაში.

 

43. ამდენად, ბრალდების მხარის აპელირება იმაზე, რომ ამოღების ოქმზე გ------- ი----ემ ხელი მოაწერა, როგორც დირექტორის მოადგილემ, რომ შედარების აქტებს აწერდა ხელს იმავე რანგში, შესაბამისად, ის სწორედ დირექტორის მოადგილის უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი - ვერ იქნება დადასტურებულად და სარწმუნოდ მისაჩნევი, ისეთი მტკიცებულებების არსებობის პირობებში, როგორიც წარმოდგენილია სასამართლოს წინაშე. დოკუმენტური დადასტურება გ------- ი----ის დირექტორის მოადგილის ფუნქციებით აღჭურვის თაობაზე, საქმეში არ არსებობს. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებების და სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობის მიხედვით, ამ მინდობილობის ფარგლებში ი----ის საქმიანობის სფერო საბანკო გადარიცხვების წარმოება იყო. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, როდესაც ხდებოდა ბ---- ჯ---------ს ინფორმირება თანხების საჭიროებასთან დაკავშირებით, მისი დავალებით ახდენდა ი----ე ბანკიდან თანხის გატანას და სხვა ანგარიშზე ჩარიცხვას.

 

44. გ------- ი----ეს, ბ---- ჯ---------სთან ერთად, ბრალად ედება უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. აღნიშნული დანაშაულის სუბიექტი შესაბამისად, უნდა იყოს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი. ი----ის უფლებამოსილება განისაზღვრებოდა შპს-ს დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის ფარგლებში, ანუ ის საბანკო გადარიცხებთან დაკავშირებით ასრულებდა დირექტორის დავალებებს, ისევე როგორც ბათუმის ფილიალის მენეჯერი რ---- კ---–--–--ე და სხვა თანამშრომლები.

 

45. ყველა მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------- ი----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებები ეჭვების და ვარაუდების შესაძლებლობას ქმნის და არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კონკრეტული ფაქტის დადგენილად მისაჩნევად. ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

46. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ------- ი----ის მიერ სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ის უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

კვალიფიკაციის შეცვლა :

 

47. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ---- ჯ--------- გ------- ი----ესთან ერთად ჯგუფურად ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.

 

48. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

 

49. წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ბ---- ჯ---------ს მიერ სამეწარმეო საქმიანობის ნებართვის გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასაკმარისია მტკიცებულებების ერთობლიობა გ------- ი----ის იგივე დანაშაულში მონაწილეობის დასადასტურებლად და ის უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული კი იწვევს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ბრალდების უსაფუძვლობას ბ---- ჯ---------სთან მიმართებაში, რის გამოც 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილი კვალიფიკაცია - არასწორია, უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასიკეთოდ და მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

50. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

51. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

52. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

53. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

54. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

55. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

56. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ---- ჯ---------ს მიმართ სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით წარდგენილი კვალიფიკაცია - არასწორია, უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასიკეთოდ და მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბრალდებული გ------- ი----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სამართლებრივი შეფასება :

 

57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში გ------- ი----ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, სანდო და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც წარდგენილ ბრალდებაში სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქ/პუნქტით გ------- ი----ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

58. ამასთან, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ---- ჯ---------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით .

 

ბ---- ჯ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

59. ბ---- ჯ---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;

 

60. ბ---- ჯ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

61. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

62. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

63. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

64. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

65. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

66. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

67. სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილი, 2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციით, სასჯელად ითვალისწინებდა ჯარიმას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

68. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბ---- ჯ---------ს, რომელსაც არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას, უნდა დაენიშნოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით - 2 წლის ვადით. მასვე, სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული ფულადი თანხა, კერძოდ, შპს „მ---------------“ თბილისის და ბათუმის ოფისებიდან ამოღებული ფულადი თანხა - 1774, 95 ლარის; 129, 30 ლარის; 2115,12 ლარის ოდენობით - მიექცეს სახელმწიფოს სასარგებლოდ.

 

69. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებაა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

70. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ტოტალიზატორ ”მ---------------” შენობა-ნაგებობის დათვალიერების ამსახველი ვიდეომასალა ცაწერილი ერთ ცალ დისკზე, ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის ამსახველი ვიდეო მასალა ჩაწერილი ოთხ ცალ დიკზე, სს ”ბი თი ეი ბანკიდან” ამოღებული საბანკო ანგარიშების ამონაწერები ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, სს ”ლიბერთი ბანკიდან” ამოღებული შპს ”მ---------------” საბანკო ანგარიშებიდან თანხების გატანის ამსახველი დოკუმენტები - უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული: გ------- ზ------ის ძე ი----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------- ი----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 მარტის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - კ------- ი----ის (---------------------–--------------–---------------------- თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გვიმბალაური, (ზონა - ლ----------------------------------–------ 08, კვარტალი - 43, ნაკვეთი - 062, დაზუსტებული ფართობი 3612.0-----, საკადასტრო კოდი - №27.08.43.0-----------–----------------–----–----------------–---------–----------------- ლანჩხუთი 27, სექტორი - გვიმბალაური 08, კვარტალი - 47, ნაკვეთი - 053, დაზუსტებული ფართობი 1807.0-----, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 95.7---------------------------------------------- - 15 000 ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

გამართლებულ გ------- ი----ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

2. ბრალდებული: ბ---- ა-------ის ძე ჯ---------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ბრალდებული: ბ---- ა-------ის ძე ჯ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული ფულადი თანხა, კერძოდ, შპს „მ---------------“ თბილისის და ბათუმის ოფისებიდან ამოღებული ფულადი თანხა - 1774, 95 ლარისა და 129, 30 ლარის; 2115,12 ლარის ოდენობით - მიექცეს სახელმწიფოს სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ბ---- ჯ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

ბ---- ჯ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთმტკიცებები - ტოტალიზატორ ”მ---------------” შენობა-ნაგებობის დათვალიერების ამსახველი ვიდეომასალა, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის ამსახველი ვიდეო მასალა, ჩაწერილი ოთხ ცალ დიკზე, სს ”ბი თი ეი ბანკიდან” ამოღებული საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, სს ”ლიბერთი ბანკიდან” ამოღებული შპს ”მ---------------” საბანკო ანგარიშებიდან თანხების გატანის ამსახველი დოკუმენტები - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მსჯავრდებულ გ------- ი----ის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, ხოლო მსჯავრდებულ ბ---- ჯ---------ს მიმართ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მსჯავრდებულის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი