გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
330210018002321019
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5921-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს ”თ-----------”

წარმომადგენელი სა-–-------–----–---–-

მოპასუხე გი-------------

დავის საგანი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე

დავალიანების გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნაა:

 

1.1. მოპასუხე გი-------------ს მოსარჩელე სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ დაეკისროს:

1.1.1. 2015 წლის 3 ნოემბრის სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სესხის ძირითადი თანხის _ 20 918.25 ლარის, პროცენტის -3 006.73 ლარის, ჯარიმის - 4299.63 ლარისა და დაზღვევის 63.49 ლარის გადახდა.

 

1.1.2. 2015 წლის 03 ნოემბრის სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 7 თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითად თანხაზე - 20 918.25 ლარზე, წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 296.34 ლარს.

 

1.2.1. 2017 წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 12 757.13 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითად თანხაა 8462.24 ლარი, პროცენტი 998.31 ლარი და ჯარიმა 3296.58 ლარი.

 

1.2.2. ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 7 თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითად თანხაზე - 8462.24 ლარზე, წლიური 15% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 105.77 ლარს.

 

1.2.3. 2016 წლის 12 სექტემბრის T--------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 7738.75 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 4989.08 ლარი, პროცენტი 870.85 ლარი და ჯარიმა -1878.82 ლარი.

 

1.3.2. 2016 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 7 თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითად თანხაზე - 4989.08 ლარზე, წლიური 30% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 124.72 ლარს.

 

სს „თ------------’’ და გი-------------ს შორის 2015 წლის 3 ნოემბერს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 3 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებლზე გაიცა კრედიტი 30 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, კრედიტის ვადა - 1460 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 2 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G----ში.

 

მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლი 30 ივნისის შემდეგ არ მომხდარა გადახდა, 2018 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით დავალიანება განისაზღვრა 28 288.10 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა _ 20 918.25 ლარი, პროცენტი -3006.73 ლარი, ჯარიმა - 4299.63 ლარი და დაზღვევა 63.49 ლარი.

 

სს „თ------------“ და გი-------------ს შორის 2017 წლის 1 მაისს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 7646.4 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 15 % ოდენობით, კრედიტის ვადად განისაზღვრა 5305 დღე, კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 2 რიცხვის ჩათვლით, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღი ყოველი თვის ბოლო რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 22 ივლისის შემდეგ არ მომხდარა გადახდა, 2018 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 12 757.13 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 8462.24 ლარი, პროცენტი 998.31 ლარი და ჯარიმა 3296.58 ლარი.

 

2016 წლის 12 სექტემბერს სს ,,თ------------’’ და გი-------------ს შორის გაფორმდა T--------------ის ხელშეკრულება. საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 5000 ლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 30%-ით კრედიტის სს „თ-----------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი. ამასთან, 2016 წლის 12 სექტემბერის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 6.6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე ------------- განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.

 

მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის 30 იანვრის შემდეგ არ მომხდარა გადახდა, 2018 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 7738.75 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 4989.08 ლარი, პროცენტი 870.85 ლარი და ჯარიმა -1878.82 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნები და აღნიშნა, რომ 2015 წლის 03 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური 17% ბანკის მიერ იქნა ცალმხრივად გაზრდილი პირობის შეუსრულებლობის გამო 4%-ით. აღნიშნულის შესახებ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა 2015 წლის 16 ნოემბერს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე გი-------------მ სარჩელის მოთხოვნები ცნო ძირითადი თანხის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 03 ნოემბერს სს „თ------------“ და გი-------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ბანკი და კლიენტი შეთანხმდნენ კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებაში აღწერილი საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე. ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის მიხედვით, საპროცენტო სარგებელი ერიცხება კლიენტის ფაქტობრივ დავალიანებას ბანკის მიმართ და იანგარიშება პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. ამავე მუხლის 5.4. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულების პირობებით შეიძლება დადგინდეს როგორც ფიქსირებული, ისე ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

საკრედიტო პროდუქტებით

მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-27).

 

3.1.2. მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 3 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებლზე გაიცა კრედიტი 30 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 17%-ით. კრედიტის ვადა - 1460 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 2 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G----ში.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების

შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.19-27).

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------(ს.ფ. 28-38).

 

3.1.3. 2015 წლის 03 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, რომელიმე წინაპირობის, დამატებითი პირობის ან/და ბანკის მიერ კლიენტისათვის წაყენებული მოთხოვნის შეუსრულებლობის (დარღვევის) შემთხვევაში, ბანკს უფლება ექნება კლიენტისათვის შეტყობინებით ცალმხრივად გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი მაქსიმუმ 4%-ით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------(ს.ფ. 30).

 

3.1.4. 2015 წლის 3 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა, თუმცა მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 30 ივნისის შემდეგ არ გადაიხადა თანხა. 2018 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 28 288.10 ლარს საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა _ 20 918.25 ლარი, ჯარიმა - 4299.63 ლარი და დაზღვევა 63.49 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 39-40).

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 56).

 

3.1.5. სს „თ------------“ და გი-------------ს შორის 2017 წლის 1 მაისს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 7646.4 ლარის ოდენობით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 5305 დღე. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 15%-ით. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო დააანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 2 რიცხვის ჩათვლით, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღი ყოველი თვის ბოლო რიცხვი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ

ხელშეკრულება (ს.ფ. 41-44).

3.1.6. 2017 წლის 1 მაისს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა, თუმცა მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 22 ივლისის შემდეგ არ მომხდარა გადახდა. 2018 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 12 757.13 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 8462.24 ლარი, პროცენტი 998.31 ლარი და ჯარიმა 3296.58 ლარი.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 45).

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.56).

 

3.1.7. 2016 წლის 12 სექტემბერს სს ,,თ------------’’ და გი-------------ს შორის გაფორმდა T--------------ის ხელშეკრულება. საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 5000 ლარით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა:5536 კალენდარული დღე. წლიური საპროცენტო განაკვეთი: 18% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. 30% კრედიტის სს „თ-----------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.

 

კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი.

 

2016 წლის 12 სექტემბერის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რა ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ამავე ხელშეკრულების 6.6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე ------------- განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

საკრედიტო ბარათით სარგებლობის

შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 46-49).

 

3.1.8. 2018 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული T--------------ის ხელშეკრულებით გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა, თუმცა მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის 20 იანვრის შემდეგ ვალდებულება არ შეუსრულებია. 2018 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 7738.75 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 4989.08 ლარი, პროცენტი 870.85 ლარი და ჯარიმა -1878.82 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 50).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 56).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 3 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 28).

 

3.2.2. 2015 წლის 03 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობა შეადგენს 3006.73 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგებლის ოდენობას და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი იყო 17% და 21%.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლომ უდავო ფაქტობრივი გარემოებების 3.1.3. პუნქტით, დადგენილად ჩათვალა, ის გარემოება, რომ მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება ცალმხრივად გაეზარდა წლიური საპროცენტო განაკვეთი მაქსიმუმ 4%-ით, ბანკის მიერ კლიენტისათვის წაყენებული რომელიმე პირობის, დამატებითი პირობისა და მოთხოვნის შეუსრულებლობის (დარღვევის) შემთხვევაში. მოპასუხის მიერ შესაგებელზე დართული სს „თ-----------ს“ 2015 წლის 16 ნოემბრის N---------- წერილიდან დგინდება, რომ ბანკის პირობის თანახმად, სესხის გაცემიდან სამ სამუშაო დღეში კლიენტის მიერ წარდგენილ უნდა ყოფილიყო ცნობა დავალიანების არქონის შესახებ სს „ს----------–-------------“ და სს „ლ------------------“. ბანკმა ამავე წერილით აცნობა კლიენტს, რომ ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ის გამოიყენებდა 2015 წლის 03 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას საპროცენტო განაკვეთის 4%-მდე გაზრდის თაობაზე, 2015 წლის 16 დეკემბრიდან. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება და არც მოპასუხეს მიუთითებია, რომ მან შეასრულა ბანკის პირობა ცნობების წარდგენასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებით, დასტურდება, რომ ბანკის მიერ კლიენტისათვის წარდგენილი დამატებითი პირობა - დავალიანების არქონების შესახებ სხვა ბანკებიდან ცნობების წარდგენის შესახებ არ შესრულდა, აღნიშნული გარემოება, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობიდან გამომდინარე, ბანკს ანიჭებდა უფლებამოსილებას ცალმხრივად გაეზარდა საპროცენტო განაკვეთი 4%-ით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შესაბამისად დარიცხული პროცენტის ოდენობა შეადგენს 3006.73 ლარს. აღნიშნული გარემოება დასტურდება დავალიანების შესახებ ცნობით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლითაც მოსარჩელეს 2015 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 07 თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე მოთხოვნილი აქვს 17% სარგებლის გადახდევინება.

 

3.2.3. 2017 წლის 1 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 20 ლარი და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 42).

 

3.2.4. 2016 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული T--------------ის ხელშეკრულებით შეთანხმებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 20 ლარი, და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახე ხელშეკრულება (ს.ფ. 47).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ-----------ს” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 361-ე, 868-ე, 408-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს "თ------------” და გი-------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხის თანხები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო გი-------------მ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, 34 369.57 ლარის ნაწილში (დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილში).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის 34 369.57 ლარის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ან ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.2. 2015 წლის 03 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, რომლის გადაუხდელი ოდენობა შეადგენს 63.49 ლარს. ამ თანხის გადახდის ვალდებულება მოვალეს უნდა დაეკისროს კრედიტორის სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით განისაზღვრა წლიური სარგებლის გადახდა. 2015 წლის 03 ნოემბრის ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთი - წლიური 17%, ხოლო 2015 წლის 16 დეკემბრიდან 21%. 2017 წლის 01 მაისის ხელშეკრულებით - წლიური 15%, ხოლო 2016 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებით - წლიური 18%.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მოსარჩელე ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური პროცენტის დაკისრებას.

 

აღნიშნულ საპროცენტო განაკვეთს სასამართლო მიიჩნევს გარიგების ისეთ პირობად, რაც საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო შინაარსისაა. სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო შინაარსის გარიგებას ადგილი აქვს იმ დროს, როდესაც გარიგების კონკრეტული პირობები არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და ამით არათანაბარ პირობებში აყენებს მას გარიგების მონაწილე მეორე მხარესთან მიმართებაში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მოიხმობს საკასაციო პალატის მიერ განხილულ საქმეზე (სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი), გაკეთებულ განმარტებას, ხელშემკვრელ მხარეთა შორის არსებული სესხისა და იმ პირობის სამართლიანობის შესახებ, რომელიც სესხისთვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს: ”სარჩელის მოთხოვნას მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის (პროცენტის) შემცირება წარმოადგენს. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამსესხებელი, რომელიც ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარე იყო, უდავო იყო, რომ სწორედ მან განსაზღვრა სესხის სარგებელი სადავო ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პირობას ფიზიკური პირი დაეთანხმა, ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლებოდა, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინააღმდეგოდ: ”თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე”. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება”.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ. უფლებათა ბოროტად გამოყენებისგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ აღნიშნული.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს მხარეთა შორის შეთანხმებული წლიური სარგებლის ოდენობა. შემცირებისას სასამართლო ითვალისწინებს თავად ბანკის მიერ საანაბრე ხელშეკრულებებისთვის დადგენილ სარგებლის ოდენობას და მიიჩნევს რომ წლიური საპროცენტო სარგებელი სამივე ხელშეკრულების შემთხვევაში უნდა შემცირდეს 9%-მდე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ”თ------------” და გი-------------ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, ძირითადი ვალდებულებისა და პროცენტის მოცულობასთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით 2015 წლის 3 ნოემბრის სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო 4299.63 ლარი შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს გადასახდელად პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 429.96 ლარი. 2017 წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო 3296.58 ლარი შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს გადასახდელად პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 329.65 ლარი. 2016 წლის 12 სექტემბრის T--------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო 1878.82 ლარი შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს გადასახდელად პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 187.88 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2 032.49 ლარი. სს „თ-----------ს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 454.97 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს ბიუჯეტიდან სარჩელის ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 1031.08 ლარის ოდენობით.

 

იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%, რაც შეადგენს 365.55 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. სს ”თ-----------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე გი-------------ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ:

1.1.1. 2015 წლის 3 ნოემბრის სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 20 918.25 ლარის, პროცენტის - 3006.73 ლარის, ჯარიმის - 429.96 ლარისა და დაზღვევის 63.49 ლარის გადახდა.

1.1.2. ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 07 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითადი თანხის 20 918.25 ლარის წლიური 9%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 156.88 ლარს.

1.2.1. 2017 წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 8462.24 ლარის, პროცენტის - 998.31 ლარისა და ჯარიმის 329.65 ლარის გადახდა;

1.2.2. ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 7 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითად თანხაზე 8462.24 ლარზე წლიური 9%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 63.46 ლარს.

1.3.1. 2016 წლის 12 სექტემბრის T--------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 4989.08 ლარის, პროცენტის - 870.85 ლარისა და ჯარიმის 187.88 ლარის გადახდა;

1.3.2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 4989.08 ლარის წლიური 9% სარგებლის გადახდა, 2018 წლის 7 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 37.41 ლარს.

2. დაეკისროს მოპასუხე გი-------------ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 454.97 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 365.55 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ”თ-----------” 2018 წლის 16 თებერვლის №- საკრედიტო საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2032.49 ლარიდან 1031.08 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია