გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210017001878715
N2/574-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
მოსარჩელე - ირ---–ი ბა------ე
წარმომადგენლები-სუ-–--ნ ფა-–-------–---–ი, თეა ხი-----ი, სოსო სტ------ა
მოპასუხეები- სსიპ „საზ--------------------–----–---------------–--------------------ო“, ნა---ა კა-----ე
წარმომადგენლები -გია ქა–----ე, ნა---ა წკ---–--ე, ნინო უტ--–---–ი
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „საზ--------------------–----–---------------–--------------------ოს“ დირექტორის 2017 წლის 23 მარტის N02-05/16 ბრძანება „საზ--------------------–----–---------------–--------------------ოს მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის უფროსის მიმართ დისციპლინური სანქციის გამოყენების შესახებ“;
1.2. ირ---–ი ბა------ე აღდგენილი იქნეს სსიპ „საზ--------------------–----–---------------–--------------------ოს“ მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
1.3. დაეკისროს სსიპ „საზ--------------------–----–---------------–--------------------ოს“ ირ---–ი ბა------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური, 2300 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, 2017 წლის 23 მარტიდან სამუშაოზე აღდგენამდე;
1.4. დადგენილი იქნეს, 2017 წლის 28 მარტს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ნა---ა კა-----ის მიერ გაკეთებულ კომენტარში და ასევე, გაზეთ „ბათუმელებისათვის“ ირ---–ი ბა------ის სამსახურიდან დათხოვნის საკითხზე მიცემულ კომენტარში, მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტი. მოპასუხე ნა---ა კა-----ეს დაევალოს უარყოს მის მიერ გაკეთებული ცილისწამებლური განცხადებები; ამ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება გაავრცელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით-გაზეთი "ბათუმელების" და აჭარის ტელევიზიის მეშვეობით და ნა---ა კა-----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელე 1993 წლიდან 2017 წლის 23 მარტის ჩათვლით უწყვეტად მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში სხვადასხვა პოზიციებზე. ტელევიზიის სტატუსის შეცვლას მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არ გამოუწვევია. სსიპ „საზ--------------------–----–---------------–--------------------ოს“ დაფუძნების შემდეგ, სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. საბოლოოდ 2016 წლის 1 თებერვლის ბრძანებით დაინიშნა მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის უფროსის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა 2017 წლის 23 მარტის ჩათვლით. ტელევიზიაში მუშაობის 24 წლის მანძილზე მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი დისციპლინური სახდელი, მიღებული აქვს არაერთი სიტყვიერი და წერილობითი მადლობა. მოსარჩელე ყოველთვის პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის ფუნქციებში შედიოდა სატელევიზიო ეთერის პროგრამული ბადის მიხედვით პროგრამების განთავსება, ხოლო გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. პროგრამათაშორის დროში ეთერში გადის ანონსები, პრომოუშენის რგოლები, ტიხრები, არტები და სოციალური რეკლამები. 2017 წლის 25 თებერვალს, ეთერში ხარვეზების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მოსარჩელემ მიიღო ოპერატიული გადაწყვეტილება და საინფორმაციო სამსახურის ოპერატორს მინდია მალაყმაძეს სთხოვა არტებისათვის მასალის გადაღება მწვანე კონცხზე. შესაბამისად, ამ მიზნით გასცა განკარგულება მაუწყებლის კუთვნილი ვიდეო-კამერის გატანის შესახებ. ამის შემდეგ, მაუწყებლის კუთვნილი ვიდეოკამერით 2017 წლის 25 თებერვალს, მწვანე კონცხზე, ქორწილის გადაღების ფაქტის გამო, მოსარჩელის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება. დისციპლინური წარმოების ფარგლებში მოსარჩელემ და ოპერატორმა მინდია მალაყმაძემ განმარტეს, რომ 25 თებერვალს კამერა გატანილი იქნა მწვანე კონცხზე არტებისათვის ბუნების კადრების გადასაღებად, ხოლო ქორწილის კადრები გადაღებული იქნა პირადი ვიდეოკამერით და აჭარის ტელევიზიის კამერა კომერციული გადაღებისათვის გამოყენებული არ ყოფილა. 2017 წლის 23 მარტის სსიპ „საზ--------------------–----–---------------–--------------------ოს“ მმართველთა საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა ირ---–ი ბა------ის დისციპლინირების საკითხი, ხოლო 2017 წლის 23 მარტის ბრძანებით მოსარჩელე დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. განთავისუფლების მიზეზად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ ტელევიზიიდან არაგეგმიურად, ირ---–ი ბა------ის მითითებით, გატანილი იქნა ვიდეოკამერა არტების გადასაღებად, რაც არ შედიოდა მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის ფუნქციაში. ამასთან, აჭარის ტელევიზიის ლოგოიანი კამერით მოხდა ქორწილის გადაღება, რამაც შელახა აჭარის ტელევიზიის იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კამერის გატანაზე და არტების გადაღებაზე მითითება გასცა კანონიერად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მაუწყებლის საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით. მას არავითარი კავშირი არ აქვს ქორწილის გადაღებასთან და დავალება მხოლოდ არტების გადაღებას უკავშირდებოდა. ამდენად, არ ეთანხმება ბრძანებას სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, მიაჩნია, რომ ბრძანება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნა---ა კა-----ის მიერ სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაკეთებული იქნა ცილისწამებლური განცხადებები, რამაც შელახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. მოსარჩელის აზრით, მოპასუხე მხარე აფიქსირებს არა თავის მოსაზრებას, არამედ გარემოებებს განმარტავს, როგორც ფაქტს, შესაბამისად, იგი ვალდებულია ფაქტად მითითებული ინფორმაცია დაამტკიცოს ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უარყოს მის მიერ გავრცელებული ცნობები.
მოპასუხების პოზიცია:
მოპასუხეებმა წარმოადგინეს მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციით ირ---–ი ბა------ის, როგორც მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციას არ წარმოადგენდა არტების დამზადება. სამსახურის დებულების შესაბამისად, სამსახურის მიზანია გამართული, ხარისხიანი და შეუფერხებელი მიმდინარე სატელევიზიო მაუწყებლობის უზრუნველყოფა. მოსარჩელის სამსახურეობრივი ფუნქციების განმსაზღვრელ არცერთ დოკუმენტში არ მოიძებნება ნორმა, რომელიც მას უფლებამოსილებას მიანიჭებდა ახალი ამბების სამსახურის ოპერატორისთვის მიეცა დავალება. შესაბამისად, არ მოიძებნება ნორმა, რომელიც ახალი ამბების სამსახურის ოპერატორებს ავალდებულებს შეასრულონ სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მითითებები, ე.ი. მოსარჩელემ გასცა ისეთი დავალება, რომლის გაცემის უფლებამოსილება არ გააჩნდა და აღნიშნული დავალების შესრულებისათვის გამოიყენა ისეთი პირი - რომლის არც ხელმძღვანელი იყო და არც ის იყო უფლებამოსილი შეესრულებინა აღნიშნული დავალება, რომ აღარაფერი ვთქვათ - კამერის გატანის ნამდვილ მიზანზე (მაუწყებლის ქონებით სარგებლის მიღებაზე). მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების ერთ ერთ საფუძველს წარმოადგენდს ის, რომ ირ---–ი ბა------ეს ზედმიწევნით ზუსტად უნდა სცოდნოდა მაუწყებლის ამჟამად მოქმედი სტრუქტურა. მოპასუხეს მიაჩნია, რომ კამერის გატანით ირ---–ი ბა------ემ არ დაიცვა ტელევიზიის ქონებრივი ინტერესები, ვინაიდან კამერა არის ძვირადღირებული აქტივი და ხასიათდება ამოწურვადი რესურსით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „საზ--------------------–----–---------------–--------------------ოს“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
მოპასუხე ნა---ა კა-----ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მედიასაშუალებებისათვის გაკეთებულ კომენტარში მოსაზრება ეფუძნებოდა დასრულებული და დასასრულებელი დისციპლინური საქმის წარმოებისას მოპოვებულ მასალებს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის სამართლებრივი გარემოება, რომ კომენტარები არ არღვევს დასაქმებულის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ უფლებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 25 დეკემბერს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით დაფუძნდა სსიპ „საზ--------------------–----–---------------–--------------------ო“. 2014 წლის 3 იანვრის ბრძანებით და იმავე დღეს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ირ---–ი ბა------ე დაინიშნა შემოქმედებითი ჯგუფების მასობრივი ღონისძიებების გადაღების მიმართულების პროდიუსერის თანამდებობაზე. 2014 წლის 1 აპრილის ბრძანებით მოსარჩელე გადაყვანილი იქნა სსიპ „საზ--------------------–----–---------------–--------------------ოს“ გენერალური პროდიუსერის თანამდებობაზე, ხოლო 2016 წლის 1 თებერვლის ბრძანებით დაინიშნა და განთავისუფლებამდე მუშაობდა მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2014 წლის 3 იანვრის ბრძანება და შრომის ხელშეკრულება (ს.ფ. 66)
-2014 წლის 1 აპრილის ბრძანება (ს.ფ.75)
-2016 წლის 1 თებერვლის ბრძანება (ს.ფ.78-80)
3.1.2. 2017 წლის 25 თებერვალს მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსის ირ---–ი ბა------ის დავალებით, ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი მინდია მალაყმაძე, სამსახურის კამერით გავიდა გადაღებაზე მწვანე კონცხზე. აღნიშნულ ფაქტზე დაიწო დისციპლინური წარმოება, რომლის ფარგლებში გამოკვლეული იქნა იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- ახალი ამბების სამსახურის უფროსის, 2017 წლის 2 მარტის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი მინდია მალაყმაძე, რომელიც 25 თებერვალს ისვენებდა, უშუალო ხელმძღვანელის დავალების გარეშე გავიდა გადაღებაზე, მიმდინარე მაუწყებლის ხელმძღვანელის დავალებით;
- „ახალი ამბების“ სამსახურის ვიდეოკამერის პარკის კოორდინატორის 2017 წლის 2 მარტის, მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, 2017 წლის 25 თებერვალს, 9.40 სთ-დან 22.40სთ-მდე დაფიქსირებულია 1 არაგეგმიური გასვლა მწვანე კონცხზე, ოპერტორი მინდია მალაყმაძე.
-2017 წლის 7 მარტის სსიპ „საზ--------------------–----–---------------–--------------------ოს“ დირექტორის ნა---ა კა-----ის წერილი, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა დისციპლინური წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით;
- ირ---–ი ბა------ის, 2017 წლის 10 მარტის, ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად მოსარჩელემ განმარტა, რომ, თანამდებობიდან გამომდინარე უფლებამოსილი და ამავდროულად ვალდებული იყო დავალება გაეცა სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებზე. ირ---–ი ბა------ემ, ახსნა-განმარტებაში განმარტა, რომ ოპერატორ მინდია მალაყმაძეს დავალება მისცა საგაზაფხულო არტების გადასაღებად.
- ახალი ამბების ოპერატორის მინდია მალაყმაძის, 2017 წლის 13 მარტის, ახსნა-განმარტები, რომლის თანახმად, 2017 წლის 25 თებერვალს აჭარის ტელევიზიის კუთვნილი კამერა გაიტანა გადაღებაზე. მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის უფროსის დავალებით, დღის სხვადასხვა მონაკვეთებში საინტერესო ხედების გადაღბის მიზნით. მისივე განმარტებით, ვერ მოახერხა დავალების შესრულება.
- აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის 21 მარტის წერილი, რომლითაც ირ---–ი ბა------ეს კვლავ ეცნობა, რომ კამერის არაგეგმიურ გატანასთან დაკავშირებით მიმდინარე დისციპლინური წარმოება სრულდებოდა 2017 წლის 23 მარტს და მიეცა წინადადება დამატებით წარმოედგინა საკუთარი მოსაზრება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
-ირ---–ი ბა------ის 2017 წლის 22 მარტის პასუხი, რომლითაც მან მიუთითა 2017 წლის 21 მარტის წერილით მიცემულ განმარტებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-02.03.17 წლის მოხსენებითი ბარათები (ს.ფ.105-106)
-07.03.17 წლის წერილი (ს.ფ.108)
-10.03.17 წლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 109)
-13.03.17 წლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 111)
-21.03.17 წლის წერილი (ს.ფ.114)
-22.03.17 წლის წერილი (ს.ფ. 115)
3.1.3. 2017 წლის 23 მარტს სსიპ „საზ--------------------–----–---------------–--------------------ოს“ კოლეგიური ორგანოს-მმართველთა საბჭოს სხდომაზე ჩატარდა ირ---–ი ბა------ის დისციპლინური საქმის წარმოება. სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ირ---–ი ბა------ე არ იყო უფლებამოსილი რომელიმე თანამშრომლისთვის მიეცა კამერის გატანის უფლება. მისივე აზრით, მესამე პირებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ მაუწყებელი ახორციელებდა ქორწილის ვიდეოგადაღებას. სსიპ „საზ--------------------–----–---------------–--------------------ოს“ დირექტორის 2017 წლის 23 მარტის N02-05/16 ბრძანებით ირ---–ი ბა------ესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება და იგი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-23.03.17 წლის მმართველთა საბჭოს სხდომის ოქმი (ს.ფ. 27-29)
-23.03.17 წლის ბრძანება (ს.ფ. 118-119)
3.1.4. 2017 წლის 4 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასულ სიუჟეტში ნა---ა კა-----ე აცხადებს „ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ მას შეეძლო საკუთარი გამოცდილება გაეგრძელებინა მაუწყებელში, საკუთარი გამოცდილებით ეპოვა მაუწყებელში ის ფუნქცია, რომელსაც ის თავს გაართმევდა. რაც შეეხება მმართველთა საჭოს ფორმატს, მმართველთა საბჭოს ფორმატი გახლავთ დირექტორის საკონსულტაციო ორგან. ეს დამყარებულია აბსოლუტურ ნდობაზე, სწორ ნაბიჯებზე, სწორ ხედვებზე და როდესაც ჩვენ მივიღეთ ქორწილის განმავლობაში გატანილი კამერა ამ შემთხვევაში შეუძლებელია მმართველობის ფუნქციასთან გვქონდეს საქმე, როდესაც თქვენ ისაუბრეთ სასამართლოსთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ კორპორატიული კულტურა და შესაბამისი გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობის აღება შესაბამის გადაწყვეტილებაზე მატერიალურ ტექნიკური ბაზის სწორად განკარგვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს დისკუსიის საგანი, ეს ეკუთვნის საზოგადოებას და არ შეიძლება იყოს პირადი მიზნებისათვის.
2017 წლის 24 მარტს, გაზეთ „ბათუმელებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ნა---ა კა-----ე ამბობს: „ადმინისტრაციული მოკვლევით რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. მაგალითად ის, რომ ირ---–ი ბა------ე არ იყო უფლებამოსილი რომელიმე თანამშრომლისათვის მიეცა კამერის გატანის უფლება. მინდია მალაყმაძე საინფორმაციო სამსახურის ოპერატორია და ის არ უნდა წასულიყო გადასაღებად. გარდა ამისა ქორწილის დღე ოპერატორისათვის არასამუშაო დღე იყო.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-DVD დისკი (ს.ფ. 127)
-გაზეთ ‘ბათუმელების“ სტატია (ს.ფ.124)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სადავო ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია „შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. ამდენად, სასამართლოს მსჯელობის საგანია ის ფაქტები, რომელთა საფუძველზე დასაქმებულის ქმედებას მიეცა კონკრეტული კვალიფიკაცია.
მოსარჩელემ სადავოდ გახადა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება. მისი განმარტებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია და მის კომპეტენციაში შედიოდა, ტელევიზიის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა სამსახურის თანამშრომლისათვის დავალების მიცემა, მათ შორის არტების გადაღების მიზნით. ამდენად, მოსარჩელის აზრით სადავო ბრძანებით მასთან არამართლზომიერად შეწყდა შრომითი ურთიერთობა. მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის უფლებამოსილება გაეცა არტების გადაღების დავალება სხვა სამსახურის თანამშრომლისთვის. გარდა ამისა, მოპასუხე მიიჩნევს, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი კამერის არაგეგმიურ გატანასა და იმავე პერიოდში მწვანე კონცხზე მიმდინარე ქორწილის გადაღებას შორის, ვინაიდან, მოპასუხის მოსაზრებით ქორწილი, სწორედ, ტელევიზიის კამერით იქნა გადაღებული. ამდენად, მოპასუხის აზრით, ირ---–ი ბა------ემ უხეშად დაარღვია სამსახურის დებულება, გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას, საფრთხის წინაშე დააყენა ტელევიზიის ქონება და რეპუტაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეების მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ის ფაქტები და გარემოებები შეფასდეს, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 1. შედიოდა თუ არა ირ---–ი ბა------ის უფლებამოსილებაში ტელევიზიის სხვა სამსახურის თანამშრომელზე დავალების მიცემა და არტების მომზადება, ჰქონდა თუ არა მას უფლება ამ მიზნით ვიდეოკამერა გაეცაზე; 2. განხორციელდა თუ არა ირ---–ი ბა------ის დავალებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეო კამერით, ტელევიზიის ოპერატორის მიერ კომერციული გადაღება ანუ არსებობდა თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ირ---–ი ბა------ის ქმედებას (არტების გადასაღებად გაგზავნა) და ქორწილის გადაღებას შორის, რომლის გამოც, მოპასუხის განმარტებით შეილახა ტელევიზიის საქმიანი რეპუტაცია და იმიჯი. დასადგენ სადავო ფაქტობრივ გარემოებათა წრეს მიეკუთვნება ასევე, ყველა ის გარემოება, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ირ---–ი ბა------ის ქმედების მიმართ უხეში დისციპლინური სამართალდარღვევის შერაცხვის მართლზომიერებას. მათ შორის ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკა ან/და საქმიანობაში დამკვიდრებული პრაქტიკა.
3.2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ზოგადი წესიდან განსხვავებით, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთი „შებრუნებულია“ და მიმართულია მოპასუხე - დამსაქმებლისკენ. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, შესაბამისად, თუ ყოფილი დასაქმებული მიუთითებს იმის შესახებ, რომ იგი უკანონოდ გაანთავისუფლეს, ამ ფაქტის გაქარწყლება დამსაქმებლის ვალდებულებაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე № ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა განჩინებებშიც (სუსგ საქმე №ას-1276-1216-2014 2015 წლის 18 მარტი, საქმე №ას-122- 114-2015, 2015 წლის 23 მარტი). ამდენად, მოცემულ შრომითსამართლებრივ დავაში, სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის მატარებელია მოპასუხე.
3.2.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2017 წლის 25 თებერვალს, ირ---–ი ბა------ის დავალებით ახალი ამბების ოპერატორი მინდია მალაყმაძე ტელევიზიის კამერით გავიდა გადაღებაზე მწვანე კონცხზე. მოსარჩელის განმარტებით, დავალების მიზანი იყო არტების გადაღება. სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, იყო თუ არა უფლებამოსილი ირ---–ი ბა------ე მიეცა დავალება სხვა სამსახურის თანამშრომლისათვის, ჰქონდა თუ არა უფლებამოსილება მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსს ეზრუნა არტების გადაღებაზე და ამ ქმედებით გადაამეტა თუ არა მან სამსახურის დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. სადავოა ისიც, საერთოდ ჰქონდა თუ არა ამ დავალებას არტების გადაღების მიზანი, თუ ის ორგანიზებული იქნა კომერციული გადაღების მიზნებისათვის.
3.2.4. სსიპ „საზ--------------------–----–---------------–--------------------ოს“ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის დებულებით, რომელიც დამტკიცდა 2016 წლის 12 ოქტომბრის N02-03/28 ბრძანებით, სამსახურის საქმიანობის მიზანია გამართული, ხარისხიანი და შეუფერხებელი მიმდინარე სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ მაუწყებლობის უზრუნველყოფა. ამავე დებულების თანახმად სამსახურის ძირითად ფუნქციებში შედის ტელევიზიის და რადიოს მაღალი ხარისხის, შეუფერხებელი მიმდინარე ეთერის და ვებ. გვერდის უზრუნველყოფა; სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ მიმართულებით სტუდიების, სააპარატოების, ტექნიკისა და აპარატურის წინასწარი გეგმიური ტექნიკური შემოწმება; სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ მიმართულებით სტუდიების, სააპარატოების, ტექნიკასა და აპარატურაში შესაძლო და არსებული ხარვეზების მაქსიმალური გამოვლენა; სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ მიმართულებით სტუდიების, სააპარატოების, ტექნიკასა და აპარატურაში გამოვლენილი ხარვეზების დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა; მიმდინარე რეჟიმში სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ გადაცემების წინასწარი შემოწმება; სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ გადაცემებში არსებული ხარვეზებისა და ტექნიკურ ხარისხთან შეუასაბამობების გამოვლენა და დროულად გადაწყვეტის უზრუნველყოფა; მაღალი ხარისხის სატელევიზიო ეთერისათვის წინასწარი მომზადების მონიტორინგი და შეუფერხებელი, მაღალი ხარისხის მიმდინარე მაუწყებლობის უზრუნველყოფა; სატელევიზიო ეთერში ხარვეზების, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროული გამოვლენა და ოპერატიული გამოსწორების უზრუნველყოფა; მაღალი ხარისხის რადიო ეთერისათვის წინასწარი მომზადების მონიტორინგი; შეუფერხებელი, მაღალი ხარისხის მიმდინარე რადიო ეთერის უზრუნველყოფა და მასში არსებული ხარვეზების, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროული გამოვლენა და ოპერატიული გამოსწორების უზრუნველყოფა; ვებ-გვერდზე გასაშვები მასალებისა და პროგრამების წინასწარი მზადყოფნის მონიტორინგი; მიმდინარე რეჟიმში ვებ-გვერდის მუდმივი განახლება ახალი ინფორმაციითა და გადაცემებით; მიმდინარე რეჟიმში ვებ-გვერდის ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
ამავე დებულებით განისაზღვრება სამსახურის უფროსის შემდეგი ფუნქციები: ტელევიზიის, რადიოსა და ინტერნეტის ტექნიკის წინასწარი მონიტორინგის და გამართულობის უზრუნველყოფა; ტელევიზიიის რადიოსა და ინტერნეტის გადაცემების წინასწარი შემოწმების უზრუნველყოფის კოორდინაცია; ტელევიზიის, რადიოსა და ინტერნეტის გადაცემებში მოწვეული სტუმრებისა და რესპოდენტების წინასწარი მომზადების უზრუნველყოფა; ტელევიზიისა და ინტერნეტ გადაცემების სტუდიების, დეკორაციების, დიზაინის მზადყოფნის წინასწარი შემოწმების უზრუნველყოფა; ტელევიზიის საეთერო ბადის გენერალური გეგმის მიხედვით ყოველდღიურად პროგრამების ბადეში დროულად, მაღალი ხარისხით განთავსების უზრუნველყოფა; რადიოს საეთერო ბადის გენერალური გეგმის მიხედვით ყოველდღიურად პროგრამების ბადეში დროულად, მაღალი ხარისხით განთავსების უზრუნველყოფა; ვებ-გვერდის საეთერო ბადის გენერალური გეგმის მიხედვით პროგრამების დროული და ხარისხიანი ატვირთვის უზრუნველყოფა; სატელევიზიო, რადიოსა და ინტერნეტის მიმდინარე ეთერში ხარვეზების მაქსიმალური გამოვლენა, გამოვლენილ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვის სამუშაოების კოორდინაცია და გამოვლენილი ხარვეზების რეაგირების ღონისძიებების ორგანიზება; გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება; სატელევიზიო და რადიო და ინტერნეტ მაუწყებლობის განვითარების სამსახურების მიერ დასახული/განსაზღვრული ამოცანების/მითითებების შესრულების კოორდინაცია/უზრუნველყოფა; ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურში (სტრუქტურულ ერთეულში) დასაქმებულ პირებს; მაუწყებლის დირექტორის და მისი მოადგილეების სამსახურებრივი მითითებების შესრულება.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მიმდინარე სამსახურის უფროსის პირდაპირ მოვალეობას არ წარმოადგენს სატელევიზიო პროდუქტის დამზადება, არამედ მისი ფუნქციაა უკვე მზა პროდუქტის მაყურებლისათვის მიწოდება და სატელევიზიო ეთერის ხარისხის უზრუნველყოფა. ამასთან, ამავე დებულების შესაბამისად, სამსახურის უფროსის იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებზე, ის ასრულებს ტელევიზიის დირექტორისა და მისი მოადგილეების დავალებებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამტკიცება, რომ ირ---–ი ბა------ემ გარკვეულწილად გადაამეტა საკუთარ სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, როცა არტების გადაღება დაავალა სხვა სამსახურის თანამშრომელს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ მას არაერთხელ მიუღია ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა რაიმე ფაქტი, ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ტელევიზიის ხელმძღვანელობის მხრიდან ამ ქმედების წახალისებას მას არ წარმოუდგენია. საქმეში წარმოდგენილი იქნა მზა პროდუქცია, გადაღებული არტები (DVD დისკი). მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული პროდუქცია მან დაამზადა, სწორედ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურში მუშაობის პერიოდში. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ კონკრეტული მტკიცებულების შესახებ, ვინაიდან რაიმე მაიდენტიფიცირებელი საავტორო ნიშანი ვიდეოფირს არ გააჩნია. ამდენად, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ვარგისი ვერ იქნება.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო არ გამორიცხავს მიმდინარე მაუწყებლის სამსახურის უფროსის მხრიდან ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და დებულებით გათვალისწინებულს გარდა სხვა სამუშაოს შესრულებას. აღნიშნული უფლებამოსილება განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით. ტელევიზიის საქმიანობის სპეციფიკა ითვალისწინებს ოპერატიულ, წინასწარ დაუგეგმავ და ხშირად სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება გონივრულობის ფარგლებში უნდა პასუხობდეს დასახულ ამოცანას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმური მიზანი, აუცილებლობა, მისი განხორციელების გზები და ის შედეგი, რომელიც მას მოჰყვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ირ---–ი ბა------ის ქმედება ანუ მის მიერ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების გადამეტება უნდა შეფასდეს, სწორედ, ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, მისთვის შერაცხული ქმედების (უხეში დარღვევა) ჭრილში, რაც აისახება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის დებულება
-შრომის ხელშეკრულება (ს.ფ 79-80)
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება
-DVD დისკი
3.2.5. სადავო ბრძანების გამოცემის კიდევ ერთ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ სადავო ბრძანების თანახმად „საქმეზე დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მტკიცებულებებით უდავოდ დგინდება მაუწყებლის საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების ფაქტი.“, ამავე ბრძანებით „დასაქმებულის ქმედებით საფრთხე შეექმნა არამარტო მაუწყებლის საკუთრებაში არსებულ ქონებას, არამედ შეილახა მაუწყებლის საქმიანი რეპუტაცია. კერძოდ, ქორწილის გადაღება მიმდინარეობდა მაუწყებლის საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც აღჭურვილი იყო მაუწყებლის ლოგოტიპით და მესამე პირებს გაუჩნდათ წარმოდგენა, რომ ქორწილის ვიდეოგადაღებას აწარმოებდა აჭარის ტელევიზია. დასაქმებულმა, რომელმაც გასცა უკანონო ნებართვა ვალდებული იყო განეჭვრიტა მისი ქმედების უარყოფითი შედეგები“.
პირველ რიგში, ბრძანებაში მითითებული არაა რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნევს დამსაქმებელი დადგენილად იმ ფაქტს, რომ მინდია მალაყმაძის მიერ მოხდა ტელევიზიის საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერის არამიზნობრივი გამოყენება. არც სადავო ბრძანებაში და არც დისციპლინური წარმოების მასალებში აღნიშნული მტკიცებულების შესახებ მითითებული არაა. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ტელევიზიის თანამშრომელთა ახსნა-განმარტებები, რომ მოხდა კამერის არაგეგმიური გატანა და სურათები, რომლის მიხედვით ვერ ხერხდება ვერც კონკრეტული ვიდეოკამერის იდენტიფიცირება და ვერც იმ გარემოს დაფიქსირება, რომელშიც მოხდა გადაღება. მოპასუხე უთითებს 2017 წლის 21 აპრილის დისციპლინური საქმის წარმოების მასალებზე, კერძოდ, ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმზე, რომლითაც, მოპასუხის აზრით, დასტურდება მინდია მალაყმაძის მიერ ტელევიზიის კამერის გამოყენების ფაქტი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ამ პოზიციას. პირველ რიგში აღნიშნული დისციპლინური წარმოება მიმდინარეობდა არა მინდია მალაყმაძის ან ირ---–ი ბა------ის, არამედ მესამე პირის მიმართ, რომელიც, როგორც ოქმიდან ირკვევა, ესწრებოდა კომერციული გადაღების პროცესს. შესაბამისად, ამ დისციპლინური წარმოებით დადგენილი ფაქტები ვერ გახდება სხვა პირის დისციპლინირების საფუძველი, თუ ეს უკანასკნელი არ მონაწილეობდა ამ წარმოებაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მითითებული სხდომის ოქმით სადავო საკითხის დამტკიცების შესახებ. სხდომის მიმდინარეობისას დასმულ კითხვაზე, რომელი კამერით იღებდა მინდია მალაყმაძე ქორწილს, რესპოდენტი პასუხობს, რომ არ ახსოვს. მისი პასუხები ბუნდოვანია და მოკლებულია კონკრეტულობას.
თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, ირ---–ი ბა------ის ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია არა ის, ხდებოდა თუ არა გადაღება ტელევიზიის ვიდეოკამერით, რასაც კატეგორიულად უარყოფს საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი მინდია მალაყმაძე, არამედ ის, თუ რა კავშირი აქვს ამ ფაქტთან თავად მოსარჩელეს. სასამართლო მთლიანად იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ შესაძლოა ტელევიზიის იმიჯი შეილახა, როდესაც კომერციული გადაღება მოხდა ტელევიზიის ლოგოიანი ვიდეოკამერით, თუმცა, ეს გარემოება ვერ გახდება ირ---–ი ბა------ის დისციპლინირების საფუძველი, თუ არ დამტკიცდა მისი უშუალო მონაწილეობა ამ კომერციული გადაღების ორგანიზებაში. ამდენად, სასამართლოს კვლევის საგანია არა ის, თუ რომელი კამერით გადაიღო მინდია მალაყმაძემ ქორწილის კადრები, არამედ დაგეგმა თუ არა ეს გადაღება უშუალოდ ირ---–ი ბა------ემ. სწორედ, ამ მიზეზობრივი კავშირის დადგენაა სადავო ბრძანების მართლზომიერების განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი. ვინაიდან, სადავო ბრძანებით უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად, ირ---–ი ბა------ეს ეს ქმედებაც შეერაცხა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით მოპასუხე მხარემ აღნიშნული მიზეზობრივი კავშირი ვერ დაადასტურა. სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს მოწმე მინდია მალაყმაძის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ირ---–ი ბა------ემ დაავალა არტების გადაღება და ამ მიზნით გაატანა ტელევიზიის ვიდეოკამერა. მოპასუხის მოსაზრებები აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე, იმაზე, რომ ირ---–ი ბა------ე „ვალდებული იყო განეჭვრიტა მისი ქმედების უარყოფითი შედეგები“.
სასამართლო კვლავ უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე, და 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნევს, რომ მოცემული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება, სათანადო წესით ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, რომ 2017 წლის 25 თებერვალს მიმდინარე კომერციულ გადაღებასთან რაიმე ფაქტობრივი კავშირი ჰქონდა მოსარჩელეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-21.04.17 წლის სხდომის ოქმი მოწმე მინდია მალაყმაძის ჩვენება
-სურათები (ს.ფ. 262-267)
3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 28 მარტს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ნა---ა კა-----ის მიერ გაკეთებულ კომენტარში და ასევე, გაზეთ „ბათუმელებისათვის“ ირ---–ი ბა------ის სამსახურიდან დათხოვნის საკითხზე მიცემულ კომენტარში, მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტს, სასამართლო შეაფასებს სამართლებრივად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ დირექტორის ბრძანება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსის მიმართ დისციპლინური სანქციის გამოყენების შესახებ; ირ---–ი ბა------ე აღდგენილი იქნეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; დაეკისროს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ირ---–ი ბა------ის სასარგებლოდ განაცდური 2017 წლის 23 მარტიდან თანამდებობაზე აღდგენამდე 2300 ლარის ოდენობით.
ირ---–ი ბა------ის სარჩელი ნა---ა კა-----ის მიერ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის დადგენის და ნა---ა კა-----ის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ.
- საქართველოს კონსტიტუცია
-ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაცია
- ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
- ევროპის სოციალური ქარტია
- შრომის კოდექსი
-სამოქალაქო კოდექსი
-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ „შრომის უფლება“ ადამიანის სოციალურ უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტია. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით „შრომა თავისუფალია“. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. კონსტიტუციური ჩანაწერი „შრომა თავისუფალია“, მოიცავს არა მხოლოდ შრომითი საქმიანობის არჩევის თავისუფლებას, არამედ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დაიცვას დასაქმებულის ყველა ის სოციალური უფლება, რომელიც გამომდინარეობს შრომითი სამართალურთიერთობიდან, მათ შორის, დაიცვას დასაქმებულის უფლება ჰქონდეს განჭვრეტადი შრომითი ხელშეკრულება, იცოდეს რა პირობებში მოუწევს საქმიანობა და რა ხანგრძლივობით, უფლება მიიღოს სამართლიანი და ადეკვატური ანაზრაურება, ანაზღაურდეს მისი დასვენება, უფლება გაწევრიანდეს პროფესიულ კავშირებში, იყოს დაცული დამსაქმებლის თვითნებობისაგან.
შრომის უფლების დაცვის გარეშე შეუძლებელია სოციალური სახელმწიფოს აშენება, რაც საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით ქართული სახელმწიფოს დეკლარირებული მიზანია. შრომის უფლება პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსეული ცხოვრებისა და ყოფის შენარჩუნებას, ამიტომ შრომითი უფლებების სტანდარტები არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებითა და პაქტით არის განმტკიცებული.
ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
ევროპის სოციალურ ქარტიის 24-ე მუხლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები, ასევე, აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული საერთაშორისო აქტები განამტკიცებენ შრომის უფლებას, როგორც ადამიანის ცხოვრებისა და ყოფის განუხრელ და უპირობო შემადგენელს, რომელიც მოიპოვა თანამედროვე საზოგადოებამ და რომლის დაცვის ვალდებულება ვერ გადაიფარება ამ პროცესში დამსაქმებლის ისეთი ინტერესების დაცვის საბაბით, რაც არ შეესაბამება შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში საყოველთაოდ დეკლარირებულ და აღირებულ პრინციპებს. რამდენადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შრომის უფლება, როგორც ადამიანის ღირსეული არსებობისათვის უმნიშვნელოვანესი სოციალური კომპონენტი, იმდენად აუცილებელია ამაღლდეს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთვალდებულებებისა და უფლებრივი დაცვის სტანდარტი, რომელიც, ასევე, მოიცავს დასაქმებულის უფლებას მიიღოს მისი ქმედების შესაბამისი, ობიექტური და ადეკვატური შეფასება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავის გადაწყვეტილებებში განმარტავს „დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს სათანადო საფუძვლები, სამსახურიდან გათავისუფლება უნდა იყოს ადეკვატური და თანაბარზომიერი ჩადენილი დარღვევისადმი (სუსგ საქმეზე #ას-1027-981-2013 24.01.14წ.). შრომის კოდექსის 37(1)„ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, უზენაესი სასამართლო უთითებს პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპზე, რომლის თანახმად კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio - ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება არის უკიდურესი ზომა, ზღვარი, რომლის მიღმა დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთთანამშრომლობა წარმოუდგენელია. სამსახურიდან განთავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული და დამსაქმებლის ინტერესი გაანთავისუფლოს დასაქმებული განპირობებულია გარდაუვალი მიზეზებით.
შრომის უფლების მკვეთრად გამოხატული სოციალური მნიშვნელობის გამო, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის შეწყვეტასთან შედარებით. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული არგუმენტაცია დაედო საფუძვლად შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს 37-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა „უბრალოდ დარღვევა“, არამედ, მითითებულ ვალდებულებათა „უხეში დარღვევა“. ნორმის მიზანია დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა თუ გადაცდომა შეფასებული უნდა იქნეს არა ვიწროდ, დამსაქმებლის სუბიექტური აღქმით, არამედ მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის, მატერიალური თუ სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით. შრომის სამართალში Ultima Ratio - პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით.
ქმედებისათვის „უხეში დარღვევის“ კვალიფიკაციის მინიჭება ინდივიდუალური შეფასების საგანია. თუ ერთ შემთხვევაში კონკრეტული ქმედება მძიმედ აისახება დამსაქმებლის ინტერესებზე, მეორე შემთხვევაში იგივე ქმედებას შეიძლება არც ჰქონდეს დისციპლინის ან შინაგანაწესის დარღვევის ნიშანი. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური. ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც მიმართული იქნება არა უკიდურესი დასჯისკენ, არამედ არსებული ვითარების გამოსწორებისკენ, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების ამაღლებისკენ, უბიძგებს დასაქმებულს მეტი წინდახედულობისა და გულისხმიერებისკენ.
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დისციპლინურ წარმოებას- შრომით დავაში მუშაკის მიერ საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას. თუმცა, ამავე დროს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველაზე თანმიმდევრულად და აუცილებელი პროცედურების დაცვით ჩატარებული დისციპლინური წარმოებაც კი ვერ გააკეთილშობილებს დამსაქმებლის გადაწყვეტილებას დასაქმებულის არამართლზომიერად განთავისუფლების შესახებ.
6.3. სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“. (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03)
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება).
სასამართლო, მოსარჩელის განთავისუფლების ბრძანების სამართლებრივი შეფასებისას, პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მასში განთავისუფლების საფუძვლად მითითებულია ირ---–ი ბა------ის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც დამსაქმებლის მოსაზრებით გამოიხატა: 1. დასაქმებულის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში; 2. მაუწყებლის საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერის არამიზნობრივად გამოყენებაში, რითაც შეილახა ტელევიზიის იმიჯი; 3. ირ---–ი ბა------ემ ვერ გაათვითცნობიერა ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე და თავი აარიდა პასუხისმგებლობას.
6.4. ტელევიზიის მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის დებულებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მიმდინარე სამსახურის უფროსის პირდაპირ მოვალეობას არ წარმოადგენს სატელევიზიო პროდუქტის დამზადება, არამედ მისი ფუნქციაა უკვე მზა პროდუქტის მაყურებლისათვის მიწოდება და სატელევიზიო ეთერის ხარისხის უზრუნველყოფა. 2017 წლის 25 თებერვალს, ირ---–ი ბა------ემ სხვა სამსახურის თანამშრომელს დაავალა არტების გადაღება, რაც არ შედიოდა მის უშუალო სამსახურეობრივ მოვალეობაში. ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს აღნიშნული დარღვევის ხარისხი და განსაზღვროს არის თუ არა ეს დისციპლინური გადაცდომა „უხეში დარღვევა“ და გამოყენებულია თუ არა ადეკვატური დისციპლინური ღონისძიება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის დღიდანვე ირ---–ი ბა------ე იკავებდა მაღალ მენეჯერულ პოზიციებს, რაც, სასამართლოს შეფასებით, ტელევიზიის ხელმძღვანელობის მხრიდან გამოწვეული იყო მისი მაღალი პროფესიონალიზმით და საქმისადმი დამოკიდებულებით. ირ---–ი ბა------ე შედიოდა მმართველთა საბჭოში და წარმოადგენდა ტელევიზიის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა უმნიშვნელოვანესი პოსტი მიმდინარე მაუწყებლობა. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე მოსარჩელე განაგებდა ტელევიზიის დიდი ღირებულების მქონე მატერიალურ-ტექნიკურ არჭურვილობას და მისი საქმიანობის პერიოდის მანძილზე რაიმე სახის ქონებრივი დანაკარგი ან დაზიანება არ მომხდარა.
სადავო ბრძანების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლო გვერდს ვერ აუვლის ტელევიზიის საქმიანობის სპეციფიკას, რომელიც ითვალისწინებს ოპერატიული, წინასწარ დაუგეგმავი და ხშირად სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას. ასევე, ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს და მიმდინარე მაუწყებლის დებულებას, რომელიც ითვალისწინებს ხელმძღვანელის მხრიდან, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების შესაძლებლობას.
მოპასუხე განმარტავს, რომ იმ ეტაპისთვის ირ---–ი ბა------ის გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა ნაკარნახევი ობიექტური გარემოებებით ან გადაუდებელი აუცილებლობით, ვინაიდან ტელევიზია არტების ნაკლებობას არ განიცდიდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი, ირ---–ი ბა------ის ქმედება უნდა შეფასდეს ლეგიტიმური მიზნისა და იმ შედეგის მიხედვით, რომელიც მას მოჰყვა. სასამართლოს შეფასებით მიზანი, არტების გადაღების დავალება ანუ სატელევიზიო ეთერისათვის პროდუქციის დამზადების ორგანიზება, ლეგიტიმური მიზანია და მიუხედავად იმისა, შედიოდა თუ არა აღნიშნული ირ---–ი ბა------ის კომპეტენციაში, ქმედება ვერ შეფასდება „უხეშ დაღვევად“, მით უფრო რომ მას არ მოჰყოლია დამსაქმებლი ქონებრივი დანაკლისი ან დაზიანება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედების პრევენცია ისეთი მძიმე დისციპლინური სანქციით, როგორიცაა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა, არაპროპორციული ღონისძიებაა და ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტის მიზნებს.
მოპასუხე უთითებს, რომ ამ დასაქმებულის განთავისუფლების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო მოსარჩელის მაღალი თანამდებობრივი სტატუსით და იმით, რომ მან არ გაათვითცნობიერა დარღვევის ხასიათი და სიმძიმე. სასამართლო განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საზოგადოებრივი მაუწყებლობა არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მართალია, მაუწყებელი არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს, მაგრამ იგი სახელმწიფო მიერ შექმნილი და საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია. სახელმწიფო მიერ დეკლარირებულია შრომის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლების დაცვის და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის მიზანი. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ უფლების დაცვის მაღალი სტანდარტი შენარჩუნებული იქნეს, სწორედ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამსახურებში. ამ თვალსაზრისით, თბილისის სააპელაციო სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (საქმე N2ბ/4238-13 03.12.13) უთითებს, რომ განსხვავებით სამეწარმეო სუბიექტისაგან, არამოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირების მიმართ შრომითსამართლებრივი უფლებების დაცვის სტანდარტები უფრო მაღალია. ასეთ ორგანიზაციებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამსაქმებელმა დიდი ყურადღებით შეამოწმოს ინტერესთა თანაფარდობა, ერთის მხრივ პროფესიონალი და კომპეტენტური კადრების შენარჩუნებასა და მეორეს მხრივ დისციპლინური გადაცდომის შეფასებას შორის და დასაქმებულის განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს სწორედ, Ultima Ratio - ს პრინციპის დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა ქმედების „უხეში დარღვევად“ მიჩნევის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხე ვერ ასაბუთებს ირ---–ი ბა------ის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასია---დან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდების შეუძლებლობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ქმედებას, როდესაც ის დააკვალიფიცირა „უხეშ დარღვევად“. „მოსარჩელეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, დაკისრებული ვალდებულება უხეშად არ დაურღვევია. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელის დათხოვნის შესახებ ბრძანება, სსკ-ის 51-ე მუხლი), სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა, რადგანაც არ იყო შესრულებული ამ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა (სუსგ საქმე N637-637-18 29.08.2018). ამდენად, სადავო ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.5. სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია მაუწყებლის საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტი, რითაც შეილახა ტელევიზიის იმიჯი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ირ---–ი ბა------ეს არავითარი მონაწილეობა 2017 წლის 25 თებერვლის კომერციულ გადაღების ორგანიზებაში არ მიუღია. სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მას რაიმე შეხება ჰქონდა ოპერატორ მინდია მალაყმაძის მიერ პირადი მიზნებისათვის დაგეგმილ გადაღებასთან. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ ირ---–ი ბა------ემ დაავალა მინდია მალაყმაძეს ტელევიზიის კამერით ქორწილის გადაღება ან მას რაიმე ფინანსური დაინტერესება ჰქონდა ამ გადაღების მიმართ. შესაბამისად, ის გარემოება, რომ შესაძლოა ამ ფაქტმა შელახა ტელევიზიის იმიჯი, ვერ დაედება საფუძვლად ირ---–ი ბა------ის დისციპლინირებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მისთვის გაურკვეველია სადავო ბრძანებაში არსებული ჩანაწერი „საქმეზე დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მტკიცებულებებით, უდავოდ დგინდება მაუწყებლის საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების ფაქტი. დასაქმებულს არაერთხელ ეთხოვა წარმოედგინა თავისი პოზიცია ან/და მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს. დასაქმებულის მიერ რაიმე სახის პოზიცია ან/და მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი“.
სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპი, რომლის მიხედვით შრომითსამართლებრივ დავაში მუშაკის უკანონოდ განთავისუფლების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, მოქმედებს დისციპლინურ წარმოებაზეც. შესაბამისად, არა დასაქმებული, არამედ დამსაქმებელია ვალდებული მოიპოვოს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს დასაქმებულის მხრიდან „უხეში დარღვევის“ ფაქტს. ამდენად, მოპასუხის პოზიცია, რომ ირ---–ი ბა------ემ არ წარადგინა დამსაქმებლის პოზიციის გასაქარწყლებლად არავითარი მტკიცებულება, არ ნიშნავს იმას, რომ დამსაქმებელი არ იყო ვალდებული მოეპოვებინა ასეთი მტკიცებულებები და მიეთითებინა სადავო ბრძანებაში. სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საქმის მასალებით ვერ დასტურდება ვერც ტელევიზიის კამერის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტი და ვერც ამ გამოყენებასთან ირ---–ი ბა------ის რაიმე ფაქტობრივი კავშირი. ასეთი სახის მტკიცებულებები არც სადავო ბრძანებაშია მითითებული.
6.6 შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებას თავდაპირველ სამუშაოზე აღადგინოს უკანონოდ განთავისუფლებული მუშაკი. მოცემული პირობა არ არის ალტერნატიული და ამ ვალდებულებას ვერ ჩაენაცვლება ტოლფასი სამუშაოთი ან კომპენსაციით უზრუნველყოფა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ირ---–ი ბა------ის სარჩელი მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე, უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა განაცდურის დაკისრების შესახებ. განაცდური ესაა შემოსავალი, რომელიც დასაქმებულს უნდა მიეღო უკანონოდ განთავისუფლების გამო და მის იგივე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენამდე. სასამართლომ აღადგინა თანამდებობაზე. შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს განთავისუფლებიდან-2017 წლის 23 მარტიდან, სამუშაოზე აღდგენამდე, განაცდურის ანაზღაურება, რომელიც აღნიშნული თანამდებობის მიხედვით შეადგენდა 2300 ლარს.
6.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. მე-19 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. კონსტიტუციის 24-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. 2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.
მოსარჩელე განმარტავს, რომ თავისი საჯარო გამოსვლებით ნა---ა კა-----ემ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი. ამდენად, მოსარჩელე ითხოვს დადგენილი იქნეს, 2017 წლის 28 მარტს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ნა---ა კა-----ის მიერ გაკეთებულ კომენტარში და ასევე, გაზეთ ბათუმელებისათვის ირ---–ი ბა------ის სამსახურიდან დათხოვნის საკითხზე მიცემულ კომენტარში, მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტი, მოპასუხე ნა---ა კა-----ის მიერ. მოპასუხე ნა---ა კა-----ეს დაევალოს უარყოს მის მიერ გაკეთებული ცილისწამებლური განცხადებები; ამ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება გაავრცელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით-გაზეთი ბათუმელების და აჭარის ტელევიზიის მეშვეობით და ნა---ა კა-----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.
პირველ რიგში, სასამართლო განმარტავს, რომ არ ეთანხმება მოპასუხის პოზიციას ნა---ა კა-----ის არასათანადო მოპასუხედ ცნობის და სათადო მოპასუხედ საქმეში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართვასთან დაკავშირებით. ‘სიტყვისა და გამოხატვის თავიოსუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავისას არასათანადო მოპასუხეა პირი, რომელიც არ არის განცხადების ავტორი ან რედაქტორი, ან პირი, რომელმაც ტექნიკურად უზრუნველყო განცხადების გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის აშკარად და პირდაპირ უჭერს მხარს განცხადებას. მოცემულ შემთხვევაში, არც ერთ განცხადებაში ნა---ა კა-----ე არ აფიქსირებს, რომ ეს არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია და ის უბრალოდ ავრცელებს ამ განცხადებას. ინტერვიუებიდან აშკარად ჩანს, რომ ნა---ა კა-----ე საკუთარ პოზიციას გამოხატავს და ის ამ განცხადების ავტორია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში მოპასუხედ სწორად იქნა დასახელებული ნა---ა კა-----ე.
მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სასამართლოს შესაფასებელია მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის თუ არა მოსარჩელის სსკ-ის მე-18 მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვისა თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას, რაც სსკ-ის 18.2. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია, უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა (სუსგ საქმე N790-793 -2017).
პირველ შემთხვევაში, აჭარის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში მოპასუხე მიუთითებს ირ---–ი ბა------ის გამოცდილებაზე, მმართველთა საბჭოს ფორმატზე, ნდობაზე, რომელიც უნდა არსებობდეს მხარეებს შორის, კორპორატიულ კულტურაზე, მატერიალურ ტენიკური ბაზის სწორ განკარგვაზე. ის ახსენებს ქორწილის განმავლობაში გატანილ კამერასაც, თუმცა, პირდაპირ არ უთითებს ირ---–ი ბა------ეზე. თავად ინტერვიუდან მაყურებელს არ დარჩება შთაბეჭდილება, რომ ნა---ა კა-----ე რაიმე ფაქტს აღწერს. მის ინტერვიუში წარმოდგენილია შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი და დამოკიდებულება. ამ თვალსაზრისით ინტერვიუში მოცემულია ნა---ა კა-----ის აზრი და არა რომელიმე ფაქტის აღწერა.
2017 წლის 24 მარტს გაზეთ „ბათუმელებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ნა---ა კა-----ე ამბობს: „ადმინისტრაციული მოკვლევით რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. მაგალითად ის, რომ ირ---–ი ბა------ე არ იყო უფლებამოსილი რომელიმე თანამშრომლისათვის მიეცა კამერის გატანის უფლება. მინდია მალაყმაძე საინფორმაციო სამსახურის ოპერატორია და ის არ უნდა წასულიყო გადასაღებად. გარდა ამისა ქორწილის დღე ოპერატორისათვის არასამუშაო დღე იყო.“ ის გარემოება, რომ ირ---–ი ბა------ემ გაატანა მინდია მალაყმაძეს კამერა დადგენილი ფაქტია, სადავო არც ის გარემოებაა, რომ მინდია მალაყმაძე ახალი ამბების ოპერატორია და მისთვის ქორწილის დღე იყო არასამუშაო დღე.
სასამართლო გამორიცხავს წარმოდგენილ განცხადებებში პატივისა და ღირსების შემლახველ კონტექსტს ან ცილისწამებას. „სიტყვისა და გამოხატვის თავიოსუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ე) პუნქტით ცილისწამება განიმარტება, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ნა---ა კა-----ის არც ერთი ინტერვიუ არ შეიცავს ფაქტის იმდაგვარ აღწერას, რომელიც დაარღვევდა კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით დაცულ უფლებას და გამოიწვევდა სსკ-ის მე-18 მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვისა თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში ჩარევას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი უნდა გადაწყდეს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის გ) და დ) ქვეპუნქტებით სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა, კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული კი დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომლის მიხედვითაც დაშვებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სასამართლომ ბათილად ცნო მოპასუხის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და დაავალა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება განთავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თ) ქვეპუნქტით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავებზე განისაზღვრება 100 ლარით; ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თ) ქვეპუნქტით ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელზე– არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სსიპ „საზ--------------------–----–---------------–--------------------ოს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით არაქონებრივი დავის ნაწილში და 414 ლარი (6 თვის გასაცემი) განაცდურის დაკისრების ნაწილში.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ირ---–ი ბა------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ დირექტორის ბრძანება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსის მიმართ დისციპლინური სანქციის გამოყენების შესახებ;
3. ირ---–ი ბა------ე აღდგენილი იქნეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
4. დაეკისროს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ირ---–ი ბა------ის სასარგებლოდ განაცდური 2017 წლის 23 მარტიდან თანამდებობაზე აღდგენამდე 2300 ლარის ოდენობით;
5. ირ---–ი ბა------ის სარჩელი ნა---ა კა-----ის მიერ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის დადგენის და ნა---ა კა-----ის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი;
7. დაეკისროს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ სახელმწიფო ბაჟის სახით 514 ლარი;
8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს საშუალებით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილისქ 30) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე