გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/224-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი, 2018 წელი ქ.მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე - გ----------------–-–---–ი
წარმომადგენელი - მ-----–-------ე
მოპასუხეები - მ-------------–---–ი, ლ----------------–---–ი
წარმომადგენელი - მ--------------ე
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მ-------------–---–ს (პ/ნ 0----------), ლ----------------–---–სა (პ/ნ 0----------) და გ----------------–-–---–ს (06001001114) შორის 2016 წლის 28 ივნისს დადებული უძრავი ქონების - საცხოვრებელი ბინის ს/კ 7-----------; მის: მცხეთა, წეროვანი, სახლი 1475, ფართი 465 კვ.მ. ნასყიდობის ხელშეკრულება;
1.2 გ----------------–-–---–ი აღიარებული იქნეს უძრავი ქონების, ს/კ 7-----------; მის: მცხეთა, წეროვანი, სახლი 1475, ფართი 465 კვ.მ. მესაკუთრედ.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
გ----------------–-–---–ის განმარტებით, იგი ცხოვრობდა ქ. ახალგორში, გ. ტაბიძის ქ. #17-ში. 1994 წელს ცოლად შეირთო ლ----------------–---–ი, მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. 2000 წელს ლ----------------–---–ი წავიდა საზღვარგარეთ, კერძოდ საბერძნეთში, ხოლო თავად მოსარჩელე წავიდა პორტუგალიაში. 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების დროს ახალგორის ოკუპაციისას მოსარჩელე ისევ საზღვარგარეთ იმყოფებოდა, როდესაც ახალგორის მკვიდრ, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, ახალ დასახლებაში ურიგებდნენ საცხოვრებელ კოტეჯებს. აღნიშნულის შესახებ გ----------------–-–---–ს შეატყობინა ყოფილმა მეუღლემ, ხოლო საცხოვრებელი კოტეჯი აუღო მეუღლის დამ მ-------------–---–მა, კერძოდ გაიცა კ---------–--------------–--------–---–------------------------–-. ამ უკანასკნელს მოსარჩელემ მისცა უფლება, რომ ეცხოვრა აღნიშნულ კოტეჯში მის შვილებთან ერთად, ვიდრე საქართველოში არ დაბრუნდებოდნენ გ----------------–-–---–ი და ლ----------------–---–ი, რადგან მიტოვებულ სახლებს დევნილები ეპატრონებოდნენ. პორტუგალიაში ყოფნისას მას დაუკავშირდა მეუღლე, ლ----------------–---–ი და შესთავაზა, რომ თანხას რასაც გამოიმუშავებდა, მისთვის გაეგზავნა შესანახად; ვინაიდან მეუღლეებს იმჟამად ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, გამოიჩინა ნდობა და გ----------------–-–---–მა ლ----------------–---–ს გაუგზავნა 10 000 დოლარი და 5 000 ევრო. 2015 წელს საქართველოში დაბრუნებული გ----------------–-–---–ი მივიდა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდა მეუღლის და - მ-------------–---–ი თავის მეუღლესთან ერთად, ხოლო კოტეჯში ჩატარებული იყო სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, მისი ნებართვის გარეშე მიშენებული იყო ავტოფარეხი და სამზარეულო. მოსარჩელის განმარტებით, იგი არ შეუშვეს საკუთარ სახლში, რის შემდეგაც დროებით საცხოვრებლად გადავიდა თავის დისშვილთან. რამოდენიმე დღის შემდეგ საბერძნეთიდან ჩამოვიდა გ----------------–-–---–ის მეუღლე ლ----------------–---–ი, რომელმაც შესთავაზა მას კუთვნილი 10000 დოლარისა და 5000 ევროს დაბრუნება, იმ პირობით, თუ გ----------------–-–---–ი ხელწერილით დაადასტურებდა მ-------------–---–ის საკუთრებას სადავო კოტეჯზე. მოსარჩელე დათანხმდა შეთავაზებას, ვინაიდან ირწმუნა მეუღლის, რომელიც დაჰპირდა, რომ როგორც კი მ-------------–---–ის საკუთრებაში გადავიდოდა კოტეჯი, მაშინვე მიიღებდა კუთვნილ თანხას. მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც საცხოვრებელი კ-------------- გადავიდა მ-------------–---–ის საკუთრებაში, ხოლო თანხა, რომლის სანაცვლოდაც გ----------------–-–---–მა ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, არ გადაუციათ;
მოსარჩელის განმარტებით მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მისი ნების საწინააღმდეგოდ, რაც მისივე მითითებით ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და განკარგული ქონების მისთვის უკან დაბრუნების საფუძველია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის რომელიმე სამართლებრივი საფუძველი. ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ორივე მხარის ნამდვილი ნების შესაბამისად, რომლის თანახმად ნასყიდობის ფასი სრულად გადახდილია მყიდველის მიერ, რაც დადასტურებულია ორივე მხარის ხელმოწერით, სანოტარო წესით. დაუსაბუთებელია მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზეა თვალთმაქცური გარიგება, რადგან მოსარჩელე არ უთითებს, თუ რომელი გარიგების დაფარვის მიზნით არის იგი დადებული; ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ მოტყუებას ადგილი არ ჰქონია და თითოეულმა მხარემ ნამდვილი ნება გამოხატა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით; მოტყუების ფაქტს ადგილი რომც ჰქონოდა, სარჩელის შემოტანის დროისთვის გასულია შეცილების კანონით დადგენილი ერთწლიანი ვადა. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. შესაგებელი);
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გ----------------–-–---–სა და ლ----------------–---–ს, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირებს, გადაეცათ საცხოვრებელი კოტეჯი, მდებარე - მ–-------–--------------–---------–---------–-------, ს/კ 7-----------, რომელიც თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა ამ უკანასკნელთა სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 14-15).
3.1.2. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა მ-------------–---–ის სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2016 წლის 28 ივნისს გ----------------–-–---–სა და ლ----------------–---–ს - როგორც გამყიდველსა და მ-------------–---–ს, როგორც მყიდველს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე მცხეთა, წეროვანი, სახლი #1475, 465 კვ.მ მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით საკადასტრო კოდი #7-----------. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასად განისაზღვრა 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს. ფ. 16-19).
3.2.2. მ-------------–---–მა გ----------------–-–---–ს გადაურიცხა 5000 ევრო.
- ამონაწერი ანგარიშიდან;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ 2016 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება გ----------------–-–---–ს არ წარმოუდგენია; მტკიცების ტვირთი კი აწევს იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს თვალთმაქცური გარიგება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)
- 2016 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-17);
სასამართლო განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე, ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. შესაბამისად, იმისათვის, რომ სადავო გარიგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, მიჩნეულ იქნეს მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, სხვა გარიგების თაობაზე ”ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება გარიგების სუბიექტების მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს. ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს პირმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით შეილახა მისი უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად შეფასებისათვის მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს მხარეთა (განსახილველ შემთხვევაში, გამყიდველის) მოტივი. მოტივი გარკვეული ფაქტის მიმართ პირის სუბიექტური დამოკიდებულებაა, რომლის მტკიცებისას და დადგენისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ის ვითარება, რომელშიც იმყოფებოდა გამყიდველი ხელშეკრულების გაფორმების დროს. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, სასამართლომ შეაფასოს მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც აღწერენ და ადასტურებენ წინაპირობებს, რაც წინ უძღოდა სადავო გარიგების დადებას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, ვინაიდან მხარეების ნება მიმართული იყო სწორედ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობისაკენ და მათ სურდათ შესაბამისი შედეგის დადგომა, რომლის მიხედვით გამყიდველებმა ლუიზა დემურიშვიომა და გ----------------–-–---–ომა გაასხვისეს მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მ-------------–---–ზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ სადავო გახადა მოპასუხის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაცემა და მეტიც, მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მოხდა გარიგების დადება მოტყუების გზით, რის შედეგადაც მოპასუხე მხარემ ფაქტიურად უსასყიდლოდ მიიღო უძრავი ქონება, ვინაიდან მოსარჩელეს გადაუხადეს მხოლოდ თავისი გამომუშავებული ფული, რომელსაც საზღვარგარეთ ყოფნისას მეუღლეს უგზავნიდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე მცხეთა, წეროვანი, დევნილთა დასახლება, სახლი #1475 საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ-------------–---–ის სახელზე. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2016 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღესვე, 2016 წლის 28 ივნისს მყიდველმა მ-------------–---–მა სს ,,საქართველოს ბანკი“-ს საშუალებით გ----------------–-–---–ს გადაურიცხა 5.000 ევრო.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მისი ნება არ მოიცავდა სადავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას და აღნიშული განხორციელდა მოპასუხის მხრიდან მოტყუების შედეგად.
სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუება არის ვითარება, როცა ერთი მხარე მეორეს აწვდის არასწორ ინფორამაციას მისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების მნიშვნელოვანი ელემენტების თაობაზე, ან წინასწარ განზრახ დუმს მათ თაობაზე. შესაბამისად, მოტყუებად ითვლება შეცდომის განზრახი, შეგნებული გამოწვევა. მოტყუებას საფუძვლად უდევს პირის შეგნებული მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ნების გამომვლენის შეყვანას შეცდომაში, ანუ პირი ზემოქმედებს ამ უკანასკნელის ნებაზე და აღნიშნული ზემოქმედების შედეგად მიიღწევა მომტყუებლის მიერ ის შედეგები, რომელიც სურდა მას და რომელზეც შეძლო მეორე მხარის დაყოლიება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის მიერ ხელმოწერილია სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა იგი არ გამოხატავს მის ნამდვილ ნებას, რადგან ყოფილი მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარასა და შანტაჟს, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის მიერ საქმის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა; სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო გარემოება, კერძოდ, მოტყუების ფაქტი - წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. ვინაიდან მოტყუების ფაქტი, გარდა მოსარჩელე მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, ვერ იქნა დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოტყუების საფუძლით 2016 წლის 28 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ნასყიდობის ობიექტი, თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ დემურ ჯარმელიშვილსა და ლ----------------–---–ს, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დღესვე მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის კუთვნილი წილი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დასახელებული თანხა იყო თავად გ----------------–-–---–ის გამომუშავებული და მ-------------–---–ს მისთვის დამატებით უნდა გადაეხადა გარკვეული თანხები, აღნიშნული სცილდება მოცემული დავის ფარგლებს, ვინაიდან სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ამგვარ პირობას არ შეიცავს; ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ მოსარჩელის ზოგადი მითითება ვერ განიხილება სარწმუნო მტკიცებულებად მოპასუხის მიერ გარიგების მოტყუებით დადების შეთავაზებასა და დადებაში მოსარჩელის საზიანოდ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა გ----------------–-–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 327-ე, 477-ე, 51-88-ე, 183-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე, 134-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შცვლის ან შეწყვეტისაკენ;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია, გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური) გარიგება. ამდენად, თვალთმაქცურია გარიგება, როდესაც გარიგება იდება მოსაჩვენებლად, იმ მიზნით, რომ მისით სხვა გარიგება დაიფაროს. როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგების უკან ჩვეულებრივ სხვა გარიგება იმალება, რომლის მიღწევაც გარიგების მონაწილეებს აქვთ განზრახული.
6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი, მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური, მეორე რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია, თუმცა ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია, მხარეთა რელური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში მხარეები ვერ ერკვევიან რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურდათ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თავლთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ. (სუსგ №ას-976-908-2017, 22.01.2018, # ას 871-821-2015, 05.02.2016წ;).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით, ვერ დაასაბუთა ნასყიდობის თვალთმაქცური ხასიათი. სადავო გარიგების ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ თვალთმაქცურად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომლებმაც განაპირობეს თვალთმაქცური გარიგების დადება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. აღნიშნული ნორმით არასწორად ინფორმირებული მხარისათვის რეალურად არსებული გარემოება ცნობილი უნდა გახდეს გარიგების დადების შემდეგ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. ხელშეკრულებაზე ნებაყოფლობით ხელის მოწერით მხარე გამოთქვამს რა თანხმობას სახელშეკრულებო პირობებზე, ივარაუდება, რომ ხელშეკრულების პირობები მისთვის ცნობილია.
სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი აღიარებითი სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია იმ შემთხვევაში, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით, გარიგების ბათილობა ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუების დროს სახეზეა ნების ნაკლის გამოვლენა, კერძოდ, რომ არა მოტყუების ფაქტი, ისე გარიგება არ დაიდებოდა. შეცილების შემდეგ სასამართლოში დავისას მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებდნენ მოტყუების ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოტყუების ფაქტი, რადგან გარიგებაზე ხელმოწერა ადასტურებს გარიგების შინაარსის ცოდნას და დადასტურებას ნამდვილი ნების შესაბამისად. ამასთან, უდავოა, რომ მოსარჩელე ქმედუნარიანი იყო გარიგების დადებისას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება, თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე. მითითებული ნორმის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება-მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. თავის მხრივ, დადგენილია მყიდველის მოვალეობა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს.
ნასყიდობის ხელშეკრულების არსი მდგომარეობს იმაში, რომ გამყიდველმა მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლისა. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მხარეები ავლენენ, ერთის მხრივ, ნივთის გაყიდვის, მეორეს მხრივ - შეძენის ნებას და ამგვარი ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რამდენადაც გამყიდველმა მყიდველისათვის ნივთის გადაცემის სანაცვლოდ უნდა მიიღოს ამ უკანასკნელისაგან მიღებული საქონლის ფასის გადახდის სახით შემხვედრი დაკმაყოფილება. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულება სინალაგმატური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამყიდველის მიერ თავისი ვალდებულების - ნივთის გადაცემის შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება შემხვედრი ვალდებულება - ნაყიდი ნივთის ფასის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან, საამისოდ გათვალისწინებული წესით. ნასყიდობის ხელშეკრულებასთან მიმართებით არსებითად ჩაითვლება მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანსა და ფასზე. არსებითი პირობები აუცილებელი და საკმარისია ხელშეკრულების დასადებად, ხოლო თუ მხარეები ყველა არსებით პირობაზე ვერ შეთანხმდნენ, ხელშეკრულება დადებულად ვერ ჩაითვლება.
ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
6.6. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018). შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილებაში იმსჯელოს განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან არსებითად გამოკვეთილ საფუძვლებზე. კერძოდ, აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესსა და მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე.
6.7. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე გ----------------–-–---–ი მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 28 ივნისს გ----------------–-–---–ს, ლ----------------–---–სა და მ-------------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავ ქონებაზე აღდგეს გ----------------–-–---–ის კანონიერი უფლებამოსილება.
ხელშეკრულების ბათილობა თავისი სამართლებრივი ბუნებით აღიარებით სარჩელს წარმოადგენს. შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელია იურიდიული ინტერესის არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის სამართლებრივ საშუალებად აღიარებით სარჩელს ითვალისწინებს. თუმცა, ამ სახის მოთხოვნა, ყოველთვის შეზღუდულია იურიდიული ინტერესით ანუ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიეტურად მიღწევადი უნდა იყოს. ამდენად, მნიშვნელოვანია იმ სამართლებრივი შედეგების განსაზღვრა, რომელსაც კანონის თანახმად იწვევს ხელშეკრულების ბათილობა. ზოგადი პრინციპის თანახმად, ხელშეკრულების ბათილობა იწვევს შესრულების რესტიტუციას, ანუ ამ ხელშეკრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების ანულირებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის იურიდიულ ინტერესს, მიზანს წარმოადგენდს ხელშეკრულებების ბათილობის გზით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა. წარმოდგენილ შემთხვევაში ვინაიდან არ არსებობს უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების იურიდიული ინტერესის განხორციელების შესაძლებლობა, შესაბამისად, არ არსებობს 2016 წლის 28 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნათა მიმართ მხარის მიღწევადი იურიდიული ინტერესი და შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მხარეს უნდა ეთქვას უარი.
6.8. მოპასუხის მიერ დაფიქსირებული პოზიციიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზეც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნონ ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე. მოთხოვნის საერთო ვადის დადგენა კი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის უფლების მიმნიჭებელი გარემოებების შესახებ ცოდნის (ან უხეში გაუფრთხილებლობით - არცოდნის) სუბიექტური კრიტერიუმი არ იწვევდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ფაქტობრივ ხანდაზმულობაუნარიანობას.
სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ;
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით, რომელიც მიუთითებს, რომ წინამდებარე ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული ხელშეკრულების ბათილობითვის, მოსარჩელეს შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა მოტყუების ფაქტის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი არ აქვს ნასყიდობის ხელშეკრულების მოტყუებით დადებას, ვინაიდან ხელშეკრულებაში ნათლადაა აღწერილი ორივე მხარის მიერ გამოვლენილი ნება, იგი ხელმოწერილია მონაწილე მხარეების მიერ და ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის კუთვნილი წილი გადარიცხულია გ----------------–-–---–ის სახელზე; შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურება. მხოლოდ ახსნა-განმარტება და ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მითითება კი არ არის საკმარისი მტკიცებულება სადავო ფაქტების დასადასტურებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელით, მასზე დართული მტკიცებულებებით, ასევე ახსნა-განმარტებისას ვერ დაადასტურა და ვერ მიუთითა, რომ სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების გაფორმებისას ადგილი ჰქონდა ამ ხელშეკრულების მონაწილეთა მხრიდან ნების გამოვლენის ნაკლს, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შესახებ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მეორე სასარჩელო მოთხოვნა, გ----------------–-–---–ის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ----------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა