გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2018
საქმის ნომერი
330210118002485644
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/16976-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - სს „თ----------ი“

წარმომადგენელი - კ---------------–---–ი

მოპასუხე - ნ--------------–---ე, გ----------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სს „თ----------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს ნ--------------–---ეს და გ----------–--ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2016 წლის 04 აგვისტოს #1794075-8471106 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 10 060.41 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 8 017.26 ლარი, პროცენტი - 1 479.90 ლარი, პირგასამტეხლო - 547.88 ლარი და დაზღვევის პრემია - 15.37 ლარი;

 

1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს ნ--------------–---ეს და გ----------–--ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2018 წლის 05 ივნისიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) 2016 წლის 04 აგვისტოს #1794075-8471106 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 8 017.26 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში წლიური 25% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 164.76 ლარს;

 

1.3. დაეკისროთ მოპასუხეებს ნ--------------–---ეს და გ----------–--ეს 2018 წლის 05 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 180 დღის განმავლობაში სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დავალიანებულ ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე - 9 497.16 ლარზე პირგასამტეხლოს, დღეში 0.1%-ის - 9.50 ლარის (სულ ჯამში 1 709.64 ლარის) გადახდა.

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 15 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2014 წლის 05 დეკემბერს სს ,,ბანკ კონსტანტა’’-ს და ნ--------------–---ეს შორის დაიდო #30-30947-000007 გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად არაუმეტეს 48%-ის და პირგასამტეხლოს - 0.5%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხვით.

 

#30-30947-000007 გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 04 აგვისტოს სს ,,თ----------ს’’ და ნ--------------–---ეს შორის გაფორმდა #1794075-8471106 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 36 თვის ვადით მსესხებელზე გაიცა სესხი 12 500 ლარის ოდენობით, სარგებლის წლიურად 25%-ის გადახდევინებით და 0.5% პირგასამტეხლოს დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2016 წლის 04 აგვისტოს #1231231097439 თავდებობის ხელშეკრულებით გ----------–--ემ მსესხებელთან ერთად, მთელი მოცულობით იკისრა 2016 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის 16 250 ლარის ფარგლებში.

 

#30-30947-000007 გენერალური ხელშეკრულების 7.1-7.5 მუხლების, 2016 წლის 04 #1794075-8471106 საკრედიტო ხელშეკრულების და გადახდის გრაფიკის თანახმად, მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი. მიუხედავად ბანკის მხრიდან არაერთგზის გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნებისა, მოპასუხეები არ ასრულებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევებში და თანხაზე დარიცხული პროცენტის გადაუხდელობაში.

 

სესხზე გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები ხორციელდებოდა 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით. ამის შემდგომ შესრულდა მოპასუხის მიერ ორი არასრული გადახდა და ბოლოს განხორციელდა 2018 წლის 26 თებერვალს, რის გამოც ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა.

 

მოპასუხეებს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილები ფოსტის საშუალებით, რომლის მოთხოვნებიც ასევე არ იქნა შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე, 2018 წლის 05 ივნისს ვალამდე შეწყდა ხელშეკრულება.

 

მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 10 660.40 ლარს, საიდანაც 8 617.26 ლარი არის ძირი თანხა, 1 479.90 ლარი არის პროცენტი, 547.88 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო, ხოლო 15.37 ლარი არის დაზღვევის პრემია.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეთა პოზიცია სს ,,თ----------ი’’-ს სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხეებმა ნ--------------–---ემ და გ----------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის 8 017.26 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხეებმა სადავო გახადეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობა და მათი გონივრულობა.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 05 დეკემბერს სს ,,ბანკი კონსტანტა’’-ს და ნ--------------–---ეს შორის დაიდო #30-30947-000007 გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სს ,,ბანკი კონსტანტამ’’ მოპასუხეს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად არაუმეტეს 48%-ის და პირგასამტეხლოს - 0.5%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხვის პირობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. #30-30947-000007 გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 04 აგვისტოს სს ,,თ----------ს’’ და ნ--------------–---ეს შორის გაფორმდა #1794075-8471106 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12 500 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე. ხელშეკრულების თანახმად კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად.

 

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარის ოდენობით გრაფიკის ყოველი დარღვევისა და გადაცილიებული 1 დღის შემდეგ, დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

ხელშეკრულების დამატებითი პირობების თანახმად, განისაზღვრა კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში სიცოცხლის დაზღვევის თაობაზე მსესხებლის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ.26-29);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.30-31);

- კრედიტის საპროცენტო განაკვეთი (ს.ფ. 32-34);

- დანართი N1 (ს.ფ. 35-38)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.39-40).

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. სს ,,თ----------ს’’ და ნ--------------–---ეს შორის 2016 წლის 04 აგვისტოს #1794075-8471106 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ამავე თარიღში სს ,,თ----------სა’’ და გ----------–--ეს შორის დაიდო თავდებობის შესახებ ხელშეკრულება #1231231097439, რომლითაც თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 16 250 ლარით.

 

ხელშეკრულების 1.4 პუნქტის თანახმად, თავდებობით უზრუნველყოფილია ძირითადი ხელშეკრულების რომელიმე ან/და რამდენიმე მათგანის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის დამატებითი ხელშეკრულებ(ებ)ის) და ამ თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 44-45);

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. მოპასუხე ნ--------------–---ის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები ხორციელდებოდა 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით. ამის შემდგომ მის მიერ განხორციელდა ორი არასრული გადახდა. მსესხებლის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2016 წლის 26 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.46);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2018 წლის 05 ივნისის მდგომარეობით, 2016 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან #1794075-8471106 გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება სს ,,თ----------ის’’ წინაშე შეადგენს 10 660.41 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 8 617.26 ლარი, პროცენტი - 1 479.90 ლარი, პირგასამტეხლო - 547.88 ლარი და დაზღვევის პრემია - 15.37 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 47);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. მოსარჩელის მიერ მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინებები არსებული დავალიანების შესახებ და განესაზღვრათ დამატებით 14 დღიანი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის თაობაზე. მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 05 ივნისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 48-54);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. სარჩელის წარმოდგენის შემდეგ მოპასუხე ნ--------------–---ის მიერ სს ,,თ----------ი’’-ს სასარგებლოდ გადახდილია 600 ლარი, რითიც მოსარჩელის მიერ შემცირდა ძირი თანხის ოდენობა და იგი განისაზღვრა 8 017.26 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. 2015 წლის 20 იანვრის რეორგანიზაციის შედეგად სს ,,ბანკი კონსტანტა’’ შეერწყა სს ,,თ----------ს’’, რის შედეგადაც სს ,,თ----------ი’’ წარმოადგენს სს ,,ბანკი კონსტანტა’’-ს უფლებამონაცვლეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.59-60);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.9. მოპასუხეებმა ნ--------------–---ემ და გ----------–--ემ სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 04 აგვისტოს საბანკო კრედიტის #1794075-8471106 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 8 017.26 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ სს „თ----------ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 3617-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 400-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე , 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ნ--------------–---ემ და გ----------–--ემ სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 04 აგვისტოს საბანკო კრედიტის #1794075-8471106 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 8 017.26 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია როგორც მსესხებლის, ასევე თავდების მიმართ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 04 აგვისტოს #1794075-8471106 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12 500 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით. ამასთანავე, დადგენილია, რომ ხელშეკრულების დამატებითი პირობების თანახმად, განისაზღვრა კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში სიცოცხლის დაზღვევის თაობაზე მსესხებლის ვალდებულება.

 

ასევე დადგენილია, მოპასუხე ნ--------------–---ის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის #1794075-8471106 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება და მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილია 2018 წლის 05 ივნისიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 04 აგვისტოს #1794075-8471106 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის - 1 479.90 ლარის და დაზღვევის პრემიის - 15.37 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც მსესხებლის, ასევე თავდების მიმართ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 04 აგვისტოს #1794075-8471106 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარის ოდენობით გრაფიკის ყოველი დარღვევისა და გადაცილიებული 1 დღის შემდეგ, დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს - 547.88 ლარის გადახდას. მოპასუხეებმა კი სადავო გახადეს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების #1794075-8471106 დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 547.88 ლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი საფუძველი, იგი ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს.

 

6.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 04 აგვისტოს #1794075-8471106 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით. 2018 წლის 05 ივნისის მდგომარეობით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე ნ--------------–---ის დავალიანება პროცენტის ნაწილში განისაზღვრება - 1 479.90 ლარით. კრედიტორმა წარმოდგენილი სარჩელით ასევე მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, კერძოდ, აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთათვის სოლიდარულად 2018 წლის 05 ივნისიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) დავალიანების ძირ თანხაზე 8 017.26 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში წლიური 25% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 164.76 ლარს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს და განსაზღვრავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი. შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ იქნებოდა მოსარჩელისათვის სავარაუდო, რომ მის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბანკის მიერ აუცილებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით (25%) მოხდებოდა მისი ისევ სესხად გაცემა. მით უფრო, უდავოა, რომ ბანკი კრედიტს გასცემს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთებით და არა ყოველთვის აუცილებლად ამ კონკრეტული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ მიიჩნია, მოსარჩელის დასაბუთება მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით და მიაჩნია რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს - 2018 წლის 05 ივნისიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) დავალიანების ძირ თანხაზე 8 017.26 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში წლიური 8% სარგებლის გადახდა.

 

6.5. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას არა მხოლოდ დაანგარიშებული დავალიანების ფარგლებში, არამედ სამომავლოდაც. კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროთ მოპასუხეებს ნ--------------–---ეს და გ----------–--ეს 2018 წლის 05 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 180 დღის განმავლობაში სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დავალიანებულ ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე - 9 497.16 ლარზე პირგასამტეხლოს, დღეში 0.1%-ის - 9.50 ლარის, სულ ჯამში 1 709.64 ლარის, გადახდა.

 

სასამართლო იზიარებს პირგასამტეხლოს თაობაზე უკვე აღნიშნულს და დამატებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის’’ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მოვალეთათვის დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად, მომავალ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვაც. მით უფრო, როცა მოსარჩელე ასვე ითხოვს მიუღებელ შემოსავალსაც ყოველთვიური პროცენტის სახით და აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ეს უკანაკნელი ნორმა ადგენს ზღვარს დავის საგნის ღირებულების 4% -მდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 438.04 ლარი და ასევე უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ვინაიდან მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები ჯამში შეამცირა 853.24 (თავიდან მოთხოვნათა ჯამი შეადგენდა 14 601.41 ლარს, შემცირებული მოთხოვნების ჯამია 13 748.17 ლარი) ლარით, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25.6 ლარი. გარდა ამისა, ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირითადი თანხის ნაწილში, მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 240.51 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს ჯამში უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 266.11 ლარი.

 

დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 80.56 ლარის და მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა. ხოლო სარჩელზე უარის თქმის 3 045.48 ლარის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (3 045.48 ლარის 3%) 91.32 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ----------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს ნ--------------–---ეს და გ----------–--ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2016 წლის 04 #1794075-8471106 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 10 060.41 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 8 017.26 ლარი, პროცენტი - 1 479.90 ლარი, პირგასამტეხლო - 547.88 ლარი და დაზღვევის პრემია - 15.37 ლარი;

 

1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს ნ--------------–---ეს და გ----------–--ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2018 წლის 05 ივნისიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) 2016 წლის 04 აგვისტოს #1794075-8471106 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 8 017.26 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, წლიური 8% სარგებლის გადახდა;

 

1.3. სს ,,თ----------ი’’-ს მოთხოვნა მოპასუხე ნ--------------–---ისთვის და გ----------–--ისთვის 2018 წლის 05 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 180 დღის განმავლობაში სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დავალიანებულ ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე - 9 497.16 ლარზე პირგასამტეხლოს, დღეში 0.1%-ის - 9.50 ლარის (სულ ჯამში 1 709.64 ლარის) გადახდის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

 

3. დაეკისროთ მოპასუხეებს ნ--------------–---ეს და გ----------–--ეს სს ,,თ----------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად მოსარჩელის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120.63 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;

 

4. მოსარჩელე სს ,,თ----------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თ----------ი’’ - ში 06.06.2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 438.04 ლარიდან 266.11 ლარი (საგადახდო დავალება #6);

 

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 51.28 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია