გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/10543-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს ''--–---'';
წარმომადგენლები: კ------–-------ი, გ-----–-----–--–---–ი, პ-------–---–----ე;
მოპასუხე - ააიპ ''ქ. თ---–---------------–--------------'';
წარმომადგენლები: მ----------------–----, გი----------------–-–---–ი;
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (მოპასუხის მხარეს) - ააიპ თ---–----------–------------------------------------ო;
წარმომადგენლები: ეთ-------------–---–ი, პ------------ა;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე ააიპ - ქ. თ---–---------------–--------------ს მოსარჩელე შპს ''--–---ს'' სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 16727.95 ლარის და პირგასამტეხლოს 1440 ლარის გადახდა.
1.2. დაეკისროს მოპასუხე ააიპ - ქ. თ---–---------------–--------------ს მოსარჩელე შპს ''--–---''-ს სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხის 2343 ლარის გადახდა.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მხარეებს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებულ იქნა ხელშეკრულება 305 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ''თბ--–----------–---------------------------------ს'' მიერ გამოცხადებული პროცედურა, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 305 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა 2017 წლის დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების დადასტურებასა და მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის თანხის გადახდის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ააიპ ''ქ. თბ--–----------------–-------------მა'' წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მომწოდებლის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით ვალდებულება სრულდებოდა არასათანადო ხარისხის მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მომწოდებლის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად არ წარმოშობილა შპს ''ე-–--------ის'' მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა, რის გამოც მოპასუხის მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის დეკემბრის თვის კვების მომსახურებაზე შპს ''ე-–--თან'' მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფინანსური ანგარიშსწორება.
სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა 2017 წლის 9 ნოემბრის დასკვნა და 2017 წლის 10 ნოემბრის N 1------------- წერილით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. აღნიშნული გარემოება საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოში გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის 0----------- საქმეზე.
მოპასუხის მითითებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულება, არ დამდგარა მიღება-ჩაბარების გაფორმების პირობა და გადახდის ვალდებულება, ეს გარემოება გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრებას.
მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა უარყო საბანკო გარანტიის დაკისრების ნაწილშიც და დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამორიცხავს საბანკო გარანტიის დაბრუნების ვალდებულებას.
2.2. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (მოპასუხის მხარეს) - არ ცნობს სარჩელს და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ''თ---–----------–------------------------------------ოს'' მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GE---------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ''ქ. თ---–---------------–--------------ს'' და შპს ''ე-–--ს'' შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანია 305 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს - 76814.25 ლარს.
ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 669 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ''ქ. თ---–---------------–--------------'' და ააიპ ''თ---–----------–------------------------------------ოს'' შესაბამისი სამსახურები.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ - 2343 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება ( ს.ფ. 19-24);
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (ს.ფ. 25-34);
3.1.2. 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ''--–---ს'' მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%.
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (ს.ფ 25-34);
3.1.3. 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს ''--–---ს'' მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად: თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს; შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (ს.ფ 25-34);
3.1.4. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ''ბ----------ის'' საბანკო გარანტია NB-----------, სადაც პრინციპალია შპს ''--–---'', ბენეფიციარი - ააიპ ''ქ. თ---–---------------–--------------'', ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს - 2343 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო გარანტია (ს.ფ.39);
3.1.5. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ''--–---ს'' მიერ ააიპ ''ქ. თ---–---------------–--------------სთვის'' 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 16727.95 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს. ფ.40);
3.1.6. ააიპ ''ქ. თ---–---------------–--------------ს'' ადმინისტრაციამ უარი განაცხადა შპს ''ე-–--თან'' ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შედარების აქტი (ს.ფ 41)
- მიმართვები (ს.ფ 43-44)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში შპს ''--–---ს'' მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ს---------------------–----------ოს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - ს---------------------–----------ოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N0------- თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ''იმერული'' არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიმართვა N0------- (ს.ფ 52-53).
3.1.8. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - ს---------------------–----------ოს 2017 წლის 19 დეკემბრის N0------- მიმართვიდან ასევე ირკვევა, რომ წარმოდგენილი სურსათი ''კარაქის'' ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიმართვა N0------- (ს.ფ 54-56).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო დადგენილ სადავო ფაქტებზე მსჯელობისას უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის ფარგლებში სასამართლო მსჯელობის საგანი არ არის მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხარისხის ან უხარისხობის დადგენა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უხარისხო პროდუქტის ცნების ჭრილში, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული დავა არ წარმოადგენს უხარისხო პროდუქტის მოხმარებიდან გამომდინარე დავას.
არსებული დავა ემყარება სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის საფუძველს. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანია იმის დადგენა, განხორციელდა თუ არა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არც ადასტურებს და არც უარყოფს სადავოდ გამხდარი მიწოდებული საკვები პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხარისხიანობას ან მათი, როგორც საკვები პროდუქტის უხარისხობას იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავოდ გამხდარი პროდუქტების ვარგისიანობის კუთხით ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, მათი მახასიათებლები შესწავლილია მხოლოდ ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში. ამასთან, უშუალოდ პროდუქტის, როგორც საკვების მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნებიდან და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლიდან გამომდინარე არ ყოფილა სასამართლოს კვლევის საგანი.
3.2.1. შპს ''--–---ს'' მიერ მოპასუხედ დასახელებულ ააიპ ''ქ. თ---–---------------–-------------თან'' 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ''იმერული'', სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან, ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ს---------------------–----------ოს 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვის N0------- თანახმად დგინდება, რომ შპს ''--–---ს'' მიერ მოპასუხე ააიპ - ქ. თ---–---------------–--------------სთვის მიწოდებული სურსათი ''იმერული'' არ შეესაბამება ხელშეკრულებით სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.
ფაქტის დადგენის მიზნით საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად სასამართლო უპირველესად ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებაზე, რომლის თანახმადაც, იგი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ''იმერული'' სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებებით დადგენილ ყველის პროდუქტის მახასიათებლებს, რამდენადაც დამზადებული იყო აღდგენილი რძისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე.
შესაბამისად, სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული პოზიციიდან გამომდინარე, დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ''--–---ს'' მიერ მოპასუხედ დასახელებულ ააიპ - ქ. თ---–---------------–-------------თან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ''იმერული'' სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან, ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ამასთან, მიწოდებული პროდუქტის შესაბამისობა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტთან შედარებით გამოკვლეულია არა უშუალოდ სურსათის ნიშან-თვისებებით, არამედ ეტიკეტზე არსებული ინფორმაციით.
3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ''--–---ს'' მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის მიწოდებული სურსათი - ''კარაქი'' დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ''მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს'' -''affirmanti, non legati, incumbit probatio''.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, როგორც შესრულება, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი, როგორც წესი, მას ეკისრება, იმ შემთხვევაში თუ ის აყენებს შესრულების გამო შესაბამის მოთხოვნას. სამომხმარებლო ურთიერთობაში მტკიცების მიზნებისათვის უნდა ჩაითვალოს, რომ ნივთი რისკის გადაცემის მომენტში არსებობდა, თუ ნაკლის სპეციფიკა საპირისპიროს ვარაუდის საფუძველს არ ქმნის.
საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შპს ''--–---ს'' მიერ შესატანი კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - ს---------------------–----------ოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - ს---------------------–----------ოს 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვის N0------- თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი ,,კარაქი’’-ს ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ამავე წერილში მითითებულია, რომ ''მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0,5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N441 დადგენილების ''სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ'' დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ხილა, ნახშირწყლები.''
შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ შესწავლილია არა უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები და მათგან გამომდინარე დარღვევა, არამედ დასკვნები ასახავს პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევას. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. აღნიშნულთან მიმართებით მიწოდებული პროდუქტის ნიშან-თვისებების შესწავლის ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დასკვნების, როგორც წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ''--–---ს'' მიერ მოპასუხედ დასახელებულ ააიპ - ქ. თ---–---------------–-------------თან’ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული სურსათი - ''კარაქი'' დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 477-ე, 487-ე, 417-ე-420-ე, 879-ე-881-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურების გაწევა, ამ მიზნით კი მათთვის საკვები პროდუქტების მიწოდება.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არ ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ნივთის (ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის) დაუყოვნებლივ შემოწმებას (იგულისხმება მისი ხარისხისა და მოხმარებისთვის აუცილებელი თვისებები (მახასიათებლები)). მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების - კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე. მხართა ახსნა-განმარტებების თანახმად უდავოა შპს ''--–---ს'' მიერ აღნიშნული პროდუქტების მიწოდების და მოპასუხის მიერ მათი მიღების და მოხმარების ფაქტი. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მიწოდებული პროდუქტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შეუსაბამობის ფაქტს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ე-–--ს’’ და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ''--–---ს'' მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად:
- თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;
- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ''--–---ს'' მიერ მოპასუხე ააიპ ''ქ. თ---–---------------–-------------თან'' 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ''იმერული'', სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებულის რძისა და ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტაციის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის ,,ჰ 37’’ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მოწოდებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.
საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ შპს ''--–---ს'' მიერ მიწოდებული პროდუქტი ''იმერული'' არ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული რეგლამენტაციით პროდუქტ ყველისათვის აუცილებელ სავალდებულო და ამასთანავე, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს. შესაბამისად, შპს ''--–---ს'' მიერ მისაწოდებელი პროდუქტის - ყველის ნაწილში ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად.
სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევა, როგორც ასეთი, ფართო ცნებაა, თუმცა, იგი ყოველთვის ხელშეკრულების მიზნიდან, დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
მიუხედავად ამ ნაწილში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა, რასაც უპირველესად აღიარებს მოსარჩელე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას მასზედ, რომ აღნიშნული მახასიათებელი უშუალოდ პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიმღებ ბაგა-ბაღს არც მიღებისას, არც პროდუქტის მოხმარებამდე მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდია მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა და მის მიერვე აპელირებული მიღებული პროდუქტის მომხმარებელი სპეციფიური სეგმენტისა.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, შპს ''ე-–--------ის'' ყველის მიმწოდებლის შპს ''----------–--''-ის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომლითაც დადგენილია მიწოდებული პროდუქტის ყველა მახასიათებლის არ არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით, აღნიშნული არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეს ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
მოპასუხის მხრიდან სადავოდ არის გამხდარი ასევე მიწოდებული პროდუქტის - კარაქის მახასიათებლების შეუსაბამოობა ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან მიმართებით. თუმცა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ შპს ''--–---ს'' მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მხარისათვის მიწოდებული სურსათი - ''კარაქი'' დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან, ვინაიდან შესწავლილია მხოლოდ მისი სათანადო ეტიკეტირების დარღვევა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს ''--–---სთვის'' მის მიერ მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებებით თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემსყიდველის მიერ თანხის გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა. კერძოდ, ხელშეკრულებების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულებების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხე ააიპ - ქ. თ---–---------------–--------------ს მიერ არ მომხდარა შპს ''ე-–--------ის'' მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ამასთანავე, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხე ააიპ - ქ. თ---–---------------–-------------ს ასევე უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო მოთხოვნილი ოდენობით, ამასთანავე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
6.4. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - ოდენობით. ასევე დადგენილია, ის გარემოება, რომ შპს ''--–---ს'' მიერ ვალდებულების უზრუნველყოფისათვის კონკრეტულ შემთხვევაში სს ''ბ----------ის'' მიერ გაცემულია საბანკო გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად, კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.
საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია შპს ''--–---ს'' მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია თავისი მიზნიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან არ მიჯნავს ვალდებულების არსებით თუ არაარსებით დარღვევას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე. განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის ფაქტი, რომ თავად მოსარჩელევე აღიარებს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამორიცხავს მოპასუხისათვის გამოყენებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. სასამართლო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, შპს ''--–---ს'' სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 545 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ''--–---ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. მოპასუხე ააიპ ''ქ. თ---–---------------–--------------ს'' მოსარჩელე შპს ''--–---ს'' სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 16 727.95 ლარის და პირგასამტეხლოს - 1 440 ლარის გადახდა.
3. შპს ''--–---ს'' სარჩელი ააიპ ''ქ. თ---–---------------–--------------ს'' მიმართ საბანკო გარანტიის თანხის - 2343 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე ააიპ ''ქ. თ---–---------------–--------------ს'' შპს ''--–---ს'' სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 545 ლარის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი