განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის და თეონა აბულაძის მდივნობით,ბრალმდებლის - ნ---------------–-–---–ის,ბრალდებულების - მ-----–------------ის და თ---------------–---–ის,ადვოკატების - ვ-----------–----ის და ს------------------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე მ-----–-------–-----------------ის (პ/ნ 0----------) - დაბადებულის 1----–-–------------------ს, ქ. თბილისში, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ-------–---------------------------–------------; ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–--------------–------------–-------------------------------–-----ში, ამჟამად პატიმრის - მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ და ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;
თ----------------------------–---–ის (პ/ნ 0----------) - დაბადებულის 1----–-–--------------------------–--–ი, მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, წ---–-----ის ქუჩა #--- ამჟამად პატიმრის - მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მ-----–------------ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე მ-----–------------მა თ---------------–---–თან ერთად უკანონოდ შეაღწია ლ-------------ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თ---–-------------------------------------------- და ჯგუფურად, ქარხნული წესით დამზადებული, 4,5 მმ კალიბრის ,,MAKAROV”-ის მოდელის პნევმატური პისტოლეტის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლა ლ-------------ის კუთვნილ ფულად თანხას 10 816,6 ლარის ოდენობით და ს--–-----------ის კუთვნილ ,,იოჯი იამა მოტოს“ ფირმის მზის სათვალეს და ნაჭრის ტომარას მასში არსებული სამაჯურით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ზემოაღნიშნულმა პირებმა ლ-------------ესა და ს--–-----------ეს მიაყენეს 10 867,1 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ-----–------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ და ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
თ---------------–---–ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენით თ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით და 19, 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით საბოლოოდ განესაზღვრა 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულის შემდეგ თ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 2001 წლის 2 ივლისს სსკ 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეორე პუნქტებით და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 მარტის განჩინებით თ---------------–---–ზე გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 2006 წლის 9 აგვისტოდან. თ---------------–---–ი სასჯელაღსრულების შესაბამისი დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 8 აგვისტოს.
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევმა თ---------------–---–მა 2017 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე მ-----–------------თან ერთად უკანონოდ შეაღწია ლ-------------ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თ---–-------------------------------------------- და ჯგუფურად, ქარხნული წესით დამზადებული 4,5 მმ კალიბრის ,,MAKAROV”-ის მოდელის პნევმატური პისტოლეტის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლა ლ-------------ის კუთვნილ ფულად თანხას 10 816,6 ლარის ოდენობით და ს--–-----------ის კუთვნილ ,,იოჯი იამა მოტოს“ ფირმის მზის სათვალეს და ნაჭრის ტომარას მასში არსებული სამაჯურით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ზემოაღნიშნულმა პირებმა ლ-------------ესა და ს--–-----------ეს მიაყენეს 10 867,1 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ თ---------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია ბრალდების მტკიცებულებათა ნაწილი და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში მ-----–------------ისა და თ---------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, კერძოდ:
დაზარალებულმა ლ-------------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს, 16:00 საათის შემდეგ მთელ დღეს იმყოფებოდა სახლში. იგი ცხოვრობს ქ-------–--–----------------------------------------ში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, რომელთაგან უფროსს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. დაახლოებით ღამის 01:00 საათისთვის ლ-----------მ ოჯახის წევრებთან ერთად დაიძინა. 28 დეკემბერს, გამთენიისას, დილის 4:30-5:00 საათისთვის გააღვიძა ხმაურმა. მოწმე როგორც იხსენებს, მან ამ დროს გაიგონა სიტყვა „სტავაი“. გაღვიძებისას ორი შეიარაღებული, მისთვის უცნობი ადამიანი თვალებზე ფარანს ანათებდა. მოწმის განმარტებით, ხსენებული პირები იყვნენ სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფი მ-----–------------ი და თ---------------–---–ი, რომლებიც მან გამოძიების ეტაპზეც ამოიცნო. თავდასხმისას მოწმე ვერ გაერკვა თუ რა ხდებოდა, იგი წამოდგა და იმ ორ ადამიანს ჰკითხა, რისთვის იყვნენ მის სახლში მისულები. თავდამსხმელების ხმა ოჯახის სხვა წევრებს არ გაუგონიათ, რადგან დაზარალებულმა მათ სთხოვა ჩუმად ელაპარაკათ, რადგან სახლში მყოფებს არ გაღვიძებოდათ. თავდამსხმელები მოწმეს და მის მეუღლეს ემუქრებოდნენ სროლით და მოკვლით. ხ-------ის შიშს ამძაფრებდა ისიც, რომ სახლში იმყოფებოდნენ მისი შვილები და მცირეწლოვანი შვილიშვილები. ერთ თავდამსხმელს ეცვა შავი „დუტის“ ქურთუკი და ეკეთა ხელთათმანი, მეორეს კი (შედარებით დაბალს) - ეჭირა იარაღი, რომელიც მიამსგავსა ,,მაკაროვ”-ის მოდელის პისტოლეტს. ამ თავდამსხმელმა რამდენჯერმე გადატენა იარაღი, ამიტომ ლ-------------ემ მუქარა რეალურად აღიქვა. მათ მოწმეს უთხრეს, თითქოს მას ერთ-ერთის ძმა ჰყავდა მოკლული და შურისძიების მიზნით იყვნენ მისულები. შემდეგ თავდამსხმელებმა საუბარი გადაიტანეს თანხის მოთხოვნაზე. როდესაც ფულზე დაიწყეს საუბარი, დაზარალებულმა სთხოვა ცალკე გასულიყვნენ, რომ ეს მოთხოვნა მეუღლის თანდასწრებით არ მომხდარიყო. არც მისთვის და არც ოჯახის წევრებისთვის ფიზიკური ზიანი არ მიუყენებიათ, მხოლოდ მუქარით მოითხოვდნენ ფულს. თავდამსხმელებს (განსაკუთრებით დაბალს) ქართულად საუბარი უჭირდათ. ლ-------------ემ მეუღლეს სთხოვა, მისთვის გადაეცა სახლში არსებული თანხა, დაახლოებით 2 000 ფუნტი, რაც შემდეგ მან გადასცა თავდამსხმელებს, თუმცა ისინი კვლავ მოითხოვდნენ ფულს, ამიტომ საფულეში რა თანხაც ჰქონდა, - 1 500 აშშ დოლარი, ისიც მისცა. ბრალდებულებმა ხ-------ეს ასევე მოსთხოვეს პასპორტიც, რაც მან გადასცა. კომუნიკაცია დაზარალებულებსა და თავდამსხმელებს შორის დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. დაზარალებულის ჩვენებით, თავდამსხმელებმა ბინიდან ასევე წაიღეს სხვა ფული სხვადასხვა ვალუტაში და მეუღლის სათვალე და სამკაულები, კერძოდ: სამაჯური და სხვა ნივთები, რომლებიც მოწმემ ზუსტად ვერ დაასახელა, რადგან თვითონ მხოლოდ ფული გადასცა. ფულის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელებს უნდოდათ მისი დაბმა, რათა წასვლისას რაიმე წინააღმდეგობას არ შეხვედროდნენ, რაზეც ლ-------------ემ შესთავაზა, რომ საკუთარი მანქანით წაიყვანდა სადაც სურდათ. როგორც მოწმე იხსენებს, მათ ახსენეს, რომ მარნეულის მიმართულებით სურდათ წასვლა, მაგრამ შემდეგ უარი თქვეს, საბოლოოდ თვითონ დაზარალებულმა გაუღო კარი და გაიყვანა გარეთ. დაზარალებულის ვარაუდით, ბრალდებულებმა სახლში შეაღწიეს აბაზანაში არსებული შედარებით პატარა ფანჯრიდან, რომელიც იყო ოდნავ შეხსნილი. ფანჯარა გახსნეს ბოლომდე, შემდეგ კი კედელი გამოამტვრიეს და ამ გზით შევიდნენ. მოწმის მოსაზრებით, ჯერ შედარებით ტანდაბალი თავდამსხმელი შევიდა, რომელმაც შემდეგ გაუღო ბინის კარი მეორე თავდამსხმელს, რადგან ფანჯარა იყო პატარა და მაღალი კაცი ვერ შეეტეოდა. ყაჩაღობის ფაქტს დაზარალებულის ოჯახის წევრთაგან მხოლოდ მისი მეუღლე შეესწრო. ოჯახის სხვა წევრებს ეძინათ, ერთ-ერთმა, რომელიც იარაღით არ იყო, შეიხედა შვილის საძინებელ ოთახში, თუმცა იქ მყოფებთან ბრალდებულებს კავშირი არ ჰქონიათ. შემდეგ დაზარალებულის შვილმა დარეკა 112-ზე. სახლში მივიდა პოლიცია და ჩაატარეს სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება, ბინიდან ამოიღეს ქუდი, რომელიც დაზარალებულს არ ეკუთვნოდა და ჭიქა, რომლითაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა წყალი დალია. ხ-------ის თქმით, აღნიშნული შემთხვევის შედეგად მან გარდა მატერიალური ზიანისა, განიცადა მორალური ზიანი, რადგან თავდასხმისას ოჯახში იმყოფებოდნენ მისი შვილები და შვილიშვილები და მათ უსაფრთხოებაზე ფიქრობდა. ხ-------ის გამოთვლით, მიყენებული ზიანი შეადგენდა დაახლოებით 11 000 ლარს.
დაზარალებულ ს--–-----------ის ჩვენებით, 2017 წლის 28 დეკემბერს მას სახლში ეძინა მეუღლესთან - ლ-------------ესთან ერთად, როდესაც დაახლოებით ღამის 05:00 საათზე, გააღვიძა ძახილმა „სტავაი“. თვალების გახელისას დაინახა, რომ მათ საწოლთან იდგა ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთი საკმაოდ მაღალი იყო, მეორე კი შედარებით დაბალი, ერთერთ მამაკაცს მისი მეუღლისთვის იარაღი ჰქონდა მიბჯენილი შუბლზე და თვალებში ორივეს ფარანს ანათებდნენ. დაზარალებულის თქმით, ისინი იყვნენ მ-----–------------ი და თ---------------–---–ი. ბრალდებულები მათ ემუქრებოდნენ; შედარებით დაბალი (კ----------ი) დაზარალებულის მეუღლეს ეუბნებოდა, რომ ის იყო მისი ძმის მკვლელი. ს--–-----------ე და ლ-------------ე მას უხსნიდნენ, რომ არც მასთან და არც მის ძმასთან შეხება არ ჰქონიათ. შემდეგ მათ თავდამსხმელებს სთხოვეს, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ, რადგან გვერდით ოთახში ბავშვებს ეძინათ. მაღალი თავდამსხმელი ფარნით გაჰყვა დაზარალებულს ჯერ ერთი შვილის ოთახში, შემდეგ - მეორესი. ოთახში სინათლე არ აანთებინეს, ძირითადად ფარანი ჰქონდათ მინათებული. შედარებით დაბალი პიროვნება (მ-----–------------ი) იარაღით ემუქრებოდა მის ქმარს, კერძოდ, იარაღი რამდენჯერმე მიაბჯინა. თავდამსხმელებს ნიღბები არ ეკეთათ, ერთ-ერთს ეკეთა ხელთათმანი. ბრალდებულები დაახლოებით 1 საათს იყვნენ ბინაში. ამ დროის შუა პერიოდში მათ ლ-------------ე გაიყვანეს სხვა ოთახში, საიდანაც მან ა-----ეს დაუძახა, რომ მიეწოდებინა ფული. ა-----ემ თავის მეუღლეს გადასცა 2 000 ფუნტი, 50-ფუნტიანი კუპიურებით. ამის შემდეგ ლ-------------ემ საფულიდან კიდევ ამოიღო დაახლოებით 1 500 აშშ დოლარი, ასევე უკრაინული და სხვა ვალუტა, რომლებიც გადასცა ბრალდებულებს. ფულის გარდა, ბრალდებულებმა წაიღეს ს--–-----------ის სათვალე, რომელსაც ეწერა ბრენდის სახელი და ძვირადღირებული სამაჯური ძოწის თვლებით, რომელიც დედამ აჩუქა და შეძენისას ღირდა 2 000 ლარი. ამ ნივთების ამოცნობა ა-----ემ თავისუფლად შეძლო გამოძიებისას. თავდამსხმელებმა ბინიდან წაიღეს სხვა ძვირფასი ნივთებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ნაპოვნი არაა. მათ ასევე წაიღეს ლ-------------ის პასპორტიც. ს--–-----------ის ჩვენებით, მართალია ბრალდებულებს ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებიათ მისთვის, მაგრამ განიცადა საშინელი მორალური სტრესი. მასთან და მის მეუღლესთან ერთად, სახლში თავდასხმისას იმყოფებოდნენ მათი 13 და 25 წლის შვილები, ამ უკანასკნელის მეუღლე, მათი 2 შვილი და ძიძა, რომელიც ღამით რჩება ბავშვებთან. დაზარალებულის ვარაუდით, ბრალდებულები სახურავიდან შევიდნენ ბინაში, აბაზანის სარკმლის მეშვეობით, რომელიც გადმოგდებული იყო.
მოწმე ზ-------------ის ჩვენებით, 2017 წლის 28 დეკემბერს მან პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ-------–--–---------------------------------ში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ დანაშაულის ჩამდენი პირები იმყოფებოდნენ ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარში“, სადაც შეიძინეს პროდუქტები, შემდეგ კი ჩასხდნენ ტაქსში, რომელსაც მართავდა მ-------------ძე და გაემართნენ მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით. მოწმემ აღნიშნული ინფორმაცია პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. იგი გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით დაიკითხა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე გ---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს, საღამოს საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კონფიდენტმა აცნობა, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს ქ. თბილისში, მ------ის ქუჩაზე მოქალე ლ-------------ის საცხოვრებელ ბინაზე თავდასხმა განახორციელეს თ---------------–---–მა და მ-----–-----------მა, თ---------------–---–ი შესაძლოა ყოფილიყო წ---–-----ის ქუჩა N26ბ-სთან, მასთან ერთად უნდა ყოფილიყო მისი მეუღლე ბ--–----------–---–ი, მათ თან უნდა ჰქონოდათ თანხის ნაწილი, ხოლო მ-----–------------ი უნდა ყოფილიყო ვ---------–-------------------------––------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ბინაში, სადაც მას თან უნდა ჰქონოდა დანაშაულებრივად მოპოვებული ნივთები და იარაღი. მოწმემ ხსენებული ინფორმაცია გადაამოწმა და შემდეგ აცნობა ხელმძღვანელობას.
ბრალდებულმა მ-----–------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ შემთხვევის დღის წინა საღამოს იგი შეხვდა თ---------------–---–ს, 23:00 საათისთვის მივიდნენ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც დანაშაული მოხდა. ამ კორპუსში იგი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა შემთხვევამდე 10-12 დღით ადრე, სწორედ ამიტომ იცნობდა ხსენებულ კორპუსს. მათ არ ჰქონიათ რომელიმე ბინაში შესვლის მიზანი, იცოდა, რომ ამ კორპუსში იყო დიდი აივნები, სადაც შეიძლება ყოფილიყო მათთვის ღირებული ნივთები, შესაძლოა, საკვებიც. დაახლოებით გამთენიის 4-5 საათზე ბინაში, რომელშიც შუქი არ ენთო, გაღებული იყო პატარა ფანჯარა, რომლის მეშვეობითაც ფარულად შეაღწია ბინაში. სააბაზანო ოთახის გავლით შევიდა საძინებელ ოთახი, სადაც ნახა, რომ ორ პიროვნებას ეძინა. მან ჩუმად გაიარა საძინებელი ოთახი, შევიდა სხვა ოთახში და გააღო აივნის კარი, საიდანაც ბინაში შევიდა თ---------------–---–ი. მან ზ------–---–ს უთხრა, რომ ბინა არ იყო ცარიელი და ოთახში ვიღაცას ეძინა. ბრალდებულის განმარტებით, მას და ზ------–---–ს არ ჰქონიათ ვინმეს გაღვიძების განზრახვა, ფიქრობდნენ, რომ ბინიდან ჩუმად რაღაცას აიღებდნენ და გაიპარებოდნენ. საძინებელში ტუმბოზე ეწყო ლ-------------ის ნივთები, რომელთა შორის ეძებდა საფულეს, რა დროსაც ლ-------------ე გადატრიალდა, ბრალდებული მიხვდა, რომ მას გაეღვიძა და რუსულად უთხრა „სტავაი“. იგი მიუახლოვდა ლ-------------ეს დაახლოებით 3 ნაბიჯზე და მიუშვირა იარაღი. ლ-------------ესთან ერთად ოთახში მისი მეუღლე იმყოფებოდა. ვინაიდან ბრალდებულები არ ელოდნენ ბინაში მყოფი ადამიანების გაღვიძებას, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და ლ-------------ეს უთხრეს, თითქოსდა მან მოკლა მათი ძმა, რასაც იგი უარყოფდა და ამბობდა, რომ არავინ მოუკლავს და თუ ფულისთვის იყვნენ მისულები, ფული აეღოთ და წასულიყვნენ. რადგან ბრალდებულებს ფული არ მოუთხოვიათ და ხ-------ემ თვითონ შესთავაზა, პირველად უარი უთხრეს, – არ უნდოდათ მიხვედრილიყვნენ, რომ ფულის გულისთვის იყვნენ შესულები. ბრალდებულის თქმით, მუქარას და ფულის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია, მ-----–------------ს უნდოდა, რომ დაებნია ლ-------------ე, თუმცა აცნობიერებდა, ნებისმიერ ადამიანს, ვინც მათ ადგილზე იქნებოდა, შეეშინდებოდა. როცა ლ-------------ემ მეორედ შესთავაზა ფული, მოწმემ თენგიზს უთხრა ლ----ის ტელეფონში შეემოწმებინა კონტაქტები, თითქოს იმაში დასარწმუნებლად, რომ ლ-------------ეს მისი ძმის მკვლელობა არ შეუკვეთავს. ლ-------------ემ კიდევ ერთხელ შესთავაზა ფულის აღება და ოჯახის დატოვება. ამის შემდეგ თ---------------–---–ი გაყვა ლ-------------ეს სხვა ოთახში, საიდანაც მოგვიანებით გამოვიდა ლ----ი და მეუღლეს სთხოვა, რომ მიეცა ფული. ქალბატონი გავიდა საგარდერობო ოთახში, საიდანაც გამოიტანა მუქი ფერის ცელოფანსა, თუ ნაჭერში გახვეული თანხა. მან თანხა ჯერ გადასცა ლ-------------ეს, რომელმაც მიაწოდა თ---------------–---–ს. ბრალდებულებმა ხ-------ეს დაუსვეს შეკითხვა - ,,ეს არის? მეტი არ არის?“, რის შემდეგაც ლ----მა შარვლის ჯიბიდან ამოიღო შავი ფერის საფულე, საიდანაც ამოიღო სავიზიტო ბარათები, საფულე კი ჩააგდო იმ პარკში, რომელშიც დანარჩენი ფული იდო. ბრალდებულებმა განიზრახეს ბინაში მყოფების დაბმა, რაც შემდეგ გადაიფიქრეს. შემდეგ საუბარი ჰქონდათ მარნეულში წასვლაზე, რაზეც ლ-------------ემ შესთავაზა, რომ თავად წაიყვანდა მარნეულში, თუმცა ბრალდებულებმა უარი უთხრეს. ბრალდებულებს ბინა არ გაუჩხრიკავთ, არც ფული და ძვირფასეულობა უძებნიათ. ლ-------------ეს მხოლოდ პასპორტი სთხოვა, რომ მას პოლიციაში არ განეცხადებინა. ბინიდან წამოსვლის შემდეგ თ---------------–---–თან ერთად მივიდა მეტროსადგურ „ისანთან“, სადაც დაიწყეს ფულის გაყოფა. გახსნეს საფულე, რომელშიც იდო 1 245 დოლარი, თორმეტი ცალი ას დოლარიანი, ორი ცალი ოც დოლარიანი და ერთი ცალი ხუთ დოლარიანი. იქ კიდევ იყო რაღაც ფული, მაგრამ ბრალდებულმა ვერ გაარკვია უკრაინული იყო, თუ რუსული. თენგიზმა მიხეილს უთხრა, რომ ეს იყო მცირედი უკრაინული ვალუტა და მას გადაყრიდა. საფულის გარდა ფული იყო 3 შეკვრაში, თითოში იყო 10 კუპიურა 50-ფუნტ სტერლინგიანი, სულ ზუსტად 1 500 ფუნტი სტერლინგი. კ----------ის თქმით, სხვა ნივთები მათ ბინიდან არ აუღიათ და საერთოდ არ უნახავთ. ბრალდებულმა ასევე დაადასტურა, რომ თან ჰქონდა ქუდი და ხელთათმანი, რომელიც თ---------------–---–ს ეკეთა. კ----------ს მარცხენა ხელზე თავადაც ეკეთა შალის ხელთათმანი. იარაღი ცეცხლსასროლი არ იყო, ის უვარგისი იყო, რაც წინასწარ გაცნობიერებული ჰქონდათ ბინაში შეღწევისას. მ-----–------------ის განმარტებით, მისი ქმედება იარაღის დემონსტრირებით შემოიფარგლა და ხ-------ისთვის ფული არ მოუთხოვია. ბრალდებულმა წამოღებული ფული დაახურდავეს, შემდეგ კ----------ი ვაკის ტერიტორიაზე შევიდა სუპერმარკეტში არყისა და სიგარეტის საყიდლად. საფულეში არ აღმოაჩნდა ქართული ფული, ხოლო თავისი პირადი ფული მხოლოდ სიგარეტის საყიდლად ეყო. ტაქსიში საჭირო გახდა 100 აშშ დოლარიანის გადახურდავება, ამიტომ დარჩენილი იყო 1 145 აშშ დოლარი. კ----------მა 200 აშშ დოლარი გადასცა ზ------–---–ს, 2 ცალი 50 ფუნტ სტერლინგიანი კუპიურა თვითონ აიღო, დანარჩენ თანხასთან დაკავშირებით მოილაპარაკეს, რომ საღამოს გაიყოფდნენ. შემთხვევის დღეს მ-----–------------ს ჰქონდა 945 დოლარი, 100 ფუნტი და დოლარის გადახურდავების შედეგად, - დაახლოებით 220 ლარი, რადგან ტაქსის ფულის გადახდის შემდეგ იყიდეს არაყი და სხვა პროდუქტები. ფულის გასაყოფად საღამოს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ბრალდებულის განმარტებით, თანნაქონი იარაღის გადატენვა შეუძლებელი იყო, რადგან ის დაიშლებოდა. მ-----–------------ი თავს დამნაშავედ ცნობს იმაში, რომ შეაღწია ხ-------ის ბინაში, საიდანაც სურდა თანხის მოპარვა. მისი თქმით, არ ეგონა, რომ იქ ვინმე დახვდებოდა. მას იარაღი სარკმლიდან გადაძრომის შემდეგ მისცა თ---------------–---–მა, რაც უნდა გამოეყენებინა ბინაში მყოფების შესაშინებლად, თუ ისინი გაიღვიძებდნენ.
ბრალდებულმა თ---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან ხ-------ის ბინაში შეაღწია კარიდან, მანამდე ბინაში ფანჯრიდან გადაძვრა მ-----–------------ი, რომელმაც ზ------–---–ს გაუღო კარი. კ----------მა ზ------–---–ს მიაწოდა ქუდი. ბრალდებულები ფიქრობდნენ, რომ ბინაში არავინ ცხოვრობდა, რადგან იქ შუქი ჩამქრალი იყო. ბინაში მყოფს კ----------მა უთხრა, რომ იქ იყო ორი ადამიანი და მიეცა იარაღი, რადგან შესაძლოა ბინაში მყოფებს იარაღი ჰქონოდათ. გადაწყვიტეს არ დაეწყოთ ნივთების ძებნა და აეღოთ მხოლოდ ის ნივთები, რომელთა წაღებაც ადვილი იყო. ისინი მივიდნენ საწოლთან, სადაც იწვა ორი ადამიანი. ტანსაცმლის და საფულის ძებნისას გაეღვიძა ლ-------------ეს. მ. კ----------მა ლ-----------ს რუსულად უთხრა, რომ ამდგარიყო, ხოლო თვითონ ნათურაა დაანათა. მ. კ----------მა ლ-----------ს ჰკითხა სახელი და გვარი და მოსთხოვა პასპორტი. პასპორტი თვითონ ამოიღო კ----------მა ტუმბოდან და დარწმუნდა ლ-------------ის ვინაობაში. შემდეგ მ-----–------------მა ლ-------------ე იარაღის დემოსტრირებით დაადანაშაულა მისი ძმის მკვლელობაში, რაც ლ-------------ემ რამდენჯერმე კატეგორიულად უარყო. ამასობაში ოთახში მყოფმა ს--–-----------ემაც გაიღვიძა და ბრალდებულებს სთხოვა, ჩუმად ყოფილიყვნენ, რადგან ბავშვებს არ გაღვიძებოდათ. კ----------მა თხოვა, ტელეფონში შეემოწმებინა მკვლელობის შემკვეთთან დარეკილი ხომ არ ჰქონდა, თუმცა ს--–-----------ის ტელეფონში ვერაფერი იპოვა. დაზარალებულებმა მათ განუცხადეს, რომ ეშლებოდათ და წაეღოთ, რაც უნდოდათ და წასულიყვნენ, მაგრამ განუცხადეს, რომ არაფერი უნდოდათ. ლ-------------ე გაიყვანეს მეორე ოთახში, სადაც მოსთხოვეს ფული. დათანხმდნენ იმ ოდენობაზე, რასაც ლ-------------ე სთავაზობდა. ს--–-----------ემ, ლ-------------ის თხოვნით, ტომარით გამოიტანა თანხა, რაც არ დაუთვლიათ. ბრალდებულებმა ჰკითხეს, სულ ეს თანხა იყო, თუ კიდევ ჰქონდათ, ს--–-----------ემ ლ-------------ის საფულე და ბარათებიც მისცა. ბრალდებულებს სურდათ ოჯახის წევრების გაკოჭვა პატრულისგან წინააღმდეგობის ასაცილებლად, მაგრამ შეეცოდათ და არ გაკოჭეს. ლ-------------ემ შესთავაზა, რომ იგი წაიყვანდა, სადაც მოისურვებდნენ. მ-----–------------მა უთხრა რომ მარნეულში წასვლა სურდა, მაგრამ ჩამოართვა ტელეფონები, პატრულში რომ არ დაერეკათ, თუმცა მათივე თხოვნის შემდეგ ისინი დაუბრუნა დაზარალებულებს. სახლიდან გასვლის შემდეგ გზაში მოიშორეს ხელთათმანები, თ---------------–---–მა ტომრიდან ამოიღო ფუნტი სტერლინგები, ხოლო საფულე გადასცა მ-----–------------ს. სიგარეტის საყიდლად შეჩერდნენ მარკეტთან, შემდეგ ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ ისანში, სადაც უნდა გადაეხურდავებინათ თანხა. მ. კ----------მა გადაახურდავა 100 დოლარი, შემდგომ „ისნის“ მეტროსადგურთან შევიდნენ ერთ-ერთ კორპუსში, სადაც დათვალეს და თ---------------–---–თან აღმოჩნდა 1 500 ფუნტი სტერლინგი, ხოლო კ----------თან 1 150 დოლარი და კიდევ ლარები. შეთანხმდნენ, რომ საღამოს შეხვდებოდნენ და ფულს გაიყოფდნენ. შემდეგ ბრალდებულმა ვარკეთილში 27 შეკვრად დაფასოებული ფუნტი სტერლინგი გადასცა მეუღლეს და უთხრა, რომ არ დაეხარჯა. შემდეგ მას საღამომდე ეძინა, საღამოს გავიდა გარეთ, დაახურდავა 100 დოლარი, იყიდა სათვალე, დააბრუნა ვალი - 100 ლარი და დაბრუნდა ვარკეთილში. ამის შემდეგ იგი დააკავეს. თ---------------–---–ის ჩვენებით, იგი სრულად აცნობიერებს საკუთარ დანაშაულს და ინანიებს მას. ადასტურებს, რომ სახლში შევიდა ფარულად, იმ მიზნით, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა მოძრავ ნივთებს. მანვე განმარტა, რომ პისტოლეტს ატარებდა ყოველდღიურად, რადგან ის არ იყო სიცოცხლისათვის საშიში. მათ დაზარალებულებისგან ფული არ მოუთხოვიათ და არც იარაღის მეშვეობით დამუქრებიან სიცოცხლის მოსპობით, ფული ლ-------------ემ თვითონ შესთავაზა. სასამართლოში ასევე აჩვენა, რომ იარაღი შეიძინა დანაშაულის ჩადენიდან 1 თვით ადრე. მ-----–------------მა იცოდა, რომ მას ჰქონდა იარაღი.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების მ------------------------–-----------–-------------------------------------------------–-----------------------–-–---–--------------------------ის ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმები, ამოღებული ფულადი თანხა, პირის ამოცნობის ოქმები, ნივთის ამოცნობის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, პნევმატური პისტოლეტი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენი და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ივლისის განაჩენი) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებით და ურთიერთშეჯერებით სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ მ-----–------------ისა და თ---------------–---–ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულთა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ითხოვეს ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდების სამართლებრივი კვალიფიკაციის შეცვლა, - ყაჩაღობიდან ძარცვაზე, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ბრალდებულებს თავდაპირველად მხოლოდ ბინის გაქურდვის განზრახვა ჰქონდათ, რაც ჩაეშალათ დაზარალებულთა გაღვიძების შედეგად, რაც გადაიზარდა ძარცვაში; ამასთან ფული დაზარალებულმა ლ-----------მ თავად შესთავაზა ბრალდებულებს და ამ უკანასკნელებს ხ-------ისთვის ფული არ მოუთხოვიათ, შესაბამისად ისინი დაზარალებულებს არ დამუქრებიან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მუქარით. დაცვის მხარე ასევე სადავოდ ხდის ბრალდებულთა მიერ წაღებული თანხის ოდენობას და თ. ზ------–---–ის ქმედების არაერთგზისობას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ვინაიდან დაცვის მხარის არგუმენტაცია ემსახურება ბრალდებულთათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას, გამოკვლეული და საქმეში არსებული მასალა კი შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს მ-----–------------ისა და თ---------------–---–ის ყაჩაღობის ბრალდებით მსჯავრდებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის ფაქტის არსებობისათვის აუცილებელი არ არის იარაღით დაზარალებულის დაზიანება, არამედ საამისოდ სრულიად საკმარისია ასეთი იარაღის აქტიური, დაზარალებულის დასანახად ისეთი დემონსტრირება, რომელიც გამოხატავს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის მუქარას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმე #398-აპ).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ-----–------------მა ლ-------------ისა და მისი მეუღლის დასანახად, რამდენჯერმე დემონსტრაციულად გადატენა პნევმატური იარაღი და შუბლზე მიადო ლ-------------ეს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ბრალდებულებიც, მათი განმარტებით, იარაღი თავიდანვე შეშინების მიზნით ჰქონდათ ბინაში შეტანილი.
ყაჩაღობა ხელყოფს ერთდროულად ადამიანის საკუთრებას და ჯანმრთელობას, რაც გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით და რასაც თან ახლავს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა.
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, ფსიქიკური ძალადობა უნდა იყოს რეალური, იმწუთიერი, რაც შესაძლოა გამოიხატოს სიტყვიერად, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით, ჟესტიკულაციით და ა.შ. რაც მთავარია დაზარალებული ამ ყველაფერს უნდა აღიქვამდეს რეალურად და მიიჩნევდეს, რომ თუ ქონების დაუფლებაში შეეწინააღმდეგება თავდამსხმელს, მან შესაძლოა მუქარა რეალურად განახორციელოს.
ამასთან, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულების შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი დამთავრებულად ითვლება ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა შორის არასადაო გარემოებებს წარმოადგენს შემდეგი ფაქტები:
2017 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე მ-----–------------მა და თ---------------–---–მა ერთად, უკანონოდ შეაღწიეს ლ-------------ის საცხოვრებელ ბინაში (მდებარე თ---–--------------------------------------------);
მ-----–------------ს თან ჰქონდა ქარხნული წესით დამზადებული, 4,5 მმ კალიბრის ,,MAKAROV”-ის მოდელის პნევმატური პისტოლეტი, რომლის დემონსტრირებასაც ახდენდა დაზარალებულებთან კომუნიკაციისას;
მ-----–------------ი და თ---------------–---–ი დაეუფლნენ ლ-------------ის კუთვნილ ფულად თანხას და ს--–-----------ის კუთვნილ ნივთებს.
სასამართლო ბრალდებულთა ჩვენების ნაწილს, რომ თითქოს მათ ყაჩაღობის განზრახვა არ ჰქონიათ და დაზარალებულთა ფულსა და ნივთებს ხ-------ის თხოვნითა და შეთავაზების გამო დაეუფლნენ, როგორც დამაჯერებლობას მოკლებულ ფაქტების ერთობლიობას ვერ გაიზიარებს; შესაძლოა თავდაპირველად მათ არ ჰქონდათ ყაჩაღობის განზრახვა და ხ-------ის ბინაში ქურდობის ჩასადენად შეაღწიეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მათ ბინაში შეაღწიეს იარაღით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ მისი დაზარალებულთა დაშინების მიზნით გამოსაყენებლად. ბრალდებულებმა ხსენებული იარაღი მართლაც გამოიყენეს დაზარალებულთა დასაშინებლად, რაც გამოიხატა დემონსტრირებაში. სწორედ ამის გამო, მათ მიერ ჩადენილმა ქმედებამ შეიძინა ყაჩაღობის ნიშნები. სასამართლო ბრალდებულთა მიერ დაზარალებულებთან იარაღის დემონსტრირებას - გადატენვას და ლ-------------ისთვის შუბლზე მიდებას აფასებს, როგორც თავდასხმას და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას. დაზარალებულებმა ცალსახად და დამაჯერებლად აღნიშნეს, რომ ბრალდებულებს ფული და ნივთები იმის გამო გადასცეს, რომ მათ იარაღი ჰქონდათ და შიშობდნენ საკუთარი და გვერდით ოთახში მყოფ ოჯახის წევრთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. დაზარალებულებმა აღნიშნული თავდასხმა აღიქვეს რეალურად, რის შედეგადაც განიცადეს შიში და ფსიქოლოგიური სტრესი. ამდენად, ბრალდებულთა თავდაპირველ განზრახვას ქურდობის შესახებ და იმას, რომ იარაღი რეალურად უვარგისი იყო, ქმედების სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
რაც შეეხება თანხის ოდენობას, სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს დაზარალებულთა ჩვენებასა და საქმის იმ მასალებში, რომლებიც წარმოდგენილი იქნა სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ. აღნიშნულით დადასტურდა, რომ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ-----–------------მა და თ---------------–---–მა ლ-------------ესა და ს--–-----------ეს მიაყენეს 10 867,1 ლარის ქონებრივი სახის ზიანი. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მიხედვით, კოდექსის ამ თავში, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში ლ-------------ისა და ს--–-----------ის ზიანი წარმოადგენს 10 867,1 ლარს.
რაც შეეხება თ. ზ------–---–ის ქმედების არაერთგზისობის საკითხს, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენით თ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით და 19, 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით საბოლოოდ განესაზღვრა 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა (ტომი II, ს.ფ. 57-74);
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ივლისის განაჩენით, თ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეორე პუნქტებით და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა (ტომი II, ს.ფ. 75-81);
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 მარტის განჩინებით თ---------------–---–ზე გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 2006 წლის 9 აგვისტოდან (ტომი II, ს.ფ. 82-85);
თ---------------–---–ი სასჯელაღსრულების შესაბამისი დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 8 აგვისტოს (ტომი II, ს.ფ. 98).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს, წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სსკ-ის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე - 186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული, რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
თ---------------–---–ი ნასამართლევი პირია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის (ყაჩაღობა - საქართველოს სსკ 152-ე მუხლი, 1961 წლის რედაქცია) და დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის - 2017 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით მას ნასამართლობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. ამდენად მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არაერთგზისობით.
საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი¬სათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელო¬ვანი და უმაღლესი საფეხურია, ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩე¬ნის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში მთავარი აქცენტი ეჭვის ხარისხზეა გადატანილი და არა ვარაუდზე. ასევე ამ დროს ყურადღება გადატანილია არა მოსამართლეზე, არამედ `ობიექტურ პირზე. რომელიც ობიექტური, მიუკერძოებელი, ნეიტრალური დამკვირვებელია. მოცემული მტკიცებულებითი სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) სასამართლოში გამოკვლეუ¬ლი მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაში, ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრუ¬ლი ეჭვის საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცებას მათემატიკური სიზუსტით. გონივრულია ეჭვი თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა აწონ-დაწონვის შედეგად.
ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (ასევე არასადავო მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ მ-----–------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ და ,,ბ“ პუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) გათვალისწინებული ქმედება, ხოლო თ---------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,ბ“ პუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) გათვალისწინებული ქმედება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
თ---------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ იგი ნასამართლევია არაერთხელ (მათ შორის ცოლისა და ცოლის დის ცოცხლად დაწვისთვის, რის შედეგად ცოლი გარდაიცვალა, ხოლო ცოლის დამ მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება - დანაშაულები გათვალისწინებული სსკ 109-ე მუხლის ,,ვ“ პუნქტით და სსკ 19, 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,ვ“ პუნქტებით). თ. ზ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ იგი ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას.
მ. კ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ იგი ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნია მ-----–------------ისთვის სასჯელის სახით 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო თ---------------–---–ისთვის 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ-----–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მ-----–------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 29 დეკემბრიდან.
თ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
თ---------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 29 დეკემბრიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუშები 5 ქილად; ანაწმენდები 50 ცალ სტელირულ ჩხირზე; ორი ცალი ბახილი, ნაქსოვი ქუდი; ხელის კვლები 7 ცალ დაქტილოფირზე დისკთან ერთად; თ---------------–---–ის სუნის, ხელის კვლისა და ნერწყვის ნიმუშები, მ-----–------------ის სუნისა და ნერწყვის ნიმუშები; მ-----–------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული პნევმატური პისტოლეტი - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული: სამი ცალი პასპორტი, ერთი ცალი პლასტიკური ბარათების ჩასადები შალითა და ერთი ცალი ჭიქა; თ---------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი ასლარიანი კუპიურა, ხუთი ცალი ხუთლარიანი კუპიურა, აიდი ბარათი და კრიალოსანი; ე-–-–------------ზ------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი სამი ცალი სიმბარათით, საფულე მასში არსებული აიდი ბარათით, სოციალურად დაუცველის მოწმობით, გასაღებით, ხატით, ერთი ცალი ორმოცდაათთეთრიანი კუპიურით და ორი ცალი ორმოცდაათფუნტიანი კუპიურით; ე-–-–------------ზ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოცდახუთი ცალი ორმოცდაათფუნტიანი კუპიურა და ორი ცალი ასდოლარიანი კუპიურა; მ-----–------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი სიმ-ბარათით, ხუთი ცალი ასდოლარიანი, ორი ცალი ორმოცდაათდოლარიანი, ორი ცალი ოცდოლარიანი, ერთი ცალი ხუთდოლარიანი, ერთი ცალი ასლარიანი, ერთი ცალი ოცლარიანი კუპიურები და ერთი ცალი ორლარიანი მონეტა; მ-----–------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მზის სათვალე, ნაჭრის ქისა მასში არსებული სამაჯურით - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე
ლ. ორკოდაშვილი