გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
140210018002263263
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002263263

საქმე №2/81-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი. ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე

მოსარჩელე შსს შ------------–-------–-–--ს დეპარტამენტი

წარმომადგენლები თ---რ ე–----–---–ი

მოპასუხე ზ---ა მ-----–---–ი

წარმომადგენლებ ტ---ა რ------ე

დავის საგანი: მატერიალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ზ---ა მ-----–---–ს მოსარჩელე შსს შ------------–-------–-–--ს დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 11 000 ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ზ---ა მ-----–---–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული, რის გამოც დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 12 იანვარს ზ---ა მ-----–---–ი მოძრაოდა ”ტოიოტას ” ფირმის სამსახურებრივი ავტომანქანით, სახ. №A---562, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან და ამობრუნდა, რასაც მოჰყვა შსს შ------------–-------–-–--ს დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ”ტოიოტას” მარკის ავტომანქანის დაზიანება, ასევე ჯანმრელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო ზ. მ-----–---–ის მგზავრმა რ. ნ-------–---–მა;

 

3.1.2. 2015 წლის 22 იანვრის გორის რაიონული სასამარლოს განაჩენით მოპასუხე ზ---ა მ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშვედ სსსკ-ის 276- ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი.;

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2014 წლის 13 მაისის ექსპერტის დასკვნით მოპასუხე ზ---ა მ-----–---–ის მიერ ამ ფაქტის გამო შსს შ------------–-------–-–--ს დეპარტამენტის მიმართ მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა საორიენტაციოდ შეადგინა 11 000 ლარი;

 

3.1.4 აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება განხორციელდა შსს გენერალური ინსპექციაში, რომლის 2017 წლის 19 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით ზ. მ-----–---–მა ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ‘’ბ” (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), ”გ” (ქონებრივი ზიანის მიყენება) და ”ვ” (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესის დარღვევაში და რამაც რ. ნ-------–---–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია. ამავე დასკვნით ასევე ზ. მ-----–---–ი დაუდევრად მოეპყრო სამსახურებრივ ავტომანქანას, რასაც შედეგად მისი დაზიანება მოჰყვა და რითაც შსს სამინისტროს მიადგა ქონებრივი ზიანი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელემ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის (ზ---ა მ-----–---–ი) შესახებ შეიტყო გორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამოტანიდან - 2015 წლის 22 იანვრიდან და არა შემთხვევის მომენტიდან -2014 წლის 22 იანვრიდან, როგორც ამას მოპასუხე მიიჩნევს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე, 413-ე, 998-ე, მე-1000, 1008-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმებით დადგენილია მხარეთა ვალდებულება, სათანადო მტკიცებულებით უზრუნველყონ მათ მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დანაშაულის შედეგად ზიანის მიყენებაში მოპასუხე ზ---ა მ-----–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის განჩენი, რითაც დასტურდება ზ---ა მ-----–---–ის მხრიდან სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ამდენად, ის გარემოება, რომ 2014 წლის 12 იანვარს ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა ზ---ა მ----–---–-ს ბრალეული (გაუფრთხილებელი) ქმედებით, რითვისაც მას დაეკისრა სისიხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უდავოდ დადასტურებულია.

 

ასევე დადასტურებულია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა, რითაც მოსარჩელემ მიიღო გარკვეული მატერიალური ზიანი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ავტომანქანის დაზიანების შედეგად განიცადა ზიანი 11 000 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე მხარე, ამტკიცებს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, კერძოდ, მოსარჩელისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო იმავე დღეს, როცა მოხდა შემთხვევა - 2014 წლის 12 იანვარს და შესაბამისად, სსსკ 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დინებაც ამ დღიდან დაიწყო.

 

სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლზე, რომლის თანახმად ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

აღნიშნული ნორმით დადგენილი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს (რეზულტატს) შორის და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დელიქტური ვალდებულება, ვინაიდან საქმიდან იკვეთება 992-ე მუხლით განსაზღვრული ოთხივე წინაპირობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ზ---ა მ-----–---–ის ქმედებამ გამოიწვია დამდგარი ზიანი, ამასთან მისი ბრალეულობა დადგენილია გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის განაჩენით, რა დროიდანაც მოსარჩელემ, როგორც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ .

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამდენად, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, დადგენილად მიიჩნევს მოპასუხე ზ---ა მ-----–---–ის ბრალეული ქმედების შედეგად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დაზიანების ფაქტს, რამაც 11 000 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია და რომლის ანაზღაურებაც მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შსს შ------------–-------–-–--ს დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს ;

 

1.1 მოპასუხე ზ---ა მ-----–---–ს მოსარჩელე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების სახით 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხე ზ---ა მ-----–---–ს სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 330 (სამას ოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე ნინო შარაძე