გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2018
საქმის ნომერი
160210018002508977
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210018002508977

საქმე № 2/604-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.10.2018 წელი ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივნები თამთა ჩულუხიძე, თეა ნადიბაიძე

მოსარჩელე - გე----------------ი

მოსარჩელის წარმომადგენლები - ავ--------–------------ე, იუ------------–---–ი

მოპასუხე - გა-------------ი

მესამე პირები - ელ---------------ი, კა--------------ი

მოპასუხის და მესამე პირების წარმომადგენელი - ნა----------–---–ი

დავის საგანი: უძრავი ქონების ფლობის და მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა, უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გე----------------ის მიერ უძრავი ქონების - ქ.მარნეულში, გ------–---–------------–--------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ფლობის და მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა;

 

1.2. ქ.მარნეულში, გ------–---–------------–--------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის და ამავე მისამართზე არსებული 328 კვმ მიწის ნაკვეთის ½ ნაწილის მესაკუთრედ გე----------------ის ცნობა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2014 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა მოსარჩელის დედა ელ--------------ი, რომელსაც დარჩა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. მარნეულში, გ------–---–-----–--------------–-. ვინაიდან მოსარჩელე არ იყო ჩაწერილი დედის სახლში, ნოტარიუსმა უარი უთხრა მისი კუთვნილი წილის მიღებაზე. მოსარჩელის განმარტებით, დედის გარდაცვალებისას დაკრძალვის ხარჯები და ასევე ე.წ. ორმოცის ხარჯები მოსარჩელის მიერ იქნა გაღებული, ასევე იხდიდა დენის გადასახადს. დედის გარდაცვალების დროს და შემდეგაც 10 დღის განმავლობაში მოსარჩელე ცხოვრობდა დედისეულ სახლში. მას დედისგან ერგო ოქროს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია ,,მ“ და ,,გ“, ასევე წარწერა ,,დარაგომუ სინუ ატ მაწერი“. ქონების ნაწილის დაუფლება ნიშნავს მთლიანად დანაშთი ქონების დაუფლებას. სადავო სახლი 2003 წლის 15 მაისს მოსარჩელის დედამ აჩუქა მოსარჩელის ძმისშვილს - გა-------------ის შვილს, არ-------------ს. თუმცა მადლიერების მაგივრად მათ დაეძაბათ ურთიერთობა, რის გამოც ელ--------------მა სასამართლოს მეშვეობით გააუქმა ჩუქების ხელშეკრულება. გა-------------ი ჯიუტად აცხადებს უარს, რომ მოსარჩელემ მიიღოს სამკვიდროს ქონების ნახევარი, იმ მოტივით, რომ თითქოს მოსარჩელე ყურადღებას არ აქცევდა დედას, რაც არასწორია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარე სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება. მოპასუხის განმარტებით,სასარჩელო მოთხოვნა არის უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. გარდაცვლილ ელ--------------ს დარჩა ოთხი მემკვიდრე. მოდავე მხარეებს ჰყავთ ორი და. მოსარჩელე 1976 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ.თბილისში და მას ქ. მარნეულში აღნიშნული პერიოდის შემდეგ, არც დედის - ელ--------------ის სიცოცხლეში და არც შემდეგ არ უცხოვრია. მოსარჩელეს არ მიუღია მონაწილეობა დედის დაკრძალვის და ორმოცის ხარჯებში, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება, რომ იგი დედის გარდაცვალების შემდეგ, 10 დღის განმავლობაში ცხოვრობდა სადავო სახლში. ელ--------------ი გარდაიცვალა 2014 წლის 13 ივლისს, დილის საათებში. მოპასუხე მაშინვე დაუკავშირდა მოსარჩელეს, რომელმაც საღამოს ძლივს შეძლო დედის პანაშვიდზე ჩასვლა, რამდენიმე საათით. დედის დაკრძალვის ყველა ხარჯი გაწეული იქნა მოპასუხის მიერ. დაკრძალვის შემდეგ მოპასუხეს ქელეხის სუფრა შეკვეთილი ჰქონდა თავისი ხარჯებით, ქ.მარნეულში, 2----------------- მდებარე რესტორანში, სადაც როგორც სხვა სტუმრები, გე----------------იც რამდენიმე საათით იმყოფებოდა და ქელეხის შემდეგ გაემგზავრა ქ.თბილისში. დედისეულ სახლში მოპასუხის ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ მოსარჩელის და მოპასუხის დები. რაც შეეხება წარწერებიან ოქროს ბეჭედს, როდესაც მოსარჩელეს შეუსრულდა 18 წელი, 1----–ლის 13 აგვისტოს, ელ--------------მა მას საჩუქრად გადასცა და ამ პერიოდიდან მოყოლებული აღნიშნული ბეჭედი არის მოსარჩელის საკუთრებაში. ასეთივე ბეჭედი ელ--------------მა აჩუქა მოპასუხესაც და თავის ძმისშვილს გო--------------ს. დედის გარდაცვალებისას ხსენებული ბეჭედი არ ყოფილა სადავო სახლში და არც შედიოდა სამკვიდრო მასაში, ვინაიდან დედამ როდესაც დაამზადებინა ბეჭედი, აჩუქა მოსარჩელეს - 1----–ლის 13 აგვისტოს. მოპასუხეს დედასთან არასდროს ჰქონია დაძაბული ურთიერთობა. რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, აღნიშნულს არანაირი კავშირი არ აქვს განსახილველ დავასთან. დედა ყოველთვის ცხოვრობდა მოპასუხესთან და მოპასუხე ზრუნავდა მასზე.

 

21. მესამე პირების პოზიცია

 

ელ---------------მა სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც აღნიშნა, რომ იგი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელეს არ მიუღია გარდაცვლილი დედის ელ--------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, განსხვავებით გა-------------ისაგან, რომელმაც ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება. დედის დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი გასწია გა-------------მა. დაკრძალვის შემდეგ დედის დანატოვარ სახლში ცხოვრობდნენ ის და მისი და რამდენიმე დღით, გე----------------ი მისული იყო მხოლოდ პანაშვიდზე, დაკრძალვაზე და ქელეხზე, რომლის შემდეგ გაემგზავრა თავის სახლში, ქ. თბილისში. გა-------------ი და მისი ოჯახი, დედის გარდაცვალებამე და მის შემდეგაც ცხოვრობენ სადავო სახლში. ოქროს ბეჭედი, დედამ 1----–ელს აჩუქა გევორგს და ამ დროის შემდეგ არის გოვორგის საკუთრებაში.

 

კა--------------მა სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ ეთანხმება წარმოდგენილ სარჩელს, ვინაიდან სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა ელ--------------ი, რომლის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ 18);

- დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (ს.ფ. 21-22)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 08.10.2018წ);

 

3.1.2. გე----------------ი, გა-------------ი, ელ---------------ი და კარინე ადამიანი არიან 2014 წლის 13 ივლისს გარდაცვლილი ელ--------------ის პირველი რიგის მემკვიდრეები - შვილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 19)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 08.10.2018წ);

 

3.1.3. გე----------------მა სამკვიდრო ქონების მიღებაზე განაცხადი შეიტანა სანოტარო ორგანოში 2016 წლის 6 აპრილს და გამოხატა ნება მიეღო მამკვიდრებლის ელ--------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილი წესით და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა. დადგენილებით გე----------------ს უარი ეთქვა ელ--------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან ვერ დადგინდა გე----------------ის მიერ ელ--------------ის სამკვიდროს მიღების, ფლობის და მართვის ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ( ს.ფ. 21-22);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 08.10.2018წ);

 

3.1.4. მამკვიდრებელ ელ--------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას (ქ.მარნეულში, გ------–---–------------–--------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლი და ამავე მისამართზე არსებული 328 კვმ მიწის ნაკვეთი) ფლობს მოპასუხე გა-------------ი და მისი ოჯახი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 08.10.2018წ);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე გა-------------ი დედის - ელ--------------ის სამკვიდრო ქონებას არ დაუფლებია ფაქტობრივი ფლობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარემ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული სადავო საკითხების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსის, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო პროცესზე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ელ--------------ის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი. მოსარჩელემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა ნინო სა----------------–---–-ს და ვა--------------ას განცხადებები, რომელზეც აღნიშნულია მათი ხელმოწერები და აღნიშნული ხელმოწერები დადასტურებულია სანოტარო წესით. ნინო სა----------------–---–-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გე----------------ი არის მისი გარდაცვლილი მეუღლის თანაკლასელი და მეგობარი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,2014 წლის 15 ივლისს გარდაიცვალა მისი დედა ელ--------------ი. დედის გარდაცვალების შემდეგ დასაფლავებაზე მონაწილეობა მიიღო გარდაცვალების ხარჯებზე. ასევე გარდაცვალების შემდეგ, როგორც ვიცი კვირაზე მეტი პატრონობდა გარდაცვლილის დანაშთ უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე: ქ-----------–-------–-------------- პირველი შესახვევი, რომელიც ეკუთვნოდა მის დედას - ელ--------------ს“.

 

ვა--------------ას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,გე------ მირაქიანი პ--------------, მცხოვრები ქ.თბილისი, დ--------------–- 1980 დაეუფლა 2014 წლის 13 ივლისს გარდაცვლილი დედის ელ--------------ის ოქროს ბეჭედს, რომელზეც არის ინიციალები რუსული ,,მ“ და რუსული ,,გ“, ასევე ბეჭედს შიგნით აქვს წარწერა რუსულად ,,დარაგომუ სინუ გე------უ ატ მატერი 1------------“. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ვნახე ქალბატონი ელ--------------ი, რომელსაც ხელზე ეკეთა ზემოთ აღნიშნული ბეჭედი, ხოლო გარდაცვალების შემდგომ შევამჩნიე გე----------------ს ეკეთა ბეჭედი, მე მას ვკითხე ეს ხომ დედამისის ბეჭედი იყო, რაზეც მან მიპასუხა, რომ დედამ უსახსოვრა ბეჭედი და მისი გარდაცვალების შემდგომ გ-------- უნდა დარჩენოდა ბეჭედი, დედის გარდაცვალებამდე აღნიშნული ბეჭედი გ--------- ხელზე არ შემინიშნავს“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მეორე ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ, როგორც აღინიშნა მტკიცებულების სახით წარმოადგინა განცხადებები. მოსარჩელე მხარეს აღნიშნული პირების მოწმის სახით სასამართლოს წინაშე დაკითხვა არ უთხოვია. განმცხადებელ ნინო სა----------------–---–-ს განცხადებიდან არ დგინდება, თუ საიდან არის მისთვის ცნობილი ის გარემოებები, რასაც აღნიშნავს განცხადებაში, კერძოდ გე----------------ის მიერ დედის დაკრძალვის ხარჯების გაღება, გე----------------ის მიერ დედის დანაშთი უძრავი ქონების პატრონობა დედის გარდაცვალების შემდეგ. ამასთანავე ელ--------------ის გარდაცვალების თარიღად განმცხადებელი ნაცვლად 2014 წლის 13 ივლისისა, უთითებს 2014 წლის 15 ივლისს. ასევე ბუნდოვანია ვა--------------ას განცხადებაში ასახული გარემოებები. აღნიშნული განცხადებით არ ირკვევა, თუ რა კავშირი აქვს განმცხადებელს მოსარჩელესთან, ასევე რა კავშირი ჰქონდა ელ--------------თან. იგი აღნიშნავს, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ნახა ელ--------------ი, განმცხადებელი არ გადმოსცემს, თუ რა ვითარებაში ნახა ელ--------------ი, ესწრებოდა თუ არა ვინმე მის გარდა შეხვედრას.

 

მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილია უძრავი ქონების ნაჩუქრობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ელ--------------მა აჩუქა უძრავი ქონება თავის შვილიშვილს, გა-------------ის შვილს - არ-------------ს და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნული მტკიცებულებით ვერ დასტურდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოება.

 

მოსარჩელემ მტკიცებულების სახით ასევე წარმოადგინა ელექტრო ენერგიის აბონენტის ბრუნვის ისტორია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ იგი იხდიდა ელექტრო ენერგიის გადასახადს. წარმოდგენილი ინფორმაციით აბონენტად მითითებულია ელ--------------ი. აღნიშნული მტკიცებულებით არ დგინდება გე----------------ის მიერ ელ--------------ის დანაშთ უძრავ ქონებაზე ელექტრო ენერგიის გადასახადის გადახდის ფაქტი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, დასკვნის თანახმად, ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოყვითალო ფერის ბეჭდის გარეთ ზემოდან დატანილია სახელის და გვარის ინიციალები ,,მ.გ“ რუსულ ენაზე, ხოლო შიდა მხრიდან ამოტვიფრულია ,,ძვირფას შვილს გივორგის დედისგან 13.08.1----–“ რუსულ ენაზე. .... ბეჭედი დამზადებულია ძვირფასი ლითონისგან 583 სინჯის ოქროსგან. .... ბეჭდის შიდა დიამეტრი წარმოადგენს 20,92 მმ. .... ბეჭდის წონა შეადგენს 14.52 გრამს, ხოლო დამზადების თარიღად შესაძლებელია ჩაითვალოს ნაკეთობაზე შიდა მხრიდან მითითებული თარიღის აღმნიშვნელი ციფრები, კერძოდ: 13.08.1971წ“. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ გარემოებას მოპასუხე სადავოდ არ ხდის. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მტკიცებულებით ასევე ვერ დასტურდება მხარეებს შორის სადავო გარემოება - გე----------------ის მიერ ბეჭდის მიღება დედის გარდაცვალების შემდეგ.

 

სასამართლოში მოპასუხემ წარმოადგინა მოწმეები: ზა-------------ა, გა-–---------------ა, შა----------–---ა, ილ------–-----------ი, არ-------------ი.

 

მოწმე ზა-------------ამ განმარტა, რომ ელ--------------ი იყო მისი მეზობელი. ელ--------------ის გარდაცვალების შემდეგ ხარჯები გასწია არ-------------მა - გა-------------ის ვაჟმა. ე-–----- გარდაცვალების შემდეგ, ე-–----- სახლში მივიდნენ გ------ მეუღლე-ს--–-- და გ------ დები. გე----------------ი ნახა ქელეხში. მოწმე გა-–---------------ამ განმარტა, რომ იგი არის ელ--------------ის მეზობელი, 36 წლის განმავლობაში. თავიდან გ----- და ე-–---- ერთად ცხოვრობდნენ, შემდეგ განცალკევდნენ. ა-----ი არის ე-–----- შვილიშვილი, რომელიც მოდიოდა ე-–-----თან, წამალს ყიდულობდა, როცა ჯანმრთელობა დაუმძიმდა ა-----მა აუყვანა მომვლელი. როცა ე-–---- გარდაიცვალა, იგი დაკრძალა ა-----მა, ქელეხიც და ორმოციც ა-----მა გადაუხადა. ე-–----- სახლში ცხოვრობდნენ გ-----, მისი შვილი ა-----ი და გ------ მეუღლე. მოწმემ განმარტა, რომ იგი ე-–----- გარდაცვალების შემდეგ, ე-–----- სახლში დადიოდა თითქმის ყოველდღე, ორმოცამდე, მათი ადათწესიდან გამომდინარე. მას გე----------------ი ე-–----- გარდაცვალებამდე ნანახი არ ჰყავდა, ნახა ე-–----- ქელეხში ერთხელ. მოწმე შა----------–---ამ განმარტა, რომ იგი 16 წელი ცხოვრობს მარნეულში, გ------–---–------------ იგი 6 თვის განმავლობაში უვლიდა ელ--------------ს, რისთვისაც არ-------------ი უხდიდა გასამრჯელოს. ე-–----- უვლიდა გ------ მეუღლესთან - ს--–--სთან ერთად. გე----------------ი ნახა მხოლოდ ელ--------------ის დაკრძალვის დღეს, მოწმისათვის უცნობია, გე----------------ი იღებდა თუ არა მონაწილეობას დედის მოვლა-პატრონობაში. მოწმე ილ------–-----------ის განმარტებით, იგი 15 წლის განმავლობაში მეგობრობს ელ--------------ის შვილიშვილთან - არ-------------თან. ბებიას - ელ--------------ს უვლიდა ა-----ი, შემდეგ დაუქირავა მომვლელი ქალი. როცა ე-–---- გარდაიცვალა, დაკრძალვის და ქელეხის ხარჯი გაიღო ა-----მა. ე-–----- გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელ სახლს უვლიდა ა-----ი. ე-–----- დაკრძალვაზე იმყოფებოდა გე----------------ი და მისი მეუღლე, რომლებიც ქელეხის შემდეგ წავიდნენ თავის სახლში. ე-–----- გარდაცვალების შემდეგ მოწმე კვირაში 2-3 ჯერ დადიოდა ელ--------------ის სახლში, ე-–----- დაკრძალვამდე მას გე----------------ი არ უნახავს. მოწმე არ-------------ის განმარტებით, იგი არის ელ--------------ის შვილიშვილი, გა-------------ის ვაჟი. იგი ზრუნავდა ბებიაზე ელ--------------ზე. ელ--------------ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მასთან სახლში, ამ პერიოდში იგი გე----------------ს არ უნახავს. ბებიის დაკრძალვის შემდეგ, რამდენიმე დღე ე-–----- სახლში დარჩნენ მისი მამიდები და მამა. გევორგი არცერთი დღით არ დარჩენილა. გე------ი ჩამოვიდა ელ--------------ის გარდაცვალების დღეს, საღამოს. გ--------- ქელეხისთვის იყიდა ცხვარი. გე------ი არცერთი დღე ე-–----- სახლში არ დარჩენილა. თავად და მისი ოჯახის წევრები ელ--------------ის დანაშთ სახლში ცხოვრობდნენ ე-–----- გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში, დენის გადასახადსაც იხდიდნენ.

 

როგორც მხარეთა განმარტებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს მამის გარდაცვალების შემდეგ არ უცხოვრია აღნიშნულ მისამართზე. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, კერძოდ ოქროს ბეჭედს, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ოქროს ბეჭედი შედიოდა სამკვიდრო მასაში და იგი მოსარჩელემ მიიღო დედის - ელ--------------ის გარდაცვალების შემდეგ. ამდენად მოსარცელემ ვერ დაადასტურა მამკვიდრებლის - ელ--------------ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის გარემოება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მტკიცებულებების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-1307-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1450-ე, 1500-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიიჩნია თავისი უფლება დარღვეულად და აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ამავე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს თუკი მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.

 

დადგენილია, რომ ელ--------------ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: გე----------------ი, გა-------------ი, ელ---------------ი და კა--------------ი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლების თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. ელ--------------ის სამკვიდრო გაიხსნა 2014 წლის 13 ივლისს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, პირველი რიგის მემკვიდრეებს თანაბარი წილის უფლებით წარმოადგენენ გარდაცვლილის შვილები, მშობლები და მეუღლე, ხოლო სამკვიდროს დამტოვებლის შვილისშვილები ითვლებიან მემკვიდრეებად, თუკი სამკვიდროს გახსნის დროს არ იყო ცოცხალი მათი მშობელი, რომელიც სამკვიდროს დამტოვებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

 

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ადგენს პირველი რიგის კანონონისმიერი მემკვიდრეებისათვის სამკვიდროს მიღების წესს, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლებით. იმისთვის, რომ სამკვიდრო გახდეს მემკვიდრის, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

დადგენილია, რომ გე----------------მა სამკვიდრო ქონების მიღებაზე განაცხადი შეიტანა სანოტარო ორგანოში 2016 წლის 6 აპრილს და გამოხატა ნება მიეღო მამკვიდრებლის ელ--------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილი წესით და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსის დადგენილებით გე----------------ს უარი ეთქვა ელ--------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან ვერ დადგინდა გე----------------ის მიერ ელ--------------ის სამკვიდროს მიღების, ფლობის და მართვის ფაქტი.

 

სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ სამკვიდროს გახსნის დროისათვის გე----------------ი შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების არსებობა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება-მემკვიდრეობის მიღება. მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს - მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების შემთხვევაში, ცალსახად უნდა იკვეთებოდეს პირის ნება სამკვიდროს მიღებისა, რაც გულისხმობს სამკვიდრო ქონების ფლობას და სარგებლობას, როგორც საკუთარისა.

 

სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა (სამოქალაქო კოდექსის 50-51-ე მუხლი), რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს, კერძოდ მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღებითა და განკარგვით, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვით, მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ანგარიშების დაუფლებით, სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით, სამკვიდრო ქონების გაქირავებით და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მითითებით, იგი დაეუფლა მამკვიდრებლის ქონებას ფაქტობრივი ფლობით.

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებითა და მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ მამკვიდრებელ-ელ--------------ის გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდრო ქონებას დაეუფლა მისი ვაჟი გა-------------ი. როგორც მხარეთა განმარტებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს დედის გარდაცვალების შემდეგ არ უცხოვრია აღნიშნულ მისამართზე. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, კერძოდ ოქროს ბეჭედს, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული ბეჭედი შედიოდა სამკვიდრო მასაში და მოსარჩელემ იგი მიიღო მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ. წარმოდგენილი ელექტრო ენერგიის აბონენტის ბრუნვის ისტორიით კი ასევე არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის დანაშთ უძრავ ქონებაზე ელექტრო ენერგიის გადასახადის გადახდის ფაქტობრივი გარემოება.

 

ამდენად, არ არსებობს გე----------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მე-5 მუხლის I ნაწილის ,,მ” პუნქტით თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყველა სარჩელზე. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ცნობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რომლის თანახმად, გე----------------ს დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი - შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული უვადოდ. მოსარჩელეს ასევე წარმოდგენილი აქვს საპენსიო მოწმობა. ამდენად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით. შესაბამისად მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. გე----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გე----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი. (გადახდის თარიღი: 08.12.2---; საგადახდო დავალება N 1; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი : 300093150)

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე