გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
330210118002516320
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19225-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი"

წარმომადგენელი - ნ---- ს-------ა

მოპასუხე - ე--------- ბ----–---–ი

წარმომადგენელი - გ------- გ----ა

დავის საგანი - დავალიანების გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე ე--------- ბ----–---–ს მოსარჩელე სს „თ------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:

 

1.1.1. 2017 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 13956.41 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 10819.08 ლარი, სარგებელი - 1434.34 ლარი, პირგასამტეხლოს - 1677.01 ლარი და დაზღვევა - 25.98 ლარი.

1.1.2. 2018 წლის 26 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 10819.08 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 20%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 180.31 ლარს.

1.1.3. 2018 წლის 26 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 10819.08 ლარზე, ვალდებულების სრულად შერულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 54.09 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1677 ლარისა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2017 წლის 2--------- ე--------- ბ----–---–სა და სს ,,თ----------ს” შორის დაიდო საბანკო კრედიტის N 1-------------- ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა სესხი 12 000 ლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადა - 1466 დღე (2-.03.2021 წლამდე). კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 20%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ----ს სასარგებლოდ.

 

მოპასუხემ დაარღვიეს საბანკო კრედიტის №1-------------- ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ ვალდებულება არ შეუსრულებია. ასევე მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებლებს საერთო ჯამში გადახდილი აქვს 2 663.89 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირითადი თანხა - 1 180.92 ლარი, სარგებელი - 1 384.85 ლარი და პირგასამტეხლო - 98.12 ლარი. 2018 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ე--------- ბ----–---–ს 2017 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 13956.41 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 10819.08 ლარი, სარგებელი - 1434.34 ლარი, პირგასამტეხლო - 1677.01 ლარი და დაზღვევა - 25.98 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნები არ ცნო და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობა 0.5%-დან 0.005%-მდე არაუმეტეს 450 ლარისა.

 

მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელის მოთხოვნების სარჩელის აღძვრის მდგომარეობით სესხის ძირითადი თანხის, სარგებლისა და სიცოცხლის დაზღვევის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2017 წლის 2--------- ე--------- ბ----–---–სა და სს ,,თ----------ს” შორის დაიდო საბანკო კრედიტის N 1-------------- ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა სესხი 12 000 ლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადა - 1466 დღე (2-.03.2021 წლამდე). კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 20%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ----ს სასარგებლოდ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საბანკო კრედიტის N 1-------------- ხელშეკრულება;

- სადაზღვევო პოლისი.

 

3.1.2 სს „თ----------ის“ მიერ 2017 წლის 22 მარტის ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხები მსესხებელმა აითვისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- დავალიანების ცნობა;

- გადახდების ისტორია.

 

3.1.3. მსესხებელმა საკრედიტო ვალდებულებები დაარღვია და 2017 წლის ოქტომბრის შემდგომ გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები აღარ განუხორციელებია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გადახდების ისტორია.

 

3.1.4. 2018 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ე--------- ბ----–---–ს 2017 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 13956.41 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 10819.08 ლარი, სარგებელი - 1434.34 ლარი, პირგასამტეხლო - 1677.01 ლარი და დაზღვევა - 25.98 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- დავალიანების ცნობა.

 

3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „თ----------ის“ მიერ 2017 წლის 22 მარტის ხელშეკრულება შეწყდა ვადამდე - 2-.0-.2018 წელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ დგინდება სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული საბანკო კრედიტის ვადამდე შეწყვეტის პირობები (გადახდის ვადის ზედიზედ ორჯერ გადაცილების შემდგომ მოვალის გაფრთხილება და ორკვირიანი ვადის მიცემა). შესაბამისი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც მხარეები მიუთითებენ ამ გარემოებაზე. მოსარჩელე ზოგადად განმარტავს, რომ მოპასუხემ დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვადა. მართალია, საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 15 ივნისის ოფიციალური შეტყობინება/გაფრთხილებები, მაგრამ გაფრთხილებები არ პასუხობს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მოთხოვნებს. ვინაიდან სარჩელის აღძვრამდე სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები არ შესრულებულა, ამასთან, სარჩელის წარდგენის გზით მოსარჩელემ ცალსახად გამოავლინა ნება, შეეწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო მოპასუხე არ არის თანახმა, დავალიანების დაფარვაზე, სასამართლო ხელშეკრულებას შეწყვეტილად მიიჩნევს 2-.0-.2018 წლიდან - სარჩელის სასამართლოში აღძვრის მომენტიდან. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოყვება. მოცემულ შემთხვევაში, თამარ ჯაფარიძე სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც უარს აცხადებს დავალიანების დაფარვაზე და ეთანხმება მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის გადახდას, ამდენად, აშკარაა, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრა შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ----------ის” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე, 625-ე, 361-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბ----, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.

 

დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და ე--------- ბ----–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტის სასარგებლოდ გაეცა საკრედიტო თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თავის მხრივ - ე--------- ბ----–---–მა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკები და 2017 წლის ოქტომბრის შემდგომ ვალდებულება აღარ შეუსრულებია. დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა ბ----ს მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2017 წლის 22 მარტის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი -20%.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ხელშეკრულების შესაბამისად, ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, რომლის გაუხდელი ოდენობა შეადგენს 25.98 ლარს. ამ თანხის გადახდის ვალდებულება მოვალეს ეკისრება კრედიტორის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, სარგებლისა და დაზღვევის ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2017 წლის 22 მარტის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი -20%.

 

სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლის თანახმად თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის გადახდის ვალდებულება არსებობს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამის თაობაზე შეთანხმებული არიან (იხ. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკრედიტო ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს სარგებლის დარიცხვას მისი შეწყვეტის შემდგომ.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლით განსაზღვრული სარგებელი, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტის გამცემს აქვს, არის არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი, არამედ მიუღებელი შემოსავალი. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. შესაბამისად, განსხვავებულია მათი მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (იხ. სუსგ №ას-932-882-2015).

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეწყდა სარჩელის აღძვრისას 2-.0-.2018 წელს, შესაბამისად, ამ მომენტიდან კრედიტორს გააჩნია არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, არამედ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელე არის კომერციული ბ---- და იგი შემოსავალს იღებს მათ შორის კრედიტის გაცემის გზით, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებას საჭიროებს არა მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის არსებობა, არამედ მისი ოდენობაც. მიუღებელი შემოსავალი ერთ-ერთი სახეა ზიანისა. იგი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ, სუსგ №ას-459-438-2015, 2015 წლის 07 ოქტომბერი). მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ Nას-307-291-2011). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები იყო პერიოდულად შესასრულებელი, რაც ნიშნავს, რომ მოვალეს ვალდებულება გარკვეული პერიოდების ინტერვალით და გარკვეული მოცულობით უნდა შეესრულებინა ყოველ ჯერზე გადასახდელი კრედიტის ძირი თანხის, საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობების გადახდით, კრედიტის ვადის განმავლობაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებული არ არის, რამდენადაც სს „თ----------ი“ ვერ ასაბუთებს, რომ მიიღებდა იმავე ოდენობის შემოსავალს: იმავე საპროცენტო განაკვეთში გაცემულ იმავე ოდენობის კრედიტის თანხაზე დარიცხულ სარგებელს მოცემულ შემთხვევაში გაცემული კრედიტის ვადით, მით უფრო რომ შეუძლებელია წინასწარი განსაზღვრა კონკრეტული ვადისა, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს. სწორედ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ მისი მიუღებელი შემოსავალი ძირითადი დავალიანების წლიური 20%-ის ტოლი იქნებოდა და არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე მითითებით.

 

შესაბამისად, სსამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალე ე--------- ბ----–---–ისაგან კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის მდგომარეობით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა დაეკისროს ე--------- ბ----–---–ს 2018 წლის 26 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 10819.08 ლარზე, ვალდებულების სრულად შერულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 54.09 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1677 ლარისა.

 

მოვალე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ Nას-1560-1463-2012).

 

სასამართლო, დარღვეული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ეს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მიზანშეწონილად მიიჩნევს ნაცვლად 0.5%-ისა მის განსაზღვრას 0,2 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1677,01 ლარისა. ხოლო რაც შეეხება დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის მომენტისათვის დარიცხულ პირგასამტეხლოს დაკისრებას - ძირითადი დავალიანების, ვადაგადაცილებისა და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოპასუხე ე--------- ბ----–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მისი ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ე--------- ბ----–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 762.86 ლარიდან - 99.17 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს სასამართლოს გარეშე ხარჯის - იურისტის მომსახურების საფასურის - 500 ლარის ანაზღაურებას. მოპასუხე ამ მოთხოვნას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამისა, მოსარჩელის წარმომადგენელი მასთან შრომით ურთიერთობაში იმყოფება და იღებს შრომის ანაზღაურებას.

 

სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ სს „თ----------მა“ საკუთარი უფლებების დაცვა მიანდო შპს „ტ-----ს.“ ნ---- ს-------ა არის შპს „ტ-----ს“ იურისტი და საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ სს „თ----------ისგან“ იღებს შრომის ანაზღაურებას.

 

საქმეში წარმოდგენილი არ არის ადვოკატის ჰონორარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა ეს გარემოება თავისთავად არ წარმოადგენს იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება (იხ. სუსგ Nას-444-423-2015).

 

სასამართლო, საქმის სირთულის, მასზე დახარჯული ძალისხმევის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ გონივრული და სამართლიანო ოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას არის 150 ლარი, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 150 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

სს „თ----------ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 762.86 ლარის ნაწილი 461.6 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოპასუხე ე--------- ბ----–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში სს „თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 208-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „თ----------ის“ სარჩელი მოპასუხე ე--------- ბ----–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. ე--------- ბ----–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 22.03.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 13 956.41 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 10819 ლარი, სარგებელი - 1434.34 ლარი, პირგასამტეხლო - 1677.01, დაზღვევა - 25.98 ლარი;

 

3. ე--------- ბ----–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 26.0-.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 22.03.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 10819 ლარის 0.2%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1677.01

 

4. დანარჩენ ნაწილში სს „თ----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

5. ე--------- ბ----–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 762.86 ლარიდან - 99.17 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 150 ლარის გადახდა;

 

6. სს „თ----------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 762.86 ლარის ნაწილი 461.6 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა 2-.0-.2018 წლის N- საგადასახადო დავალებით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბ----ს კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია