გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/12391-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.10.2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე მ----- ა-----–---–-,წარმომადგენელი ს--–---- ა----–-----, გ--- ს------,მოპასუხე შპს ბ-------- 4--,წარმომადგენელი ი----- გ--–---,ადვოკატი მ--- ა---–---,დავის საგანი: შრომის ანაზღაურების დავალიანების გადასახდელად დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე შპს ბ-------- 4---ს დაეკისროს მოსარჩელე მ----- ა-----–---–-ს სასარგებლოდ 20.01.2016-30.03.2018 წ. პერიოდის დაბეგრილი ხელფასის დავალიანების 20800 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ბ-------- 4-- შესაგებლით არ სცნობს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მ----- ა-----–---–- 2016 წლის 20 იანვრიდან 24.03.2018 წლის მდგომარეობით დასაქმებულია მოპასუხე შპს ბ-------- 4---ში წარმოების უფროსის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება გადასახადებიანად შეადგენს 1000 ლარს, ხოლო გადასახადების გარეშე 800 ლარს.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
მოპასუხის მიერ გაცემული ცნობის ასლი ს.ფ. 18.
მოპასუხე მხარის აღიარება სასამართლო სხდომაზე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოპასუხე შპს ბ-------- 4---ს მოსარჩელე მ----- ა-----–---–-ს მიმართ გააჩნია 20.01.2016 – 30.03.2018 წლის პერიოდის, 26 თვის სახელფასო დავალიანება, მთლიანობაში გადასახადების გარეშე 20800 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნულის გათვალისწინებით თითოეული მხარის ვალდებულებას წარმოადგენს მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის დირექტრორის ი----- გ--–--ის მიერ 24.03.2018 წელს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე მ----- ა-----–---–- დასაქმებულია შპს ბ-------- 4---ში წარმოების უფროსის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს დაუბეგრავ 1000 ლარს.
მოპასუხის ანსნა-განმარტებით მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელეს გაუსტუმრა სახელფასო დავალიანება მოსარჩელის ბიძაშვილის კომპანიისათვის მოსარჩელის თანხმობით ხელფასის ნატურით "ქვიშა-ღორღი" გადახდის გზით, რის გამოც მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. მოპასუხე უარყოფს მოპასუხისაგან ხელფასის ფულის ან ნატურით მიღებას მათ შორის მესამე პირებისათვის გადაცემის გზით. მოსარჩელემ მის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი წერილობითი ან სხვა სახის მტკიცებულება გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა ვერ წარმოადგინა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429.1 მუხლით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
უდაოა, რომ მოსარჩელე დასაქმებულია მოპასუხე ორგანიზაციაში, რის გამოც საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლით დამსაქმებელს წარმოეშობა ვალდებულება გადაუხადოს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება, ყოველთვიურად, მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით რაც ამ შემთხვევაში არის თვეში გადასახადებით 1000 ლარი, ხოლო გადასახადების გარეშე 800 ლარი, რაც დასტურდება როგორც მოპასუხის მიერ გაცემული ცნობით ასევე მოპასუხის დირექტორის მიერ სასამართლო სხდომაე გაკეთებული განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია 20.01.2016-30.03.2018 წლების ხელფასი რაც შეადგენს 26 თვეს, ხოლო 800 ლარზე ნამრავლი 20800 ლარს. მოპასუხე მხარის მიერ მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე იქნა მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოება რაშიც იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლით შეზღუდული იყო, რომ მან მოსარჩელეს გაუსტუმრა სახელფასო დავალიანება ნატურით მესამე პირისათვის მოსარჩელის თანხმობით ქვიშა - ღორღის გადაცემის გზით, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429.1 მუხლით მოდის მოპასუხეზე, რომელიც ამასთან წარმოადგენს იურიდიულ პირს და მასზედ როგორც მეწარმე სუბიექტზე ვრცელდება ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები და საგადასახადო კოდექსის დებულებანი დამსაქმებლის ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაკავებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის შესახებ. ვინაიდან მოპასუხემ ვერ გაართვა თავი მოსარჩელისათვის ხელფასის გადახდის მტკიცების ტვირთს სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია 20.01.2016-30.03.2018 წლის სახელფასო დავალიანება გადასახადების გარეშე 20800 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის მიმართ სარჩელის მოთხოვნილი ოდენობით სახელფასო დავალიანება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლი;
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები;
ევროპის სოციალური ქარტიის პირველი და მე-4 მუხლები;
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი;
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2-ე, მე-6-ე, 31-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე 429-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე - ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა, ხოლო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 4.2 მუხლით არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა.
ევროპის სოციალურ ქარტიის, პირველი ნაწილის მე-2-4-ე მუხლების თანახმად ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გამოიმუშავოს მისი ცხოვრების სახსრები საქმიანობით, რომელშიც იგი თავისუფლად ჩაერთვება. ყველა მუშაკს აქვს უფლება შრომის უსაფრთხო და ჯანმრთელ პირობებზე. ყველა მუშაკს აქვს უფლება ჰქონდეს სათანადო სამართლიანი ანაზღაურება, რაც შეესაბამება საცხოვრებელ სტანდარტებს თავისთვის და თავიანთი ოჯახებისათვის;
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო. სახელმწიფოს (მათ შორის სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულებაა დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე ორგანული კანონის მე-6 მუხლით, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი დროით. შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება. ხოლო 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის ვალდებულებას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება, ხოლო ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული არ იყო შრომითი ურთიერთობის შესახე ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, არ გულისხმობს რომ მხარეთა შორის არ იყო შრომით სამართლებრივი ურთიერთობა.
საქმეში წარმოდგენილი შპს ბ-------- 4---ის დირექტორი ი----- გ--–--ის მიერ 24.03.2018 წელს გაცემული ცნობით, ასევე სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებით (აღიარებით) დასტურდება, რომ მოსარჩელე მ----- ა-----–---–- დასაქმებულია შპს ბ-------- 4---ში წარმოების უფროსის თანამდებობაზე, ხოლო მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს დაუბეგრავ 1000 ლარს. მოპასუხე შპს ბ-------- 4-- შესაგებელში მიუთითებს, რომ შპს ბ-------- 4---ის დირექტორი ი----- გ--–--ის მიერ 24.03.2018 წელს გაცემული ცნობა ხელფასის ოდენობის შესახებ გაიცა მოტყუებითა და იძლებით, რის ირგვლივაც კონკრეტული ფაქტები და გარემოებები არ მიუთითებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაგებელში მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითა ის გარემოება, რომ სახელფასო ცნობა, რომელიც საფუძვლად უდევს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, განხორციელდა იძულებითა და მოტყუებით. თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად წერილობითი მტკიცებულება არც შესაგებელით და არც სასამართლო სხდომაზე არ წარმოუდგენია.
სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიჩნია, ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ----- ა-----–---–- 20.01.2016 წლიდან დასაქმებულია შპს ბ-------- 4---ში წარმოების უფროსის თანამდებობაზე. მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა დაუბეგრავ 1000 ლარს სასამართლომ ამ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის 26 თვის სახელფასო დავალიანება გადასახადების გარეშე 20800 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს შრომის კოდექსის 31.1 მუხლით შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429.1 მუხლით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. ხოლო მოპასუხეს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში არ წარმოუდგენია იმის მტკიცებულებები რომ მას არ გააჩნდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხების გადახდის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ და ასევე არ წარმოუდგენია აღნიშნული თანხების გადახდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ----- ა-----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შპს ბ-------- 4---ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მ----- ა-----–---–-ს სასარგებლოდ 20.01.2016-30.03.2018 წ. პერიოდის დაბეგრილი ხელფასის დავალიანების 20800 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს კანონით სახელმწიფო ბაჟის შესახებ მე-5 მუხლის I ნაწილის ,,ა” პუნქტით თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 3%-ის - 624 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კდექსის 1991-ე მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.05.2018 წლის #2/12391-18 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ბ-------- 4---ს დაეკისროს მოსარჩელე მ----- ა-----–---–-ს სასარგებლოდ 20.01.2016-30.03.2018 წ. პერიოდის (დაბეგრილი) ხელფასის დავალიანების 20800 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე შპს ბ-------- 4---ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 624 ლარის გადახდა, ხოლო მ----- ა-----–---–-ს სასარგრბლოდ 50 ლარის გადახდა.
3. ძალში დარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.05.2018 წლის #2/12391-18 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი