გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210017002020136
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.10.2018 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი: ალიკა ლეგაშვილი, სოფიკო ქოჩორაშვილი
მოსარჩელე შპს ,,საქართველოს გა------------------------ის კომპანია",მოსარჩელის წარმომადგენელი ნ--------------–-,მოპასუხეები სი--- კა--ძე, თა---- კა--ძე,მოპასუხის წარმომადგენელი ნ-------------–---–-,დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სი--- კა--ძეს და თა---- კა--ძეს შპს „საქართველოს გა------------------------ის კომპანიის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაზსადენის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 12 583,08 ლარის ოდენობით .
1.2. მოპასუხეებს დაეკისროთ პროცესის ხარჯების ანაზღაურება
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 10 ნოემბერს თა---- კა--ძემ სი--- კა--ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს სს „საქართველოს გა------------------------ის კომპანიის” მფლობელობაში არსებული მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა, რამაც ჰაერში გაზის გაფრქვევა გამოიწვია, რითაც მოსარჩელემ 12 583,08 ლარის ზიანი განიცადა .
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნეს .
მოპასუხე მხარის მითითებით, მაგისტრალური გაზსადენის დაზიანება მათი ბრალით არ მომხდარა, რადგან მოსარჩელეს არ გაუფრთხილებია, რომ მათ მიწის ნაკვეთში გაზსადენის მილი გადის. ასევე გაზსადენი მილი მიწაში სათანადო სიღრმეში არ არის განთავსებული, რამაც მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს მისი დაზიანება გამოიწვია. მოპასუხე მხარის მითითებით, ზიანის დათვლის პროცესში მიწვეულები არ ყოფილან, ამიტომ ბუნდოვანია, თუ როგორ გაიანგარიშა მოსარჩელემ მიყენებული ზიანის ოდენობა .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,საქართველოს ნა------------------ის კორპორაციის“ კუთვნილი 276111.3 მ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის, საკადასტრო კოდი- 53.00.1--, რომელიც ფარავს კახეთის რეგიონს, ექსპლუატაციას ახორციელებს შპს „საქართველოს გა------------------------ის კომპანია” , იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25)
3.1.2. გუ-------ის რაიონის სოფელ ჩა-–------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 5399,00 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი- 51.16.54.2--, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია სი--- კა--ძის სახელზე, ხოლო მიწის ნაკვეთის მოვლა- დამუშავებას მისი შვილი- თა---- კა--ძე ახორციელებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 22),-სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.3. სი--- კა--ძის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში, საკადასტრო კოდი- 51.16.54.2--, შპს „საქართველოს გა------------------------ის კომპანიის” მფლობელობაში არსებული მაგისტრალური მილსადენი გადის .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 23)
3.1.4. 2016 წლის 10 ნოემბერს სი--- კა--ძის შვილი- თა---- კა--ძე ტრაქტორით ამუშავებდა მაგისტრალური მილსადენის დაცვის 1 ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთს, რა დროსაც მილსადენი დაზიანდა და გაზი ჰაერში გაიფრქვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-მიწის ნაკვეთის გეგმა - დაცვის ზონების აღნიშვნით (ს.ფ 24))
-სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ 2016 წლის 10 ნოემბერს მაგისტრალური მილსადენის დაზიანება მათი ბრალით არ მომხდარა
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, ამიტომ დავის სწორედ გადაწყვეტისთვის უნდა დადგინდეს, რომ მაგისტრალური მილსადენი დაზიანებულია, ზიანი მიყენებულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით, მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის, ასევე ზიანის მოცულობა .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს.
ამდენად, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, იმ გარემოების დამტკიცების ტვირთი, რომ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ასევე მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის, ეკისრება მოსარჩელეს , ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი- მოპასუხეს.
მოსარჩელემ სასამართლოში წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დასტურდება , რომ სს ,,საქართველოს ნა------------------ის კორპორაციის“ კუთვნილი 276111.3 მ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის, საკადასტრო კოდი- 53.00.1--, ექსპლუატაციას ახორციელებს შპს „საქართველოს გა------------------------ის კომპანია”, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე .
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმით დასტურდება, რომ მოპასუხე სი--- კა--ძის ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი- 51.16.54.2--, მდებარეობს გუ-------ის რაიონის სოფელ ჩა-–------ში, მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში , რაც განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიას წარმოადგენს.
2016 წლის 10 ნოემბერს შედგენილი აქტით , რომლის შედგენაში მონაწილეობდნენ საქართველოს გა------------------------ის კომპანიის გუ-------ის სამსახურის უფროსი ე. გრ---–-----–--ლი, წამყვანი სპეციალისტი გ. სო------–-–--ლი, უსაფრთხოების სპეციალისტი ალ. მა-----–--ლი, სოფელ კაჭრეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი გო-- ზა------–--ლი და თავად მოპასუხე თა---- კა--ძე, დასტურდება, რომ გუ-------ის რაიონის სოფელ ჩა-–------ში მაგისტრალური გაზსადენის ჩა-–-----ის განშტოების 70,0/-0,02 კმ-ზე სი--- კა--ძეს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი, რომლის მოვლა- დამუშავებას მისი შვილი- თა---- კა--ძე ახორციელებს. 2016 წლის 10 ნოემბერს თა---- კა--ძის დავალებით ტრაქტორით მიწის ნაკვეთის მოხვნის დროს დაზიანდა მილსადენი, რამაც ჰაერში გაზის გაფრქვევა გამოიწვია .
მილსადენის დაზიანების ფაქტი შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოსურათებითაც დასტურდება ( ს.ფ. 17-21).
2016 წლის 10 ნოემბერს მიწის ნაკვეთის ტრაქტორით დამუშავების დროს მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტი არც მოპასუხეებს გაუხდიათ სადავოდ. მოპასუხე მხარემ სადავო გახადა ზიანის მიყენებაში მათი ბრალი და განმარტა, რომ მოსარჩელეს არ გაუფრთხილებია, რომ მათ მიწის ნაკვეთში მილსადენი გადის, ასევე მილსადენი მიწაში არ არის სათანადო სიღრმეში განთავსებული, რამაც მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს მისი დაზიანება გამოიწვია, ამიტომ მოპასუხე მხარის მოსაზრებით, ზიანი არ არის გამოწვეული მათი ბრალით, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს თავად მოპასუხე თა---- კა--ძის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებას, სადაც მან მიუთითა, რომ მისი ოჯახი ათეული წლებია ფლობს და ამუშავებს მიწის ნაკვეთს. ამ პერიოდის განმავლობაში მათ იცოდნენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც მათი მიწის ნაკვეთი მდებარეობს, მაგისტრალური გაზსადენი გადის, მაგრამ მოპასუხემ არ გააფრთხილა, რომ გაზსადენის მილი უშუალოდ მათ მიწის ნაკვეთს კვეთს და კონკრეტულად რა ადგილი არის დაცვის ზონა, ანუ მოპასუხე თავად ადასტურებს, რომ მისი ოჯახი ინფორმირებული იყო, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც მათი მიწის ნაკვეთი მდებარეობს, მაგისტრალური გაზსადენი გადის (სხდომის ოქმი, 11.09.2018წ, 13.01.14-13.01.58სთ)
ეს გარემოება მოპასუხის ახსნა-განმარტების გარდა დადასტურებულია მოწმეების - საქართველოს გა------------------------ის კომპანიის გუ-------ის სამსახურის თანამშრომლების- ალ---------- მა-----–--ლის, ერ---–- გრ---–-----–--ლის, ზა--- მა----–--ლის ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ ტერიტორიაზე, სადაც მოპასუხეების ოჯა--ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს, ყოველ 500 მეტრში მოწყობილია მიმანიშნებელი ბოძები, სადაც დატანილია უსაფრთხოების ნიშნები. ასეთი ბოძი მოპასუხეების ნაკვეთიდან დაახლოებით 100 მეტრში არის განთავსებული, ხოლო მილსადენის ონკანი უშუალოდ მოპასუხეების ნაკვეთის გვერდით, დაახლოებით 6 მეტრში მდებარეობს . აღნიშნულის გარდა, მოწმეებმა განმარტეს, რომ წლებია კვირაში ერთხელ მაგისტრალის მთელ სიგრძეზე, მათ შორის მოპასუხეების მიწის ნაკვეთშიც , მაგისტრალის დათვალიერებას ოპერატორები ახდენენ , რომლებიც სპეციალური უნიფორმით და ტექნიკით არიან აღჭურვილი, ამიტომ მოწმეთა ჩვენებით, მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში მდებარე ყველა მიწათმოსარგებლემ, მათ შორის მოპასუხეებმაც, იცოდნენ, რომ მათ მიწის ნაკვეთში მილსადენი გადის (28.09.2018 წლის სხდომის ოქმი) .
ამდენად, სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ მოპასუხეებმა იცოდნენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც მათი ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს, მაგისტრალური გაზსადენი გადის, ხოლო თუ არ იცოდნენ კონკრეტულად რა ადგილზე კვეთს გაზსადენი მათ მიწის ნაკვეთს და სად მდებარეობს დაცვის ზონა, დაინტერესების შემთხვევაში მოპასუხეებს ამ საკითხზე ინფორმაციის მიღება საჯარო რეესტრში შეეძლოთ, სადაც მოსარჩელის მიერ მილსადენი რეგისტრირებულია ხაზობრივი ნაგებობის სახით, ასევე ინფორმაციის მიღება შეეძლოთ გა------------------------ის კომპანიის გურჯაანის სამსახურში, ოპერატორებისგან, რომლებიც წლებია კვირაში ერთხელ მაგისტრალური გაზსადენის დათვალიერებას ახდენენ .
ამიტომ სასამართლო თვლის, რომ თუ წლების განმავლობაში მოპასუხეები ისე ამუშავებდნენ მიწის ნაკვეთს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებით, რომ არ იცოდნენ, კონკრეტულად რა ადგილზე კვეთს გაზსადენი მათ მიწის ნაკვეთს და სად მდებარეობს დაცვის ზონა, და ამით არც დაინტერესებულან, მათი უმოქმედობა მოსალოდნელი საფრთხის მიმართ მათ გულგრილ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, ამიტომ სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზიანი გამოწვეულია მოპასუხეების გაუფრთხილებელი მოქმედებით , რაც მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია .
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მილსადენი არ იყო მიწაში სათანადო სიღრმეში განთავსებული, რამაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დროს მისი დაზიანება გამოიწვია, რადგან ჯერ ერთი, მოპასუხეს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მილსადენი მიწაში სათანადო სიღრმეში არ არის განთავსებული, არ წარმოუდგენია და ასეთი რამ არც საქმის მასალებით დასტურდება. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც , მოპასუხის პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება , რადგან დადგენილია, რომ სი--- კა--ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, სადაც 2016 წლის 10 ნოემბერს თა---- კა--ძემ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩაბარების დროს დააზიანა მილსადენი, დაცვის პირველ ზონაში მდებარეობს, სადაც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #365 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესი და მათი დაცვის ზონების შესახებ“ მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის ა) და ბ) პუნქტების შესაბამისად, იკრძალება ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და მიწის სამუშაოები, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების გამოყენება, ოპერატორის წინასწარი თანხმობის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში მილსადენის დაზიანება გამოიწვია სწორედ დაცვის პირველ ზონაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობამ და ტექნიკის გამოყენებამ, რაზეც მიწათმოსარგებლეს წინასწარი წერილობითი თანხმობა არ ჰქონია და არა მიწაში მილსადენის განთავსების სიღრმემ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს, როგორც მიწათმოსარგებლეს, რომლის მიწის ნაკვეთი მაგისტრალური მილსადენის დაცვის პირველ ზონაში მდებარეობს, დარღვეული აქვს დაცვის ზონაში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წესი, ამიტომ მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს დაცვის ზონაში წარმოებული საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანი.
ამავე დროს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდანაც ადგილი ჰქონდა მაგისტრალური მილსადენის ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შპს ,,საქართველოს გა------------------------ის კომპანია" ოპერატორ კომპანიას წარმოადგენს, მას მინიჭებული აქვს მაგისტრალური მილსადენის ექსპლუტაციის უფლება, და იმავდროულად გაზსადენის ექსპლუატაციის უსაფრთხო პირობების შექმნა ევალება, რისთვისაც მას ჰყავს სათანადოდ განსწავლული პერსონალი და ფლობს შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც აუცილებელია მაგისტრალური მილსადენის მართვის, მომსახურებისა და უსაფრთხო მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გაზსადენი მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტია, ამიტომ მისი დაცვის წესები და დაცვის ზონების რეგულირების პირობები შესაბამისი ნორმატიული აქტითაა დადგენილი. ამ ნორმების მიზანი სწორედ გაზსადენიდან მომდინარე, ასევე მის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების თავიდან აცილებაა და ამ მიზანს ემსახურება დაცვის ზონების განსაზღვრა და რეგულირების განსხვავებული პირობების დადგენა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გა------------------------ის კომპანიის მიერ მაგისტრალური გაზსადენის ექსპლუატაციის წესების დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ დარღვეულია მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში მოქმედი შეზღუდვები და რეგულირების პირობები, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #365 დადგენილებით დამტკიცებული ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლის 15 პუნქტი, რომლის მიხედვით, მაგისტრალური მილსადენების გასწვრივ აუცილებელია მოეწყოს მიმანიშნებელი ბოძები, ხოლო მაღალი საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე აგრეთვე ფირნიშიანი ბოძები, რომლებზეც დაიტანება დაცვის ზონის პარამეტრები, მაგისტრალური მილსადენების ოპერატორის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.
მოცემულ შემთხვევაში მაღალი საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე არ ყოფილა განთავსებული ფირნიშიანი ბოძები, რომლებზეც დატანილი იქნებოდა დაცვის ზონის პარამეტრები, მაგისტრალური მილსადენების ოპერატორის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე დარღვეულია ამავე წესის 6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევით აწარმოებს საქმიანობას, მაგისტრალური მილსადენის ოპერატორმა უნდა მოითხოვოს აღნიშნული საქმიანობის
დაუყოვნებლივ შეჩერება და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ აცნობოს
ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, ასევე მშენებლობის ნებართვის
გამცემ შესაბამის ორგანოს. აღნიშნული წარმოადგენს ოპერატორის ვალდებულებას , რაც დაცვის ზონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები წლების განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწეოდნენ დაცვის 1 ზონაში შემავალ მიწის ნაკვეთზე, ოპერატორის წერილობითი თანხმობის გარეშე, რაც თავად მოპასუხის ახსნა-განმარტების გარდა, მოწმედ დაკითხული გა------------------------ის კომპანიის გუ-------ის სამსახურის თანამშრომლების-ალ---------- მა-----–--ლის და ერ---–- გრ---–-----–--ლის ჩვენებითაც დასტურდება, და ეს ქმედება ოპერატორი კომპანიის მიერ აღკვეთილი არ ყოფილა, შესაბამისად, დარღვეულია მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში მოქმედი რეგულირების წესი, რამაც ზიანის წარმოშობას შეუწყო ხელი.
3.2.2. სასამართლო თვლის, რომ მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებული მონაკვეთიდან გაფრქვეული ბუნებრივი აირის და მილსადენის აღდგენის ხარჯების ღირებულებაა 12 583,08 ლარი.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2016 წლის 10 ნოემბერს საქართველოს გა------------------------ის კომპანიის გუ-------ის სამსახურის უფროსის ე. გრ---–-----–--ლის, წამყვანი სპეციალისტის გ. სო------–-–--ლის, უსაფრთხოების სპეციალისტის ალ. მა-----–--ლის , სოფელ კაჭრეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომლის გო-- ზა------–--ლის და თავად მოპასუხე თა---- კა--ძის მონაწილეობით შედგენილი აქტით და იმავე დღეს, საქართველოს გა------------------------ის კომპანიის საგურამოს სახაზო საექსპლუატაციო ფილიალის გუ-------ის სახაზო-საექსპლუატაციო სამსახურის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტის- ა. მა-----–--ლის, ოსტატების: გ. გა-----ძის და ვლ. შა-----ძის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ 2016 წლის 10 ნოემბერს რუსთავი-თელავი ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის დ-150მმ ჩა-–-----ის განშტოების 70,0/-0,02 კმ-ზე დაზიანების თაობაზე ოპერატორთან შეტყობინება შევიდა 11.50 სთ. ავარიულმა ბრიგადამ განშტოების ურდული გადაკეტა 12.25 საათზე. გაზის გაჟონვა 14.2 სმ-ის დიამეტრის ხვრელიდან 6,6 კგძ/სმ 2 წნევაზე 35 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ავარიის დროს გაზის დანაკარგმა შეადგინა დაახლოებით 28.500 მ3 . დაზიანების ლიკვიდაციის შემდეგ მოხდა 800 მ-იანი სიგრძის დ-150 მმ დიამეტრის გაზსადენის მონაკვეთის გაქრევა. გაქრევის შედეგად გაზის დანაკარგმა შეადგინა 86 მ3 . გაზის მთლიანმა დანაკარგმა შეადგინა დაახლოებით 28.600 მ3 . აღდგენითი სამუშაოები დასრულდა იმავე დღეს, 17.30 საათზე და აღდგა გაზის მიწოდება. .
გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, გაფრქვეული გაზის ღირებულებაა 12088.08 ლარი (28600*0.42), ხოლო მილის აღსადგენად საჭირო სამუშაოების ღირებულება 450 ლარი. საერთო ჯამში ხარჯების ღირებულება შეადგენს 12 583.08 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- აქტის ასლი, ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ 28-29)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მაგისტრალური გაზსადენის დაზიანება გამოიწვია მხარეთა მიერ როგორც გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის, ასევე გაზსადენიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილების წესების დარღვევამ, რის გამოც ზიანზე პასუხისმგებლობა ზიანის მიმყენებელსა და დაზარალებულს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 412-ე, 408-ე, 409-ე, მე-1000, 415-ე, 998-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს დელიქტიდან წამოშობილი ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, შესაბამისად, მოთხოვნის საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს დელიქტური პასუხისმგებლობის ძირითად საფუძვლებს. ამ ნორმის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
აღნიშნულ ნორმებით განსაზღვრულია ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის ოთხი აუცილებელი პირობა, რომელთა ერთობლიობა წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. კერძოდ, უნდა დადასტურდეს ზიანის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანის მიმყენებლის ბრალი, მიზეზობრივი კავშირი მოვალის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ შპს ”საქართველოს გა------------------------ის კომპანიის” სარგებლობაში არსებული მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა მოპასუხეების მიერ დაცვის 1 ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებით მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს, რამაც ჰაერში გაზის გაფრქვევა გამოიწვია, შესაბამისად, მოსარჩელემ განიცადა ზიანი როგორც გაზის გაფრქვევის, ასევე მილსადენის აღდგენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამ ნორმის მიხედვით, კრედიტორს მიეცემა ფულადი ანაზღაურება, თუ ნივთის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია ან ნივთის აღსადგენად საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამ ნორმით მიხედვით ანაზღაურდება ის ზიანი, რომლის დადგომა მოვალეს წინასწარ შეეძლო ევარაუდა და წარმოადგენს მისი ქმედების უშუალო შედეგს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. 2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. ამ ნორმის მიხედვით, დამდგარი ზიანისათვის პასუხისმგებლობა გარდა ზიანის მიმყენებლის ბრალისა, დამოკიდებულია დაზარალებულის ქმედებაზე იმ შემთხვევაში, თუ ზიანის დადგომაში დგინდება დაზარალებულის ბრალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით.
ამ ნორმის მიხედვით მომეტებული საფრთხის მქონე ნივთს წარმოადგენს არა მხოლოდ მაგისტრალური გაზსადენი, არამედ ის მიწის ნაკვეთიც, რომელშიც მაგისტრალური გაზსადენი გადის, ამიტომ საფრთხის შემცველი ნივთის მფლობელია როგორც შპს ”საქართველოს გა------------------------ის კომპანია” რომელსაც მილსადენის უსაფრთხო ექსპლუატაცია ევალება, ასევე მიწათმოსარგებლე , ვისაც საკუთრებაში ან სარგებლობაში აქვს მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და/ან სხვა უძრავი ქონება, ამიტომ მოპასუხეები ვალდებული იყვნენ დაეცვათ
როგორც გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის, ასევე გაზსადენიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილების წესები, შესაბამისად, მოპასუხეები ვალდებული იყვნენ დაეცვათ დაცვის ზონაში ტექნიკის გამოყენებით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წესი, რაც შესაბამისი ნორმატიული აქტითაა დადგენილი, კერძოდ, მიწათმოსარგებლეს ასეთი სამუშაოების ჩატარების უფლება მხოლოდ ოპერატორის წინასწარი წერილობითი თანხმობით აქვს, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების მიერ დაცული არ ყოფილა, რამაც გამოიწვია მაგისტრალური მილსადენის დაზიანება და გაზის გაფრქვევა.
სამოქალაქო კოდექსის 998. მუხლის 1 ნაწილით, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის, რომელშიც გაზსადენი გადის, მესაკუთრეა სი--- კა--ძე, ხოლო მიწის ნაკვეთი მფლობელობაში ჰქონდა და დადგენილი წესის დარღვევით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას აწარმოებდა თა---- კა--ძე, ამიტომ მათ პასუხისმგებლობა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდანაც ადგილი ჰქონდა მაგისტრალური მილსადენის ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #365 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესის და მათი დაცვის ზონების შესახებ“
მე-4 მუხლის 15 პუნქტით, მაგისტრალური მილსადენების გასწვრივ აუცილებელია მოეწყოს მიმანიშნებელი ბოძები, ხოლო მაღალი საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე აგრეთვე ფირნიშიანი ბოძები, რომლებზეც დაიტანება დაცვის ზონის პარამეტრები, მაგისტრალური მილსადენების ოპერატორის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე დარღვეულია ამავე წესის 6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევით აწარმოებს საქმიანობას, მაგისტრალური მილსადენის ოპერატორმა უნდა მოითხოვოს აღნიშნული საქმიანობის დაუყოვნებლივ შეჩერება და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ აცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, ასევე მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს. აღნიშნული წარმოადგენს ოპერატორის ვალდებულებას , რაც დაცვის ზონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. შესაბამისად, დარღვეულია მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში მოქმედი რეგულირების წესი, რამაც ზიანის წარმოშობას შეუწყო ხელი, ამიტომ ზიანზე პასუხისმგებლობა ზიანის მიმყენებელსა და დაზარალებულს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარის ანაზღაურება, ხოლო დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი რჩება ხაზინაში
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს ,,საქართველოს გა------------------------ის კომპანიის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;
2. სი--- კა--ძეს და თა---- კა--ძეს სოლიდარულად დაეკისროთ 6291,54 ლარის გადახდა, შპს ,,საქართველოს გა------------------------ის კომპანიის” სასარგებლოდ;
3. სი--- კა--ძეს და თა---- კა--ძეს დაეკისროს შპს ,,საქართველოს გა------------------------ის კომპანიისათვის” სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 188,74 ლარის გადახდა; სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახ. ბაჟი გადახდილია წინასწარ .
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი