განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-----–----–---–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–---- ბ---------- ძე ნ-----ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ს-----------, სოფელი დ-----------ში.
ადვოკატი - თ------ ხ--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის), 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2004 წლიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე ა-–---- ნ-----ე და მ------ ტ------–---–ი ცხოვრობდნენ ერთად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ა-–---- ნ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მ------ ტ------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
1.2. 2018 წლის 10 ივნისს, გვიან ღამით, ა-–---- ნ-----ე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა თბილისში, ი-–------ის ქუჩა მ-----------–--–-- #15-ში, მ------ ტ------–---–ის საცხოვრებელ სახლში, შევიდა სააბაზანო ოთახში, სადაც იმყოფებოდა მისი ყოფილი მეუღლე მ------ ტ------–---–ი და სთხოვდა შერიგებას, ხოლო უარის მიღების შემდეგ სახეზე რამდენჯერმე მოუჭირა ხელი, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
1.3. ფიზიკური ძალადობის შემდეგ მ------ ტ------–---–ი გავიდა მისაღებ ოთახში, სადაც მას გაჰყვა ა-–---- ნ-----ე და სამზარეულოს ოთახიდან აღებული დანის დემონსტრირებით დაემუქრა. მ------ ტ------–---–მა აღნიშნული მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან იფიქრა, რომ ა-–---- ნ-----ე მას სიცოცხლეს მოუსპობდა ან ჯანმრთელობის დაზიანებას მიაყენებდა, რის გამოც დახმარებისთვის მიმართა პოლიციას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ჩადენილი არაერთგზის და მუქარა
2.1. 2018 წლის 10 ივნისს, 01:13 საათზე პოლიციის განყოფილებაში ელ-სმენით შევიდა შეტყობინება (რეგისტრაციის #1------), შეტყობინების ინიციატორი - მ------ ტ------–---–ი ითხოვდა დახმარებას, ოჯახში ხორციელდებოდა ძალადობა, ყოფილი ქმარი მიუვარდა სახლში. დამატებითი შეტყობინების მიხედვით, რომელიც იმავე ღამეს 03:43 საათზე დაფიქსირდა პოლიციაში, პირველად შეტყობინებას ინფორმაციულად დაემატა მუქარის თემაც.
2.2.დაზარალებულ მ------ ტ------–---–ის ჩვენებით, დაახლოებით 13 წლის განმავლობაში იყო ა-–---- ნ-----ის მეუღლე. 2017 წელს ა-–---- ნ-----ე სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ მ------ ტ------–---–ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ამ მოვლენების გამო ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. 2018 წლის 10 ივნისს, გვიან ღამით, მ------ ტ------–---–თან სახლში მივიდა ყოფილი მეუღლე ა-–---- ნ-----ე, დაზარალებულმა სახლის კარი არ გაუღო. ამის შემდეგ ბრალდებულმა სააბაზანო ოთახის ფანჯრიდან შეაღწია მ------ ტ------–---–ის სახლში და სთხოვდა შერიგებას, დაზარალებული შერიგებაზე უარს ეუბნებოდა. დაზარალებულის ამ პოზიციით განაწყენებულმა ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე მოუჭირა ხელი მ------ ტ------–---–ს სახეში, შედეგად დაზარალებულმა იგრძნო ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობის შემდეგ შერიგების მოთხოვნა გაგრძელდა სხვა ოთახში, ა-–---- ნ-----ემ, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, სამზარეულოდან აიღო დანა და რამდენჯერმე მოიქნია. დაზარალებულს ძალიან შეეშინდა მოქნეული დანის და დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. პოლიცია მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე და ა-–---- ნ-----ე დააკავეს.
2.3.სასამართლოში დაზარალებულის დაკითხვის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გარკვეული გარემოებების: ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდის და მუქარის რეალურობის დაზუსტების მიზნით გამოქვეყნდა მ------ ტ------–---–ის გამოკითხვის ოქმი. დაზარალებულმა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის სიზუსტე. ოქმის მიხედვით დამატებით დადგინდა ოჯახში ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტები. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან ,,...ვბანაობდი, რა დროსაც აბაზანაში არსებული ფანჯრიდან, რომელიც იყო ღია მდგომარეობაში, ჩემთვის მოულოდნელად შემოიპარა ჩემი ყოფილი მეუღლე ა-–---- ნ-----ე, ფანჯრიდან შემოიპარა თუ არა, დამიწყო საუბარი კვლავ შერიგებაზე, რაზეც კატეგორიული უარი განუცხადე. ჩემს უარზე ა-–----მ, რომელიც იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში ხმამაღლა დამიწყო ყვირილი, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, მაგინებდა დედის მისამართით შერიგებაზე უარის თქმის გამო, და თან დამიწყო ლოყაზე მტკივნეულად ხელის მოჭერა, რომლის მოთმენაც შეუძლებელი იყო და აბაზანის ოთახიდან გავედი მისაღებ ოთახში..., ...ა-–---- ნ-----ემ სამზარეულო ოთახში ჩვენი სახლის პურის საჭრელი ყავისფერი ხისტარიანი დანა, რომელიც მომარჯვებული ჰქონდა მარჯვენა ხელში, ჩემს წინ შესაშინებლად დაიწყო აღნიშნული დანის დემონსტრირება, კერძოდ, იქნევდა და თავისი აზრით ცდილობდა ჩემს შეშინებას, რომ დავთანხმებოდი მის წინადადებას, ანუ შერიგებას..., ...ვინაიდან ა-–---- იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და დანის დემონსტრირებით ცდილობდა ჩემს შეშინებას, ვიფიქრე, რომ რაიმე დაზიანება არ მოეყენებინა ჩემთვის და სახლის ტელეფონის საშუალებით მოვახერხე 112-ში დარეკვა და ოპერატორს მოვახსენე ჩემს მიმართ ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებული მუქარისა და ძალადობის ფაქტზე...“
2.4. დაზარალებულის დედის მოწმე ჟ--–---- ტ------–---–ის ჩვენებით, მ------ ტ------–---–ი და ა-–---- ნ-----ე 2017 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, დაშორების მიზეზი იყო კონფლიქტი, ჩხუბი, ეჭვიანობა. 2018 წლის 10 ივნისს, გვიან ღამით, აბაზანიდან გაიგონა ხმაურის ხმა. მ------ ტ------–---–მა უთხრა, რომ სააბაზანო ოთახის ფანჯრიდან უყურებდა ა-–---- ნ-----ე. ცოტა ხანში ა-–---- ნ-----ე მიაწვა სახლის შემოსასვლელ კარს, რომელიც არ გაუღეს, ამის შემდეგ იგი სააბაზანო ოთახის ფანჯრიდან შევიდა სახლში. მოწმე ჟ--–---- ტ------–---–ის ჩვენებით, მას შემდეგ რაც ა-–---- ნ-----ემ შეაღწია სახლში, მას ესმოდა ყოფილ მეუღლეებს შორის ჩხუბის ხმა. მოწმის ჩვენებით, ა-–---- ნ-----ე მის მიმართაც გამოხატავდა სიტყვიერ აგრესიას, აგინებდა, ამიტომ შევიდა თავის ოთახში და არ გამოსულა, თუმცა ოთახიდან ესმოდა ა-–---- ნ-----ის ხმა, იგი მ------ ტ------–---–ს ეუბნებოდა ან მოგკლავ ან უნდა შემირიგდეო. ცოტა ხანში შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია და ა-–---- ნ-----ე დააკავეს. მოწმის განმარტებით, ა-–---- ნ-----ის დაკავების შემდეგ, გამომძიებელმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და მ------ ტ------–---–ის მითითებით ამოიღო ის დანა, რომლითაც ა-–---- ნ-----ე დაზარალებულს ემუქრებოდა.
2.5.თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის შ--–-- მ------ის ჩვენებით დადგინდა, 2018 წლის 10 ივნისს, გვიან ღამით, მორიგეობის დროს, რადიოკავშირით მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მეწყვილესთან კ---- გ---------ესთან ერთად, შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 5 წუთში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა ა-–---- ნ-----ე, რომელიც იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და მეუღლეს მ------ ტ------–---–ს მოწმის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თან ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუკი არ შეურიგდებოდა. მ------ ტ------–---–ი იყო აღელვებული და ძალიან შეშინებული. დაზარალებულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს განუცხადა, რომ ა-–---- ნ-----ე სააბაზანო ოთახის ფანჯრიდან შევიდა მ------ ტ------–---–ის სახლში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დანის საშუალებით ემუქრებოდა. მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის და სამართალდამცავთა თვალთახედვის არეში განვითარებული მოვლენების გამო მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბრალდებულის ადგილზე დაკავების შესახებ.
2.6.თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ---- გ---------ემ ჩვენებაში განაცხადა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში, ელსმენით მიიღო შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე. შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 5 წუთში, მეწყვილესთან შ--–-- მ------თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც დანაშაულზე წასწრების გამო დააკავა ა-–---- ნ-----ე. მოწმის ჩვენებით, მისი თანდასწრებით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა-–---- ნ-----ე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს, ემუქრებოდა რომ მოკლავდა, თუკი არ შეურიგდებოდა, გარდა ამისა ფიზიკურად იწევდა დაზარალებულისკენ. კ---- გ---------ის ჩვენებით, დაზარალებული იყო შეშინებული, აღელვებული და ტიროდა, თან ამბობდა, რომ ბრალდებული სარკმლიდან შეძვრა სახლში, მიუშვირა დანა და ემუქრებოდა მოკვლით.
2.7.ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 10 ივნისს 01:20 საათზე, ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტზე, დანაშაულზე წასწრების გამო დაკავებულ იქნა ა-–---- ნ-----ე. საყურადღებოა, რომ დაზარალებულის მხრიდან პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება შევიდა 01:13 საათზე, პოლიციის თანამშრომლები დაკავების ოქმის მიხედვით 01:20 საათზე უკვე იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, მათ ფაქტობრივად წაასწრეს ბრალდებულს დანაშაულის ჩადენისას, ამდენად, სრულიად ბუნებრივია, რომ მსხვერპლი პოლიციელების მისვლის დროს ჯერ კიდევ იყო აღელვებული, შეშინებული, ტიროდა და მისი ეს ემოციური ფონი იყო ფიზიკური ძალადობის და მუქარის შედეგი.
2.8. საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, გამომძიებელმა ჯ---- ბ-------–-ამ დანაშაულის კვალის და საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის მიზნით ექსპერტებთან და მ------ ტ------–---–თან ერთად ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. მოხდა ამ პროცესის დასურათება და ელექტრონულ დისკზე აღბეჭდვა. ფოტოილუსტრაციის და ელექტრონული დისკის ჩანაწერის მიხედვით შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში დაზარალებულმა გამომძიებელს მიუთითა სააბაზანო ოთახის იმ ფანჯარაზე, საიდანაც ა-–---- ნ-----ე შევიდა მ------ ტ------–---–ის სახლში. ასევე მიუთითა დანაზე, რომელიც ა-–---- ნ-----ემ მუქარის ხერხად გამოიყენა. დაზარალებულის მითითების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედების დროს ამოღებულ იქნა ნივთიერი მტკიცებულება - დანა.
2.9. სასამართლო სხდომაზე თვალსაჩინოებისათვის დათვალიერდა ა-–---- ნ-----ის მიერ მუქარის ჩასადენად გამოყენებული საგანი - დანა, რომელიც არის საყოფაცხოვრებო დანიშნულების და ვიზუალით სრულად ემთხვევა დაზარალებულის მიერ აღწერილ დანას.
2.10. გამომძიებელმა ჯ---- ბ-------–-ამ ჩვენებაში განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. მყისიერად გამოიკითხა დაზარალებული, რომელმაც დაადასტურა ყოფილი მეუღლის მიერ მის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტი. იმავე დღეს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მ------ ტ------–---–მა გამომძიებელს მიუთითა სააბაზანო ოთახის იმ ფანჯარაზე, საიდანაც სახლში შეაღწია ა-–---- ნ-----ემ და განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მუქარა მეუღლის მ------ ტ------–---–ის მიმართ, ასევე დაზარალებულის მითითებით ამოღებული იქნა დანა, რომლის დემონსტრირებითაც ა-–---- ნ-----ე ემუქრებოდა ყოფილ მეუღლეს. ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესი.
2.11.2018 წლის 1 ივლისს, შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის ვითარების აღდგენის მიზნით ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულთან მ------ ტ------–---–თან. დაზარალებულმა აღწერა პროცესი, თუ რა გარემოებაში, რომელი ოთახის სარკმლიდან შეაღწია ა-–---- ნ-----ემ დაზარალებულის სახლში. დაზარალებულმა მიუთითა, რომ სააბაზანო ოთახის სარკმლიდან შესულმა მისმა ყოფილმა მეუღლემ მოსთხოვა შერიგება, უარის მიღების შემდეგ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მტკივნეულად უჭერდა ხელს ლოყაზე, ძალადობის შემდეგ დაზარალებული გავიდა სამზარეულოს ოთახში, სადაც გაჰყვა ბრალდებული და სამზარეულოს დანის დემონსტრირებით დაემუქრა, თუ არ შეურიგდებოდა.
2.12. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტი გ------- უ-------–--ე, რომელმაც დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების -საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე. მოწმის ჩვენებით საგამოძიებო ექსპერიმეტი ჩატარდა დაზარალებულთან შემთხვევის ადგილზე, დაზარალებული ნებაყოფლობით აღწერდა პროცესს, თუ რომელი სარკმლიდან შევიდა ბრალდებული დაზარალებულის სახლში, საიდან აიღო დანა და რა მოქმედება განახორციელა დანით. დაზარალებულმა მიუთითა სააბაზანო ოთახის სარკმელზე და განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნული სარკმლიდან შეაღწია ბრალდებულმა სახლში, ასევე მიუთითა სამზარეულოს დანაზე და განმარტა, რომ მის მიერ მითითებული დანით ბრალდებული დაემუქრა.
2.13. ზემოთდასახელებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ძალადობის და მუქარის მატერიალური ფაქტი.
2.14. სასამართლომ ა-–---- ნ-----ის ბრალის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების კვალდაკვალ შეაფასა დაცვის მხარის ქვემოთ მოყვანილი არსებითი არგუმენტები და თითოეულ ამ არგუმენტთან მიმართებაში დაასკვნა:
2.14.1. დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულს ბრალდებულის მხრიდან ლოყაზე მრავალჯერადი ხელის მოჭერით ტკივილი არ განუცდია არ შეესაბამება სიმართლეს. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ------ ტ------–---–მა დაადასტურა მოძალადის ქმედებით განცდილი ფიზიკური ტკივილი და ტკივილის ხარისხიც კი რამდენჯერმე დააზუსტა, კერძოდ განმარტა, რომ საკმაოდ ეტკინა ლოყაზე ხელის მოჭერა, თუმცა ეს არ იყო ძალიან მტკივნეული. ფიზიკური ტკივილის განცდა, გარდა სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა, დასტურდება დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, რომლის სისწორეც მ------ ტ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან, ა-–---- ნ-----ემ ,,დამიწყო ლოყაზე მტკივნეულად ხელის მოჭერა, რომლის მოთმენაც შეუძლებელი იყო და აბაზანის ოთახიდან გავედი მისაღებ ოთახში...“. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების მიხედვით, დაზარალებული გამომძიებელს დაბეჯითებით უთითებდა, რომ ა-–---- ნ-----ე მტკივნეულად უჭერდა ხელს ლოყაზე. აქვე საგულისხმოა, რომ ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის არ არის სავალდებულო, ფიზიკურმა შეურაცხყოფამ გამოიწვიოს განსაკუთრებული ხარისხის ტკივილი. ძალადობის შედეგად ნებისმიერი მასშტაბის ფიზიკური ტკივილის განცდა, საკმარისია ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის.
2.14.2.დაცვის მხარის მითითება მასზედ, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ა-–---- ნ-----ის მიერ დანის დემონსტრირებით მუქარის ჩადენა, ვინაიდან ამოღებულ დანაზე ბრალდებულის თითის კვლების აღმოჩენის მიზნით არ ჩატარებულა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. დაზარალებულ მ------ ტ------–---–ის ჩვენებით ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ა-–---- ნ-----ე მუქარის დროს, მუქარის უფრო მეტი დამაჯერებლობის და რეალურობისთვის ახდენდა დანის დემონსტრირებას რითაც ცდილობდა მსხვერპლის დაშინებას. დანის დემონსტრირებაზე მსხვერპლი მითითებას აკეთებდა არა მხოლოდ დაკითხვის და გამოკითხვის დროს, არამედ შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის პროცესშიც. გამომძიებლის ჯ---- ბ-------–-ას და ექსპერტ-კრიმინალისტის გ------- უ-------–--ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა სწორედ ის დანა, რომელზედაც თავად მსხვერპლი უთითებდა. რაც შეეხება დანაზე ექსპერტიზის ჩაუტარებლობას, გამომძიებელმა ჯ---- ბ-------–-ამ დასაბუთებულად ახსნა თუ რატომ არ მოხდა დანაზე ექსპერტიზის ჩატარება - დანა იდო მაგიდაზე რომლის ზედაპირიც იყო სველი, გარდა ამისა, დანაშაულებრივი ფაქტის შემდეგ დანაზე შეხება ჰქონდათ ოჯახის წევრებს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დანასთან შემხებლობა დაადასტურა ჟ--–---- ტ------–---–მა. მოწმის ჩვენებით, მ------ ტ------–---–ის და ა-–---- ნ-----ის არასრულწლოვანი შვილის თხოვნით დამალა დანა, არასრულწლოვანს თავის მხრივ დანის გადამალვა სთხოვა მამამ ა-–---- ნ-----ემ. დაცვის მხარის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მოხდა არასრულწლოვნის გამოკითხვა დანის გადამალვასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის გამოკითხვა უნდა მოხდეს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, როგორც დაზარალებულმა მ------ ტ------–---–მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო არასრულწლოვნის გამოკითხვის, ვინაიდან ბავშვი უშუალოდ არ შესწრებია ძალადობას და მუქარას, ხოლო რაც შეეხება დანის გადამალვის თემას, დაკითხვას შესაძლოა გამოეწვია არასრულწლოვნის სტრესი. გამომძიებელმა ჯ---- ბ-------–-ამ დაადასტურა, რომ დაზარალებულის და ბრალდებულის შვილის გამოკითხვა არ მოხდა იმის გამო, რომ დედა იყო წინააღმდეგი. სასამართლო არ გამორიცხავს, რომ არასრულწლოვნის დაკითხვას შესაძლოა მეორეული ვიქტიმიზაცია გამოეწვია, ვინაიდან წარსულში ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ბავშვი ერთხელ უკვე მონაწილეობდა მართლმსაჯულების პროცესში (2017 წლის 2-------- განაჩენის მიხედვით ოჯახური ძალადობა ჩადენილი იქნა არასრულწლოვნის თანდასწრებით).
2.14.3.სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, თითქოს არ არსებობს მუქარის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი, - მსხვერპლის აღქმაში მუქარის რეალურობასთან დაკავშირებით. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ დაზარალებულმა მ------ ტ------–---–მა სასამართლო სხდომაზე ნამდვილად განაცხადა, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროისთვის მუქარას რეალურად არ აღიქვამს, თუმცა მისი ეს განმარტება, ვერ განიხილება მუქარის გამომრიცხველ გარემოებად. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია მუქარის ადრესატს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდეს უშუალოდ მუქარის პროცესში. დაზარალებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, გვიან ღამით, დაზარალებულის სახლში ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, ფანჯრიდან შეჭრილი ყოფილი მეუღლე ა-–---- ნ-----ე კატეგორიულად მოითხოვდა მასთან შერიგებას, უარის მიღების შემდეგ სახეზე მტკივნეულად, რამდენჯერმე მოუჭირა ხელი და კვლავ მოსთხოვა შერიგება, კიდევ ერთხელ უარის მიღების შემდეგ ა-–---- ნ-----ემ სამზარეულოში აიღო დანა, მსხვერპლის წინ რამდენჯერმე მოიქნია და დანის დემონსტრირებით კვლავ გააგრძელა შერიგების მოთხოვნა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირისგან დანის დემონსტრირება რომელსაც წინ უძღოდა სარკმლიდან სახლში შეღწევა და ფიზიკური ძალადობა, დაზარალებულში ობიექტურად გააჩინა საფუძვლიანი შიში იმისა, რომ მისი სიცოცხლის ხელყოფა ან ჯანმრთელობის დაზიანება იმდროისთვის იყო რეალური. ციტატა დაზარალებულის სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან ,,ა-–---- ნ-----ის მუქარის იმ წამს რა თქმა უნდა შემეშინდა, მაგრამ ახლა აღარ, დანას რომ იღებს ადამიანი გეშინია..., ...იმ წამს შემეშინდა ძალიან..., ... შემეშინდა იმ დროს, როცა ხელში დანა ეჭირა..., ...მითხრა მოგკლავ...“.
2.14.4.დაცვის მხარე გამორიცხავს ა-–---- ნ-----ის მიერ დაზარალებულის სახლში სააბაზანო ოთახის ფანჯრიდან შეღწევას და მიიჩნევს, რომ იმ მასშტაბის სარკმელში, რომელიც აღბეჭდილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმეტის ოქმში, ა-–---- ნ-----ე ვერ შეეტეოდა, ამ შემთხვევაშიც დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტი გაზიარებული არ იქნა. პირები (მ------ ტ------–---–ი და ჟ--–---- ტ------–---–ი) რომლებიც ა-–---- ნ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდნენ სახლში დამაჯერებლად აცხადებენ, რომ ა-–---- ნ-----ეს სახლის კარი არ გაუღეს, რის შემდეგაც ბრალდებული სააბაზანო ოთახის სარკმლიდან შევიდა სახლში. დაზარალებული მ------ ტ------–---–ი, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა სააბაზანო ოთახში, სასამართლო სხდომაზე, ისევე როგორც გამოკითხვის და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დეტალურად აღწერს თუ როგორ შეაღწია ა-–---- ნ-----ემ ფანჯრიდან სახლში. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა ფოტოილუსტრაცია როგორც ელექტრონულ დისკზე, ასევე ფურცლებზე, ფოტოებში აღბეჭდილია სარკმლის გაბარიტები. ფანჯრის ვიზუალური გაბარიტის და ბრალდებულის აღნაგობის მხედველობაში მიღებით სარწმუნოა დაზარალებულის ჩვენება, რომ ა-–---- ნ-----ემ სააბაზანო ოთახის სარკმლიდან შეაღწია მსხვერპლის სახლში. რაც შეეხება ფანჯარამდე მისასვლელ გზას, ფოტოილუსტრაციაზე ასევე აშკარად ჩანს, რომ სარკმელთან არის ლითონის კონსტრუქციის კიბე, და სწორედ ამ კიბის საშუალებით იყო შესაძლებელი სარკმელში შეღწევა.
2.15. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, გვიან ღამით, ა-–---- ნ-----ე მივიდა თბილისში, ი-–------ის ქუჩა მ-----------–--–-- #15-ში, მ------ ტ------–---–ის საცხოვრებელ სახლში, შევიდა სააბაზანო ოთახში, სადაც იმყოფებოდა მისი ყოფილი მეუღლე მ------ ტ------–---–ი და სთხოვდა შერიგებას, ხოლო უარის მიღების შემდეგ სახეზე რამდენჯერმე მოუჭირა ხელი და მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ფიზიკური ძალადობის შედეგად მ------ ტ------–---–მა განიცადა ტკივილი, რაც მიუთითებს დანაშაულის შემადგენლობის მნიშვნელოვან კომპონენტზე - ფიზიკურ ტკივილზე. რაც შეეხება ბრალდებულ ა-–---- ნ-----ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ჩადენილი არაერთგზის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2-------- და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენებით ა-–---- ნ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. ა-–---- ნ-----ემ განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის პერიოდში ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, რის გამოც სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა.
2.16.სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მ------ ტ------–---–ის ჩვენების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ფიზიკური ძალადობის ჩადენის შემდეგ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი მეუღლის ა-–---- ნ-----ის მიერ დანის დემონსტრირებით შერიგების კატეგორიული მოთხოვნა, მსხვერპლში ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში. მსხვერპლის ემოციური მდგომარეობა აღწერილი პოლიციელების ჩვენებაში, ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მუქარა რეალურად იქნა აღქმული. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის გარეგნული ფორმა - შერიგების მოთხოვნა დანის მრავალჯერადი დემონსტრირებით, ასევე სასამართლო ხაზს უსვამს დაზარალებულ მ------ ტ------–---–ის და ჟ--–---- ტ------–---–ის ჩვენებებში გადმოცემულ მუქარის შინაარს ,,თუ არ შემირიგდები მოგკლავ“. მიუხედავად იმისა, რომ მუქარის შინაარსი იყო ,,მოგკლავ“, ამის მიუხედავად არ არის აუცილებელი მუქარა გამოიხატებოდეს ვერბალური ფორმით, სიტყვებით, რომ მსხვერპლს აუცილებლად მოკლავენ ან ჯანმრთელობას დაუზიანებენ, შერიგების კატეგორიული მოთხოვნა დანის დემონსტრირებით და თან იმ პირის მიერ, რომელიც წარსულში ნასამართლევია მსხვერპლის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის, იმყოფება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ (ალკოტესტის ოქმის მიხედვით დაუდგინდა 0,820 პრომილე), არის აგრესიული და მეტად უჩვეულო და საშიში ხერხით ფანჯრიდან შედის დაზარალებულის სახლში, ეს ყოველივე კუმულაციურად, ობიექტური კრიტერიუმის შეფასების თვალსაზრისით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსხვერპლს გააჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში თუკი ყოფილ მეუღლეს არ შეურიგდებოდა და სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე მან დარეკა პოლიციაში. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს - ამ შემთხვევაში სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მატერიალურ ფაქტს, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში - დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მუქარის განხორციელების დროს იმწამიერად ძალიან შეეშინდა, ნასვამი კაცის მხრიდან დანის დემონსტრირება დაშინების მიზნით მსხვერპლის გადმოცემით გაუთვალისწინებელი გარემოებების მომასწავებელი იყო. დაზარალებულის შიშზე მიუთითებენ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები შ--–-- მ------ი და კ---- გ---------ე, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ მათი თანდასწრებითაც განხორციელდა მუქარა, რის გამოც დაზარალებული იყო ძალიან შეშინებული, აღელვებული და ტიროდა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. იდენტურია განსახილველი შემთხვევაც, სასამართლოს შეფასებით დაზარალებულმა პოლიციას დასახმარებლად მიმართა მაშინ, როცა ჩათვალა რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და აუცილებელი იყო ბრალდებულის განრიდება შემთხვევის ადგილიდან - მსხვერპლის სახლიდან.
2.17.სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ბრალდებულმა - ა-–---- ნ-----ემ 2018 წლის 10 ივნისს ყოფილ მეუღლეს მ------ ტ------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოსპობით, თუკი ეს უკანასკნელი არ შეურიგდებოდა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა ბრალდებულ ა-–---- ნ-----ის მხრიდან ოჯახში ძალადობის და მუქარის ჩადენა. სასამართლოს შეფასებით მოძალადის ქმედებები არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა და მუქარა განახორციელა პირის მიმართ (ყოფილი მეუღლე), რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრებად.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.5. და ბოლოს, სასამართლო დასკვნის სახით აცხადებს, რომ ა-–---- ნ-----ის მიერ ჩადენილია ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ესე იგი ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა-–---- ნ-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის რეციდივი მუქარის ნაწილში, დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლე, დანაშაულის ხერხი (მსხვერპლთან ფანჯრიდან შეღწევა) და ქმედების ჩადენა გამოსაცდელი ვადის პერიოდში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------- განაჩენით ა-–---- ნ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა 2017 წლის 2-------- განაჩენი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირობით მსჯავრდებულის მიმართ ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. ა-–---- ნ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროისათვის - 2018 წლის 10 ივნისს, წინა განაჩენით დანიშნული გამოსაცდელი ვადა გასული არ იყო, შესაბამისად იგი ითვლება ნასამართლევ პირად, რის გამოც სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებაში სახეზა დანაშაულის რეციდივი.
5.4. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, კერძოდ იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 10 ივნისის შემთხვევა არ ყოფილა ბრალდებულის მხრიდან მსხვერპლის მიმართ ძალადობის პირველი ფაქტი, წარსულში ა-–---- ნ-----ე ნასამართლევია ოჯახში ძალადობისთვის და განესაზღვრა პირობითი მსჯავრი, ძალადობის მსხვერპლი წინა შემთხვევაშიც იყო მ------ ტ------–---–ი. ფაქტია, რომ პირობითი მსჯავრი ვერ აღმოჩნდა პრევენციული ხასიათის და ოჯახში იგივე პირის მიმართ კვლავ გაგრძელდა ძალადობა, უფრო დიდი მასშტაბის (ძალადობასთან ერთად ჩადენილია მუქარაც). ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის მოტივზე - ა-–---- ნ-----ე მსხვერპლისაგან მოითხოვდა შერიგებას, კატეგორიული უარის მიღების შემდეგ მან ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. დანაშაულის მოტივი, სასამართლოს გონივრულად აფიქრებინებს, რომ ძალადობის განმეორების საფრთხე რეალურია, თუკი არ მოხდება მოძალადის იზოლაცია მსხვერპლის ოჯახიდან და ზომიერად მკაცრი სასჯელით დასჯა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ძალადობის ჩადენის ხერხზეც - მტკიცებულებებით დადგინდა, მას შემდეგ რაც დაზარალებულმა ა-–---- ნ-----ეს სახლის კარი არ გაუღო, ეს უკანასკნელი სარკმლიდან შევიდა სახლში და ფიზიკურად იძალადა და დაემუქრა ყოფილ მეუღლეს. დანაშაულის ხერხი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსხვერპლი საკუთარ სივრცეშიც კი არ არის დაცული. სასამართლოს შეფასებით, სწორედ ზომიერად მკაცრმა სასჯელმა უნდა მოახდინოს სამართლიანობის აღდგენა და ა-–---- ნ-----ის დანაშაულებრივ ქმედებათა პრევენცია, ვინაიდან ბრალდებულის მიმართ წარსულში, წინა მსჯავრდების დროს გამოყენებულმა პირობითმა სასჯელმა ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა და მან კვლავ ჩაიდინა განზრახი კატეგორიის იგივე ხასიათის დანაშაული.
5.5. სასჯელის მიზნების უზრუნველყოფის მიზნით, დანაშაულის მასშტაბის და რეციდივის გათვალისწინებით აუცილებელია ა-–---- ნ-----ეს განესაზღვროს ზომიერად მკაცრი სასჯელი. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
5.6. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ა-–---- ნ-----ე იყო პრობაციონერი, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, დანა - განადგურდეს, ხოლო ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---- ნ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
2. ა-–---- ნ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა-–---- ნ-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
4.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------- განაჩენით დანიშნული 2 (ორი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და ა-–---- ნ-----ეს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით ა-–---- ნ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 ივნისიდან.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
დანა - განადგურდეს.
ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა