გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2018
საქმის ნომერი
330210017001931980
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13072-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი’’

წარმომადგენლები - ნი----------–---–ი, გი--------–-----ე

 

მოპასუხე - ლი---------–---–ი

წარმომადგენელი - იზ--------–----–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, მესაკუთრედ ცნობა, გირავნობის საგნის რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლი---------–---–ი ცნობილ იქნეს ავტომანქანის: მე------------ც C---- გამოშვების წელი - 2002, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - რუხი 1/8, სანომრე ნიშანი - W------, მესაკუთრედ.

 

1.2. ლი---------–---–ს სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს №55---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5677.07 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4 400 ლარი, პროცენტი - 177.07 ლარი და ჯარიმა - 1 100 ლარი.

 

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს გირავნობით დატვირთული ავტომობილი: მე------------ც C---- გამოშვების წელი - 2002, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - რუხი 1/8, სანომრე ნიშანი - W------.

 

1.4. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის მიზნით ვერ იქნება მოძიებული გირავნობის საგანი (აღსრულების ეტაპზე მოძიებისას ავტომობილი არის განადგურებული, დაზიანებული ან/და მისი რეალიზაცია შეუძლებელია) და იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2014 წლის 27 აგვისტოს სს „ლი------------სა“ და ლი---------–---–ს შორის გაფორმდა №55---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტის თანხად განისაზღვრა - 4400 ლარი, პროცენტი - 42%, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 27.02.2015წ. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეთა შორის დამატებით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვალა და განისაზღვრა - 08.03.2016წ.-მდე.

 

საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 27 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება №55----, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ავტომობილი - მე------------ც C---- საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სახელმწიფო ნომერი - K-----. სარჩელში, ასევე აღნიშნულია, რომ გირავნობის ხელშეკრულებითა და საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, აღსრულების მიქცევა მსესხებლის სხვა ქონებაზე იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის მომენტისათვის მისი ღირებულება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები.

 

მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. თუმცა, მსესხებელმა დაარღვია გრაფიკის პირობები და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მის მიერ არ ხდება თანხის გადახდა.

 

შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება სს „ლი------------ის“ მიმართ შეადგენს 5677.07 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4 400 ლარი, დარიცხული პროცენტი - 177.07 ლარი და დარიცხული ჯარიმა - 1 100 ლარი.

 

მოსარჩელე, მის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ სარჩელში ასევე განმარტავს, რომ მხარეთა შორის გირავნობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, გირავნობის საგანი წარმოადგენდა ლი---------–---–ის საკუთრებას, თუმცა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2017 წლის 17 თებერვლის ცნობიდან ირკვევა, რომ ავტომობილს შეეცვალა მესაკუთრე და დღევანდელი მგომარეობით ირიცხება ზუ------------–---–ის სახელზე. გასხვისებისას ავტომობილს შეეცვალა სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი და სანომრე ნიშანი. ამასთან, როგორც მოსარჩელისათვის გახდა ცნობილი, ავტომობილის მესაკუთრე არის გარდაცვლილი, თუმცა ავტომობილი ამჟამად რეგისტრირებულია ისევ მის სახელზე, ხოლო ზუ------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ განაცხადით, კანონით დადგენილ ვადაში, მიმართული აქვს მემკვიდრეს - ლი---------–---–ს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო მხოლოდ ნაწილობრივ - სესხის ძირი თანხის - 4400 ლარისა და პროცენტის - 177.07 ლარის მოთხოვნის ნაწილში. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ლი---------–---–ი არის გირავნობის საგნის მხოლოდ 1/3 ნაწილის მესაკუთრე, ვინაიდან ავტომობილის მესაკუთრის - გარდაცვლილი ზუ------------–---–ის მემკვიდრეები ლი---------–---–ის გარდა, ასევე არიან მისი მეუღლე და მეორე შვილი. ამასთან, ნოტარიუსს მხოლოდ მან მიმართა იქიდან გამომდინარე, რომ მისი ძმა არ იმყოფებოდა საქართველოში და იწურებოდა სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადა. ხოლო დედას უარი უნდა ეთქვა მისი შვილის - გი--------------–---–ის სასარგებლოდ. რაც შეეხება აღსრულების წესს, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული უნდა გადაწყდეს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სს „ლი------------სა“ და ლი---------–---–ს შორის 2014 წლის 27 აგვისტოს გაფორმდა №55---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 4400 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 42%; პირგასამტეხლო - კრედიტის ძირითადი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე (სრულზე და არასრულზე); სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად; კრედიტის მოქმედების ვადა - 27.02.2015წ..

 

2015 წლის 08 სექტემბერს სს „ლი------------სა“ და ლი---------–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება გარიგებაში ცვლილებ(ებ)ის შეტანის შესახებ №55-----1, რომლითაც №55---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვალა და განისაზღვრა - 08.03.2016წ.-მდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 27.08.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-22);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 23-24; 188);

- 08.09.2015წ. შეთანხმება გარიგებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (იხ. ს.ფ. 187);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 27.08.2014წ. გაფორმებული №55---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ლი------------სა“ და ლი---------–---–ს შორის 2014 წლის 27 აგვისტოს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება №55----, რომლის საფუძველზეც გირავნობით დაიტვირთა ლი---------–---–ის კუთვნილი ავტომობილი: მე------------ც C---- სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი: A--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, გამოშვების წელი - 2002, სახელმწიფო ნომერი - K-----.

 

გირავნობის ხელშეკრულების 7.4. პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად, რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ არის საკმარისი ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ფულადი ვალდებულების სრულად დასაფარად, დამგირავებელი იღებს ვალდებულებას გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მსესხებლის მიმართ წარმოშობილი ფულადი ვალდებულების რეგრესის წესით მოთხოვნა განახორციელოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად იქნება დაკმაყოფილებული ბანკის წინაშე არსებული ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ფულადი ვალდებულებები.

 

ამასთან, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 9.3.3. პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია დაიწყოს იძულებითი აღსრულების მიქცევა უზრუნველყოფის საგანზე (ასეთის არსებობისას). იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნ(ებ)ის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების სრულად დაფარვისათვის (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად კრედიტის ან/და კრედიტის თანხასთან დაკავშირებული გადასახდელების თანხების გადახდისათვის), მსესხებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა დარჩენილი დავალიანების ნაშთზე. იგივე პირობა ვრცელდება იმ ხარჯებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას ბანკის მიერ უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციის პროცესში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 27.08.2014წ. გირავნობის ხელშეკრულება დანართით (ს.ფ. 24-28);

- 27.08.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 18-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.3. მოპასუხე ლი---------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „ლი------------ს“ შორის 2014 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული №55---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 16);

- ანგარიშის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 29-32)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. დღეის მდგომარეობით, გირავნობის საგანი, ავტომანქანა: მე------------ც C---- საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ირიცხება ზუ------------–---–ის სახელზე. ამასთან, ავტომობილს შეეცვალა სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი და სანომრე ნიშანი. კერძოდ, არსებული მდგომარეობით, ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერია: A--------, ხოლო სანომრე ნიშანია - W------.

 

გირავნობის საგნის მესაკუთრე - ზუ------------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 11 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 27.08.2014წ. გირავნობის ხელშეკრულება დანართით (ს.ფ. 24-28);

- რეგისტრაციის მოწმობა (იხ. ს.ფ. 201);

- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 202);

- გარდაცვალების მოწმობა (იხ. ს.ფ. 208);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. დაზუსტებული სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.5. 2016 წლის 07 ოქტომბერს ნოტარიუს ელ-----------–---–ის მიერ დამოწმებულ იქნა ლი---------–---–ის განცხადება (რეგისტრაციის №16------8) სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ. აღნიშნული განცხადებით ლი---------–---–მა მოითხოვა 2016 წლის 11 აპრილს გარდაცვლილი მამის - ზუ------------–---–ის სამკვიდრო ქონების მიღება.

 

ნოტარიუს ელ-----------–---–ის განმარტებით, სხვა მემკვიდრეებს, მემკვიდრეობს გაფორმების მიზნით, სანოტარო ბიუროსთვის არ მიუმართავთ. ამასთან, დღეის მდგომარეობით, მამკვიდრებლის - ზუ------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა არ არის გაცემული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 09.03.2018წ. ნოტარიუს ელ-----------–---–ის პასუხი №03/2018 (ს.ფ. 59);

- ლი---------–---–ის განცხადება სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ (იხ. ს.ფ. 60);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. დაზუსტებული სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.6. 2016 წლის 07 ოქტომბერს ნოტარიუს ელ-----------–---–ის მიერ დამოწმებულ განცხადებაში (რეგისტრაციის №16------8) ლი---------–---–ი ადასტურებს, რომ არსებობენ სხვა მემკვიდრეებიც - მამკვიდრებლის შვილი - გი--------------–---–ი და მეუღლე - თა------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლი---------–---–ის განცხადება სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ (იხ. ს.ფ. 60);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლი------------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 276-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 867- 868-ე, 873-ე, 1336-ე, 1421-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სესხის ძირი თანხის - 4 400 ლარისა და პროცენტის - 177.07 ლარის მოთხოვნის ნაწილში (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი), რაც ზემოთ დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი, ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „ლი------------სა“ და ლი---------–---–ს შორის 2014 წლის 27 აგვისტოს გაფორმდა №55---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 4400 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 42%; პირგასამტეხლო - კრედიტის ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე; სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად; კრედიტის მოქმედების ვადა - 27.02.2015წ.. 2015 წლის 08 სექტემბერს მხარეთა შორის, ასევე გაფორმდა შეთანხმება გარიგებაში ცვლილებების შეტანის შესახებ №55-----1, რომლითაც №55---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვალა და განისაზღვრა - 08.03.2016წ.-მდე.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილია, რომ ლი---------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „ლი------------ს“ შორის 27.08.2014წ. გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები. კერძოდ, მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი საკრედიტო თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ვადებში.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხისა და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

2014 წლის 27 აგვისტოს სს „ლი------------სა“ და ლი---------–---–ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო - კრედიტის ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 300 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 1 100 ლარისა.

 

6.4.1. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - გირავნობის საგნის, ავტომობილის: მე------------ც C---- საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სანომრე ნიშანი - W------, მესაკუთრედ მოპასუხე ლი---------–---–ის ცნობის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ლი---------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს აღნიშნული ავტომობილის 1/3 ნაწილის მესაკუთრედ შემდეგ გარემოებათა გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არსებული მდგომარეობით, გირავნობის საგნის, ავტომობილი - მე------------ც C230-ის მესაკუთრეს წარმოადგენს ზუ------------–---–ი. დადგენილია, ასევე, რომ ზუ------------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 11 აპრილს, ხოლო მის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის.

 

2016 წლის 07 ოქტომბერს მოპასუხე ლი---------–---–მა სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებით (რეგისტრაციის №16------8) მიმართა ნოტარიუს ელ-----------–---–ს და მოითხოვა 2016 წლის 11 აპრილს გარდაცვლილი მამის - ზუ------------–---–ის სამკვიდრო ქონების მიღება. აღნიშნული განცხადება ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ იქნა იმავე დღეს. ამდენად, ლი---------–---–მა 2016 წლის 07 ოქტომბერს მიიღო მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ დღეის მდგომარეობით, გირავნობის საგანი არის ლი---------–---–ის მფლობელობაში. აღნიშნულ განცხადებაში, ლი---------–---–მა, ასევე დაადასტურა, რომ არსებობენ სხვა მემკვიდრეებიც - მამკვიდრებლის შვილი გი--------------–---–ი და მეუღლე თა------------–---–ი.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნული განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლი---------–---–მა მამის - ზუ------------–---–ის სამკვიდროდან მიიღო მხოლოდ მისი კუთვნილი წილი და განცხადებაში თავადვე დაადასტურა სხვა მემკვიდრეების არსებობის ფაქტი. შესაბამისად, ვინაიდან მის მიერვე დადასტურებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ზუ------------–---–ის მემკვიდრეები, ასევე არიან - მეუღლე თა------------–---–ი და შვილი გი--------------–---–ი, ლი---------–---–ის კუთვნილი წილი სამკვიდრო ქონებაში უნდა განისაზღვროს 1/3 ნაწილით.

 

ამასთან, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია გირავნობით, მოსარჩელეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, რომ გირავნობის საგანი საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოპასუხის სახელზე, თუმცა ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლი---------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს გირავნობით დატვირთული ავტომობილის - მე------------ც C230-ის მხოლოდ 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.

 

6.4.2. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გირავნობა წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. გირავნობის საგნის გასხვისებისას არ უქმდება გირავნობის უფლება და შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება. შესაბამისად, მოგირავნე უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების რეალიზაციით, მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებას წარმოადგენს აღნიშნული ქონება რეალიზაციის უფლების განხორციელებისას.

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელე სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის დროს თავად განსაზღვრავს მოპასუხეთა წრეს და თავად წყვეტს თუ ვის მიმართ უნდა იქნეს სარჩელი აღძრული (სსსკ. მე-3 მუხლი). აღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს წარმოადგენს ლი---------–---–ი, რომელი არის გირავნობის საგნის მესაკუთრის ზუ------------–---–ის ერთ-ერთი მემკვიდრე. ხოლო, მესამე პირად საქმეში ამა თუ იმ პირის ჩართვის საკითხს სასამართლო განიხილავს თვით მხარეთა ან/და მესამე პირთა შუამდგომლობის საფუძველზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში და დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილია სამკვიდრო ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით იმსჯელოს მხოლოდ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში და მოპასუხეს მიაკუთვნოს სამკვიდრო ქონებიდან მისი კუთვნილი წილი სხვა მემკვიდრეთა საკუთრების უფლების გათვალისწინებით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

გირავნობა სანივთო-სამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას გირავნობა იკავებს შესრულების ადგილს და კრედიტორს უზრუნველყოფის საშუალების მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, კანონმდებლის მიერ დადგენილია შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება მაშინაც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა საკმარისი არ არის ამ მოთხოვნის დასაფარად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს მას, თუკი მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმა მხარეებს აძლევს შესაძლებლობას წინასწარ შეთანხმდნენ სტანდარტულ წესზე. კერძოდ, იმ საკითხზე, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ან გირავნობის საგნის ღირებულების ნაკლებობისას მოთხოვნის უფლება არ გაუქმდება. ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხას/გირავნობის საგნის ღირებულებასა და მოთხოვნის ოდენობას შორის მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

განსახილველ შემთხვევაში, 27.08.2014წ. გაფორმებული №55---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ლი------------სა“ და ლი---------–---–ს შორის 2014 წლის 27 აგვისტოს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გირავნობით დაიტვირთა ავტომობილი - მე------------ც C230. ამასთან, გირავნობისა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებულნი არიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების სრულად დაფარვისათვის, მსესხებელს დაეკისროს პასუხისმგებლობა დარჩენილი დავალიანების ნაშთზე.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ლი------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების გადახდევინების მიზნით გირავნობით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში.

 

წარმოდგენილი სარჩელის პირობებში მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრას იმგვარად, რომ მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულება მიექცეს არა მარტო გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, არამედ ასევე გირავნობის საგნის მოუძიებლობის (აღსრულების ეტაპზე მოძიებისას ავტომობილი არის განადგურებული, დაზიანებული ან/და მისი რეალიზაცია შეუძლებელია) შემთხვევაშიც.

 

სასამართლოს მიიჩნევს, რომ აღსრულების წესის ამ ფორმით განსაზღვრა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და გირავნობის არსს. კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლით განსაზღვრულია მოგირავნის დაკმაყოფილების საშუალება, რომლის მიხედვითაც გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხორციელდება თავად გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მისი მოგირავნისათვის საკუთრებაში გადაცემის გზით. ამასთან, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევა შესაძლებელია მხოლოდ ნორმით განსაზღვრული პირობების კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, სახეზე უნდა იყოს: ა) უზრუნველყოფის საშუალებით მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა და ბ) მხარეთა შეთანხმება აღსრულების სხვა ქონებაზე მიქცევის შესახებ.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სწორედ ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა დასაბუთდეს აღსრულების წესის დადგენის მართებულობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კი მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებულია. კერძოდ, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ დაგირავებული ავტომობილი დღეის მდგომარეობით არ არის რეალიზებული და მის მფლობელობას ახორციელებს მოპასუხე ლი---------–---–ი. შესაბამისად, ამ პირობებში, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება გირავნობის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ინსტიტუტს, რადგან კანონმდებლის მიერ იმპერატიულად არის განსაზღვრული ის შემთხვევა, როცა კრედიტორს ენიჭება უფლება აღსრულება მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზე. ის გარემოება, რომ შესაძლოა გირავნობის საგანი მომავალში ვერ იქნას მოძიებული ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია მხარის სურვილის გამო, კანონის მოთხოვნის და გირავნობის ინსტიტუტის დანიშნულების უგულებელყოფა. მოსარჩელის მოთხოვნის დასაშვებ შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ ისეთი ფაქტორების არსებობა, რაც ობიექტურად გამორიცხავს გირავნობის საგნის ხარჯზე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას (მაგალითისათვის, გირავნობის საგნის განადგურება, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით და სხვა), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის არსებითად განხილვისას, სამართლიანობის აღდგენის გარდა, სასამართლოს ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. სასამართლო შენიშნავს, რომ გირავნობისა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებულია გირავნობის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, მსესხებლის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის მიერ მოთხოვნილი სახით აღსრულების წესის დადგენაზე და რადგან გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის მიზანია უზრუნველყოს გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულება - მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების წესი, საპროცესო ეკონომიის პრინციპის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს შემდეგი სახით: იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს სს „ლი------------ის“ მიმართ არსებულ ვალდებულებას, სარეალიზაციოდ მიექცეს ლი---------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ნებისმიერი უძრავ/მოძრავი ქონება.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1 მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილ იქნა - 271 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 4400 ლარისა და პროცენტის - 177.07 ლარის, ჯამში - 4577.07 ლარის მოთხოვნის ნაწილში. ამდენად, სს ,,ლი------------ს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, ანუ - 137.31 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამდენად, მოპასუხე ლი---------–---–ს მოსარჩელე სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 109 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის (პირგასამტეხლოს ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მესაკუთრედ ცნობის ნაწილში) პროპორციულად, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლი------------ის” სარჩელი მოპასუხე ლი---------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების, მესაკუთრედ ცნობისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ლი---------–---–ს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს №55---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4 877.07 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4 400 ლარი, პროცენტი - 177.07 ლარი და ჯარიმა - 300 ლარი.

 

1.2. ლი---------–---–ი ცნობილ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალების: მარკა, მოდელი - მე------------ც C---- გამოშვების წელი - 2002, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - რუხი 1/8, სანომრე ნიშანი - W------, სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი - A--------, 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.

 

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს გირავნობით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება: მარკა, მოდელი - მე------------ც C---- გამოშვების წელი - 2002, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - რუხი 1/8, სანომრე ნიშანი - W------, სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი - A--------.

 

1.4. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის (ავტოსატრანსპორტო საშუალება: მარკა, მოდელი - მე------------ც C---- საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სანომრე ნიშანი - W------) რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს სს „ლი------------ის“ მიმართ არსებულ დავალიანებას, სარეალიზაციოდ მიექცეს ლი---------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ნებისმიერი უძრავ/მოძრავი ქონება.

 

2. მოპასუხე ლი---------–---–ს სს ,,ლი------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად -109 ლარის გადახდა.

 

3. სს ,,ლი------------ს” დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 17 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 171 ლარიდან - 137.31 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150, საგადახდო დავალება №5129585795.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე