გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
010210017002123931
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210017002123931

№2/3826-2017წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე

 

მოსარჩელე - გუ-–----ა გუ-------ე

მოპასუხე - შპს „რი--- ექ------ი“

წარმომადგენლები- ნინო ბუ–---–---–ი, მი----ა ბუ-------–ი

დავის საგანი - გირავნობის საგნის დაბრუნება ან ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელის კუთვნილი გირავნობის საგნების-ოქროს ნივთების დაბრუნება ან მისი საფასურის 2629.76 აშშ დოლარის ანაზღურება (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა სხდომის ოქმი 11.09.2018წ)

2. მხარეთა პოზიცია

 

მოსარჩელის პოზიცია

2015 წლის 13 აგვისტოს, მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნა მოსარჩელის კუთვნილი ძვირფასი ნივთებით. მოსარჩელემ სესხად მიიღო 1530 აშშ დოლარი. იგი პირნათლად იხდიდა ყოველთვიურ სარგებელს, თუმცა 2016 წლის აგვისტოში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადახდა ვერ შეძლო. ამის შესახებ შეატყობინა მოპასუხეს. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხემ წინასწარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტა ხელშეკრულება და სესხის დასაფარად მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ოქრო ნივთების რეალიზაცია მოხდა დაბალ ფასად, რაც არ შეესაბამებოდა მათ საბაზრო ღირებულებას. ამდენად, მოსარჩელე მოითხოვს, რომ მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს სხვაობა გირავნობის საგნების საბაზრო ღირებულებას და სესხის თანხას შორის. ამასთან, მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ მის მიერ გადახდილი თანხა უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო მოპასუხემ, რითაც უკანოდ გამდიდრდა.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი. მისი განმარტებით ხელშეკრულება შეწყდა კანონიერად. მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ გადაიხადა სესხზე დარიცხული სარგებელი, რის გამოც შეწყდა ხელშეკრულება და მოხდა გირავნობის საგნის რეალიზაცია. მოპასუხეს ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ეცნობა წინასწარ, თუმცა მან აღნიშნულზე რეაგირება არ გააკეთა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 13 ივლისს, მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო სალომბარდე სესხის ხელშეკრულება N925937, 6 თვის ვადით. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხემ გასცა მოსარჩელეზე სესხი 1530 აშშ დოლარის ოდენობით. სესხი უზრუნველყოფილი იქნა ლომბარდში ოქროს ნივთების დაგირავების გზით. კერძოდ, დაგირავებული იქნა: სამაჯური - 1 ც, ბეჭედი - 1 ც, საქორწინო რგოლი -1 ც, ბეჭედი გრეხილი - 1 ც, წყვილი საყურე, ძეწკვი გრეხილი -1 ც.

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი თვის 13 რიცხვში გადაეხადა სესხის სარგებელი, 1.5%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 22.95 აშშ დოლარს. სარგებლის დროულად გადაუხდელობისათვის სესხს ერიცხებოდა პირგასამტეხლო, სესხის მიმდინარე ოდენობის 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 2.6 მუხლით, ხელშეკრულების ვადის გასვლისას, თუ ლომბარდი არ მოითხოვდა დაუყოვნებლივ თანხის დაბრუნებას, კლიენტი არ დაფარავდა სესხს და ჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, ხელშეკრულება გაგრძელებულად ითვლებოდა 1 თვით. ხელშეკრულების 2.10 მუხლის შესაბამისად, ლომბარდს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეხდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია მისთვის მისაღები ნებისმიერი ფორმით, თუ კლიენტი 15 დღით გადააცილებდა სარგებლის გადახდას. 2.11 მუხლით გირავნობის საგანი ფასდებოდა წონით, მათში ოქროს შემცველობის (სინჯის) მიხედვით და არ განიხილებოდა, როგორც ნაკეთობა.

 

3.2.2. გუ-–----ა გუ-------ემ, ხელშეკრულების შესაბამისად, ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 13 ივლისს. 2016 წლის 7 ნოემბერს მოპასუხემ შეწყვიტა მოსარჩელესთან სესხის ხელშეკრულება და განახორციელა გირავნობის საგნების რეალიზაცია, მოპასუხის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 14)

-ძვირფასეულობის შეფასება (ს.ფ. 13)

-სარგებლის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 53)

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი მ. ახალაძე, მტკიცების ტვირთი, 2018წ.გვ.9), რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მართალია, მტკიცების ტვირთის პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.

 

მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.

 

3.2.2. მოცემულ შემთხვევაში, მხარე სადავოდ ხდის სესხის ხელშეკრულების შეწყვეტისა და გირავნობის საგნების რეალიზების მართლზომიერებას, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული ვალდებულების რაოდენობას და გირავნობის საგნის სარეალიზაციო ფასს. ამასთან, მოსარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა ვინდიკაციური შინაარსისაა, გირავნობის საგნის უკან დაბრუნების ნაწილში.

 

ამდენად, დავის საგნიდან გამომდინარე, სასამართლო უნდა დაადგინოს შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: დაირღვა თუ არა მოსარჩელის მხრიდან სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და დარიცხული ვალდებულების ოდენობა; დაიცვა თუ არა მოპასუხემ კანონითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა ანუ მოხდა თუ არა მოსარჩელის წინასწარი ინფორმირება დავალიანების არსებობის და გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ, განხორციელდა თუ არა ნივთების რეალიზება საბაზრო ფასში.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ნაწილში სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის მატარებელია მოსარჩელე, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის და გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცედურების კანონიერება მოპასუხის მტკიცების საგანია.

 

3.2.3 მოპასუხე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მის მიერ ვალდებულება არ დარღვეულა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებელი ზუსტად და დროულად აქვს გადახდილი. მისივე პოზიციით, სესხის ხელშეკრულება იყო ექვსთვიანი, ამდენად, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მის მიერ გადახდილი თანხით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო 6 თვიანი სესხის ხელშეკრულება, ასევე უდავოა ის გარემოება, რომ თუ ლომბარდი არ მოითხოვდა დაუყოვნებლივ თანხის დაბრუნებას, კლიენტი არ დაფარავდა სესხს და ჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, ხელშეკრულება გაგრძელებულად ითვლებოდა 1 თვით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ხელშეკრულების 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულება გრძელდებოდა ყოველი მომდევნო 1 თვის მანძილზე.

 

სასამართლომ, ასევე, უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ 2016 წლის 13 ივლისის შემდეგ მოსარჩელეს სარგებელი არ გადაუხდია. ამდენად, მისი დავალიანება მოპასუხის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის შეადგენდა სესხის ძირი თანხა - 1513.98 აშშ დოლარი, სარგებელი - 90.84 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 651.01 აშშ დოლარი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელეს არავითარი არგუმენტი ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციისას მოპასუხემ დაარღვია მსესხებლისათვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება და არ აცნობა ნივთების მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ წარმოადგინა 2016 წლის 6 სექტემბრის საფოსტო გზავნილის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმად მოსარჩელეს ჩაბარდა მოპასუხის შეტყობინება დარღვეული ვალდებულებების შესრულების და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ. სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ იცოდა გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ, ვინაიდან, მისივე ახსნა-განმარტების თანახმად, 2016 წლის აგვისტოს თვეში იმყოფებოდა მოპასუხის ოფისში და ესაუბრა მენეჯერს, რომლისგანაც მიიღო ინფორმაცია არსებული ვალდებულების შესახებ. ამდენად, მოსარჩელე არა მხოლოდ წერილობით, არამედ ზეპირადაც იყო ინფორმირებული, გირავნობის საგნის რეალიზაციის შესაძლებლობის თაობაზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა გირავნობის საგნის რეალიზება საბაზროზე დაბალ ფასად. მოსარჩელე განმარტავს, რომ ოქროს ნივთების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 3700 აშშ დოლარს. სასამართლო კვლავ უთითებს სსკ-ის 102-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა მხოლოდ მითითება, თუ ისინი პრეზუმირებულ გარემოებებს არ წარმოადგენენ, არაა საკმარისი, რათა ესა თუ ის სადავო ფაქტობრივი გარემოება სასამართლო დამტკიცებულად ჩათვალოს. მათი დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ლომბარდმა გირავნობის საგნის რეალიზება მოახდინა შეუსაბამო ფასად, თუმცა აღნიშნული გარემოების დასამტკიცებლად მას არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხრეზეა, რაც მან შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო ვერ უზრუნველყო. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნივთების რეალიზება მოხდა არა მხოლოდ ძირითადი დავალიანების, არამედ მასზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს დასაფარად, რაც ჯამში 2255.83 აშს დოლარს შეადგენდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დავალიანების დაანგარიშება (ს.ფ. 63)

-ფოსტის უკუგზავნილი (ს.ფ. 51)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. დადგენილ უდავო და სადავო ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გუ-–----ა გუ-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. მოცემული სამართალურთიერთობის საფუძველია მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილია სალომბარდე გირავნობით. დადგენილია, რომ 2015 წლის 13 ივლისს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო სალომბარდე სესხის ხელშეკრულება N925937, 6 თვის ვადით. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხემ გასცა მოსარჩელეზე სესხი 1530 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველყოფილი იქნა ლომბარდში ოქროს ნივთების დაგირავების გზით. დადგენილია, რომ თუ ლომბარდი არ მოითხოვდა დაუყოვნებლივ თანხის დაბრუნებას, კლიენტი არ დაფარავდა სესხს და ჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, ხელშეკრულება გაგრძელებულად ითვლებოდა 1 თვით.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 254-ე მუხლის შესაბამისად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ხოლო 256-ე მუხლის პირველი ნაწილით კი გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს).

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”. ხოლო 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სალომბარდე გირავნობით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით. კერძო ავტონომიის ფარგლებში თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მთავარი გარანტიაა. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოცემული ნორმების სამართლებრივი ანალიზით დგინდება, რომ მხარეთა შორის ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს, საზოგადოებრივ წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს, მხარეებისათვის მართლზომიერი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების პირობები შეთანხმებულია მხარეთა შორის და მოსარჩელეს მათი კანონიერება სადავოდ არ გაუხდია. შეცილებულია მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელს ენიჭებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება მსესხებლის მხრიდან ვალდებულების 15 დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 13 ივლისს და ამის შემდეგ მას ვალდებულება აღარ შეუსრულებია. სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა და არსებული ვალდებულების უზრუნველყოფა გირავნობის საგნის რეალიზაციით მართლზომიერი ქმედებაა და ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობასთან დაკავშირებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, რაც გახდა გარიგების შეწყვეტის და გირავნობის საგნის რეალიზაციის საფუძველი.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები, ხოლო მე-4 მუხლით მოგირავნე კარგავს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას, თუ დამგირავებლისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარების დღიდან ნებისმიერ დროს, ვიდრე არ განხორციელებულა გირავნობის საგნის რეალიზაცია, შესრულდება უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესის კანონიერებას და მიუთითებს, რომ მოპასუხემ დაარღვია როგორ წინასწარი შეტყობინების ვალდებულება, ისე, ნივთების სამართლიან და გონივრულ ფასში გაყიდვის კანონისმიერი ვალდებულება, როდესაც ნივთების რეალიზება მოახდინა არასაბაზრო ფასში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს წინასწარ, ორი კვირით ადრე, აცნობა ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტისა და გირავნობის საგნის რეალიზების შესახებ. ამასთან, დაადგინა, რომ მოსარჩელის ვალდებულება ოქროს ნივთების რეალიზაციის დროს განისაზღვრა არა მხოლოდ სესხის ძირი თანხით- 1513.98 აშშ დოლარი, არამედ მას დაერიცხა სარგებელი-90.84 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო -651.01 აშშ დოლარი. ამდენად, გირავნობის საგნის რეალიზაციით დაიფარა მოსარჩელის მთლიანი ვალდებულება.

 

6.5. სსკ-ის 283-ე მუხლი ითვალისწინებს მოგირავნის ვალდებულებას გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ მისი ნივთების საბაზრო ღირებულება და შესაბამისად სამართლიანი და გონივრული ფასი იყო 3700 აშშ დოლარი. ამასთან, მას არ წარმოუდგენია აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რის გამოც სასამართლო მის პოზიციას ვერ გაიზიარებს. ამასთან, უთითებს სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოსარჩელე განმარტავ, რომ 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მის მიერ გადახდილი სარგებლით მოპასუხე უასაფუძვლოდ გამდიდრდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ვალდებულება გადაეხადა სარგებელი შემოიფარგლებოდა მხოლოდ 6 თვით. სესხის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, რომელიც ითვალისწინებდა ექვსთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, სათანადო პირობების არსებობისას, ვადის გაგრძელებას ყოველი მომდევნო 1 თვით, აღნიშნული მოსაზრება გაზიარებული ვერ იქნება.

 

6.6. სასამართლო ვინდიკაციური მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს: მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გირავნობის საგანი უკვე რეალიზებული იყო. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება გამოიყენა თუ არა დამგირავებელმა სამოქალაქო კოდექსის 2851- ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება გირავნობის საგნის ანგარიშის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია, რეალიზაციის განხორციელებიდან გონივრულ ვადაში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, წარუდგინოს დამგირავებელს წერილობითი ანგარიში გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეალიზაციის ხარჯების, რეალიზაციიდან ამონაგები თანხისა და ამ თანხის გამოყენების თაობაზე. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის აღძვრის ეტაპისთვის გირავნობის საგანი რეალიზებული იყო და ამ ნაწილში მოთხოვნა დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები.

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. გუ-–----ა გუ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე