გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7908-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი - გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე - მ---------–------
წარმომადგენელი - ზ---------------
მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი - გ---------------
მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ს--–----------------
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის და-------–----------- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2; ს.ფ. 4-21; 2018 წლის 25 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.2.ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16იანვრის N------------ება ,,მ---------–------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2; ს.ფ. 4-21; 2018 წლის 25 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 აპრილს შედგენილი იქნა №000775 მითითება, რომლითაც მას განესაზღვრა 30(ოცდაათი) დღიანი ვადა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. 2015 წლის 21 დეკემბერს შედგა №000775 შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მ---------–------ს მიერ ზემოხსენებული ორგანოს მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა, ხოლო 2016წლის 18 აპრილს კი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული იქნა №-----------------–--ა მ---------–------ს დაჯარიმებისა და შენობის დემონტაჟის შესახებ. აღნიშნული დადგენილება მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 იანვრის №---------------თ მ---------–------ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის №-----------------–--ა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ,,სახელმწიფო ქონების და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №--------------–---თ სახელმწიფო საკუთრებაში და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს(ოჯახის უფროსებს), (შემდეგში- მყიდველი), მათ შორის მოსარჩელე - მ---------–------ს.
,,სახელმწიფო ქონების და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №--------------–---ს საფუძველზე, 2009წლის 29 სექტემბერს, ერთის მხრივ. ქ.თბილისის მერიას(შემდეგში „გამყიდველი“) წარმოდგენილი მ-----------–------ის მიერ მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე და მეორეს მხრივ ფიზიკურ პირს მ---------–------ს(შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიზანი იყო ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27თებერვლის №--------------–--ის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ,,გამყიდველმა’’ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ,,მყიდველს’’ გადასცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ჯ--------------------, სართული 1, ფართი- 26.28კვ.მეტრი, ქონების საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა სიმბოლურ თანხას, 1 (ერთ) ლარს, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2009 წლის 29 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება(იხ. ტომი 1; ს.ფ. 14-16)
-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. 2018წლის 25 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ქ------------------------------------- მდებარე უძრავი ქონება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.19.36.013.012.01.5--- სართული 1, ფართით- 26.28 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ---------–------ს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 29.09.2009 წელი.
საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 09 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ქ------------------------------------- მდებარე უძრავი ქონება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.19.36.013.012.01.0--; ფართი N5, სართული 1, ფართით- 26.28 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ---------–------ს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: გადაწყვეტილება NM15004158, დამოწმების თარიღი:21/05/2015, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 29/09/2009წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 29/09/2009(იხ. ტომი 1; ს.ფ. 17-18)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 09/06/2015(იხ. ტომი 1; ს.ფ. 168-169)
3.1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოქალაქე მ---------–------ს მიმართ 2015 წლის 29 ოქტომბერს შედგენილი იქნა მითითება №000775, რომლის თანახმადაც ირკვევა, ქ.თბილისი, ჯ--------------------, საკადასტრო კოდი: N01.19.36.013.012.01.0--, მოქალაქე მ---------–------ს მიერ, მისსავე საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფასადზე უნებართვოდ განხორციელებულია კაპიტალური მიშენება, რომელიც გადასულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამავე მითითებით დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარმოადგინოს განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან განახორციელოს უნებართვოდ მოწყობილი ობიექტის დემონტაჟი, ხოლო ამავე მითითებით დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა. ამავე მითითებაში მშენებლობის ეტაპი მითითებულია - ,,დასრულებული’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 29 ოქტომბრის მითითება №000775 (იხ. ტომი 1; ს.ფ. 170-171)
3.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მირ 2015 წლის 21 დეკემბრის შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №000775 მ---------–------ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მ---------–------ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №000775 შემოწმების აქტი (იხ. ტომი 1; ს.ფ. 173
3.1.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 აპრილს მიღებული იქნა №-----------------–--ა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც, მოქალაქე მ---------–------ დაჯარიმდა 10 000(ათი ათასი) ლარით ქ.თბილისი, ჯ---------------------ში(საკ. კოდი: N01.19.36.013.012.01.0--) უნებართვოდ კაპიტალური მიშენების განხორციელებისათვის. ამავე დადგენილებით, მ---------–------ს დაევალა ქ.თბილისი, ჯ--------------------ში(საკ. კოდი: N01.19.36.013.012.01.0--) უნებართვოდ განხორციელებული კაპიტალური მიშენების დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის №-----------------–--ა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (იხ. ტომი 1; ს.ფ. 19-21)
3.1.6. 2016 წლის 04 მაისს, მ---------–------მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18აპრილის №-----------------–--ის ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 იანვრის №---------------თ არ დაკმაყოფილდა მ---------–------ს 2016 წლის 4 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 №-----------------–--ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ---------–------ს 2016 წლის 04 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 1; ს.ფ. 49-51)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 იანვრის №1-107 ბრძანება ,,მ---------–------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (იხ. ტომი 2; ს.ფ. 60-66)
3.1.7. 2018 წლის 04 აპრილს, მ---------–------მ №AR1590860 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა, ქ.თბილისი, ჯ-------------------(საკადასტრო კოდი: N01.19.36.013.012.01.0--, ფართი-26.28 კვ.მეტრი), 2009წლამდე უნებართვოდ განხორციელებული მიშენების ლეგალიზება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 აპრილს №-------------–-------–---თ არ დაკმაყოფილდა მოქალაქე მ---------–------ს №AR1590860 განცხადება და უარი ეთქვა ქ.თბილისი, ჯ-------------------(საკადასტრო კოდი: N01.19.36.013.012.01.0--, ფართი- 26.28 კვ.მეტრი), მ---------–------ს პირად საკუთრებაში არსებულ ფართზე, უნებართვოდ მიშენებული და დაუსრულებელი ფართის ლეგალიზებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 აპრილს №3911979 ბრძანება(იხ. ტომი 2; ს.ფ.135-137)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს მ---------–------ს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18აპრილის №-----------------–--ა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 იანვრის №1-107 ბრძანება „მ---------–------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი(შემდგომ - ობიექტი) არის - ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ამავე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-19 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოქალაქე მ---------–------ს მიმართ 2015 წლის 29 ოქტომბერს შედგენილი იქნა მითითება №000775, რომლის თანახმადაც ირკვევა, ქ.თბილისი, ჯ--------------------, საკადასტრო კოდი: N01.19.36.013.012.01.0--, მოქალაქე მ---------–------ს მიერ, მისსავე საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფასადზე უნებართვოდ განხორციელებულია კაპიტალური მიშენება, რომელიც გადასულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამავე მითითებით დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარმოადგინოს განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან განახორციელოს უნებართვოდ მოწყობილი ობიექტის დემონტაჟი, ხოლო ამავე მითითებით დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა. ამავე მითითებაში მშენებლობის ეტაპი მითითებულია - ,,დასრულებული’’.
6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 21 დეკემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №000775 მ---------–------ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მ---------–------ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით.
დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 აპრილს მიღებული იქნა №-----------------–--ა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც, მოქალაქე მ---------–------ დაჯარიმდა 10 000(ათი ათასი) ლარით ქ.თბილისი, ჯ--------------------ში(საკ. კოდი: N01.19.36.013.012.01.0--) უნებართვოდ კაპიტალური მიშენების განხორციელებისათვის. ამავე დადგენილებით, მ---------–------ს დაევალა ქ.თბილისი, ჯ--------------------ში(საკ. კოდი: N01.19.36.013.012.01.0--) უნებართვოდ განხორციელებული კაპიტალური მიშენების დემონტაჟი.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია განიმარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებითაც დადგენილია ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევის საფუძვლები, ასევე ბრალეულობის მნიშვნელობა პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს(თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. აღნიშნული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება, მათ შორის აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო(თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ორგანო(თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათს ერთობლიობაში, ხოლო 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევის დაჯარიმება. მხარის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა(კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო მშენებლობისათვის/რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი(მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის №ბს-391-386(3კ-12) გადაწყვეტილება).
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2009წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’. აღნიშნული დადგენილების 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა; მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა)ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ)არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ)არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ)სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად კი, მშენებლობის სახეობებია: ა)ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი); ბ)რეკონსტრუქცია; გ)რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა(არ საჭიროებს ნებართვას); დ)დემონტაჟი; ე)ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. აღნიშნული დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- ქ.თბილისი, ჯ--------------------ში მდებარე უძრქვი ქონება, ფართით- 26.28კვ.მეტრი, 2009 წლის 29 სექტემბრამდე რეგისტრირებული იყო თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში(მათ შორის მშენებლობის ნებართვის გარეშე მიშენებული ფართი);
-,,სახელმწიფო ქონების და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს(ოჯახის უფროსებს),(შემდეგში- მყიდველი), მათ შორის მოსარჩელე - მ---------–------ს.
- ,,სახელმწიფო ქონების და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №--------------–---ს საფუძველზე, 2009წლის 29 სექტემბერს, ერთის მხრივ ქ.თბილისის მერიას(შემდეგში „გამყიდველი“) წარმოდგენილი მ-----------–------ის მიერ მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე და მეორეს მხრივ ფიზიკურ პირს მ---------–------ს(შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიზანი იყო ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27თებერვლის №--------------–--ის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ,,გამყიდველმა’’ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ,,მყიდველს’’ გადასცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ჯ-------------------- სართული 1, ფართი- 26.28კვ.მეტრი, ქონების საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა სიმბოლურ თანხას, 1(ერთ) ლარს, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში.
- 2009 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ქ------------------------------------- მდებარე უძრავი ქონება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.19.36.013.012.01.5--- ფართით- 26.28 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ---------–---–--ს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 29.09.2009 წელი, ხოლო 2015 წლის 09 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით კი დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ქ------------------------------------- მდებარე უძრავი ქონება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.19.36.013.012.01.0--; ფართი N5, სართული 1, ფართით- 26.28 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ---------–------ს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: გადაწყვეტილება NM15004158, დამოწმების თარიღი:21/05/2015, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 29/09/2009წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ 2009 წლის 29 სექტემბრამდე მდგომარეობით ქ.თბილისში, ქ------------------------------------ მდებარე უძრავი ქონება, ფართით: 26.28კვ.მეტრი, რეგისტრირებული იყო თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, მათ შორის მშენებლობის ნებართვის გარეშე მიშენებული ფართიც, ხოლო აღნიშნული ფართი მოსარჩელე მ---------–------ს სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხული იქნა 2009წლის 29 სექტემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ამასთან, ფართი საკუთრებაში აღირიცხა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით, მათ შორის იმ პირობით, რომ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოსარჩელის ოჯახი არ მოითხოვს სხვა უძრავი ქონებით მის დაკმაყოფილებას. ამავე დროს საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მ---------–------ს მთლიანი ფართი გადაეცა საკუთრებაში იერარქიულად უფრო მაღალი დონის- საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულების საფუძველზე, რაც ცხადია მხარეს წარმოუშობდა გონივრულ მოლოდინს იმისას, რომ სახელმწიფოს(თვითმმართველი ერთეული) მხრიდან ადგილი ჰქონდა ფართის კანონიერების აღიარებას და რომ სახელმწიფომ(თვითმმართველი ერთეული) საკუთრებაში გადასცა უნაკლო ნივთი, მისცა შესაძლებლობა კანონიერი პროცედურით მოეხდინა ქონების პრივატიზება. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცედურა და ფართის მ---------–------ს სახელზე საკუთრებაში გადაცემა სადავოდ არ გამხდარა.
სასამართლოს მოსაზრებით მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას მ---------–------ს მხრიდან სახეზე არის თუ არა ბრალეული ქმედება, რაც სამართალდარღვევის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რამეთუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, სწორედ ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაშია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ---------–------სთან მიმართებაში სახეზეა სამართალდარღვევის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, რის გამოც საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე მ---------–------ არ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ ამ კონკრეტული შემთხვევაში სახეზე არ არის სამართალდარღვევის შემადგენლობა, აღნიშნული კი საბოლოო ჯამში საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ ნორმათა საფუძველზე გამორიცხავს მ---------–------ს სამშენებლო სამართალდამრღვევად მიჩნევას და მისთვის დასახელებული კანონის საფუძველზე შესაბამისი სანქციის დაკისრებას.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 აპრილს მიღებული №-----------------–--ა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.7. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 იანვრის №--------------------თილად ცნობა ,,მ---------–------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’,- სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანია, კერძოდ:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 აპრილს მიღებული №-----------------–--ა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16იანვრის №1-107 ბრძანება „მ---------–------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 (ასი)ლარს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებით ირკვევა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 120(ასოცი) ლარი, საიდანაც მას უკან უნდა დაუბრუნდეს 20(ოცი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა, ხოლო დარჩენილი 100(ასი) ლარის გადახდა კი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გენერალურ ინსპექციას სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.
საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების თაობაზე მოთხოვნით წარმოდგენილ შუამდგომლობაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოქმედი საპოროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, მ---------–------ს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით, მ---------–------ს შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა, კერძოდ- შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016წლის 18 აპრილის N000775 დადგენილების მოქმედება, - მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა)მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას და ბ)სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 30-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---------–------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის №-----------------–--ა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’.
3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16იანვრის №1-107 ბრძანება ,,მ---------–------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.
4. მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციას, მოსარჩელე- მ---------–------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. მ---------–------ს(პირადი ნომერი: 6----------), 2016 წლის 31 ოქტომბრის საკრედიტო საგადასახადო დავალებით №1 სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120(ასოცი) ლარიდან უკან დაუბრუნდეს 20(ოცი) ლარი(მიმღები-ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები(თვითმმართველი ქალაქი თბილისი); მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი- 300773150; მიმღების ბანკი/ხაზინა- ქ.თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა’’; ბანკის კოდი- TRESGE22; გადახდის დანიშნულება- სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე).
6. მ---------–------ს(პირადი ნომერი: 6----------), უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2017წლის 12 იანვარს N1 საკრედიტო საგადასახადო დავალებით სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით(მიმღები-ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები(თვითმმართველი ქალაქი თბილისი); მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150; მიმღების ბანკი/ხაზინა- ქ.თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა’’, ბანკის კოდი: TRESGE22; გადახდის დანიშნულება- სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე).
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი