გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27281-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე -სს „ს--------------------------------------–-----ი“
წარმომადგენელი - ჯ--------–-–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ბ---“, ა-----–----–----ე
წარმომადგენელი - ი-----–------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ბ----სა“ და ა-----–----–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა.
1.2. შპს „ბ----სა“ და ა-----–----–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 990 ლარის გადახდა
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2013 წლის 17 აპრილს სს „ჯ------------–------ა“ (გარანტი) და შპს „ბ----ს“ (პირველი მოპასუხე, პრინციპალი) შორის გაფორმდა მომსახურების N-- 1----- გენერალური ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. იმავე დღეს, ა-----–----–----ის (მეორე მოპასუხე, თავდები) განცხადების საფუძველზე, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა პირველი მოპასუხის მიერ N-- 1----- გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე. 2017 წლის 6 სექტემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის N-ფ გ---- 01---- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გარანტმა პრინციპალის სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია შსს ს----------–-------–-–-------------------ის (ბენეფიციარი) წინაშე 19 425 ლარზე, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. 2018 წლის 14 თებერვალს ბენეფიციარმა გარანტს წერილით მიმართა და მოითხოვა გაცემული გარანტიის ამოქმედება და შესაბამისი თანხის გადარიცხვა. 2018 წლის 23 თებერვალს ბენეფიციარმა განმეორებით მიმართა გარანტს თანხის ჩარიცხვის მოთხოვნით, რის შემდეგაც ბენეფიციარის ანგარიშზე ჩაირიცხა 19 425 ლარი.
მოსარჩელე ითხოვს რეგრესის წესით საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნებას მოპასუხეებისაგან, ამასთან აღნიშნავს, რომ ვინაიდან პირველ მოპასუხეს ანგარიშზე ედო 4425 ლარი, აღნიშნული თანხა წარიმართა დავალიანების დასაფარავად.
მომსახურების გენერალური ხელშეკრულება და საბანკო გარანტიის ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეთანხმებას პირგასამტეხლოს შესახებ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ბ----მა“ შსს ს----------–-------–-–-------------------ის წინაშე ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, თუმცა დამკვეთმა, რატომღაც, არ მიიღო საქონელი. ვინაიდან შპს „ბ----ს“ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია, საბანკო გარანტიის ამოქმედება უსაფუძვლოდ მოხდა და მოსარჩელემ ბენეფიციარისგან უნდა მოითხოვოს თანხის დაბრუნება. მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო მაღალია და უნდა შემცირდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 17 აპრილს სს „ჯ------------–------ა“ (მოსარჩელე, გარანტი) და შპს „ბ----ს“ (პირველი მოპასუხე, პრინციპალი) შორის გაფორმდა მომსახურების N-- 1----- გენერალური ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების 1.1 მუხლის თანახმად მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, პრინციპალის სასარგებლოდ გაეცა საბანკო გარანტიები და ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისები.
ხელშეკრულების 2.4 მუხლით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი);
- მომსახურების N-- 1----- გენერალური ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19).
3.1.2. იმავე დღეს, ა-----–----–----ის (მეორე მოპასუხე, თავდები) განცხადების საფუძველზე, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა პირველი მოპასუხის მიერ N-- 1----- გენერალური ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე დადებული დამატებითი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 500 000 ლარით.
ხელშეკრულების 2.6 მუხლის თანახმად, თუ თავდები არ შეასრულებდა ვალდებულებას, ერიცხებოდა პირგასმატეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი);
- თავდების განცხადება (ს.ფ. 20);
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 21)
3.1.3. N-- 1----- გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 6 სექტემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის N--- გ---- 01---- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გარანტმა პრინციპალის სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია შსს ს----------–-------–-–-------------------ის (ბენეფიციარი) წინაშე 19 425 ლარზე, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.
ხელშეკრულების 2.6 მუხლის თანახმად, გარანტმა იკისრა ვალდებულება, რომ, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუხდიდა მას გარანტიის თანხას.
2.7 მუხლის თანახმად კი, გარანტის მიერ საგარანტიო თანხის გადახდა მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაირღვეოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულება.
3.3.3 მუხლის თანახმად პრინციპალი ვალდებულია, დააკმაყოფილოს გარანტის რეგრესული მოთხოვნა იმ თანხაზე, რომელიც გარანტის მიერ აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიის საფუძველზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 კვირის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგრესულ მოთხოვნას დაემატება 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი);
- საბანკო გარანტიის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-23);
- საბანკო გარანტია (ს.ფ. 24).
3.1.4. 2018 წლის 14 თებერვალს ბენეფიციარმა წერილობით მიმართა გარანტს და აცნობა, რომ პრინციპალმა დაარღვია მასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომლიც უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიით. ბენეფიციარმა მოითხოვა საბანკო გარანტიის თანხის - 19 425 ლარის ანაზღაურება.
გარანტმა არ გასცა საბანკო გარანტიის თანხა იმ საფუძვლით, რომ, მისი ინფორმაციით, პრინციპალს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული ჰქონდა.
2018 წლის 23 თებერვალს ბენეფიციარმა განმეორებით მიმართა გარანტს, აცნობა, რომ პრინციპალი სისტემატურად დაგვიანებით ასრულებდა ვალდებულებას, რის გამოც ბენეფიციარმა არ მიიღო ბოლო შესრულება. ბენეფიციარმა განმეორებით მოითხოვა საბანკო გარანტიის თანხის გაცემა.
2018 წლის 9 მარტს გარანტმა საბანკო გარატიის თანხა - 19 425 ლარი ჩაურიცხა ბენეფიციარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი);
- 14.02.18 წლის წერილი (ს.ფ. 25);
- 23.02.18 წლის წერილი (ს.ფ. 26-27);
- საგადახდო დავალება (ს.ფ 28).
3.1.5. რეგრესული მოთხოვნის ანგარიშში გარანტმა პრინციპალის დეპოზიტიდან ჩამოაჭრა 4425 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 881-ე, 887-ე, 890-ე, 891-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
საბანკო გარანტია ცალმხრივი გარიგებაა, კერძოდ, გარანტი ცალმხრივად კისრულობს ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ განახორციელოს გარკვეული ფულადი შესრულება ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული სამართალურთიერობის პრინციპალის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში. განსხვავებით ამ სამართლებრივი ურთიერთობისაგან, თავად გარანტსა და პრინციპალს შორის არსებობს დამოუკიდებელი ორმხრივი შეთანხმება, რომელიც საბანკო გარანტიის ნამდვილობაზე გავლენას არ ახდენს (იხ. სუსგ №ას-484-452-2017).
დადგენილია, რომ გარანტს და პრინციპალს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, გარანტმა ბენეფიციარის სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია. დადგენილია ასევე, რომ ბენეფიციარის განმეორებით მიმართვის შემდგომ, გარანტმა მას გააურიცხა საბანკო გარანტიის თანხა (ვრცლად იხ. 3.1.3-3.1.4 პუნქტები).
სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის თანახმად თუ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.
ამავე კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით, არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება -ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს). საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, ემსახურება საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდ ბრუნვას, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში (იხ. სუსგ ას-1217-1176-2016).
სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლი ცალსახად ადგენს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძირითადი ვალდებულება შესრულებულია, შეწყდა ან ბათილია, ბენეფიციარის განმეორებით მოთხოვნის შემთხვევაში, გარანტი ვალდებულია, დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მოთხოვნა. რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს უფლება ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადოს ძირითადი ვალდებულების შესრულების ან შეწყვეტის საფუძვლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არ აქვს მნიშვენლობა მოპასუხეების იმ მითითებას, რომ პრინციპალმა ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა და ბენეფიციარმა თავად დაარღვია ხელშეკრულება, როცა არ მიიღო მიწოდებული საქონელი.
სამოქალაქო კოდექსის 890-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გარანტის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება პრინციპალთან გარანტის იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა გარანტია.
დადგენილია, რომ გარანტსა და პრინციპალს შორის დადებული ხელშეკრულების 3.3.3 მუხლის თანახმად პრინციპალი ვალდებულია, დააკმაყოფილოს გარანტის რეგრესული მოთხოვნა იმ თანხაზე, რომელიც გარანტის მიერ აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიის საფუძველზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 კვირის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგრესულ მოთხოვნას დაემატება 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო განმარტავს, რომ თუნდაც პრინციპალს ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად ჰქონოდა შესრულებული, ბენეფიციარის განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, გარანტი უპირობოდ ვალდებული იყო, გადაერიცხა საბანკო გარანტიის თანხა, რაც მან შეასრულა კიდეც. გარანტს არ აქვს ბენეფიციარისაგან აღნიშნული თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, არამედ სამოქალაქო კოდექსის 890-ე მუხლი მას ანიჭებს პრინციპალისაგან თანხის რეგრესის წესით მოთხოვნის უფლებას. თუ დადასტურდება ის გარემოება, რომ პრინციპალს ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შესრულებული ჰქონდა და მან მაინც მოითხოვა საბანკო გარანტიის გაცემა, მის მიმართ თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება ექნება არა გარანტს, არამედ პრინციპალს. რაც შეეხება გარანტის უფლებას, რეგრესის წესით დაიბრუნოს გადახდილი საბანკო გარანტიის თანხა პრინციპალისაგან, უცვლელი რჩება.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი მოპასუხის ვალდებულა უზრუნველყოფილია ა-----–----–----ის თავდებობით (იხ. 3.1.2 პუნქტი), ამდენად, იგი სოლიდარულად აგებს პასუხს მოსარჩელის მოთხოვნაზე.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს დაკისროთ პირგასამტეხლო 990 ლარი, რომელიც გაანგარიშებულია სასარჩელო მოთხოვნის 0,1%-ით 66 დღეზე.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).
სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016).
სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0,1% შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0,05%-მდე.
7. საპროცესო ხარჯები
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იმ მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომელიც დაკმაყოფილდა, ანუ 480 ლარიდან - 465,6 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს--------------------------------------–-----ის“ სარჩელი მოპასუხეების შპს „ბ----ისა“ და ა-----–----–----ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ბ----სა“ და ა-----–----–----ეს სს „ს--------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 15 000 ლარის გადახდა;
3. შპს „ბ----სა“ და ა-----–----–----ეს სს „ს--------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს 495 ლარის გადახდა;
4. დანარჩენ ნაწილში სს „ს--------------------------------------–-----ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. შპს „ბ----სა“ და ა-----–----–----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 480 ლარიდან - 465,6 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა დაიშვება თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია