გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.10.2018
საქმის ნომერი
330210117002137321
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2/28549-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 ოქტომბერი, 2018 წ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

მოსარჩელე - სს „პს------------ა“

წარმომადგენლები - თე-------------–---–ი, ეკ---------------–--------ე

მოპასუხე - ალ-----------–---–ი

წარმომადგენელი - კა--------–------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ალ-----------–---–ისათვის მოსარჩელე სს „პს------------ის“ სასარგებლოდ, 2017 წლის 01 ივნისს მოპასუხის ბრალეული ქმედებიდან გამომდინარე მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად თო---------------–ის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ ანაზღაურებული თანხის 8 359,00 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ სს „პს------------ასა“ და თო---------------–ს შორის 2017 წლის 13 აპრილს გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დამზღვევმა დააზღვია მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა.

 

2017 წლის 01 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დამზღვევის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი, Mercedes Benz GLA 200, სახელმწიფო ნომრით JJ------N, საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია ალ-----------–---–მა. დაზღვეული ავტომანქანის შეკეთების ხარჯებმა, შპ------ს“ მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, შეადგინა 8359,00 ლარი, რაც სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა სრულად.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სასარჩელი და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხემ სადავოდ გახადა ზიანის მოთხოვილი ოდენობა.

 

მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 3200,00 ლარის ნაწილში (იხ, 2018 წლის 15 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:30:23; 2018 წლის 07 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:16:16).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2017 წლის 01 ივნისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომანქანა Mercedes-Benz GLA200, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომრით JJ------N.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3)

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი № e------- (ს.ფ. 29).

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ. 26).

საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოსათვის მიცემული ალ-----------–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 27).

საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოსათვის მიცემული თო---------------–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 28).

 

3.1.2. ალ-----------–---–მა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია მანევრირების წესები, რასაც მოჰყვა შეჯახება და ალ-----------–---–ი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, 250 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი № e------- (ს.ფ. 29).

საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოსათვის მიცემული ალ-----------–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 27).

3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება Mercedes-Benz GLA200, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომრით JJ------N, დაზღვეული იყო სს „პს------------აში“ დამზღვევის თო---------------–ის მიერ მისსავე სასარგებლოდ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3)

ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი №A------------ (ს.ფ. 14-25).

 

3.1.4. 2017 წლის 16 ივნისს სს „პს------------ის“ მიერ შპ------ს“ სასარგებლოდ გადარიცხული იქნა თო---------------–ის ავტომანქანისათვის (სახელმწიფო ნომერი: JJ------N) მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 8359,00 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3)

საგადახდო დავალება №1--------- (ს.ფ. 32).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის Mercedes-Benz GLA200, (ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომრით JJ------N) მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 8359,00 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სს „პს------------ის“ წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილია შპ------ს“ მიერ გაცემული წერილობით დოკუმენტი, რომლის მიხედვით დაზიანებული ავტომანქანის სარემონტო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 8359,00 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის დაზიანებული ავტომანქანის სარემონტო მომსახურების ღირებულების ოდენობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სარემონტო მომსახურების შესახებ აქტში მოცემულია ისეთი ხარჯები, რაც არ იყო გამოწვეული მოპასუხის ქმედებით. მოპასუხე მხარე აღიარებს მხოლოდ დაზიანებული უკანა ბამპერის აღდგენის ღირებულებას, რასაც განსაზღვრავს 3200,00 ლარით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარემონტო მომსახურების შესახებ აქტის მიხედვით (ს.ფ. 30).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოპასუხე მხარეს რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა საწინააღმდეგოს, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა 8 359,00 ლარის გადახდის ალ-----------–---–ისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოპასუხე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებებით. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.

 

სასამართლოს, სარჩელისა და შესაგებლის დასაბუთებისათვის მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის Mercedes-Benz GLA200, (ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომრით JJ------N) 2017 წლის 01 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 8 359,00 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8 359,00 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 832-ე, 992-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: ზიანი - დადგენილია, რომ თო---------------–ს მიადგა ზიანი; სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ ალ-----------–---–მა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა ალ-----------–---–ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, თო---------------–ს არ მიადგებოდა ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ალ-----------–---–ის მიერ დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლით ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულია, რის შემდგომაც სადაზღვევო კომპანიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხის სუბროგაციის წესით ამოღებისა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ, სუსგ, 22 ივნისი, 2016 წელი, საქმე №ას-380-364-2016).

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „პს------------ის“ წინაშე მოპასუხე ალ-----------–---–ი წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს, რომელსაც უნდა დაეკისროს 8 359,00 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „პს------------ის“ სარჩელი 3 200,00 ლარის ნაწილში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 203,00 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 50,00 ლარის ანაზღაურება. ამასთან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 48,00 ლარი.

 

მოსარჩელემ მოითხოვა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1253,85 ლარის ოდენობით.

 

საქმეში წარმოდგენილი არ არის იურიდიული მომსახურების გაწევისათვის ხარჯის გაღებისა და გადახდის დამდასტურებელი საბუთი, არც რაიმე წერილობითი შეთანხმება ამგვარი მომსახურების გაწევის თაობაზე.

 

მოსარჩელის წარმომადგენლად სარჩელში მითითებულია და სარჩელს ხელს აწერს თე-------------–---–ი, ხოლო სასამართლო სხდომებზე მოსარჩელის ინტერესებს იცავდნენ წარმომადგენლები თე-------------–---–ი და ეკ---------------–--------ე.

 

ხარჯების ფაქტობრივად გაწევასა და ხარჯების აუცილებლობაზე მსჯელობისას სასამართლო ეროვნული კანონმდებლობის გარდა დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებას მხარის მიერ პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით (იხ, Fadeyeva v. Russia, 30/11/2005), რომლის თანახმადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იურიდიული მომსახურებისათვის ფაქტობრივად გაწეულად ჩათვალა ადვოკატის ხარჯები, იმის მიუხედავად, რომ საქმეში რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება (არც ხელშეკრულება და არც გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება) წარმოდგენილი არ ყოფილა და შემდეგ მიიჩნია რა ეს ხარჯები აუცილებლად, აუნაზღაურა მხარეს ისინი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დაადგინა სტანდარტი: სასამართლომ პირველ რიგში, უნდა დაადგინოს განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტები, დასტურდება თუ არა ადვოკატის მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასებით და მეორე, იყო თუ არა ისინი აუცილებელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმომადგენლის მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი, წარმომადგენელთა მიერ შესაბამისი მოცულობის სამართლებრივი და ტექნიკური სამუშაოს შესრულების გათვალისწინებით, სსსკ-ის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურებისათვის გადასახდელი თანხა, სასამართლოს შეფასებით, გონივრულია განისაზღვროს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ით, ამ შემთხვევაში 334,36 ლარით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „პს------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს :

 

1.1. მოპასუხე ალ-----------–---–ს მოსარჩელის სს „პს------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8 359,00 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ალ-----------–---–ს სს „პს------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 203,00 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 50,00 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოსარჩელე სს „პს------------ას“ დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 251,00 ლარიდან 48,00 ლარი, რაც გადახდილია 2017 წლის 19 ოქტომბერს №1--------- საგადახდო დავალების მეშვეობით.

 

4. მოპასუხე ალ-----------–---–ს სს „პს------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის 334,36 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე