გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2018
საქმის ნომერი
240210018002377438
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210018002377438

(2/305-2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.10.2018 წ. ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი“

წარმომადგენელი - გი----------–-----ე

მოპასუხე - ირ-----–----ე

წარმომადგენელი - და-----–--–----ე

მოპასუხე - მა-----------ია

წარმომადგენელი - ივ-–----------–--–--ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ირ-----–----ესა (პ/ნ 2----------) და მა-----------იას (პ/ნ 2----------) სს ,,ლი------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2516.09 (ორი ათას ხუთას თექვსმეტი და 09) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1804.52 ლარი, პროცენტია 337.41 ლარი, ჯარიმაა 374.16 ლარი.

1.2. ირ-----–----ეს (პ/ნ 2----------) სს ,,ლი------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის N71------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 291.02 (ორას ოთხმოდცათერთმეტი და 02) ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 291.02 ლარი.

1.3. მოპასუხეებს ირ-----–----ესა (პ/ნ 2----------) და მა-----------იას (პ/ნ 2----------) სს ,,ლი------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ირ-----–----ემ და მა-----------იამ სასარჩელო მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელეების წარმოამდგენლებმა აღიარეს ბანკის წინაშე ძირითადი ვალდებულების 1804.52 ლარისა და 291.02 ლარის ნაწილში. პირგასამტეხლოს სახით 374.16 ლარის მოთხოვნის ნაწილში კი განმარტეს, რომ მითითებული თანხა შეუსაბამოდ მაღალია ძირ თანხასთან, ამიტომ მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს და იგი უნდა განისაზღვროს 18 ლარის ოდენობით. რაც შეეხება პროცენტს, მოპასუხე მა-----------იას წარმომადგენელმა ივ-–----------–--–--ამ განმარტა, რომ პროცენტის დაკისრება არ უნდა მოხდეს, მოპასუხეების ეკონომიური მდგომარეობიდან, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 26 თებერვალს, სს ,,ლი------------ი“-სა და მეორეს მხრივ ირ-----–----ეს შორის გაფორმდა N00------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებულმა თანხის ოდენობა შეადგინა 2850 ლარი. ხელშეკრულება განისაზღვრა წლიურ 19.50%-ად, მოქმედების ვადად 72 თვე.

 

3.2.2. სს ,,ლი------------ი“-ს მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად, 01.05.2017 წლიდან არ მომხდარა მოპასუხეების მხრიდან ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა; შესაბამისად, პირგასამტეხლო მოპასუხეს ერიცხება აღნიშნული რიცხვიდან. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ს. მოპასუხეთა დავალიანება დაანგარიშებულია 2018 წლის 19 მარტის მდგომარეობით.

 

3.2.3. 2018 წლის 19 მარტის მდგომარეობით, N00------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ,,დავალიანების შესახებ“ ცნობის გაცემის თარიღისათვის შეადგენს 2516.09 (ორი ათას ხუთას თექვსმეტი და 09) ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1804.52 ლარი, პროცენტია 337.41 ლარი, ჯარიმაა 374.16 ლარი.

 

3.2.4. ირ-----–----ე სარგებლობდა ოვერდრაფტის N71------------- ხელშეკრულებით, რომლიდანაც ათვისებულმა და დაუბრუნებელმა თანხამ შეადგინა 291.02 ლარი.

 

3.2.5. ოვერდრაფტის ხელშეკრულებაზე დარღვევა ფიქსირდება 01.07.2017 წლიდან.

 

3.2.6. სს ,,ლი------------“-მა 2017 წლის ივლისისა და 2018 წლის თებერვლის თვეში წერილობით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებ პირს და განუმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი 5 დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უნდა შეესრულებინათ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა. აღნიშნულ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია.

 

3.2.7. მოპასუხეთა მიერ არ სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N00------------- ხელშეკრულება;

- N71------------- ოვერდრაფტის ხელშეკრულებები;

- ამონაწერები მოპასუხეთა სასესხო ანგარიშებიდან;

- გადახდის გრაფიკი;

- გადახდის ისტორია;

- თავდებობის ხელშეკრულება;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- გაფრთხილების წერილები;

- შესაგებელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ირ-----–----ესა და მა-----------იას მიმართ სოლიდარულად შეადგენს 2516.09 (ორი ათას ხუთას თექვსმეტი და 09) ლარს, ასევე ოვერდერაფტის ხელშკრულბიდან გამომდინარე ირ-----–----ეს მიმართ შეადგენს 291.02 ლარს. მოპასუხე მხარეს, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლი------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 867-868-ე, 463-464-ე, 895-ე,898-ე, 873-ე, 417-418-ე, 902-ე, 131-ე, 361-ე, 623-ე, 411-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული N00------------- და N71------------- ხელშეკრულებების საფუძველზე, სს „ლი------------სა“ და ირ-----–----ეს შორის, ასევე სს ,,ლი------------სა“ და მა-----------იას შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ლი------------სა“ და ირ-----–----ეს, ასევე სს ,,ლი------------სა“ და მა-----------იას შორის წარმოიშვა სამართლებრივი ურთიერთობა. ირ-----–----ემ და მა-----------იამ N71------------- ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულების ძალით იკისრეს ვალდებულება 72 თვის ვადით, 2850 ლარის, შესაბამისი საპროცენტო სარგებლით, რაც თვეში შეადგენს 19.50%-ს, კრედიტის დაბრუნებაზე, მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. ასევე, ირ-----–----ემ N71------------- ოვერდრაფტის ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება ათვისებული თანხის დადგენილ ვადაში დაბრუნებაზე.

 

სასამართლო მიუთითებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე და განმარტავს, რომ 2014 წლის 26 თებერვლის N71------------- ხელშეკრულება წარმოადგენდა სასყიდლიან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19,50%-ით. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება მათი ეკონომიური შესაძლებლობიდან გამომდინარე საპროცენტო თანხის გადაუხდელობასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რამეთუ, აღნიშნული გარემოება არ ათავისუფლებს მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი საპროცენტო თანხის გადახდის ვალდებულებისაგან. აღნიშნული გარემოება შესაძლებელია სასარჩელო მოთხოვნის ან/და სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას კრედიტორის - ამ შემთხვევაში, სს ,,ლი------------ის“ კეთილ ნებაში გამოვლინდეს, რაც შესაძლოა აისახოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობაში, ან სააღსრულებო წარმოებისას აღსასრულებელი თანხის მოცულობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მოთხოვნა მოპასუხეთათვის საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილშიც, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მა-----------იამ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა პასუხისმგებლობა ირ-----–----ეს მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ირ-----–----ესთან ერთად მა-----------იას სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 4880.64 ლარით, იმაზე მეტით, ვიდრე ირ-----–----ეს ვალდებულებაა, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით. ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე ინფორმირებული იყო თავდები პირი. ამდენად, თავდებ პირმა სრულად უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა, დავალიანების მოცულობის პროპორციულად, შეუსაბამოდ მაღალია და შესაბამისად, უნდა შემცირდეს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორს დანაკარგი უნდა აუნაზღაურდეს და არა გამდიდრდეს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ აფასებს რა პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა, ითვალისწინებს თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები მოითხოვს, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობა ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მოსარჩელე სს ,,ლი------------ი“-ს სასარგებლოდ მოპასუხეებს ირ-----–----ესა და მა-----------იას უნდა დაეკისროთ N00------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2516.09 (ორი ათას ხუთას თექვსმეტი და 09) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1804.52 ლარი, პროცენტია 337.41 ლარი, ჯარიმაა 374.16 ლარი. ირ-----–----ეს კი სს ,,ლი------------ი“-ს სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს N71------------- ხელშეკრულების საფუძველზე 291.02 ლარის გადახდა.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოპასუხეებმა დაადასტურეს მოპასუხის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი ვალდებულების 1804.52 ლარისა და ირ-----–----ემ 291.02 ლარის არსებობის ფაქტი, ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებასაც. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და დადონ მათთვის სასურველი პირობებით, თუნდაც კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება. ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არა მხოლოდ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომელსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.

 

კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა, კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, მხარეები თვითონ ირჩევენ ხელშეკრულების მეორე მხარეს, მათთვის სასურველ კონტრაჰენტს, თვითონვე თანხმდებიან ხელშეკრულების ყველა საკითხზე და უფლება აქვთ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლი------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა ირ-----–----ესა (პ/ნ 2----------) და მა-----------იას (პ/ნ 2----------) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხეებს ირ-----–----ესა (პ/ნ 2----------) და მა-----------იას (პ/ნ 2----------) სს ,,ლი------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2241.93 (ორი ათას ორას ორმოცდაერთი და 93) ლარის გადახდა, საიდანაც 1804.52 ლარი არის ძირი თანხა, 337.41 ლარი არის პროცენტი, ხოლო 100 ლარი არის შემცირებული პირგასამტეხლო.

1.2. მოპასუხეს ირ-----–----ეს (პ/ნ 2----------) სს ,,ლი------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 291.02 (ორას ოთხმოცდათერთმეტი და 02) ლარის ანაზღაურება.

 

2. ირ-----–----ესა (პ/ნ 2----------) და მა-----------იას (პ/ნ 2----------) სს ,,ლი------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ბაჟის ანაზღაურება მათ მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასამრჩელო მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 12.61 (თორმეტი და 61) ლარს.

 

3. სს ,,ლი------------ის“ მიერ 2018 წლის 28 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 87.39 (ოთხმოცდაშვიდი და 39) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე